1. არასათანადო მოპყრობის სახეები
  2. მოხუცთა მიმართ არასათანადო მოპყრობა
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
არასათანადო მოპყრობის სახეები

არასათანადო მოპყრობის სახეებია ძალადობა, გულგრილობა/უყურადღებობა ან ორივე ერთად.

ძალადობა

ძალადობის ფორმებია: ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ფინანსური. ხანდაზმულებზე შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე ერთი ან ერთზე მეტი ფორმით იძალადონ.

ფიზიკური ძალადობა ნიშნავს ძალის გამოყენებას მოხუცისთვის ზიანის მისაყენებლად ან დამუქრების მიზნით. ამის მაგალითებია: დარტყმა, ხელის კვრა, შენჯღრევა, ცემა, დაბმა ან ძალით კვება. ფიზიკურ ძალადობაზე ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი აუხსნელი ან არასათანადოდ ნამკურნალები დაზიანებების, კანზე თოკის ნაჭდევების, ნაკაწრების, ჭრილობების და სისხლნაჟღენთების არსებობისას. ასევე შეიძლება შეფასდეს გატეხილი სათვალე. როდესაც მომვლელი უარს ამბობს მოხუცებულის სტუმრებთან ან სამედიცინო სპეციალისტებთან პირისპირ დარჩენაზე, ეს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს ფიზიკურ ძალადობაზე.

სექსუალური ძალადობა არის სქესობრივი კონტაქტის დამყარება მეორე ადამიანის თანხმობის გარეშე, ძალით ან მუქარით. ის გულისხმობს შეხებას ინტიმურ ადგილებზე და გაუპატიურებას. ასეთ ძალადობაზე შეიძლება მიუთითებდეს დაჟეჟილობები მკერდის ან სასქესო ორგანოების მიდამოებში, აუხსნელი სისხლდენა საშოდან ან სწორი ნაწლავიდან. თუმცაღა, ძალადობის ეს სახე ყოველთვის არ ტოვებს კვალს სხეულზე.

ფსიქოლოგიური ძალადობისდროს სიტყვით ან საქციელით აყენებენ ადამიანს სტრესულ მდგომარეობაში, ტანჯავენ მას. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს:

  • მუქარას, შეურაცხყოფას ან უხეშ ბრძანებებს;

  • ადამიანის არაფრად ჩაგდებას (მაგალითად, მისი ნათქვამის უპასუხოდ დატოვება);

  • ისეთ მოპყრობას მოხუცებულისადმი, თითქოს იგი ბავშვი იყოს, (ინფანტილიზაცია), რაც მიზნად ისახავს მოძალადეზე დამოკიდებულებისთვის ხაზგასმას.

ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ადამიანი პასიური ხდება, თავის თავში იკეტება, შეიძლება დაეწყოს შფოთვა და დეპრესია.

ფინანსური ძალადობა პიროვნებისთვის საკუთრების ან ფულის გამოძალვაა. ეს გულისხმობს:

  • თაღლითობას;

  • მოხუცებულის იძულებას, რომ ქონება გადაანაწილოს;

  • ხანდაზმულის ფულის ფუქსავატურად ხარჯვას.

მომვლელებმა ასაკოვანი ადამიანის შემოსავალი თითქმის მთლიანად თავისთვის შეიძლება გამოიყენონ, მას კი მხოლოდ უმცირესი ნაწილი შეახვედრონ.

მოხუცებულის შეზღუდვა მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგალითად, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა, როგორ დახარჯოს ფული, ასევე ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს; ძალადობის ეს ფორმა უფრო დახვეწილია და ძნელად შესამჩნევი და გამოსავლენია.

გულგრილობა

გულგრილობა ნიშნავს მოხუცისთვის საკვების, წამლების, პირადი ჰიგიენის ან სხვა პირველადი საჭიროების საგნების მოკლებას. ეს ზოგჯერ წინასწარგანზრახვით კეთდება, ზოგჯერ კი მომვლელის გულმავიწყობის, უპასუხისმგებლობის ან უყურადღებობის შედეგია. ზოგი მომვლელი ვერ აცნობიერებს, რომ მისი მოპყრობა ხანშიშესულის მიმართ არათუ იდეალური არ არის, არამედ არასათანადოა. ასეთ მომვლელს შესაძლოა არ ესმოდეს, რას ნიშნავს მოხუცზე ზრუნვა ან უბრალოდ განსხვავებული აზრი ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ რა სახის მოპყრობაა დასაშვები და რა სახისა – არა.

ზოგჯერ გულგრილობას გამოუვალი სიტუაცია იწვევს, მაგალითად, ფინანსური სიძნელეები; სხვა შემთხვევაში, მიუხედავად სურვილისა, მომვლელი ვერ ახერხებს სათანადოდ ზრუნვას მოხუცებულზე საკუთარი ფიზიკური ან გონებრივი პრობლემების გამო; მაგალითად, მომვლელმა შესაძლოა ვერ დაბანოს მოხუცი ან დაავიწყდეს მისთვის წამლის მიცემა.

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლმა შეიძლება წონაში დაიკლოს არასაკმარისი კვების გამო, გაუწყლოებამ პირისა და კანის სიმშრალე გამოიწვიოს. ჰიგიენის დაუცველობა არასასიამოვნო სუნის მიზეზი ხდება. იმ მოხუცების დიდხანს დატოვება მწოლიარე და მჯდომარე პოზაში, ვისაც თავად მოძრაობა არ შეუძლია, ნაწოლების გაჩენას იწვევს დუნდულებზე და ქუსლებზე. ხანდაზმულებმა შეიძლება ვეღარ შეძლონ სათვალის, სასმენი აპარატის, პროთეზის გამოყენება. უყურადღებობის გამო ზოგჯერ ექიმთან კონსულტაციაზეც კი ვერ მიდიან, ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პროგრესირება ეჭვს არ იწვევს.