გველის ნაკბენი | მკურნალი.გე
  1. გველის ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
გველის ნაკბენი

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებულ შხამიან გველებს მიეკუთვნება გველგესლა (ჩხრიალა გველი, ბამბისპირა გველი ანუ წყლის მოკასინები, სპილენძისთავა გველები) და მარჯნისებური ასპიტი;

  • მძიმე მოშხამვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკბენი კიდურისა და სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სისხლდენა;

  • მძიმე ნაკბენის შემთხვევაში გამოიყენება შხამის საწინააღმდეგო საშუალება (ანტიდოტი).

არაშხამიანი გველისაგან დაკბენა იშვიათად იწვევს რაიმე სერიოზულ პრობლემას. ამერიკის შეერთებულ შტატებში შხამიანი გველების დაახლოებით 25 სახეობა ბინადრობს. შხამიან გველებს მიეკუთვნება გველგესლები (ჩხრიალა გველი, ბამბისპირა გველი ანუ წყლის მოკასინები და სპილენძისთავა გველები) და მარჯნისებური ასპიტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად 45000 გველის ნაკბენი ფიქსირდება. მათგან 8000-ზე ნაკლები შხამიან გველებზე მოდის. აქედან დაახლოებით 6 ადამიანი იღუპება. სასიკვდილო ნაკბენები გაცილებით უფრო ხშირია შეერთებულ შტატებს გარეთ.

გველგესლების ნაკბენი შემთხვევების დაახლოებით 25%-ში შხამი არ ხვდება ორგანიზმში. სიკვდილიანობის შემთხვევები ყველაზე ხშირია ბავშვებს შორის, ხანდაზმულებში და არანამკურნალებ, დაგვიანებულ ან არასწორი მკურნალობის შემთხვევაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში შხამიანი გველებისაგან დაგესვლის 70% და სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა ჩხრიალა გველებზე მოდის. სხვა შხამიანი ნაკბენი, ძირითადად სპილენძისთავა და შედარებით იშვიათად, ბამბისპირა გველებისგანაა. გაცილებით იშვიათია მარჯნისებური ასპიტისა და იმპორტირებული გველების ნაკბენი.

შხამიანი ჩხრიალა გველისა და სხვა გველგესლების შხამი ნაკბენის ირგვლივ ქსოვილების დაზიანებას იწვევს. შხამმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების ცვლილება, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება და სისხლძარღვების დაზიანება, რის გამოც მათი კედლიდან სითხის გაჟონვა იწყება. აღნიშნული ცვლილებების გამო შეიძლება შინაგანი სისხლდენა და გულის, სასუნთქი სისტემის და თირკმლების უკმარისობა განვითარდეს. მარჯნისებური ასპიტის შხამი ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას იწვევს, მაგრამ ნაკბენის ირგვლივ მდებარე ქსოვილები მცირედ ზიანდება. ნაკბენების უმრავლესობა ხელსა და ფეხზეა.

სიმპტომები

გველის შხამისაგან მოწამვლის სიმპტომები სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია შემდეგზე:

  • გველის ზომა და სახეობა;

  • სხეულში მოხვედრილი შხამის რაოდენობა და ტოქსიკურობა (დამოკიდებულია გველის ზომასა და სახეობაზე);

  • კბენის ადგილი (რაც უფრო მოშორებულია თავისა და ტორსისაგან, მით უფრო ნაკლებად საშიშია);

  • დაზარალებულის ასაკი (მაღალი რისკი აქვთ ხანდაზმულებს და ძალიან პატარებს);

  • მანამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები.

გველგესლები: გველგესლების უმრავლესი სახეობის ნაკბენი მალევე იწვევს ტკივილს. სიწითლე და შეშუპება მომდევნო 20-30 წუთის განმავლობაში ვითარდება და რამდენიმე საათში შეიძლება მთლიანად დააზიანოს ქვედა კიდური ან ხელი. ჩხრიალა გველისაგან დაგესვლის შემთხვევაში შესაძლებელია ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელისა და ტერფის თითებში ან პირის ირგვლივ, მეტალის ან რეზინის გემო პირის ღრუში. სხვა სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, ზოგადი სისუსტე, გულის წასვლა, ოფლიანობა, შფოთვა, გონების დაბინდვა და გულისრევა-ღებინება. სიმპტომების ნაწილი უფრო მეტად შიშითაა გამოწვეული და არა შხამით. შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით მოჯავის ჩხრიალა გველის კბენისას. შესაძლოა თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების დაშვება და პირის სიმშრალე.

გველგესლას შხამით საშუალო ან მძიმე მოწამვლა კბენიდან 3-6 საათის შემდეგ კანის არეში სისხლჩაქცევების განვითარებას იწვევს. ნაკბენის ირგვლივ კანი დაჭიმული და ფერშეცვლილია. შესაძლოა ჩამოყალიბდეს სისხლით სავსე ბუშტები. მკურნალობის გარეშე ნაკბენის ირგვლივ არსებული ქსოვილები შესაძლოა დაზიანდეს. იწყება ღრძილებიდან სისხლდენა და სისხლი შეიძლება გამოვლინდეს პირნაღებ მასაში, განავალსა და შარდში.

მარჯნისებური ასპიტი: მარჯნისებური ასპიტის ნაკბენი უმნიშვნელო ტკივილსა და შეშუპებას იწვევს. თუმცა, ხშირად ტკივილი შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს. უფრო მძიმე სიმპტომები შეიძლება რამდენიმე საათის შემდეგ გამოვლინდეს. ნაკბენის ირგვლივ არეში ჩხვლეტის შეგრძნება ჩნდება და მიმდებარე კუნთები სუსტდება, რასაც შეიძლება კუნთების არათანმიმდევრული შეკუმშვა და მძიმე ზოგადი სისუსტე მოჰყვეს. სხვა სიმპტომებია მხედველობის გაორება და დაბინდვა, გონების დაბინდვა, ძილიანობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს.

დიაგნოზი

გადაუდებელი დახმარების განყოფილების პერსონალმა უნდა განსაზღვროს, გველი შხამიანი იყო თუ არა, რა სახეობა იყო და მოხდა თუ არა შხამის შეშხაპუნება ორგანიზმში. ნაკბენი ადგილის მიხედვით, ზოგჯერ შესაძლებელია იმის დადგენა, გველი შხამიანი იყო თუ არა. შხამიანი გველის კბილები ერთ ან ორ დიდ ნაჩხვლეტს ტოვებს კანზე, მაშინ, როცა არაშხამიანი გველი – მრავლობით, მცირე ზომის ნაკაწრების რიგს. გველის ზუსტი აღწერილობის გარეშე, ექიმებს შესაძლოა გაუჭირდეთ გველის კონკრეტული სახეობის დადგენა. შხამით მოწამვლა დამახასიათებელი სიმპტომების მიხედვით ამოიცნობა. შხამიანი გველის მიერ დაგესლილი პირები, ჩვეულებრივ, კლინიკაში თავსდებიან და 6-8 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ექიმები სხვადასხვა გამოკვლევას ატარებენ და ამის მიხედვით აფასებენ შხამის დამაზიანებელ მოქმედებას.

მკურნალობა

ეფექტურია სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარების გაწევა. შხამიანი გველის მიერ დაგესლილი ადამიანი უნდა გამოვიყვანოთ გველისათვის მისაწვდომი მანძილიდან, რაც შეიძლება სიმშვიდე შევუნარჩუნოთ და დაუყოვნებლივ წავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. დაკბენილი კიდური მსუბუქად უნდა იყოს იმობილიზებული (უმოძრაოდ დაფიქსირებული) და გულის დონეზე ქვემოთ შენარჩუნდეს. ნაკბენი მიდამოდან უნდა მოსცილდეს ბეჭდები, საათი და მჭიდრო ტანსაცმელი. უნდა მოვარიდოთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებას. ლახტის ან ყინულის პაკეტის დადება, ასევე ნაკბენის გაკვეთა რეკომენდებული არაა, რადგან შესაძლოა სახიფათო იყოს.

თუ შხამი ორგანიზმში არ მოხვდა, მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ნაჩხვლეტი ჭრილობის შემთხვევაში.

შხამის ანტიდოტის გამოყენება მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გველის შხამის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, როდესაც სიმპტომები მძიმე დაგესვლაზე მიუთითებს. რაც უფრო სწრაფად ხდება ანტიდოტის შეყვანა ორგანიზმში, მით უფრო ეფექტურია იგი. ანტიდოტი ანეიტრალებს შხამის მომწამლავ ეფექტს. იგი ორგანიზმში ინტრავენურად შეიყვანება და ხელმისაწვდომია ყველა ადგილობრივი შხამიანი გველის ნაკბენისთვის. გველგესლას შხამის ანტიდოტი ცხენის შრატისაგან მზადდება და ხშირად იწვევს შრატისმიერ დაავადებას (უცხო ცილისადმი ორგანიზმის იმუნური სისტემის საპასუხო რეაქცია). უახლესი ანტიდოტი, რომელიც ცხვრის ანტისხეულების გაწმენდილი ფრაგმენტებისგან მიიღება, ნაკლებად იწვევს შრატისმიერ დაავადებას.

მძიმედ დაგესლილ პირებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროებათ. ტარდება დაკვირვება და ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გართულებების მკურნალობა. სისხლის დაბალი წნევის შემთხვევაში სითხეების ინტრავენური გადასხმა ხდება. სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების დროს ვენაში შეჰყავთ ახლად გაყინული პლაზმა, კონცენტრირებული შედედების ფაქტორები (კრიოპრეციპიტატი) ან თრომბოციტების მასა.

პროგნოზი დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ნაკბენის მდებარეობასა და შხამის შემცველობაზე. შხამიანი გველით დაგესლილი თითქმის ყველა დაზარალებული გადარჩება, თუ დროულად ჩატარდება მკურნალობა ანტიდოტის სათანადო რაოდენობით.