გულის გაჩერება | მკურნალი.გე
  1. გულის გაჩერება
  2. პირველადი დახმარება
  3. დაზიანებები და მოწამვლები
გულის გაჩერება

გულის გაჩერება გარდაცვალების დროს ვითარდება. გული აღარ ცემს, წყდება სუნთქვა, რაც სხეულის ჟანგბადით მომარაგების აუცილებელი პირობაა. ზოგჯერ, გულის გაჩერების შემდეგ პირველ წუთებში, ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელია. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია მოხსენიებულის ალბათობა, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში, ტვინის დაზიანებაა მოსალოდნელი. გულის გაჩერებიდან 5 წუთზე მეტის გასვლის შემთხვევაში სავარაუდოა ტვინის დაზიანება, ხოლო 10 წუთზე მეტის გასვლისას – ტვინის სიკვდილი. 5%-ზე ნაკლებია გადარჩენის შანსი, თუ გულის გაჩერების გამო პირი დროულად არ იქნება ჰოსპიტალიზებული; გადარჩენის შემთხვევაში, კლინიკიდან გაწერისას, მათ უმრავლესობას ტვინის დაზიანება აღენიშნება.

გულის გაჩერების დროს დაზარალებული უძრავად წევს, არ სუნთქავს, არ პასუხობს კითხვებს, არ რეაგირებს გამღიზიანებელზე, როგორიცაა შენჯღრევა. როდესაც დახმარების გამწევი ამგვარ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს ხვდება, პირველ რიგში, განსაზღვრავს, აქვს თუ არა მას შენარჩუნებული ცნობიერება – ხმამაღლა ეკითხება: "ცუდად ხომ არ ხართ?" თუ პასუხი არა არის, დამხმარე დაზარალებულს გულაღმა აწვენს და "ვხედავ, ვუსმენ, შევიგრძნობ" მეთოდით საზღვრავს, სუნთქვა შეჩერებულია თუ არა:

  • "ვხედავ" – გულმკერდის მოძრაობის დანახვა;

  • "ვუსმენ" – სუნთქვის ხმიანობის მოსმენა;

  • "შევიგრძნობ" – ამონასუნთქი ჰაერის ნაკადის შეგრძნება კანზე.

თუ ადამიანი არ სუნთქავს, დახმარების გამწევი პირის ღრუსა და ყელს ათვალიერებს იმის შესამოწმებლად, ხომ არ არის დახშული სასუნთქი გზები უცხო სხეულით.

პირველადი დახმარება

გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. თუ ხელმისაწვდომია ავტომატიზებული გარეგანი დეფიბრილატორი (აგდ – ხელსაწყო, რომლითაც გულისცემის აღდგენაა შესაძლებელი), ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. მომდევნო საფეხურია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება. თუ დაზარალებულს სუნთქვა არ აღუდგა, უნდა დაიწყოს გულ-ფილტვის (გფრ) რეანიმაცია. გფრ გულისხმობს ხელოვნურ სუნთქვას (პირით-პირში სუნთქვა, დამხმარე სუნთქვა) ფილტვებისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად და გულმკერდზე ზეწოლებს, რაც გულიდან სიხლის განდევნის გზით ჟანგბადის გადატანას უზრუნველყოფს თავის ტვინში და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოებში.

გფრ-ის უნარ-ჩვევის შეძენა ყველაზე უკეთ მზადების კურსის გავლის გზით არის შესაძლებელი. ამერიკის გულის ასოციაცია, ამერიკის წითელი ჯვარი და მრავალი ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტი და კლინიკა სთავაზობს მოქალაქეებს გფრ-ის კურსების გავლას. ვინაიდან პროცედურის ტექნიკა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, მნიშვნელოვანია ცოდნის განახლება და მზადების კურსების გამეორება.

გფრ-ის დაწყებამდე დახმარების გამწევი დაზარალებულს გულაღმა აწვენს, ათავისუფლებს სასუნთქ გზებს – თუ რამ უცხო სხეულით არის დახშული; შემდეგ, დაზარალებულის თავს მსუბუქად სწევს უკან, ხოლო ნიკაპს წინ. ამ მანევრით დახშული სასუნთქი გზები ხშირად იხსნება. თუ დაზარალებულს სუნთქვა არ აღუდგა, დახმარების გამწევი იწყებს პირით-პირში ხელოვნურ სუნთქვას ჰაერის მსუბუქად ჩაბერვით (დამხმარე სუნთქვა). დაზარალებულის ცხვირიდან ჰაერის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად პირში ჩაბერვისას თითების მოჭერით ცხვირის დახშობაა საჭირო.

ხელოვნური სუნთქვის პროცედურა ბავშვებსა და მოზრდილებში ერთმანეთის მსგავსია. ბავშვის შემთხვევაში დახმარების გამწევის პირი ბავშვის პირსა და ცხვირს ერთდროულად ფარავს. ბავშვის მცირე ზომის ფილტვების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ჩაბერვა, მოზრდილებისგან განსხვავებით, ნაკლები სიძლიერით ტარდება.

ჩაბერვის შემდეგ გულმკერდის არასაკმარისად აწევა სასუნთქი გზების დახშობაზე მიუთითებს. გულმკერდის აწევის შემთხვევაში, დახმარების გამწევი პირი ორ ღრმა ჩაბერვას ატარებს.

შემდეგი ეტაპია გულმკერდზე ზეწოლა. დამხმარე პირი რომელიმე მხარეს მუხლებზე დგება და გამართული ხელების მტევნებს მკერდის ძვლის ქვედა ნაწილზე ათავსებს – ერთი მტევანი მეორეზეა დადებული ზემოდან და იწყებს გულმკერდზე ზეწოლას ისე, რომ მოზრდილებში გულმკერდის ჩაზნექის სიღრმე 4-5 სმ-ს არ აღემატებოდეს; ბავშვებში უფრო ნაკლები უნდა იყოს. ჩვილებში დახმარების გამწევი მკერდის ძვალზე ზეწოლას დვრილების შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის ქვემოთ ორი თითის საშუალებით ახორციელებს ისე, რომ ზეწოლის სიღრმე 1-2 ½ სმ-ს არ აღემატებოდეს. გფრ შეიძლება ერთმა (მონაცვლეობით ტარდება ხელოვნური სუნთქვა და გულმკერდზე ზეწოლა) ან ორმა პირმა (ერთი ატარებს დამხმარე სუნთქვას, მეორე – გულმკერდზე ზეწოლას) ჩაატაროს. გულმკერდზე ზეწოლა წუთში დაახლოებით 100-ჯერ კეთდება. ყოველ 30 ზეწოლას ორი ჩაბერვა მოსდევს. გულმკერდზე ზეწოლისას დამხმარე პირი სწრაფად იღლება, რის გამოც ზეწოლა სუსტი და არაეფექტური ხდება, ამიტომ, თუ დახმარების გამწევი პირი ორია, მათ პერიოდულად, ყოველ 2 წუთში, უნდა შეანაცვლონ ერთმანეთი (პირმა, რომელიც გულმკერზე ზეწოლას ახორციელებს, ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩაატაროს და პირიქით). გფრ გრძელდება სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ან სანამ დახმარების გამწევი პირები დაიღლებიან, ან დაზარალებულის გონზე მოსვლამდე.