1. ტკიპის ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ტკიპის ნაკბენი

ტკიპებს მრავალი დაავადება გადააქვთ. მაგალითად, ირმის ტკიპებს შეუძლიათ ლაიმის დაავადების, ხოლო სხვა სახეობებს რიკეტსიის ან ერლიქიოზის გამომწვევი ბაქტერიების გადატანა. მექსიკასა და შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთში გავრცელებული ტკიპის – Pajaroello-ს ნაკბენი იწვევს ჩირქით სავსე ბუშტუკების წარმოქმნას, რომელთა მთლიანობის დარღვევისას ჩნდება ღია წყლულები, შემდეგ კი ქერქით იფარება.

ხშირია ტკიპებით გამოწვეული ინვაზია და მოიცავს ქვიშის რწყილის (ძალიან ძლიერად ქავანა, წითელი გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია კანქვეშ მისი ლავრების არსებობით), მუნის ტკიპის მიერ დაკბენას და ქავილით მიმდინარე სხვა გამონაყარსა და მრავალ დაავადებას. ნაკბენის ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანების ხარისხი ცვალებადია.

მკურნალობა

ტკიპების მოშორება, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს. მათი მოცილება ყველაზე მარტივად მოხრილი პინცეტის მეშვეობით არის შესაძლებელი, მისი კანთან მაქსიმალურად ახლოს მიტანით და ტკიპის ამოთრევით. ასევე უნდა მოსცილდეს ტკიპის თავი (რომელიც შეიძლება, ამოთრევის დროს ტანს მოსძვრეს), რადგან გახანგრძლივებული ანთებითი პროცესის გამოწვევა შეუძლია. ტკიპის მოსაშორებლად არ უნდა გამოვიყენოთ ხალხური მეთოდები, როგორიცაა სპირტის, ფრჩხილის ლაქის, ვაზელინის წასმა ან ანთებული ასანთის დადება, რადგან ისინი არაეფექტურია და შეიძლება ინფიცირებული ნერწყვის ნაკბენ არეში გამოდევნა გამოიწვიოს.

ტკიპით ინვაზიის ცალკეულ შემთხვევაში, მკურნალობა პერმეტრინის შემცველი კრემის ან ლინდანის ხსნარის მეშვეობით ტარდება. ქავილის შესამცირებლად, ზოგჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში კორტიკოსტეროიდის შემცველი კრემი გამოიყენება. მკურნალობაში პერმეთრინისა და ლინდანის ჩართვისას, ისინი კორტიკოსტეროიდების წასმამდე იხმარება.