ჰიპოთერმია | მკურნალი.გე
  1. ჰიპოთერმია
  2. სიცივით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ჰიპოთერმია

ჰიპოთერმიას სხეულის ტემპერატურის სახიფათო დონემდე დაქვეითებას უწოდებენ.

სხეულის ტემპერატურის ძლიერი ვარდნა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს ძალიან დაბალმა ტემპერატურამ, ზოგიერთმა დაავადებამ, გადაადგილების შეუძლებლობამ ან ზემოხსენებულ მიზეზთა კომბინაციამ;

პირველ ეტაპზე პაციენტი იწყებს კანკალს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი იწყება ცნობიერების დარღვევები და პაციენტი გონებას კარგავს;

თუ სხეულის ტემპერატურა მკვეთრად დაბალი არ არის, პაციენტის გამშრალება და გათბობა სწრაფად აღადგენს ნორმალურ მდგომარეობას;

თუ სხეულის ტემპერატურა მკვეთრად დაბალია, ექიმი იწყებს პაციენტის გათბობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რაც მოიცავს თბილი ჟანგბადის მიცემას, გამთბარი სითხეების ვენაში გადასხმას ან მუცლის და/ან გულმკერდის ღრუში შეყვანას სპეციალური სინთეტიკური მილების საშუალებით. ექიმი აგრეთვე უზრუნველყოფს სხეულის გარეგან გათბობას.

ჰიპოთერმია სითბოს გაზრდილი კარგვის შედეგია, რომლის პასუხად ორგანიზმს არ შესწევს უნარი, აღიდგინოს დაკარგული სითბო არც გაძლიერებული მეტაბოლიზმით (ფიზიკური ვარჯიში) და არც გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით (ცეცხლთან ან მზეზე გათბობა). ქარიანი ამინდი ხელს უწყობს სხეულის მიერ სითბოს დაკარგვას, ისევე, როგორც ცივ ზედაპირზე ჯდომა, წოლა ან წყალში ყოფნა. ზამთარში ცივ წყალში უეცარმა ჩავარდნამ 5-15 წუთის განმავლობაში შესაძლოა სასიკვდილო ჰიპოთერმია გამოიწვიოს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები, განსაკუთრებით კი ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, გადარჩენილან 1 საათზე მეტი დროით ყინულიან წყალში ყოფნისას. შოკის შემთხვევაში, შესაძლებელია გაითიშოს ორგანიზმის ყველა სისტემა და დამხმარე მექანიზმი. ჰიპოთერმიის განვითარება შესაძლებელია ადამიანის შედარებით გრილ წყალში ხანგრძლივად ყოფნის პირობებშიც.

ჰიპოთერმიის ყველაზე მაღალი რისკი აქვთ პირებს, რომლებიც ხანგრძლივად უმოძრაოდ წვანან დაბალი გარემო ტემპერატურის პირობებში, მაგალითად, ინსულტის ან კრუნჩხვის შემდგომ, ან ინტოქსიკაციით, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობით ან ტრავმით გამოწვეული უგონო მდგომარეობების დროს. ასეთ შემთხვევაში, მოძრაობის შეუძლებლობის გამო, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს გამოიმუშავებს და არ შესწევს უნარი მოსცილდეს ცივ გარემოს. ზემოხსენებულ სიტუაციებში ჰიპოთერმიის განვითარების რისკი მაშინაც კი მაღალია, როცა გარემოს ტემპერატურა არც ისე დაბალია – 13-16ºC (55-60ºF). რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან მცირეწლოვანი და ღრმად მოხუცი ადამიანები, რადგან მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად დაიკმაყოფილონ ორგანიზმის მოთხოვნილებები და დამოკიდებულნი არიან გარეშე პირებზე და

ამასთანავე არ აქვთ კარგად განვითარებული ორგანიზმის დამხმარე მექანიზმები. ღრმად მოხუცებული ადვილად ხდება ჰიპოთერმიის მსხვერპლი, როდესაც მას რამდენიმე საათით გაუნძრევლად მწოლიარეს ან დამჯდარს ტოვებენ ცივ ბინაში. ახალშობილები სწრაფად კარგავენ სხეულიდან სითბოს და საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას ჰიპოთერმიის თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ ჰიპოთერმიის მიზეზი შეიძლება ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ინფექცია ან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაც გახდეს.

სიმპტომები

ჰიპოთერმიისსაწყის სიმპტომებს მიეკუთვნება ინტენსიური კანკალი და კბილების კაწკაწი. ჰიპოთერმიის გახანგრძლივების შემთხვევაში, რაც უფრო ეცემა სხეულის ტემპერატურა, მით უფრო მცირდება კანკალი, მოძრაობა ხდება ნელი და მოუქნელი, რეაქციის დრო გახანგრძლივებულია, გონება დაბინდულია. სიმპტომატიკა ვითარდება თანდათანობით ისე, რომ გარშემო მყოფებმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ. პაციენტი შეიძლება დაეცეს, უაზროდ დადიოდეს ან წამოწვეს დასასვენებლად. კანკალის დასრულების შემდეგ ის პასიური ხდება და კომურ მდგომარეობაში გადადის.სუნთქვისა და პულსის სიხშირე შემცირებული და სუსტია, საბოლოოდ მოსალოდნელია გულის გაჩერებაც.

სხეულის ტემპერატურის კიდევ უფრო შემცირებით იზრდება სიკვდილის რისკი. პაციენტის დაღუპვა მოსალოდნელია, თუ ტემპერატურა ცელსიუსით 31ºC-მდეა (88ºF). სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია, როცა სხეულის ტემპერატურა 28ºC-მდე (83ºF) ქვეითდება.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზის დასადგენად, ჩვეულებრივ, სხეულის ტემპერატურის რექტალური გაზომვის მეთოდს იყენებენ. ჩვეულებრივი სხეულის საზომი თერმომეტრი ვერ აფიქსირებს 34ºC-ზე (94ºF) დაბალ ტემპერატურას, ამიტომ ჰიპოთერმიის სადიაგნოზოდ გამოიყენება სპეციალური თერმომეტრი. თანმხლები დარღვევებისა და ჰიპოთერმიის მიზეზების დასადგენად მოწოდებულია სისხლის ანალიზები და სხვა კვლევები.

მკურნალობა

ჰიპოთერმიის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებულია სველი პაციენტის გაშრობა, სველი ტანსაცმლის ჩანაცვლება მშრალი, თბილი სამოსით, დათბუნება და თბილი სითხეების მიცემა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული იცავს ორგანიზმს განმეორებითი სითხის დაკარგვისგან. მნიშვნელოვანია გადაუდებელი დახმარების ბრიგადის დროული გამოძახება და პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. სტაციონარში მოხვედრამდე გულ-ფილტვის რეანიმაცია მხოლოდ დეტალური შეფასების შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან:

  • არადახელოვნებულ პირებს უჭირთ ჰიპოთერმიული პაციენტის შესუსტებული სუნთქვისა და გულისცემის შეფასება;

  • გასათვალისწინებელია, რომ გარეგანი გასინჯვით პულსის გაქრობის შემთხვევაშიც, შესაძლოა გული შეკუმშვას განაგრძობდეს. ასეთ დროს გულ-ფილტვის რეანიმაციის მიზნით წარმოებულმა გულმკერდზე ზეწოლებმა, შეიძლება სასიკვდილო არითმია გამოიწვიოს;

  • ჰიპოთერმიის მძიმე სტადიის დროს პაციენტი ძალიან ნელა უნდა გადაადგილდეს, ზედმეტი რყევის გარეშე, რადგან ნებისმიერმა მკვეთრმა მოძრაობამ შეიძლება სასიკვდილო არითმიის პროვოცირება განაპირობოს.

საავადმყოფოს პირობებში ჰიპოთერმიის მკურნალობა გულისხმობს პაციენტისთვის თბილი ჟანგბადის მიცემას, გამთბარი სითხეების ინტრავენურ გადასხმას ან მუცლის ღრუში ან გულმკერდის ღრუში შეყვანას სპეციალური სინთეტიკური მილის საშუალებით. დამატებით შესაძლებელია განხორციელდეს სისხლის გათბობის პროცედურაც, რაც მოიცავს ჰემოდიალიზს (ორგანიზმიდან ნელ-ნელა გამოტუმბავენ სისხლის მთელ მოცულობას, რომელიც მიედინება დიალიზის აპარატში, სადაც იფილტრება, თბება და ბრუნდება ორგანიზმში) ან გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებას (ორგანიზმიდან გამოტუმბული სისხლის ნაკადი აპარატის მეშვეობით თბება და მდიდრდება ჟანგბადით). იმ შემთხევევაშიც, თუ პაციენტი საავადმყოფოში ყოველგვარი სასიცოცხლო ნიშნების გარეშეა მიყვანილი, ექიმები აგრძელებენ სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობას, სანამ ადამიანი არ გათბება. თუ გარკვეული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მკვეთრად არის დარღვეული, პაციენტი გარდაცვლილად ითვლება.