მოხუცებულთა პანსიონატები, როგორც წესი, დამხმარე საცხოვრებელი დაწესებულებების მსგავსია. ისინი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც დახმარება სჭირდება საქმიანობაში, განსაკუთრებით – თავის მოვლაში. ამ დაწესებულებებს ზოგჯერ დასასვენებელ სახლებს, მოხუცებულთა მოვლის ან პერსონალური მოვლის სახლებსაც ეძახიან. მისი ბინადარი უზრუნველყოფილია ოთახით, კვებით, დახმარებით ყოველდღიური საქმიანობისას და ზოგჯერ სამედიცინო დახმარებითაც. მოხუცებულთა პანსიონატებში ადამიანები ისევე ცხოვრობენ, როგორც კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში, ანუ ოთახებში და არა ბინებში. ამ ტიპის ზოგიერთ დაწესებულებაში ძალიან შინაურული გარემოა.
მოხუცებულთა პანსიონატების საქმიანობის რეგულირება ისე გულდასმით არ წარმოებს, როგორც მოხუცებულთა სახლების ან ზოგი სხვა დამხმარე საცხოვრებელი დაწესებულებისა. ბევრ მათგანში მოვლა საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, ზოგან კი – არა, ზოგში სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები ერთდროულად ცხოვრობენ, მაგალითად, ახალგაზრდები უკურნებელი ან არაადეკვატურად ნამკურნალები ფსიქიკური დაავადებით და მოხუცები, რომლებიც ამ მხრივ ჯანმრთელნი არიან. ეს ხანდაზმული მცხოვრებლებისთვის შესაძლოა არაკომფორტული ან უხერხულიც იყოს.
მოხუცებმა და მათი ოჯახის წევრებმა შერჩევამდე გულდასმით უნდა შეაფასონ მოხუცებულთა პანსიონატი, იკითხონ, რას უზრუნველყოფს ის და რას არა, დარწმუნდნენ, რომ მომვლელი პერსონალი აკმაყოფილებს მცხოვრებლების მოთხოვნებს და კარგად ეპყრობა მათ.
ფინანსური საკითხები: მოხუცებულთა პანსიონატებში საფასური უფრო დაბალია, ვიდრე სხვა დაწესებულებებში ან მოხუცებულთა სახლებში. ამავე დროს, პანსიონატებში საფასური ერთი და იგივე არ არის; ის ზოგ დაწესებულებაში შეიძლება რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენდეს თვეში, ზოგში კი რამდენიმე ათასს. ხარჯები კერძო დაფინანსებით ან მედიქეიდის პროგრამით იფარება (იმ პირებისთვის, რომლებიც შეესაბამებიან სათანადო კრიტერიუმებს).