სამსახურისთვის სამუდამოდ თავის დანებების შემდეგ ადამიანები კარგავენ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. ამასთან, მათ იმის თაობაზეც უწევთ გადაწყვეტილების მიღება, რა უნდა აკეთონ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ საქმიანობის გრაფიკი, რომლის ძირითად ნაწილს სამსახური იკავებდა, იცვლება და უეცრად ბევრი თავისუფალი დრო ჩნდება.
ამ მოვლენას დადებითად თუ უარყოფითად აღქმა სამსახურისთვის თავის დანებების მიზეზზეა დამოკიდებული. ზოგი თავისი ნებით გადის პენსიაზე და მანამდე დიდხანს ელის მისთვის უსიხარულო სამსახურიდან წამოსვლას იმისათვის, რომ მისთვის უფრო საინტერესო, საყვარელი საქმით დაკავდეს. სხვებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევთ პენსიაზე გასვლა სამსახურში ვითარების შეცვლის, ოჯახური გარემოებების ან ჯანმრთელობის გამო.
ადამიანთა დაახლოებით მესამედს უჭირს ამ მნიშვნელოვან ცვლილებასთან შეგუება. ყველაზე რთული ეს მაშინაა, როცა პენსიაზე გასვლა მოულოდნელად უწევთ ავადმყოფობის ან სამსახურის დაკარგვის გამო, ან როცა დღის განმავლობაში დიდხანს მუშაობდნენ და სახლშიც აგრძელებდნენ საქმის კეთებას. მეუღლეები იმასაც უნდა შეეგუონ, რომ ერთად ყოფნა უფრო ხშირად და დიდხანს მოუწევთ. პენსიაზე გასვლის შემდეგ ზოგისთვის შემოსავლის შემცირებაა პრობლემა, ზოგს კი საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაკარგვასთან შეგუება უჭირს, მიაჩნია, რომ აღარავის სჭირდება, არაფრის კეთება აღარ შეუძლია, დაკნინებულია. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ახარებთ თავისუფალი დრო და საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ყოფნა.
პენსიაზე გასვლის პერიოდის გაიოლება წინასწარ დაგეგმვით შეიძლება. ძალიან კარგი გზაა ამაზე ფიქრის დაწყება რამდენიმე წლით ადრე. მრავალ კომპანიას და საზოგადოებრივ სააგენტოს აქვს პენსიაზე გასვლის დაგეგმვის სერვისი. საპენსიო გეგმა მოიცავს საკითხებს ფინანსური საჭიროებების, ვალდებულებების, თავისუფალი დროის გამოყენების შესახებ არასრულ განაკვეთზე მუშაობით, მოხალისეთა საქმიანობაში ჩართვით, გასართობი საქმიანობებით ან შინაური ცხოველის მოვლით. სირთულეების შემთხვევაში პენსიონრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ კონსულტაციები სპეციალისტისგან მიიღონ.
საყვარელი ადამიანის გარდაცვალება მძიმე ტვირთია მოხუცებულის გულისა და გონებისთვის. მეუღლის, პარტნიორის ან ოჯახის წევრის დაღუპვისას ადამიანებს დანაკარგის ძალიან ძლიერი გრძნობა უჩნდებათ და კიდევ ერთხელ ახსენდებათ, რომ თავადაც მოკვდავები არიან. ახლობლის დაკარგვასთან ერთად მოხუცებმა შესაძლოა შეასუსტონ კავშირი და ურთიერთობა ოჯახთან და მეგობრებთან, იცვლება საზოგადოებაში მათი სატატუსი.
მეუღლის ან პარტნიორის გარდაცვალება ალბათ ყველაზე მძიმე და დიდი დანაკარგია ხანდაზმულებისთვის. ზოგჯერ ამის შემდეგ თავადაც მალე გარდაიცვლებიან ხოლმე, უფრო ხშირად მაშინ, თუ პირველად ცოლი გარდაიცვალა. უმძიმესი ტრავმაა შვილის დაკარგვა.
ხანდაზმულ ადამიანს შესაძლოა რამდენიმე ახლობელი ან მეგობარი გარდაეცვალოს მოკლე ხნის განმავლობაში, რისი გადატანაც აგრეთვე ძალიან ძნელია; მოხუცები უფრო მარტოსულად, გარიყულად გრძნობენ თავს. თითოეული ასეთი შემთხვევა ხელახლა ამძაფრებს მანამდე გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებულ ტკივილს.
ახლობლის ან მეგობრის გლოვას, რა თქმა უნდა,ხშირად სევდა ახლავს თან. ეს ბუნებრივი რეაქციაა სიკვდილზე, ის განსხვავდება დეპრესიისგან. შესაბამისად, მკურნალობა არ არის აუცილებელი. გლოვა და სევდა სხვადასხვანაირად ვლინდება ადამიანებში და ასევე, განსხვავებულად გამოიხატება მათ მიერ. ზოგი სიტყვიერად კარგად გადმოსცემს ამას, ზოგი უფრო სიტყვაძვირი და გულდახურულია. არიან ადამიანები, ვისაც ამ დროს მარტო დარჩენა სჭირდება, სხვებს კი პირიქით – იმათთან ერთად უნდა ყოფნა, ვინც მას დაეხმარება. ზოგჯერ მგლოვიარე მოხუცებულები მხარდამჭერ ჯგუფებს უერთდებიან ან სასულიერო პირს, ან ფსიქოთერაპევტს ესაუბრებიან თავისი განცდების შესახებ.
ძლიერი სევდის გრძნობა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება ან თუ ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნები ახლავს თან, შესაძლოა დეპრესიაზე მიანიშნებდეს. თუ ადამიანს უჭირს გამკლავება, ვეღარ ახერხებს ან არ აქვს ყოველდღიური საქმიანობის სურვილი, საუბრისას თავის მოკვლას ახსენებს – აუცილებელად უნდა გასინჯოს ექიმმა და უმკურნალოს. თუ დეპრესიის დიაგნოზი დაისვა, პაციენტი შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან გააგზავნონ. ზოგჯერ ანტიდეპრესანტებიც ეფექტურია. ზოგ მოხუცებულს სასულიერო პირთან საუბარი ურჩევნია ფსიქიატრთან მისვლას, თუმცაღა, ბევრ ღვთისმსახურს არ აქვს შესაბამისი განათლება ფსიქიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში დასახმარებლად.
მეუღლის გარდაცვალების ან მასთან განქორწინების შემდეგ ზოგი მოხუცი ხელახლა ქორწინდება ან ახალ პარტნიორთან იწყებს ცხოვრებას, ვინაიდან კომპანიონის ან ინტიმური ურთიერთობის მსურველია. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ისეთი საკითხები წამოიჭრება ხოლმე, რაც ახალგაზრდობაში, როგორც წესი, იშვიათია. მაგალითად, დაქორწინების მსურველის ზრდასრული შვილები შესაძლოა წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ მშობელს ავადმყოფი პარტნიორი მომვლელად იყენებს ან მისგან მატერიალურ სარგებელს ელის. ზოგჯერ შვილებს ის საკითხიც აღელვებთ, ვინ მიიღებს მემკვიდრეობით მათი მშობლის ფულს ან უძრავ ქონებას.
ზოგი მოხუცებული ერიდება ხელახლა დაქორწინებას იმის გამო, რომ ეს სახელმწიფო დახმარების მიღებაში შეუშლის ხელს (მეუღლედაკარგულის პენსია, სამედიცინო მომსახურება, გარდაცვლილი მეუღლის პენსია, სოციალური დაცვა). ხელახალი ქორწინებისთვის თავის არიდების მიზეზი ზოგჯერ მომვლელის როლში აღმოჩენის შიშიც არის.
დაქორწინებამდე მოხუცებულმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა გავლენას მოახდენს ეს მის ფინანსებსა და სოციალურ დახმარებაზე. ინფორმაციის მისაღებად შესაძლოა იურისტის კონსულტაციაც გახდეს საჭირო. ოჯახური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შესახებ ღიად საუბარი მომავალში სირთულეების თავიდან აცილების წინაპირობაა.
მოხუცები ხშირად მარტო ცხოვრობენ, რაც შემდეგ სირთულეებთან არის დაკავშირებული:
ყველა ამ სირთულისა და პრობლემის მიუხედავად, ხანდაზმულთა უმრავლესობას მაინც სურს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ცალკე ცხოვრება. ბევრს ეშინია, რომ სხვებზე ზედმეტად დამოკიდებული გახდება და, ამიტომაც მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა, მარტოობას არჩევს. რეგულარული ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა, სხვებთან კავშირის შენარჩუნება მარტო მცხოვრებ მოხუცებულებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება.
საავადმყოფოდან გამოწერის, განსაკუთრებით კი ოპერაციის შემდეგ, სასურველია ხანდაზმულ სოციალურ მუშაკს ან ჯანდაცვის პროფესიონალს გაესაუბროს იმის თაობაზე რა დამატებითი დახმარება დასჭირდებათ სახლში. შეიძლება საჭირო გახდეს საოჯახო საქმეებში დამხმარე პირის ან ექთნის გამოძახება, რაც მოხუცს დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
თუ ეს ვერ ხერხდება, სხვა საცხოვრებელი პირობების მოფიქრებაც შეიძლება. თუ მოხუცს უფრო და უფრო მეტი მოვლა ესაჭიროება, ზოგჯერ მასთან სახლში ვინმე გადადის, ყველაზე ხშირად – ხანდაზმულის ზრდასრული შვილი ან ოჯახის სხვა წევრი, ან მეგობარი. საცხოვრებლად მოხუცთან გადასვლის მიზანი ზოგჯერ უბრალოდ კომპანიის გაწევაა მისთვის, ზოგჯერ კი – მოვლა. ამ გზით შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს საკუთარ სახლში ცხოვრების პერიოდი ხანშიშესულისთვის და ყველა კმაყოფილი იყოს მდგომარეობით. თუმცაღა, საჭიროა ამაში ჩართული თითოეული ადამიანის მოლოდინების წინასწარ და გარკვევით განსაზღვრა, განხილვა და შეთანხმება.
საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ზოგჯერ საკმაოდ მიმზიდველი გამოსავალია ან აუცილებელიც კია მოხუცებულისთვის მეუღლის ან ნათესავის გარდაცვალების შემდეგ. ეს მაშინ ხდება, როცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ხანდაზმული მუდმივ ზედამხედველობას ან მოვლას საჭიროებს. ზოგჯერ საცხოვრებელს იმ უბრალო მიზეზით იცვლიან, რომ უკეთეს კლიმატურ პირობებში გადავიდნენ, იქ, სადაც უფრო მეტი ხალხია, მეტია უსაფრთხოების გრძნობა ან სადაც ოჯახის წევრი ეყოლებათ მეზობლად. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა საცხოვრებლის შეცვლა ხარჯების შემცირებას ან ცხოვრების უფრო მარტივ წესს უკავშირდება. ხშირად ეს დიდი სახლიდან უფრო პატარაში გადასვლას ნიშნავს. მაგალითად, ხანდაზმულები ხშირად საკუთარი სახლიდან პენსიონერთა თემში, საბოლოოდ კი დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში ან მოხუცებულთა სახლში გადადიან.
ისინი, ვისაც საცხოვრებლის შეცვლა ძნელად გადააქვს, უფრო ხშირად მარტო ცხოვრობენ, საზოგადოებისგან განცალკევებულად, სიღარიბეში და დეპრესიულნი არიან. კაცებს უფრო უჭირთ, ვიდრე ქალებს. სხვაგან გადასვლა შესაძლოა საკმაოდ სტრესული გარემოება აღმოჩნდეს. ძირითადად ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ვეღარ აკონტროლებს პროცესს და არ იცის, რა ელის ახალ გარემოში. იმ მოხუცებს, რომელთაც მეხსიერება დაქვეითებული აქვთ, შეჩვეული ადგილიდან სხვაგან გადასვლამ შეიძლება კიდევ უფრო გაუღრმავოს ცნობიერების დაბინდვა და გაზარდოს სხვაზე დამოკიდებულების ხარისხი, გაღიზიანება გამოიწვიოს.
ზოგჯერ საცხოვრებლის შეცვლა სხვის სახლში გადასვლას გულისხმობს, ხანდაზმულისთვის – ხშირად უფროს შვილთან. უფრო იშვიათად გადადიან დედმამიშვილთან, სხვა ნათესავთან ან მეგობართან. მაშინაც კი, როცა მოხუცებულები სხვაზე დამოკიდებულნი სულ ან ნაწილობრივ მაინც არ არიან, სხვასთან ცხოვრება ცვლის მდგომარეობას. სირთულეები ხშირად დაკავშირებულია სხვისთვის ზედმეტ ტვირთად გადაქცევის შიშთან. ზოგ შემთხვევაში არც დამხვდურებს სიამოვნებთ მოხუცებულის გადმოსვლა. ეს სიტუაცია შეიძლება მაშინ შეიქმნას, როცა უფროსი შვილები, დანაშაულის ან ვალდებულების გრძნობის გამო, მშობლებს მათთან ერთად ცხოვრებას სთხოვენ. ნათესავის სახლში გადასვლა ზოგჯერ მოხუცებულისადმი უდიერი მოპყრობის რისკს ზრდის ან სხვა პრობლემებს იწვევს, თუ დამხვდურები ამ ცვლილების გამო უკმაყოფილონი ან გაბრაზებულნი არიან.
მეორე მხრივ, სხვასთან გადასვლა შეიძლება საკმაოდ სასიამოვნოც იყოს, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს ფინანსურად და/ან სხვა მხრივ ეხმარებიან, დროს ერთად ატარებენ. საცხოვრებლის შეცვლა ყველაზე იოლი და სასიამოვნო მაშინაა, როცა მოხუცებული კარგადაა მომზადებული და წინასწარ, ღიად და პირუთვნელად განისჯება ის, თუ ვის რა მოლოდინი და წუხილი აქვს მომავალ ცვლილებასთან დაკავშირებით.
ხანდაზმულებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ხშირად უეცრად უწევთ. სულ ხანმოკლე მომზადებაც კი სასარგებლოა სტრესის შესამცირებლად. გადაწყვეტილება მოხუცის სხვის სახლში გადასვლის თაობაზე იქ მცხოვრებმა ყველა ადამიანმა ერთად უნდა განსაჯოს იმის გასააზრებლად, რას უნდა ელოდნენ და როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს. ეს მათ დაეხმარებათ იმაში გარკვევაში, რა სირთულეები შეიძლება წამოიჭრას და როგორ აიცილონ ისინი თავიდან. ახალი სახლი და გარემო იქ გადამსვლელს დოულად უნდა გააცნონ, თუ ეს შესაძლებელია. სამეზობლოში ხანმოკლე ექსკურსია და მომავალი მეზობლების გაცნობაც შეიძლება ძალიან დაეხმაროს მოხუცს.
სხვასთან გადასვლის შემდეგ ცვლილების გასაადვილებელი კიდევ რამდენიმე ხერხი არსებობს. მოხუცებმა ფიზიკური აქტიურობა ისევ ისე ან უფრო მეტადაც უნდა გააგრძელონ, რათა კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნონ. ახალ გარემოში სოციალურ საქმიანობებში ჩართვაც ამცირებს სტრესს. მეგობრებსა და ოჯახს შეუძლიათ დაეხმარონ ხანდაზმულს მხარდაჭერით და ამ აქტივობებში ჩართვის წახალისებით.