ობობას ნაკბენი | მკურნალი.გე
  1. ობობას ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ობობას ნაკბენი

  • ობობას ნაკბენით გამოწვეულ მძიმე დაზიანებებს მიეკუთვნება ყავისფერი ობობას ნაკბენით გამოწვეული მძიმე ჭრილობა და "შავი ქვრივის" ნაკბენით გამოწვეული მოშხამვა;

  • ხშირად, ჭრილობები, რომელიც ყავისფერი ობობას ნაკბენად ითვლება, სხვა, პოტენციურად უფრო მძიმე პრობლემით განპირობებული შეიძლება იყოს;

  • "შავი ქვრივის" ნაკბენის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა ტარდება და ზოგჯერ შხამსაწინააღმდეგო საშუალებაც გამოიყენება.

ყავისფერი ობობას ნაკბენის მკურნალობა – ჭრილობის მოვლას გულისხმობს.

თითქმის ყველა ობობა შხამიანია. თუმცა, სახეობების უმრავლესობას ძალზე მოკლე ან რბილი მარწუხები აქვთ, რის გამოც ადამიანის კანის გაჩხვლეტა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ობობას, სულ მცირე, 60 სახეობას განარჩევენ, რომლებიც ადამიანს კბენს, განსაკუთრებით მძიმე დაზიანება ძირითადად ორი სახეობის ობობასგან ვითარდება:

  • ქვრივი ობობა ("შავი ქვრივი")

  • ყავისფერი ობობა ("ყავისფერი განდეგილი" ან "მევიოლინე")

ყავისფერი ობობები ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული, არ გვხვდება კანადის საზღვრებთან და სანაპირო რეგიონებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი შემოტანა ამ რეგიონში ტანსაცმელთან ან ბარგთან ერთად ხდება. "შავი ქვრივი" მთელ შეერთებულ შტატებშია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ტარანტულს საშიშად მიიჩნევს, მათი ნაკბენი მძიმე დაზიანებას არ იწვევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, წლის განმავლობაში ობობას ნაკბენით გამოწვეული სიკვდილიანობა სამზე ნაკლებია და შემთხვევა ძირითადად ბავშვებს შორისაა.

სიმპტომები

"შავი ქვრივის" ნაკბენი, როგორც წესი, ნემსის ჩხვლეტისმაგვარ მწვავე ტკივილს იწვევს დაზიანებულ არეში, რომელიც შემდეგ ყრუ ტკივილში გადადის. მუცელში, მხრებში, ზურგსა და გულმკერდში ვითარდება სპაზმური ტკივილი და კუნთების დაჭიმულობა, რომელიც შეიძლება მძიმედ გამოხატული იყოს. სხვა სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, შფოთვა, თავის ტკივილი, ქუთუთოების შეშუპება და დაშვება, გამონაყარი და ქავილი, სუნთქვის მძიმე დარღვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა და სისუსტე.

ყავისფერი ობობას ნაკბენი უმნიშვნელოდ მტკივნეული ან საერთოდ უმტკივნეულოა, თუმცა, ზოგჯერ ტკივილი ერთი საათის შემდეგ ვითარდება. იგი ზოგჯერ ძლიერია და მთელ დაზიანებულ არეს მოიცავს, სადაც სიწითლე და სისხლჩაქცევები ჩნდება და ქავილი ვითარდება. ქავილი შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებშიც იგრძნობოდეს. წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელიც სისხლნაჟღენთებით ან მკვეთრად განსხვავებული წითელი კიდითაა გარშემოვლებული და ხარის თვალს წააგავს. ბუშტუკები ზომაში თანდათან მატულობს, ივსება სისხლით და სკდება, წარმოქმნის ღია წყლულებს, რომელმაც დიდი ზომის, კრატერისებური ნაწიბურები შეიძლება დატოვოს. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება, ოფლიანობა, სისხლის დაავადებები და თირკმლის უკმარისობა.

დიაგნოზი

შეუძლებელია ობობას სახეობის იდენტიფიცირება ნაკბენის მიხედვით. შესაბამისად, სპეციფიკური დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისმება, თუ ობობას სახეობის დადგენა მოხდება. "შავ ქვრივს" ცნობენ მუცელზე გამოსახული წითელი ან ნარინჯისფერი ქვიშის საათისმაგვარი ნიშნით. ყავისფერ ობობას ზურგზე ვიოლინოს ფორმის გამოსახულება აქვს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მახასიათებლების გარჩევა ძნელია და მოკლული ობობაც დაზიანებულია ხოლმე. ამიტომ დიაგნოზი, როგორც წესი, დაუზუსტებელია და მხოლოდ კლინიკურ გამოვლინებას ემყარება. მრავალ ადამიანს კანის საშიში ინფექციები (მაგალითად, მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექცია) ან სხვა დაავადებები ობობას ნაკბენში შეიძლება შეეშალოს.

მკურნალობა

ობობას მიერ დაკბენისას პირველადი დახმარება მოიცავს ჭრილობის გასუფთავებას, ტკივილის შესამცირებლად ნაკბენის არეში ყინულის დადებას და, თუ ნაკბენი კიდურზეა, ჭრილობის არის შემაღლებას.

"შავი ქვრივის" ნაკბენის შემთხვევაში, კუნთების ტკივილისა და სპაზმის შემსუბუქება შესაძლებელია კუნთების მომადუნებელი და ანალგეზიური საშუალებებით. თუ ტკივილი და სპაზმი მძიმედაა გამოხატული, შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენურად კალციუმის შეყვანა. ცხელ აბაზანას მსუბუქი ტკივილის შემცირება შეუძლია. მძიმე მოწამვლისას შხამსაწინააღმდეგო საშუალება გამოიყენება. 16 წლამდე ან 60 წელზე მეტი ასაკის, ასევე ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების ან მძიმე სიმპტომების მქონე პირები, ჩვეულებრივ, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.

ყავისფერი ობობას ნაკბენი, უმეტეს შემთხვევაში, გართულებების გარეშე იკურნება. წყლულები ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს პოვიდონ-იოდის ხსნარით და დღეში 3-ჯერ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით დასველდეს. საშუალო ან მძიმე დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული პროცედურების ჩატარება გახდეს საჭირო.