მოყინვა | მკურნალი.გე
  1. მოყინვა
  2. სიცივით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მოყინვა

მოყინვა სიცივით გამოწვეული გარკვეული უბნების დაზიანებაა, რომლის დროსაც სხეულის რომელიმე ნაწილი იყინება.

ძლიერი სიცივის დროს მოსალოდნელია ქსოვილების მოყინვა, რაც მათ ნეკროზს იწვევს. გარკვეული უბნის დაზიანება შესაძლოა გავრცელდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილებშიც;

მოყინული არე დაბუჟებული, გათეთრებული და შეშუპებულია, ზოგჯერ დაფარულია მცირე ზომის ბუშტებით ან გაშავებული და გარქოვანებულია;

დაზიანებული ადგილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოთავსდეს თბილ წყალში;

მოყინული ქსოვილების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში აღდგება, თუმცა, შესაძლებელია საჭირო გახდეს მკვდარი უბნების ქირურგიული მოცილება.

მოყინვა რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედების შედეგია, რასაც თან ახლავს ქსოვილების გარკვეული ნაწილის დაზიანება და სიკვდილი. სიცივის ზეგავლენით ვიწროვდება ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვები. სისხლის ნაკადის შემცირება კი იწვევს უჯრედების დაზიანებას. ზოგჯერ სიცივე მცირე ზომის კაპილარებში თრომბების გაჩენას უწყობს ხელს. სისხლძარღვის გამავლობის დახშობა თავის მხრივ ირგვლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზს იწვევს. გათბობის შემდეგ სისხლის მიმოქცევის აღდგენას თან ახლავს დაზიანებული ქსოვილებიდან მთელი რიგი საზიანო ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც იწვევენ ადგილობრივ ანთებას. ტოქსიკური ნივთიერებების ნაწილი გადაინაცვლებს სისხლის ნაკადში. ანთებითი პროცესი დამატებით ზიანს აყენებს მოყინვით დაზიანებულ ქსოვილებს.

ძლიერი ყინვის ხანგრძლივი ზემოქმედებისას იზრდება სხვადასხვა ორგანოს დაზიანების რისკი. ორგანოთა დისფუნქციის ხარისხი დამოკიდებულია დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელსა და მისი ზეგავლენის ხანგრძლივობაზე. მოყინვის მაღალ რისკს განეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგალითად, დიაბეტის ან ათეროსკლეროზის გამო), სისხლძარღვების სპაზმი (გამოწვეული თამბაქოს მოხმარებით, ნევროლოგიური დარღვევებით ან გარკვეული მედიკამენტების მიღებით) ან სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა მოჭერილი ხელთათმანების, წინდების ან ჩექმების გამო. მოყინვის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე მტევნები, ტერფები და სახის მიდამოა. მკვეთრად დაბალი ტემპერატურის პირობებში განსაკუთრებით საშიშია ნოტიო საგნებთან და მეტალთან შეხება, რადგან მოყინვის განვითარებას აჩქარებს.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია მოყინული ზედაპირის ფართობსა და სიღრმეზე. ზედაპირული მოყინვის დროს კანზე ვლინდება დაბუჟებული თეთრი ფერის უბნები, რომელიც გათბობის შემდეგ იქერცლება. ოდნავ ღრმა მოყინვისას აღინიშნება დაზიანებული ქსოვილების შეშუპება და ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები. ღრმა შრეების მოყინვისას ვითარდება კიდურის სიცივის, დაბუჟებისა და გამაგრების შეგრძნება. დაზიანებული არე ფერმკრთალი და ცივია. შეშუპებულ კანზე დიდი ზომის წყლულებია, რომელიც შესაძლოა ამოვსებული იყოს გამჭვირვალე (რაც მსუბუქ დაზიანებაზე მიგვანიშნებს) ან სისხლიანი სითხით (რაც მძიმე დაზიანების ნიშანია).

კიდურები ხდება რბილი და მორუხო ფერის, რაც სველი განგრენისთვის არის დამახასიათებელი. სველი განგრენის განვითარების შემთხვევებში, ხშირად კიდურის ამპუტაცია ხდება საჭირო. უფრო ხშირად კიდური მორუხო და გაუხეშებულია, რაც მშრალი განგრენის ნიშანია.

დიაგნოზი

დიაგნოზი დგინდება სხეულის დაზიანებული არის ტიპური შესახედაობისა და ამ მიდამოზე სიცივის ზემოქმედების ფაქტის საფუძველზე. მოყინვიდან პირველი რამდენიმე დღე ქსოვილთა ცვლილებები, მოყინვის გარეშე მიმდინარე დაზიანებას წააგავს. დროთა განმავლობაში ვლინდება მოყინვისთვის დამახასიათებელი დაზიანების ნიშნები, რაც ადასტურებს დიაგნოზს.

მკურნალობა

კლინიკის გარეთ მკურნალობა: პაციენტს, რომელსაც მოყინვა აღენიშნება, უნდა გადაეფაროს ან შემოეხვიოს თბილი საბანი, რამეთუ ხშირია ჰიპოთერმიის თანაარსებობა. თუ შესაძლებელია, მოყინული მიდამოს გათბობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამისათვის სხეულის მოყინულ ნაწილს თბილ წყალში ჩაუშვებენ. წყალი იმაზე ცხელი არ უნდა იყოს, რასაც სხვა ადამიანი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აიტანს – ტემპერატურა დაახლოებით 40ºC-ის ფარგლებში უნდა იყოს. დაზიანებული ადგილის დაზელა (განსაკუთრებით თოვლით) ზრდის ქსოვილთა შემდგომ დაზიანებას. იმის გამო, რომ მოყინულ ადგილებში მგრძნობელობა დაქვეითებულია, გათბობისას პაციენტი ვერ გრძნობს ცხელი გარემოს ზემოქმედებას და დამწვრობის განვითარებას. ამიტომ არ არის რეკომენდებული ცეცხლთან ან ღუმელთან ახლოს გათბობა ან ცხელი სათბურის, მათ შორის, ელექტროსათბურის, გამოყენება.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მოყინული ქსოვილი კვლავ რჩება განმეორებითი მოყინვის რისკის ქვეშ, მისი დროებითი გათბობა შესაძლოა მეტად საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომ უმჯობესია კიდური დარჩეს მოყინულ მდგომარეობაში, ვიდრე შეთბეს და შემდეგ კვლავ მოიყინოს. მაგალითად, თუ ადამიანმა მოყინული ფეხით კვლავ უნდა გააგრძელოს სიარული (იმ ადგილამდე მისაღწევად, სადაც დაეხმარებიან), კიდური არ უნდა შეთბეს. ასევე მნიშვნელოვანია, მოერიდონ მოყინულ ქსოვილზე ყოველგვარ გარეგან მექანიკურ ზემოქმედებას, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი დაზიანებები. მოყინული ტერფი ფრთხილად უნდა გასუფთავდეს, გაშრეს და შეიფუთოს თბილად. აუცილებელია თბილი გარემოს უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიცემა. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში.

საავადმყოფოში: პაციენტის საავადმყოფოში მოხვედრისთანავე სამედიცინო პერსონალი იწყებს ან აგრძელებს გასათბობ ღონისძიებებს. მთელი სხეულის გათბობას დაახლოებით 15-30 წუთი სჭირდება. მოყინული მიდამოს გათბობას თან ძლიერი ტკივილი ახლავს, რის გამოც შეიძლება ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ინექცია გახდეს საჭირო. კანზე არსებული ბუშტუკები სასურველია არ გასკდეს. თუ მათი მთლიანობა დაირღვა, საჭიროა კანის ანტიბაქტერიული მალამოთი დამუშავება.

გათბობის შემდეგ დაზიანებული ადგილი ფრთხილად სუფთავდება თბილი წყლით, მშრალდება და იფუთება სტერილური დოლბანდით, ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ანთების საწინააღმდეგო აბების (მაგ., იბუპროფენის) მიღება ან ალოეს გელის ადგილობრივი აპლიკაცია ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ალაგებას. ინფექციის ნიშნების გამოვლენისას პაციენტს ეძლევა ანტიბიოტიკები. თუმცა, ზოგიერთი ექიმი ინფექციის პრევენციისთვის ანტიბიოტიკებს ღრმა მოყინვის მქონე ყველა პაციენტს უნიშნავს. გარკვეულ შემთხვევებში მიმართავენ ინტრავენურ მკურნალობას, რათა დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. ამ სახის ჩარევა სასარგებლო მხოლოდ დაზიანების პირველ დღეებშია.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ: მკურნალობის საუკეთესო მეთოდია დღეში სამჯერ წყლის ჭავლიანი (ვიბრაციული) აბაზანა თბილი წყლით (დაახლოებით 37ºC ან 98.6ºF) და დაზიანებული უბნის ფრთხილად გამშრალება, ასევე, დასვენება და დრო. ადამიანთა უმრავლესობის მდგომარეობა თანდათან, თვეების განმავლობაში უმჯობესდება. თუმცა, ხანდახან დაზიანებული ქსოვილების მოსაცილებლად ამპუტაცია ხდება საჭირო. საწყის ეტაპზე მოყინული უბანი შესაძლოა მეტად ფართო და ღრმა ჩანდეს, თუმცა, რამდენიმე კვირაში ქსოვილები თანდათანობით აღდგება და დაზიანებული არე შედარებით მცირე მოცულობის რჩება. ამიტომ ამპუტაციაზე გადაწყვეტილება ყოველთვის მოგვიანებით მიიღება. მოწოდებულია დამხმარე გამოკვლევები, რომელთა საშუალებითაც თავიდანვე შეიძლება გაირკვეს, რომელი ქსოვილი აღდგება და რომელი არა. მაგალითად, გამოიყენება, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიონუკლიდური სკანირება, მიკროტალღური თერმოგრაფია და ლაზერული დოპლეროგრაფია. ქსოვილები, რომლებიც არ აღდგება, ამპუტაციას საჭიროებს. მოყინული ქსოვილების სრული აღდგენის შემდეგაც პაციენტების გარკვეულ ნაწილს ამ მიდამოებში დაბუჟება და სიცივისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა რჩება.