ბაროტრავმა (ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები) | მკურნალი.გე
  1. ბაროტრავმა (ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები)
  2. ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ბაროტრავმა (ყვინთვითა და ჰაერის შეკუმშვით გამოწვეული დაზიანებები)

ბაროტრავმა წნევის ცვლილებით გამოწვეული ქსოვილების დაზიანებაა, რომლის დროსაც წნევის ცვალებადობა სხეულის სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული აირების შეკუმშვას ან გაფართოებას განაპირობებს.

  • მოსალოდნელია ფილტვების, მყვინთავის ნიღბით დაფარული მიდამოს, ყურების, ცხვირის და შუბლის წიაღების დაზიანება;

  • სიმპტომები შეიძლება ცვალებადი იყოს და მოიცავდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ტკივილს გულმკერდის არეში (ფილტვების ბაროტრავმა), თვალების ჩასისხლიანებას (ნიღბის ბაროტრავმა), თავბრუხვევას ან ყურის ტკივილს (ყურის ბაროტრავმა), ასევე ტკივილს სახის არეში ან ცხვირიდან სისხლდენას (წიაღების ბაროტრავმა);

  • ბაროტრავმის თავიდან აცილება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: სუნთქვა წყლის სიღრმიდან ზედაპირისაკენ ასვლის დროს (ფილტვების ბაროტრავმა), ჰაერის გამოდევნა ცხვირიდან ნიღაბში, შემდეგ ცხვირზე ხელის მოჭერა და ჰაერის გადაყლაპვა ან მთქნარების მსგავსი მოძრაობით პირით შესუნთქვა (ნიღბის ბაროტრავმა) და ცხვირის გამხსნელი მედიკამენტების (დეკონგესტანტების) მიღება (წიაღებისა და ყურის ბაროტრავმა).

სხეულის გარეთ არსებული გაზრდილი წნევა თანაბრად ვრცელდება სისხლსა და ქსოვილებზე, თუმცა, ისინი არ იკუმშება, რადგან ძირითადად სითხისგან შედგება. მაგალითად, წყალში ფეხის ჩადგმისას ჰიდრავლიკური წნევის მატება არ იწვევს ფეხზე მოჭერის შეგრძნებას. თუმცა, სხეულში ან მასთან ახლოს არსებული აირები (მაგ., ფილტვებში, ცხვირის სინუსებში, შუა ყურში, მყვინთავის ნიღაბსა ან სათვალეებში არსებული ჰაერი) იკუმშება ან ფართოვდება გარემოს წნევის ცვლილების შესაბამისად. ამგვარმა შეკუმშვამ და გაფართოებამ მოსალოდნელია გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება და ტკივილი. ბაროტრავმით ყველაზე ხშირად ყურები ზიანდება, თუმცა ფილტვების ბაროტრავმა ყველაზე სერიოზულია.

ფილტვების ბაროტრავმა: ვინაიდან გარემოს მაღალი წნევის პირობებში ჰაერი შეკუმშულ მდგომარეობაშია, წყლის სიღრმეში თითოეული ჩასუნთქვისას ფილტვებში ჩაედინება ჰაერის გაცილებით მეტი მოლეკულა, ვიდრე წყლის ზედაპირზე ჩასუნთქვისას. მაგალითად, 10 მეტრის სიღრმეზე (2 ატმოსფერო) თითოეული ჩასუნთქვისას ფილტვებში ხვდება ორჯერ უფრო მეტი მოლეკულა, ვიდრე წყლის ზედაპირზე ჩასუნთქვისას (შესაბამისად ასეთ სიღრმეზე წყალქვეშ სუნთქვისას ჰაერის ავზი ორჯერ უფრო სწრაფად იცლება). გარემოს წნევის დაქვეითებასთან ერთად ჰაერი ფართოვდება – იზრდება მისი მოცულობა. ამგვარად, როდესაც 10 მეტრის სიღრმეზე მყვინთავები ფილტვებს შეკუმშული ჰაერით ივსებენ და იწყებენ წყლიდან ამოსვლას თავისუფლად ამოსუნთქვის გარეშე, ჰაერის მოცულობა ორმაგდება და იწვევს ფილტვების გადაბერვას. ფილტვების გადაბერვამ მოსალოდნელია გამოიწვიოს ალვეოლების გახეთქვა და ჰაერის გამოჟონვა. გამოჟონილი ჰაერი შეიძლება შეკავდეს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ სივრცეში – პლევრის ღრუში, გაფართოვდეს და განაპირობოს ფილტვების ჩაფუშვა (პნევმოთორაქსი). ამასთანავე, აირი შესაძლოა გამოიდევნოს ფილტვებიდან და გადავიდეს შუასაყარში (პნევმომედიასტინუმი), კისრის ან გულმკერდის ზედა ნაწილის კანის ქვეშ (კანქვეშა ემფიზემა) ან სისხლძარღვებში. სისხლძარღვებში არსებული აირი, როგორც წესი, გადაადგილდება სხეულის სხვა ნაწილებში (აიროვანი ემბოლია) და შეიძლება სისხლის დინების შეფერხების ან შეწყვეტის მიზეზი გახდეს.

ფილტვების ბაროტრავმის ყველაზე ხშირი მიზეზია აკვალანგით ყვინთვისას ზედაპირზე ამოსვლის დროს სუნთქვის შეკავება, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია სიღრმეზე ყოფნისას ჰაერის მარაგის ამოწურვით. პანიკაში მყოფ მყვინთავებს ამოსვლისას ავიწყდებათ თავისუფლად ამოსუნთქვა, ამ დროს ფილტვებში არსებული ჰაერი ფართოვდება და ზიანდება ფილტვის ქსოვილი. აიროვანი ემბოლია შესაძლოა განვითარდეს მხოლოდ ერთი მეტრის სიღრმეზე ცურვის დროსაც კი, როდესაც ადამიანი სუნთქავს შეკუმშულ ჰაერს და შემდეგ სუნთქვის შეკავების ფონზე ძალიან სწრაფად ამოდის წყლის ზედაპირზე.

ფილტვების ბაროტრავმა შეიძლება განვითარდეს აუზშიც, როდესაც მყვინთავი ჰაერს ჩაისუნთქავს აუზის ფსკერზე (მაგალითად, გადმობრუნებულ სათლში არსებული ჰაერიდან) და არ ამოისუნთქავს მას წყლის ზედაპირზე ამოსვლის პარალელურად.

სიმპტომები

ბაროტრავმის სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება ზედაპირზე ამოსვლამდე ან ამოსვლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. სიმპტომები შეიძლება იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული. მყვინთავები ხშირად იყენებენ ტერმინს ორგანოთა "შეკუმშვა" იმ დაზიანებების აღსანიშნავად (ფილტვების გარდა), რომლებიც გამოწვეულია წნევათა სხვაობით.

ფილტვების ბაროტრავმა: პნევმოთორაქსი და პნევმომედიასტინუმი იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობას. ფილტვის ქსოვილის დაზიანებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი ხველა ან სისხლიანი ქაფის ამოსვლა პირის ღრუდან. ჰაერის დაგროვება კისრის ქსოვილებში აზიანებს სახმო იოგებს, რაც ხმის შეცვლის ან ხმის დაკარგვის მიზეზი ხდება. კანქვეშა ემფიზემის არეში კანზე ზეწოლისას ვლინდება ტკაცუნის მსგავსი ხმიანობა.

ნიღბით გამოწვეული ბაროტრავმა: როდესაც მყვინთავები არასწორად ათანაბრებენ სახის ნიღბის შიგნით არსებულ წნევას წყლის წნევასთან (ჰიდრავლიკური წნევა), ნიღაბში შექმნილი დაბალი წნევა მოქმედებს თვალებსა და სახეზე კოტოშების მსგავსად. ნიღბის შიგნით და გარეთ არსებულ წნევათა შორის სხვაობა განაპირობებს თვალების ან კანის ზედაპირთან არსებული სისხლძარღვების გაფართოებას, სითხის გამოჟონვას, კანის ლორწოვანი გარსის ნახეთქებსა და სისხლდენას. მიუხედავად იმისა, რომ თვალები შეწითლებული და ჩასისხლიანებულია, მხედველობა არ ზიანდება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა თვალის უკან, რაც მხედველობის დაკარგვას იწვევს. სისხლდენა სახის სისხლძარღვებიდან, ჩვეულებრივ, დაჟეჟილობის მსგავს სურათს იძლევა.

ყურის ბაროტრავმა: თუ შუა ყურში არსებული წნევა უფრო დაბალია, ვიდრე წყლის წნევა, მოსალოდნელია ყურის დაფის აპკის მტკივნეული ჩაზნექა შიგნითა მიმართულებით. როდესაც წნევათა სხვაობა საკმაოდ დიდი ხდება, დაფის აპკი სკდება, ცივი წყლის ნაკადი ხვდება შუა ყურში და იწვევს თავბრუხვევას (მწვავე თავბრუხვევა ტრიალის შეგრძნებით), დეზორიენტაციას, გულისრევას და ხანდახან ღებინებასაც. ამ სიმპტომებმა მყვინთავებს შეიძლება დახრჩობის რისკიც შეუქმნას. თავბრუხვევა (ვერტიგო) მცირდება, როდესაც ყურში მოხვედრილი წყლისა და სხეულის ტემპერატურა ერთმანეთს უტოლდება. დაფის აპკის გახეთქვა (პერფორაცია) იწვევს სმენის დაქვეითებას, ზოგჯერ კი შუა ყურის ინფიცირებას პერფორაციიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. ვლინდება ტკივილი და გამონადენი ყურიდან. შეიძლება, ასევე, დაზიანდეს შიგნითა ყური, რაც განაპირობებს სმენის მყისიერ დაკარგვას, ხმაურის შეგრძნებას ყურებში (ტინიტუსი) და თავბრუხვევას.

წიაღის ბაროტრავმა: წნევათა სხვაობა ყურის ბაროტრავმის მსგავსად მოქმედებს წიაღებზე (ჰაერით სავსე ღრუები ცხვირისა და შუბლის გარშემო არსებულ ძვლებში). ის იწვევს თავისა და სახის მიდამოების ტკივილს, შეგუბების და ცხვირით სუნთქვის გაძნელების შეგრძნებას ან ცხვირიდან სისხლდენას.

კბილების ბაროტრავმა: კბილების ფესვებთან ან ბჟენთან ახლოს არსებულ ჰაერით სავსე სივრცეებზე წნევის ზემოქმედებით შესაძლოა გამოვლინდეს კბილის ტკივილი ან დაზიანება.

თვალის ბაროტრავმა: მყარი კონტაქტური ლინზების უკან შეიძლება წარმოიქმნას და დაგროვდეს მცირე ზომის ჰაერის ბუშტუკები, რომლებიც გარემო წნევის ზემოქმედებისას აზიანებს თვალებს და იწვევს ტკივილს, მხედველობის დაკარგვას ან სინათლის აღქმის დარღვევებს.

კუჭ-ნაწლავის სისტემის ბაროტრავმა: ყვინთვის დროს ჟანგბადის მარეგულირებელი მოწყობილობიდან არასწორი სუნთქვის ან ყურებისა და წიაღების წნევის დამაბალანსებელი ტექნიკის გამოყენებისას მცირე რაოდენობით ჰაერი ხვდება კუჭ-ნაწლავის სისტემაში. ეს ჰაერი ფართოვდება ზედაპირზე ასვლისას, რაც იწვევს მუცლის სისავსეობის შეგრძნებას, სპაზმს, ტკივილს, ბოყინს და მეტეორიზმს. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, თვითონვე ქრება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია (გასკდომა), რისთვისაც დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი და დაავადების მძიმე მიმდინარეობა.

დიაგნოზი

ექიმების მიერ ბაროტრავმის ამოცნობა ძირითადად ხდება სიმპტომების ხასიათისა და მათი ყვინთვასთან კავშირის გამოვლენის საფუძველზე. სიმპტომების სიმძიმის მიხედვით შეიძლება ჩატარდეს გამოსახულებითი კვლევები. მაგალითად, ფილტვის ბაროტრავმის დროს საჭიროა გულმკერდის რენტგენოგრაფია.

პრევენცია

როდესაც შეკუმშული სასუნთქი ჰაერის მარაგი ხელმისაწვდომია სიღრმეზე ყოფნისას, მაგალითად, მყვინთავის მუზარადიდან (სკაფანდრიდან) ან ჰაერის ავზებიდან, ფილტვებსა და სასუნთქ გზებში არსებული წნევა ავტომატურად უთანაბრდება გარეთ არსებულ წნევას. ეს ჰაერი, ასევე, ბალანსდება წიაღებში არსებულ წნევასთან მანამ, სანამ მათი შესავალი არ შევიწროვდება (მაგ. ალერგიით გამოწვეული ანთებით ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციით).

სახის ნიღაბში არსებული წნევა თანაბრდება ცხვირიდან ნიღაბში ჰაერის გამოდევნით. მყვინთავები შუა ყურში წნევათა სხვაობას არეგულირებენ ცხვირზე თითის მოჭერისას დამთქნარებით ან ყლაპვითი მოძრაობით, რაც ხსნის შუა ყურისა და ცხვირ-ხახის დამაკავშირებელ მილს (ევსტაქის მილს).

ყურის საცობების ან მჭიდროდ მორგებული მყვინთავის კოსტიუმის ქუდის გამოყენება ქმნის დახურულ სივრცეს საცობსა და დაფის აპკს შორის, სადაც შეუძლებელია წნევის დაბალანსება. ასევე შეუძლებელია წნევის გათანაბრება მჭიდრო სათვალეებში. აქედან გამომდინარე, ღრმად ყვინთვის დროს არ შეიძლება ყურის საცობების და მჭიდრო სათვალეების ტარება. ამასთან, საცურაო კოსტიუმის ქუდი სათანადოდ უნდა მოერგოს მყვინთავს, რომ არ მოხდეს გარეთა ყურის დახშობა.

ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში, ნესტოების გამავლობის შესანარჩუნებლად, ჩაყვინთვამდე მიიღება დეკონგესტანტი (მაგ., ორალური ფსევდოეფედრინი). შეგუბების მოხსნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ყურებსა და წიაღებს შორის წნევის გათანაბრებას და მათი ბაროტრავმის პრევენციას.

ფილტვების ბაროტრავმის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ზედაპირზე ამოსვლისას მყვინთავებმა თავისუფლად ამოისუნთქონ სიღრმეზე, თუნდაც საცურაო აუზის ფსკერზე ჩასუნთქული ნებისმიერი მოცულობის ჰაერი.

მკურნალობა

პაციენტების გარკვეული ნაწილი საჭიროებს პნევმოთორაქსის მკურნალობას, რაც გულისხმობს გულმკერდის ღრუში პლასტმასის მილის მოთავსებას. აღნიშნულის მიზანია პლევრის ღრუში დაგროვილი ჰაერის გარეთ გამოდევნა და ფილტვების გაშლის აღდგენა. პნევმომედიასტინუმისა და კანქვეშა ემფიზემის მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს წოლით რეჟიმს და ჟანგბადის მიწოდებას.

ყურისა და წიაღების ბაროტრავმის მკურნალობა ხდება ცხვირის (მაგ. ოქსიმეტაზოლინის ნაზალური სპრეი) ან ორალური დეკონგესტანტებით. ზოგჯერ, როდესაც გამოჯანმრთელება ნელა მიმდინარეობს, დასაშვებია კორტიკოსტეროიდების მიცემა ნაზალური სპრეის (ცხვირში შესასხურებელი) ან აბების სახით. დაფის აპკის პერფორაცია, როგორც წესი, თავისთავად აღდგება, თუმცა, შუა ყურის ინფექცია მოითხოვს ანტიბიოტიკების ორალურად ან ყურის წვეთების სახით დანიშვნას. შუა და შიგა ყურს შორის არსებული ქსოვილების მთლიანობის დარღვევის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა პერმანენტული დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მუცლის ან ნაწლავების პერფორაცია ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს.