ადამიანის ნაკბენი | მკურნალი.გე
  1. ადამიანის ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ადამიანის ნაკბენი

  • ადამიანის ნაკბენი ჭრილობა ხელზე ხშირად ინფიცირდება;

  • ჭრილობა უნდა გასუფთავდეს და დაინიშნოს ანტიბიოტიკები.

ადამიანის კბილები განსაკუთრებულად მჭრელი არაა, ამიტომ მისი ნაკბენი მხოლოდ სისხლჩაქცევას და ზედაპირულ ჭრილობას იწვევს. გამონაკლისია უძვლო ნაწილები, როგორიცაა ყური, ცხვირი და პენისი, რომლებიც შესაძლოა მოიგლიჯოს ადგილიდან. დაინფიცირება მოსალოდნელია მუშტად შეკრული ხელის ანუ "ჩხუბის ნაკბენის" დროს, რომელიც იმ ადამიანის თითებზე აღინიშნება, რომელიც სხვისთვის სახეში (პირთან ახლოს) მუშტის მოხვედრას ცდილობდა. ინტრავენური ანტიბიოტიკების დასანიშნად შესაძლებელია ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. მუშტად შეკრული ხელის ჭრილობა ხშირად თითის მყესებს მოიცავს და გვერდით ზედაპირებზე მდებარეობს. ზოგჯერ კბენის შედეგად შესაძლებელია ისეთი ინფექციების გადაცემა, როგორიცაა ჰეპატიტი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია, რადგან ნერწყვში ვირუსის კონცენტრაცია, სისხლთან შედარებით ნაკლებია. ამასთან, ნერწყვში არსებული ნივთიერებები, ვირუსის აქტივობას აფერხებენ.

სიმპტომები

ნაკბენი მტკივნეულია და კანზე, როგორც წესი, კბილების კვალს ტოვებს. "ჩხუბის ნაკბენის" დროს, თითების გვერდით ზედაპირზე, მხოლოდ მცირე ზომის სწორი ნაჭდევები აღინიშნება. თითის მყესის დაზიანების გამო, ხშირად მისი რომელიმე მიმართულებით მოძრაობა გაძნელებულია. ინფიცირებული ჭრილობა ძალზე მტკივნეული, წითელი და შეშუპებულია.

მკურნალობა

ადამიანის ნაკბენი ჭრილობა სტერილური ფიზიოლოგიური წყლის ჭავლით ირეცხება და შემდეგ საპნით და წყლით სუფთავდება. ზოგჯერ შესაძლებელია მოგლეჯილი ნაწილების ადგილზე მიკერება. ხელის მტევანზე არსებული ან მრავალი საათის წინ მიყენებული ჭრილობის გარდა, სხვა დანარჩენი ქირურგიული წესით იხურება. ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანის კბენის შედეგად კანის ზედაპირის მთლიანობა ირღვევა, ინფექციის პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკები ინიშნება. ინფიცირებული ნაკბენი ჭრილობის მკურნალობა ანტიბიოტიკებით ტარდება და ხშირად დათვალიერებისა და გასუფთავების მიზნით, ქირურგიული წესით უნდა გაიხსნას. თუ თავდამსხმელს ისეთი დაავადება აქვს, რომლის გადაცემა კბენით შესაძლებელია, პრევენციული მკურნალობის დანიშვნა ხდება საჭირო.