კომუნიკაციის შენარჩუნება | მკურნალი.გე
  1. კომუნიკაციის შენარჩუნება
  2. სიბერესთან დაკავშირებულ ცვლილებებთან შეგუება
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
კომუნიკაციის შენარჩუნება

კვლევებით დადასტურებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურნი რჩებიან ხანდაზმულობის ასაკში და სხვებთან ურთიერთობას ინარჩუნებენ, უფრო დიდხანს, ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრობენ. სხვისთვის ნებაყოფლობითი დახმარება, ახალი უნარების შეძენა, სოციალურ ჯგუფებში ჩართვა, საყვარელი საქმიანობით დაკავებულობა და რომელიმე აღმსარებლობის მიმდევრობა – ეს ყველა კომუნიკაციის შენარჩუნების ნაირსახეობაა. მათაც კი, ვინც ავადმყოფობის გამო შინიდან გასვლას ვერ ახერხებს, შეუძლიათ, სხვებთან კონტაქტების შეინარჩუნება სტუმრად მიღების, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის გზით.

სხვებისთვის ნებაყოფლობით, საკუთარი ინიციატივით დახმარების გაწევა: მოხალისეობის გზით ადამიანებს საშუალება ეძლევათ თავისი უნარები და ცხოვრებისეული გამოცდილება საზოგადოების სასარგებლოდ გამოიყენონ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასობით ორგანიზაციას ჰყავს უფროსი ასაკის მოხალისეები. მაგალითად, მრავალგანაა პენსიონერებისა და მოხუცი მოხალისეების პროგრამა, მიმღები ბებია-ბაბუის პროგრამა და სხვა. შესაძლებლობები ფაქტობრივად შეუზღუდავია და მოიცავს:

  • ბავშვებთან მუშაობას;

  • მოხუცებთან მუშაობას;

  • არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ან მუნიციპალური დაწესებულებისთვის, მაგალითად, ბიბლიოთეკისთვის, დახმარების გაწევას;

  • მცირე ბიზნესისთვის დახმარებას

სწავლის გაგრძელება: ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე სწავლა საკმაოდ კარგი გასართობი, გონების აქტივობის შენარჩუნების ეფექტური საშუალება, მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან შეხვედრისა და ურთიერთობის გზაა. მრავალ საჯარო სკოლას, კოლეჯსა და უნივერსიტეტს, მუნიციპალიტეტს აქვს უწყვეტი განათლების კლასები ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის, სასწავლო კურსები მოხუცებულთათვის. თემატიკა მრავალგვარია: პრაქტიკული საკითხებით დაწყებული (გადასახადები, პირადი ფინანსები, ახალი ენის სწავლა) უფრო კრეატიული და გასართობი საკითხებით დამთავრებული (მაგალითად, ღვინის დაგემოვნებისა და მუსიკალური კლასები).

სოციალური ჯგუფები და ჰობი: ხანშიშესულთათვის საყვარელი საქმიანობებით დაკავება კარგი საშუალებაა სხვებთან ურთიერთობისთვის, გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანმა შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინოს ან ძველი, ახალგაზრდობის დროინდელი გაიხსენოს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საქმიანობის მარტო შესრულებაც შეიძლება, სხვასთან ან ჯგუფთან ერთად ჰობი, როგორც წესი, უფრო საინტერესო და სახალისოა. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით კარგია ის საქმიანობები, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს, მაგალითად, მებაღეობა ან სპორტი.

სულიერება და რელიგია: სულიერება და რელიგია მრავალი მოხუცებულისთვის ცხოვრების აზრის, კომფორტის, რაიმესთვის მიკუთვნების შეგრძნების წყაროა. ეს ცნებები ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ერთი და იგივე არ არის. რელიგია ხშირად უფრო დაწესებულებებთან, სტრუქტურასთან და ტრადიციებთანაა დაკავშირებული, სულიერება კი – გრძნობებთან, აზრებთან და განცდებთან. მრავალი ხანდაზმული ამერიკის შეერთებულ შტატებში თავს რელიგიურ და სულიერ ადამიანად მიიჩნევს.

რელიგიასა და სულიერებას ბევრი კარგი რამ მოაქვს მოხუცთათვის:

  • დადებითი და იმედიანი განწყობა ცხოვრებისა და ავადმყოფობისადმი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

  • რელიგიური საზოგადოების წევრობა ეხმარება მათ სხვებთან კავშირის შენარჩუნებაში;

  • ცხოვრების აზრისა და მიზნის რწმენა; რასაც რელიგიები ქადაგებენ, ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით რთულად გადასატანი ცვლილებების დროს.

რელიგიური საზოგადოებები, ოჯახის გარდა, მოხუცთათვის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე დიდი წყაროა. ამიტომაც ასეთ ორგანიზაციებში მოხალისეობაც ყველაზე ხშირია – უფრო ხშირი, ვიდრე მოხალისეობის ყველა სხვა ფორმა ერთად აღებული. მრავალი მოხუცისათვის რელიგიაა ის ფენომენი, რომელიც მათ ჯანმრთელობის პრობლემებთან და ცხოვრებისეულ სირთულეებთან, მაგალითად, მეუღლის გარდაცვალებასთან, გამკლავების ძალას აძლევს.