სითბური გამოფიტვა | მკურნალი.გე
  1. სითბური გამოფიტვა
  2. თერმული დარღვევები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
სითბური გამოფიტვა

სითბური გამოფიტვა გამოწვეულია გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს დიდი რაოდენობით წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) დაკარგვით, რასაც თან ახლავს სისხლის მოცულობის შემცირებით შეპირობებული სიმპტომები, მათ შორის კოლაფსი და გულის წასვლა.

სითბური გამოფიტვა უფრო სერიოზული პათოლოგიაა ვიდრე სითბური კრუნჩხვა. მისთვის სითხის და ელექტროლიტების უფრო ღრმა დეფიციტი და უფრო მძიმე სიმპტომებია დამახასიათებელი.

სიმპტომები და დიაგნოზი

შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევა, წონასწორობის უნარის დაქვეითება, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – კუნთების კრუნჩხვები. სისუსტე ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ფეხზე დგომისას ადამიანი გონებას კარგავს. გახშირებულია შარდვა, გაძლიერებულია ოფლის გამოყოფა, შესაძლოა ცნობიერების დაბინდვა. გულისცემის, სუნთქვის სიხშირე იმატებს, არტერიული წნევის ციფრები მცირდება, სხეულის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, ნორმალურია, თუმცა, თუ ცხელება (სხეულის ტემპერატურის მატება) აღინიშნა, 40ºC-ს არ აღემატება.

სითბური გამოფიტვის დიაგნოზს ხშირ შემთხვევაში სიმპტომების მიხედვით სვამენ.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს სითხისა და მარილების ჩანაცვლებას ინტრავენური გადასხმით, პაციენტისთვის გრილი გარემოს უზრუნველყოფას. სასურველია სველი ტანსაცმელი, კანის წყლით დატენიანება ან ყინულის პაკეტები კანზე, რაც ხელს უწყობს გაგრილებას. სითხის შევსების შემდეგ პაციენტი სწრაფად გამოჯანსაღდება; მკურნალობის გარეშე სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი, სითბური დარტყმის ჩათვლით.