ტყვიით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. ტყვიით მოწამვლა
  2. მოწამვლები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ტყვიით მოწამვლა

  • ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება იყოს უშუალოდ ტყვიის შემცველი საღებავის ჭამა ან ზოგიერთი ტყვიით მოპირკეთებული კერამიკული ჭურჭლიდან სითხის დალევა და საკვების მიღება;

  • სისხლში ტყვიის ძალიან მაღალმა მაჩვენებელმა პიროვნული ცვლილებები, თავის ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე, პირში მეტალის გემო, სიარულის დროს კოორდინაციის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და ანემია შეიძლება გამოიწვიოს;

  • დიაგნოზი სიმპტომებისა და სისხლის ანალიზების მიხედვით ისმება;

  • ტყვიით მოწამვლის პოტენციური წყაროს დადგენაში ექიმს შეიძლება დაეხმაროს საყოფაცხოვრებო წყალში, კერამიკულ ჭურჭელსა და საღებავებში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა;

  • მკურნალობა მოიცავს ტყვიასთან კონტაქტის შეწყვეტას და სხეულში დაგროვებული ტყვიის მოცილებას.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, რაც აიკრძალა (1978 წ.) ტყვიის შემცველი საღებავების გამოყენება და ასევე ტყვიის ელიმინაცია მოხდა ბენზინიდან, ტყვიით ინტოქსიკაცია (პლუმბიზმი) მაინც რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში.

ტყვიით ინტოქსიკაციის რისკი აქვთ წარმოებაში მომუშავე პირებს, სადაც ტყვია გამოიყენება, ასევე, ძველად აშენებულ სახლებში მცხოვრებ ბავშვებს, სადაც ტყვიის შემცველი საღებავები და მილები იყო გამოყენებული. სახლის გარემონტებისას ზედაპირის შესაღებად მომზადებას (კედლების მოფხეკას) შესაძლებელია ტყვიის დიდ რაოდენობასთან შეხება მოჰყვეს. პატარა ბავშვებმა სახლში რემონტის დროს შესაძლოა საღებავის ნარჩენები შეჭამონ და ამგვარად განვითარდეს ტყვიით ინტოქსიკაცია. ტყვიის შემცველია ზოგიერთი კერამიკული მინა. ამგვარი მინით დამზადებულ კერამიკულ ნაკეთობებში, როგორიცაა დოქები, ფინჯნები და თეფშები (ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებს გარეთ დამზადებული) მჟავე ნივთიერებების (ხილი, კოლასგან მომზადებული სასმელები, პომიდორი, ღვინო და ვაშლის ღვინო) მოთავსება იწვევს ტყვიის გახსნას და საკვებში მოხვედრას. ტყვიით ინტოქსიკაციის პოტენციური წყაროა შინაურ პირობებში გამოხდილი ვისკი და ხალხური სამკურნალო საშუალებები, ისევე როგორც კუჭში ან ქსოვილებში მოხვედრილი ტყვიის უცხო სხეულები (ანკესის ტყვია, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია). რბილ ქსოვილებში მოხვედრილმა ტყვიამ, შესაძლოა გაზარდოს სისხლში ტყვიის კონცენტრაცია, თუმცა, აღნიშნულ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს. ტყვიის შემცველია ცალკეული ეთნიკური კოსმეტიკური და იმპორტირებული მცენარეული და სამკურნალო მცენარეული პროდუქტები, რომლებიც იმიგრანტებს შორის ტყვიით მოწამვლის პერიოდულ აფეთქებებს იწვევს.

ტყვია ორგანიზმის მრავალ ნაწილზე ახდენს გავლენას, მათ შორის, ტვინზე, ნერვებზე, თირკმლებზე, ღვიძლზე, სისხლზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და სასქესო ორგანოებზე. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები, რადგან ტყვია ძირითადად ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

თუ სისხლში ტყვიის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება მომატებული, ჩვეულებრივ, ვითარდება ტვინის უეცარი დაზიანება (ენცეფალოპათია). სისხლში ტყვიის შედარებით დაბალი რაოდენობის ხანგრძლივად არსებობა ინტელექტუალური დეფიციტის განვითარებას იწვევს.

სიმპტომები და დიაგნოზი

მრავალ ადამიანს, ტყვიით მსუბუქად მოწამვლის შემთხვევაში სიმპტომები არ აღენიშნება. სიმპტომები რამდენიმე კვირის ან უფრო მეტი დროის შემდეგ ვითარდება. ზოგჯერ სიმპტომები პერიოდულად მწვავდება.

ტყვიით მოწამვლის სიმპტომები მოიცავს პიროვნულ ცვლილებებს, თავის ტკივილს, მგრძნობელობის დარღვევას, სისუსტეს, პირის ღრუში მეტალის გემოს შეგრძნებას, სიარულის კოორდინაციის დარღვევას, მადის დაქვეითებას, ღებინებას, შეკრულობას, მუცელში სპაზმურ ტკივილს, ძვლებისა და სახსრების ტკივილს, სისხლის მაღალ წნევას და ანემიას. ხშირად ვითარდება თირკმლების დაზიანება, სიმპტომების გარეშე.

მცირე ასაკის ბავშვებში, რამდენიმეკვირიანი მიმდინარეობის შემდეგ, შესაძლებელია გონებრივი განვითარების შეფერხება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და აქტიურობის შემცირება. ამის შემდეგ შესაძლებელია ენცეფალოპათიის უეცარი განვითარება, რომელიც უარესდება მომდევნო რამდენიმე დღეში და იწვევს მუდმივ და ძლიერ ღებინებას, გონების დაბინდვას, ძილიანობას და ბოლოს, კრუნჩხვებსა და კომას. ბავშვებს შორის ტყვიით ქრონიკულმა მოწამვლამ გონებრივი განვითარების შეფერხება (მენტალური რეტარდაცია), კრუნჩხვები, ქცევის აგრესიული დარღვევები, განვითარებაში ჩამორჩენა, მუცლის ქრონიკული ტკივილი და ანემია შეიძლება გამოიწვიოს.

მოზრდილებს შორის ხშირია სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, უნაყოფობა, ხოლო მამაკაცებს შორის ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია). ენცეფალოპათია მოზრდილებს იშვიათად უვითარდებათ.

ზოგი სიმპტომი შეიძლება შემცირდეს, თუ ტყვიის ზემოქმედება წყდება, ხოლო თუ კვლავ განახლდა, სიმპტომებიც კვლავ იჩენს თავს.

ტყვიით ინტოქსიკაციის დიაგნოზი სიმპტომებისა და სისხლის ანალიზების მიხედვით ისმება. მოზრდილებს, რომელთაც საქმიანობით შეხება აქვთ ტყვიასთან, სისხლის ანალიზის ჩატარება უფრო ხშირად ესაჭიროებათ. ბავშვები, რომლებიც ძველად აშენებულ სახლებში ცხოვრობენ, სადაც ტყვიის შემცველი საღებავების გამოყენება ხდებოდა, ასევე საჭიროებენ სისხლის ანალიზის ჩატარებას. ბავშვებს შორის ძვლებისა და მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია ხშირად ავლენს ტყვიით მოწამვლის ფაქტებს.

პრევენცია

სპეციალური ინსტრუმენტების ნაკრებით შესაძლებელია საყოფაცხოვრებო საღებავებში, კერამიკულ ჭურჭელსა და წყლის მილებში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა. ღონისძიებები, რომელიც ამცირებს საყოფაცხოვრებო მოწამვლის რისკს, მოიცავს ხელების დაბანას რეგულარულად, ბავშვის სათამაშოებისა და საწოვარას ხშირად გარეცხვას და სახლში სხვადასხვა ზედაპირის ხშირად გაწმენდას. მტვრის მოცილება სველი ტილოს საშუალებით ფანჯრის რაფებიდან ყოველკვირეულად, მოაცილებს მტვერს, რომელიც შესაძლოა ტყვიას შეიცავდეს. ზედაპირიდან ატკრეცილი ტყვიის შემცველი საღებავი, უნდა მოსცილდეს და ზედაპირი თავიდან შეიღებოს. დიდი მასშტაბის რემონტმა, რომელიც ტყვიის შემცველი საღებავის მოცილებას ისახავს მიზნად, შესაძლებელია დიდი რაოდენობით ტყვიის გამოთავისუფლება გამოიწვიოს. ამიტომ ეს საქმე პროფესიონალების მიერ უნდა შესრულდეს. სასმელი წყლიდან ტყვიის მოცილება შესაძლებელია სპეციალური წყლის ფილტრების საშუალებით, რომლებიც მაღაზიაშიც იყიდება.

მოზრდილებმა, რომელთაც ტყვიის მტვერთან შეხება უწევთ, სათანადო პერსონალური დამცავი აღჭურვილობა უნდა გამოიყენონ. მათ სახლში წასვლამდე, უნდა გამოიცვალონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და დაძინებამდე შხაპი მიიღონ.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ტყვიასთან კონტაქტის შეწყვეტას და ორგანიზმში დაგროვებული ტყვიის გამოდევნას. თუ მუცლის რენტგენოგრაფიით ტყვიის ანაფხეკი ვლინდება, კუჭისა და ნაწლავების შიგთავსის გამოსარეცხად, პოლიეთილენგლიკოლის სპეციალური ხსნარი გამოიყენება, დასალევად ან კუჭში ჩადგმული მილის (ზონდის) საშუალებით (პროცესს ნაწლავის სრული ირიგაცია ეწოდება).

ექიმები ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას სპეციალური წამლებით ცდილობენ, რომელიც ბოჭავს ტყვიას (ხელატური თერაპია) და შემდეგ შარდის გზით გამოიყოფა. ყველა მედიკამენტი, რომელსაც ტყვია გამოაქვს ორგანიზმიდან, ნელა მოქმედებს და სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს.

ტყვიით მსუბუქი მოწამვლისას დასალევად ინიშნება სუქციმერი. უფრო მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, მკურნალობა კლინიკაში ტარდება ხელატური საშუალებების ინექციით, როგორიცაა დიმერკაპროლი, სუქციმერი, პენიცილამინი. ვინაიდან ხელატური საშუალებები ორგანიზმიდან სასარგებლო მინერალებსაც გამოდევნის, როგორიცაა თუთია, სპილენძი და რკინა, ხშირად აღნიშნული სასარგებლო ნივთიერებები დანამატის სახით ინიშნება.

მკურნალობის მიუხედავად, მრავალ ბავშვს სხვადასხვა ხარისხის ტვინის მუდმივი დაზიანება უვითარდება. ასევე მუდმივი სახე აქვს თირკმლების დაზიანებას.