ტერფისა და კოჭის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. ტერფისა და კოჭის მოტეხილობა
  2. თვალბუდის მოტეხილობები
  3. თვალის ტრავმები
  4. მხედველობის სისტემის დაავადებები
ტერფისა და კოჭის მოტეხილობა

ფეხის ძვლების მოტეხილობა ხშირია, შეპირობებულია დაცემით, ფეხის გადაბრუნებით ან რაიმე მყარ საგანზე მირტყმით. ფეხის ძვლების მოტეხილობა ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც თითქმის ყოველთვის უარესდება სიარულის ან ფეხზე დაყრდნობის მცდელობისას.

დიაგნოზი, ჩვეულებრივ, რენტგენოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება. იშვიათად კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხდება საჭირო. მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, რომელი ძვალია დაზიანებული და რა ტიპის მოტეხილობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ძირითადად, ტერფისა და კოჭის არის დაზინებისას თაბაშირის ნახვევი გამოიყენება.

ტერფის თითების მოტეხილობა: ტერფის თითების (ფალანგები) მოტეხილობა მყარ საგანთან შეჯახებისას ვითარდება. თუ ფეხის ცერა თითს ფორმა აქვს შეცვლილი – პათოლოგიურად არის მოხრილი – მისი გასწორებაა საჭირო.დანარჩენი ოთხი პატარა თითის მარტივი მოტეხილობა თაბაშირის ნახვევის გარეშე ხორცდება. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა რამდენიმე კვირით თითების შინირება მწებავი ლენტით ან ნეილონის შესაკრავით მეზობელ თითთან (ცნობილია, როგორც "მეგობართან მიმაგრება") და თავისუფალი ფეხსაცმლის ტარება კომფორტულია და იცავს თითს. მაგარძირიანი ფეხსაცმელი იცავს მოტეხილ თითს, ხოლო ფართო რბილი ფეხსაცმელი ნაკლები ძალით აწვება მოტეხილ ფალანგს. თუ ფეხსაცმლით სიარული ტკივილს იწვევს, მაშინ ექიმი სპეციალური ფეხსაცმლის ტარებას ურჩევს პაციენტს.

დიდი თითის (ცერის) მოტეხილობა უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა თითებისა; ტკივილი უფრო ძლიერია, აღინიშნება შეშუპება და კანქვეშ სისხლჩაქცევა. ცერის მოტეხილობა თითზე მძიმე საგნის დაცემის, ზოგჯერ ფეხის წამოკვრის შედეგად ვითარდება. თუ მოტეხილობა დიდი თითის სახსარს აზიანებს, შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

სესამოიდური ძვლის მოტეხილობა: სესამოიდური ძვლები ორი მცირე ზომის მომრგვალო ფორმის ძვალია, რომლებიც მომხრელ მყესებს შორისაა მოთავსებული, დიდი თითის ქვეშ. ძვლების მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს სირბილის, ფეხით სიარულის და სპორტული აქტივობების დროს, რომლებიც ტერფებზე ძლიერად დახტომას საჭიროებს (მაგალითად, კალათბურთი და ჩოგბურთი). ფეხსაცმლის საფენების ან სპეციალურად შექმნილი ორთოზების (ღაბაშების) გამოყენება ამცირებს ტკივილს. თუ ტკივილი გრძელდება, შესაძლებელია საჭირო გახდეს სესამოიდური ძვლის ქირურგიული გზით მოცილება.

ტერფის ძვლების (მეტატარზული) მოტეხილობა: ტერფის ძვლების (ტერფის შუაში მდებარე ძვლების) სტრესული მოტეხილობა ხანგრძლივი სიარულის ან სწრაფი სირბილის დროს შეიძლება განვითარდეს. სხეულის მასის ტერფზე ზემოქმედება ტკივილის გაძლიერებას იწვევს. ტერფის ძვლების დაზიანებული მიდამო შეხებით მტკივნეულია. თუ სტრესული მოტეხილობა მცირე ზომისაა ან ახლად არის განვითარებული (განვითარების ადრეული ეტაპი), რენტგენოლოგიურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. თუ მოტეხილობა რენტგენოლოგიური გამოკვლევით არ ჩანს, ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ან ძვლების სკანირება ხდება საჭირო მოტეხილობის დასადგენად. როდესაც სტრესული მოტეხილობა ადრეულ ეტაპზეა ამოცნობილი, შესაძლებელია სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. უფრო შორსწასულ ან მძიმე შემთხვევაში საჭიროა ყავარჯნის გამოყენება და თაბაშირის ნახვევი.

მეორე მეტატარზული ძვლის ფუძის მოტეხილობა და დისლოკაცია დაცემის დროს ვითარდება, როდესაც თითები მოხრილია. დაზიანების აღნიშნულ სახეობას ლისფრანკის მოტეხილობა-ამოვარდნილობა ეწოდება, ის ხშირია ფეხბურთელებს შორის. ამ დროს ტერფის შუა ნაწილი მტკივნეული, შეშუპებული და მგრძნობიარეა. ლისფრანკის მოტეხილობა-ამოვარდნილობა სერიოზული დაზიანებაა და შესაძლებელია ქრონიკულ პრობლემად იქცეს ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას მუდმივი ტკივილის და ართრიტის სახით. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, თუმცა, სრული აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ტერფის მე-5 ძვლის ფუძის მოტეხილობა (მდებარეობს ტერფის შუა ნაწილის გარეთა კიდეზე) ძირითადად ფეხის შიგნითა მხარეს გადაბრუნების ან მოჭყლეტის შედეგია. მოტეხილობის ამ სახეობას ზოგჯერ მოცეკვავის მოტეხილობას უწოდებენ. ტერფის გარეთა ზედაპირი მგრძნობიარე და შეშუპებულია, აღინიშნება სისხლჩაქცევები. მიზეზი და სიმპტომები შესაძლოა კოჭის დაჭიმვის მსგავსი იყოს. თაბაშირის ნახვევი საჭირო არ არის, თუმცა, შეიძლება სიარული გაუადვილოს პაციენტს. რამდენიმე დღით ზოგჯერ ყავარჯენი და დამცავი ფეხსაცმლის ტარებაა მიზანშეწონილი. მოტეხილობა შედარებით სწრაფად ხორცდება. მოცეკვავის მოტეხილობასთან შედარებით, მე-5 მეტატარზული ძვლის სხეულის მოტეხილობა (ჯონსის მოტეხილობა) უფრო იშვიათია და არც ისე ადვილად ხორცდება.

ქუსლის ძვლის მოტეხილობა: ქუსლის ძვლის მოტეხილობა სიმაღლიდან გადმოხტომისას, ტერფებზე დაყრდნობის შედეგად ვითარდება. ამგვარი ტრავმის დროს ზოგჯერ მუხლები, ხერხემალი ან ორივე ზიანდება. ქუსლის მოტეხილობა ძალზე მტკივნეულია, გაძნელებულია ტერფზე დაყრდნობა. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

კოჭის მოტეხილობა: კოჭის მოტეხილობა დაცემის დროს ტერფის შიგნით ან გარეთ გადაბრუნების ან სირბილის და ხტუნვის შედეგად ვითარდება. მოტეხილობა ძირითადად მოიცავს კოჭის გარეთა ზედაპირზე არსებულ წანაზარდს (ლატერალური მორჩი), რომელიც მცირე წვივის ძვლის დაბოლოებაა. უფრო იშვიათია კოჭის შიგნითა ზედაპირზე არსებული მორჩის მოტეხილობა. აღნიშნული მორჩი წვივის დიდი ძვლის დაბოლოებაა. ზოგჯერ ორივე ზიანდება და ასეთ შემთხვევაში იოგების მნიშვნელოვანი დაზიანებაც აღინიშნება ხოლმე. კოჭის შეცილების გარეშე მიმდინარე მოტეხილობის სამკურნალოდ თაბაშირის ნახვევი გამოიყენება. შეცილებული მოტეხილობა, რომლის დახურული წესით ჩასწორება შეუძლებელია, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

იოგის მიმაგრების ადგილის მცირე ზომის ფრაგმენტული მოტეხილობა (ავულსია) მძიმე ნაღრძობის მსგავსია. მოტეხილობის აღნიშნული სახეობა იკურნება ორთოპედიული აპარატის ან თაბაშირის ნახვევის დადებით 6 კვირის განმავლობაში და უხშირესად კარგად ხორცდება.