1. ზღვის ბინადართა ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ზღვის ბინადართა ნაკბენი

მრავალი ზღვის ბინადარი იკბინება.

სკაროსები

სკაროსს შხამი კუდის უკანა მხარეს არსებულ ეკალში აქვს. დაზიანება, როგორც წესი, მაშინ ვითარდება, თუ ადამიანი შემთხვევით დააბიჯებს მას ფეხს ოკეანის წყალმარჩხ ადგილზე გადასვლისას. ასეთ დროს, სკაროსი კუდის ეკალს მოარტყამს ადამიანის ფეხს და შხამს შეუშვებს. ეკლის ფრაგმენტი შეიძლება ჭრილობაში დარჩეს, რაც ზრდის ინფექციის შეჭრის რისკს.

სკაროსის ეკლით მიყენებული ჭრილობა, როგორც წესი, დაკბილულია და ხასიათდება სისხლდენით. მაშინვე ჩნდება ძლიერი ტკივილი, რომელიც 6-48 საათის განმავლობაში თანდათანობით მცირდება. ამგვარი ჭრილობის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა და შფოთვა. ნაკლებად მოსალოდნელია ღებინება, დიარეა, ოფლიანობა, გენერალიზებული სპაზმები, სუნთქვის გაძნელება და სიკვდილი.

მკურნალობა

სკაროსის მიერ ზედა ან ქვედა კიდურზე მიყენებული დაზიანება ფრთხილად უნდა ჩამოიბანოს ფიზიოლოგიური ხსნარით და მოსცილდეს ჭრილობაში ჩარჩენილი კუდის ფრაგმენტები. ეკლის ამოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვცადოთ, თუ ის კანის ზედაპირთან არის და ღრმად არ აღწევს კისერში, გულმკერდსა და მუცელში. ძლიერი სისხლდენა ჭრილობაზე პირდაპირი ზეწოლით უნდა შემცირდეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ექიმები კვლავ ამოწმებენ ჭრილობაში ეკლის ფრაგმენტების არსებობას. შეიძლება საჭირო გახდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დაზიანებული კიდური რამდენიმე დღით უნდა შემაღლდეს. ზოგ პაციენტს ანტიბიოტიკი ენიშნება და ჭრილობის დასახურად შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ.

მედუზა

მედუზები Cnidaria-ს ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნულ ჯგუფს ასევე მიეკუთვნება:

  • ზღვის ანემონები

  • მარჯნები

  • ჰიდროიდები (როგორიცაა "პორტუგალიური ხომალდი")

Cnidaria-ს ჯგუფს საცეცებზე აქვს მჩხვლეტი ნაწილები (ნემატოცისტები). თითო საცეცი, შეიძლება ათასობით ნემატოცისტას შეიცავდეს. ნაჩხვლეტის სიმძიმე დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე. უმეტეს შემთხვევაში ის იწვევს მტკივნეულ, ქავანა გამონაყარს, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას ჩირქით სავსე ბუშტუკებად და შემდეგ გასკდეს. სხვა სიმპტომები მოიცავს საერთო სისუსტეს, გულისრევას, თავისა და კუნთების ტკივილს, სპაზმს, გამონადენს ცხვირიდან და თვალებიდან, ჭარბ ოფლიანობას და ტკივილს გულმკერდის არეში, რომელიც სუნთქვის დროს უარესდება. "პორტუგალიური ხომალდის" (ჩრდილოეთ ამერიკაში) და კუბისებრი მედუზას (ავსტრალიაში, ინდოეთისა და სამხრეთ წყნარ ოკეანეებში) ნასუსხი ცალკეულ შემთხვევაში ფატალური შედეგით დასრულდა.

მკურნალობა

ჩრდილოეთ ამერიკის ოკეანეებში მობინადრე მედუზების მიერ მიყენებული ნასუსხის მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ჭრილობის ჩამობანას ზღვის წყლით – კანიდან შხამის მოსაშორებლად. საცეცების ნებისმიერი ფრაგმენტი, თუ ისინი დარჩენილია კანში, უნდა მოშორდეს პინცეტის ან თითების მეშვეობით, ორი წყვილი ხელთათმანის ჩაცმის შემდეგ. "პორტუგალიური ხომალდის" ნასუსხის შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის დაზიანებული კერის ძმრით ჩამორეცხვა, ვინაიდან ის იწვევს შხამის დამატებით გამოყოფას იმ ნემატოცისტებიდან, რომელთაც ჯერ კიდევ არ გამოუთავისუფლებიათ ტოქსინი. პირიქით, კუბისებრი მედუზას ნასუსხის დროს, საჭიროა ძმრის გამოყენება ნემატოცისტების დამატებითი "აგზნების" შესაჩერებლად. ნასუსხის ჩამობანა უმჯობესია ზღვის წყლით, ვინაიდან მტკნარი წყალი შხამის დამატებით გამოთავისუფლებას უწყობს ხელს.

ყველა ტიპის ნასუსხის შემთხვევაში, ტკივილს ამცირებს ცხელი წყალი ან ცივი პაკეტების კომპრესი, დაზარალებულის სურვილის შესაბამისად. სუნთქვის უკმარისობის და ცნობიერების ცვლილების (გონების დაკარგვის ჩათვლით) უმცირესი ნიშნების გამოვლენისთანავე, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის დაუყოვნებლივ მიმართვა.

მოლუსკები

მოლუსკების ჯგუფში ერთიანდება ლოკოკინები, რვაფეხები და ორსაგდულიანი მოლუსკები (როგორიცაა საჭმელი მოლუსკები, ხამანწკები და ნიჟარები). მათი მხოლოდ მცირე რაოდენობაა შხამიანი. კალიფორნიული კონუსი (Conus californicus) ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში მობინადრე ერთადერთი საშიში მოლუსკია. ნაკბენს ახასიათებს ტკივილი, შესივება, სიწითლე და დაბუჟება დაზიანების არეში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მეტყველების გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, კუნთების დამბლა, სუნთქვის უკმარისობა და გულის გაჩერება. ჩრდილოეთ ამერიკის რვაფეხების ნაკბენი იშვიათად იწვევს სერიოზულ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის წყლებში მობინადრე ლურჯრგოლებიანი რვაფეხას ნაკბენი უმტკივნეულოა, იწვევს სისუსტეს და დამბლას, რომელიც ფატალურად შეიძლება დასრულდეს.

ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების მობინადრე კონუსური ლოკოკინები იშვიათად იწვევენ მყვინთავებისა და ნიჟარების შემგროვებლების ინტოქსიკაციას. თუ ლოკოკინას აგრესიულად ეხებიან (მაგალითად, ნიჟარების გასუფთავებისას ან ჯიბეში მოთავსებისას), ის შხამის ინექციას ჰარპუნის მსგავსი კბილებით ახდენს. შხამს შეუძლია გარდამავალი დამბლა გამოიწვიოს, რაც იშვიათად ფატალურად სრულდება.

მკურნალობა

კონუსური ლოკოკინას ნაკბენი არე შეიძლება მოვათავსოთ თბილ წყალში. "კალიფორნიული კონუსების" და ლურჯრგოლებიანი რვაფეხას ნაკბენებით გამოწვეული სიმპტომები პირველადი დახმარების აღმოჩენისას მცირედ უმჯობესდება. თუ მოლუსკის ნებისმიერი სახეობის მიერ მოშხამულ ადამიანს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება, აუცილებელია დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვა.

ზღვის ზღარბები

ზღვის ზღარბები დაფარული არიან გრძელი, ბასრი, შხამის შემცველი ეკლებით. ამ ეკლებზე შეხება ან დაბიჯება, როგორც წესი, მტკივნეულ ნაჩხვლეტ ჭრილობას იწვევს. ეკლები ხშირად ტყდება, რჩება კანში, თუ არ მოშორდა, ქრონიკულ ტკივილსა და ანთებას იწვევს. შეიძლება განვითარდეს სახსრების, კუნთების ტკივილი და გამონაყარი.

ზღვის ზღარბის ეკლები დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს. ვინაიდან ძმარი ზღვის ზღარბების უმრავლესობის ეკალს შლის, ჭრილობის ძმრით რამდენჯერმე დასველება ან კომპრესი შეიძლება სავსებით საკმარისი იყოს ზედაპირულად შეჭრილი ეკლების მოსაშორებლად. ღრმად შეჭრილი ეკლების მოსაცილებლად ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ვინაიდან, ზღვის ზღარბების შხამი ტემპერატურის ზეგავლენით ინაქტივირდება, სხეულის დაზიანებული ნაწილის ცხელ წყალში მოთავსება ხშირად ამსუბუქებს ტკივილს.