ბარძაყის ძვლის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა
  2. თვალბუდის მოტეხილობები
  3. თვალის ტრავმები
  4. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბარძაყის ძვლის მოტეხილობა

  • ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ძირითადად ხანდაზმულების ხვედრია. შეიძლება მცირე ტრავმამ – დაცემამ გამოწვიოს, განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონეთა შორის;

  • მოტეხილობის დროს უხშირესად შეუძლებელია ფეხის მოძრაობა, დგომა ან სიარული;

  • ბარძაყის მოტეხილობის დიაგნოზირენტგენოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება, ზოგჯერ სხვა გამოსახულებითი კვლევებიც ტარდება;

  • მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით, ზოგჯერ საჭირო ხდება სახსრის პროთეზირება.

ყოველწლიურად აშშ-ში 270000-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. შემთხვევების 90% 60 წელზე უფროსი ასაკის პირებზე მოდის. ხანდაზმულებს შორის ბარძაყის მოტეხილობა ხშირია ოსტეოპოროზის და დაცემის მომატებული სიხშირის გამო. ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება ხანდაზმულებს შორის ზრდის ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ალბათობას. 90 წლის ასაკს მიღწეული ყოველი 3 ქალიდან და 6 მამაკაციდან ერთს ბარძაყის მოტეხილობა უვითარდება. ხანდაზმულებს შორის ბარძაყის მოტეხილობამ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა თრომბის წარმოქმნა და პნევმონია. ის ხშირად ცვლის ადამიანების ცხოვრებას, მაგალითად, საჭირო ხდება მომვლელი ან მოხუცებულთა სახლში მოთავსება.

ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს (ტაბუხი) დიდი ზომის ძვლოვანი წანაზარდები აქვს (ტროქანტერები), რომლებთანაც მძლავრი კუნთებია მიმაგრებული, შემდეგ მოკლე ყელია და ბოლოვდება მომრგვალო ფორმის თავით, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა ნაწილის ფორმას იმეორებს. ბარძაყის ძვლის მოტეხილობათა უმრავლესობა მომრგვალო ფორმის თავის ქვემოთ (ბარძაყის ყელი ან ბარძაყის სუბკაპიტალური მოტეხილობა) ან ტროქანტერების (ტროქანტერთაშორისი მოტეხილობა) არეში ვითარდება.

ბარძაყის ყელის მოტეხილობა განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად სისხლით მომარაგება უწყდება ბარძაყის თავს, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილია. სისხლით სათანადოდ მომარაგების გარეშე ძვალი ვერ ხორცდება და კვდება. ამგვარი მოტეხილობის განვითარება ოსტეოპოროზის მქონე პირებს შორის მინიმალური ძალის ზემოქმედებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, სიარულის დროს (დაღლილობის მოტეხილობა).

ტროქანტერთაშორისი ბარძაყის მოტეხილობისასწარმოიქმნება მოტეხილობის დიდ ზედაპირი, რომელიც შინაგან სისხლდენას იწვევს. ამგვარი ტრავმა უხშირესად დაცემის ან პირდაპირი ზემოქმედების შედეგია.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბარძაყის მოტეხილობის დროს შემთხვევათა უმრავლესობაში შეუძლებელია ფეხის მოძრაობა, აგრეთვე, ფეხზე დადგომა ან სიარული. როდესაც ექიმი დაზარალებულს სინჯავს, ფეხი შეიძლება დამოკლებულის და გარეთ გადაბრუნებულის შთაბეჭდილებას ტოვებდეს კუნთების არაბალანსირებული შეკუმშვის შედეგად. მოტეხილობიდან სისხლის გამოჟონვის გამო შეშუპება და იისფერი სისხლნაჟღენთები ვითარდება. ბარძაყის მოტეხილობამ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს, ე.წ. გადაცემითი ტკივილი.

დიაგნოზი რენტგენოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს ეფუძნება, თუმცა, მოტეხილობის ხაზი დასაწყისში რენტგენოგრაფიულად შეიძლება არ გამოვლინდეს. ამიტომ, როდესაც მოტეხილობის არსებობა სავარაუდოა ან პაციენტს ტკივილი უგრძელდება და ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წამოდგომა არ შეუძლია, დიაგნოზის დასაზუსტებლად მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ტარდება.

მკურნალობა

ბარძაყის მოტეხილობის მქონე პირების უმრავლესობას ქირურგიული მკურნალობა უტარდება. თუ ბარძაყის მოტეხილობის გამო ადამიანი საწოლს არის მჯაჭვული, მას მომატებული აქვს ისეთი მძიმე გართულებების რისკი, როგორიცაა ნაწოლები, თრომბი, რომელიც პულმონურ ემბოლიზმს იწვევს, ცნობიერების დაბინდვა, პნევმონია. ქირურგიული ჩარევის უპირატესობა ის არის, რომ ადამიანს ლოგინიდან წამოდგომა და სიარული მალევე შეუძლია. ჩვეულებრივ, გადაადგილების საშუალების დახმარებით, პირველი ნაბიჯების გადადგმა ოპერაციის შემდეგ 1-2 დღეშია შესაძლებელი. ფიზიკური რეაბილიტაცია შეძლებისდაგვარად მალე იწყება.

ქირურგიული ჩარევის სახე მოტეხილობის ტიპზეა დამოკიდებული.

ბარძაყის ყელის მოტეხილობა შეიძლება აღდგეს მეტალის ჭანჭიკების საშუალებით ან მოტეხილი ფრაგმენტების მოცილებით და ბარძაყის ძვლის თავის მეტალისგან დამზადებული იმპლანტის ჩანაცვლებით (ნაწილობრივი პროთეზირება). იმპლანტი საჭირო ხდება ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგების შეფერხებისას.

ტროქანტერთაშორისი მოტეხილობის დროს მკურნალობა ტარდება კომპრესიული სახრახნისით და გვერდითი ფირფიტების გამოყენებით, რომლებიც ძვლოვან ფრაგმენტებს ადგილზე ამაგრებს მანამ, სანამ მოტეხილობა არ შეხორცდება. ფიქსაცია, ჩვეულებრივ, საკმარისად მყარია იმისთვის, რომ ადამიანმა ქირურგიული ჩარევის შემდეგ კიდურზე დაყრდნობა შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ძვლოვანი ფრაგმენტის შეხორცებას 2 თვე სჭირდება, პაციენტების უმრავლესობას ადრინდელი მდგომარეობის, ძალის და სიარულის უნარის სრული აღდგენისთვის 6 თვე სჭირდება.

ბარძაყის ნაწილობრივი პროთეზირება: თუ ბარძაყის ნაწილობრივი პროთეზირებაა საჭირო, ექიმი მეტალის სპეციალურ იმპლანტებს იყენებს. აღნიშნულ იმპლანტებს სახსრის ფოსოსთან მისადაგებული პრიალა მრგვალი ზედაპირიანი მყარი ღერო აქვს; ეს უკანასკნელი ბარძაყის ძვლის არხში იდგმება. ზოგიერთი იმპლანტი ძვალში სპეციალური ცემენტის საშუალებითაა გამაგრებული, სხვებს სპეციალური ფოროვანი ან კერამიკული საფარველი აქვს, რომელსაც ძვალი პირდაპირ შეუკავშირდება.

სახსრის პროთეზირების შემდეგ სიარულის დაწყება ყავარჯნებით ან გადაადგილების სხვა საშუალების გამოყენებით მაშინვე, ხოლო ხელჯოხით – 6 კვირის შემდეგ შეიძლება. თუმცა, ხელოვნური სახსარი სამუდამო არაა. იმ პირებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურნი ან მძიმე წონისანი არიან, 10-20 წლის შემდეგ შეიძლება განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ. სახსრის პროთეზირება ხშირად უტარდებათ ხანდაზმულებს, რადგან განმეორებითი ქირურგიული ჩარევის ალბათობა ნაკლებია. გარდა ამისა, ხანდაზმული პირებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ უკვე მალევე შეუძლიათ სიარულის დაწყება.

ზოგჯერ საჭირო ხდება სახსრის სრულად შეცვლა. ეს პროცედურა ხშირად ოსტეოართრიტის სამკურნალოდ ტარდება. მოტეხილობის სამკურნალოდ სახსრის სრულ პროთეზირებას იშვიათად მიმართავენ.