1. კომპიუტერული ტომოგრაფია
  2. ძირითადი გამოსახულებითი კვლევები
  3. საგანგებო საკითხები
კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) აპარატს აქვს რენტგენის სხივების წყარო და მიმღები, ანუ დეტექტორი, რომლებიც პაციენტის გარშემო ბრუნავენ. თანამედროვე აპარატებში მიმღებზე სენსორების 4, 64 ან მეტი რიგია განლაგებული, რომლებიც სხეულში გამოვლილ რენტგენის სხივებს აღრიცხავენ. ამ მონაცემებით პაციენტის სხვადასხვა მხრიდან გადაღებული რენტგენის გამოსახულებები მიიღება. თუმცაღა, ისინი პირდაპირ არ გამოდის ეკრანზე, ჯერ კომპიუტერში გადამუშავდება და, საბოლოოდ, სხეულის განივი ჭრილის მრავალი ორგანზომილებიანი გამოსახულება იქმნება (ტომო ბერძნულად ნაჭერს, შრეს ნიშნავს). კომპიუტერს ამ მონაცემებით სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღებაც შეუძლია, რასაც აქსიალური კომპიუტერული ტომოგრაფია (CAT) ეწოდება.

პროცედურა

პროცედურის დროს პაციენტი მოძრავ მაგიდაზე წევს, რომელიც რგოლის ფორმის სკანერში გაივლის. მაგიდისა და ზედ მწოლიარე ადამიანის მოძრაობასთან ერთად სკანერიც ტრიალებს მათ გარშემო. ზოგ კტ აპარატში მაგიდა წყვეტილად მოძრაობს და თითოეული გამოსახულების (ანუ შრის) გადაღებისას ჩერდება, ზოგ აპარატში კი მოძრაობა უწყვეტია. რადგანაც პაციენტი სწორ ხაზზე მოძრაობს, დეტექტორები კი წრიულად, სპირალურად განლაგებული გამოსახულებები მიიღება და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება სპირალური კტ.

პროცედურის დროს სხეულის საკვლევ უბანს არ უნდა ფარავდეს ღილებიანი, ელვა და სხვა სახის შესაკრავიანი, მეტალის შემცველი ტანსაცმელი, პაციენტს არ უნდა ეკეთოს სამკაულები. მათი ტარება საშიში არ არის, მაგრამ ამ ნივთებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ რენტგენის სხივების გატარებას და გამოსახულებაც გაფუჭდეს. პროცედურის დროს ასევე აუცილებელია გაუნძრევლად წოლა და გადაღების მომენტში სუნთქვის შეკავება, რათა დაბურული სურათი არ გამოვიდეს. პაციენტებს ესმით ხმაური და ტრიალის ხმაც. პროცედურა რამდენიმე წამი ან წუთი გრძელდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია საკვლევი უბანი და რამდენად ახალია დანადგარი. გულმკერდის კტ-ის გადაღებას ერთ წუთზე ნაკლები სჭირდება და პაციენტებს სუნთქვის შეკავება მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წამით უწევთ.

პროცედურისთვის შესაძლოა გამოიყენონ საკონტრასტო საშუალებებიც, ნივთიერებები, რომლებიც რენტგენის გამოსახულებაზე ჩანს (რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები) და ერთი ქსოვილის მეორისგან გარჩევის საშუალებას იძლევა. ისინი შეიყვანება ვენაში, სწორ ნაწლავში ან დასალევად ეძლევა პაციენტს. იმის მიხედვით, თუ რა კვლევა ტარდება და სხეულის რომელ ნაწილზე, სხვადასხვა საკონტრასტო საშუალება გამოიყენება.

კტ, როგორც წესი, ამბულატორიული პროცედურაა. მის შემდეგ ადამიანები ჩვეულ საქმიანობას დაუყოვნებლივ აგრძელებენ.

გამოყენება

კტ-ის მეშვეობით პათოლოგიური უბნის მდებარეობისა და ქსოვილთა სიმკვრივის შესახებ ბევრად უფრო დეტალური გამოსახულება და ზუსტი ინფორმაცია მიიღება, ვიდრე ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიით. შესაბამისად, ექიმებს მეტი სიზუსტით შეუძლიათ განსაზღვრონ დაზიანებისა და ანატომიური სტრუქტურების ადგილმდებარეობა. კტ მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან განასახვაონ ქსოვილები, მაგალითად, კუნთი, ცხიმი და შემაერთებელი ქსოვილი. ზოგადად კტ-ის მეშვეობით მიიღება ინფორმაცია იმ ორგანოებზე, რომლებიც ტრადიციულ რენტგენოგრამაზე არ ჩანს. იგი ყველაზე გამოსადეგია თავის ტვინის, თავის, კისრის, გულმკერდისა და მუცლის გამოსაკვლევად.

კტ-ის მეშვეობით ინფორმაციის მიღება შეიძლება სხეულის ფაქტობრივად ნებისმიერ ნაწილში არსებულ დაავადებაზე. მაგალითად, ექიმები ამ კვლევას იყენებენ სიმსივნის აღმოსაჩენად, მისი ზომების დასადგენად და მეზობელ ქსოვილებში გავრცელების შესაფასებლად. კტ ეხმარება სპეციალისტებს, შეაფასონ მკურნალობის ეფექტიანობაც (მაგ., ანტიბიოტიკებისა – თავის ტვინის აბსცესის შემთხვევაში და სხივური თერაპიისა – სიმსივნის დროს).

კომპიუტერული ტომოგრაფიის სახეები

კტ ანგიოგრაფია: ამ პროცედურის დროს სისხლძარღვების, მათ შორის, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების ორ და სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად კტ დანადგარი და რენტგენოკონტრასტული ნივთიერება გამოიყენება. იგი ვენაში შეიყვანება (და არა არტერიაში, როგორც ტრადიციული ანგიოგრაფიის შემთხვევაში), როგორც წესი, მკლავზე. შემდეგ სწრაფად იღებენ სურათებს ისე, რომ საკვლევ სისხლძარღვებში მოძრავი საკონტრასტო საშუალებაც გამოჩნდეს. საბოლოოდ,კომპიუტერი გამოსახულებებიდან, სისხლძარღვების გარდა, ყველა ქსოვილს შლის.

კტ ანგიოგრაფია გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების აღმოსაჩენად:

  • არტერიების შევიწროება ან დახშობა (მაგ., თრომბით)

  • მსხვილი არტერიების კედლის გამობერილობა (ანევრიზმა) და დაზიანება (განშრევება)

  • სიმსივნის მკვებავი პათოლოგიური სისხლძარღვები

კტ ანგიოგრაფიას ხშირად მიმართავენ ტრადიციულის ნაცვლად, რადგან ის უსაფრთხო და ნაკლებად ინვაზიურია (არ საჭიროებს კათეტერის შეყვანას არტერიაში). კტ ანგიოგრაფია თითქმის ისევე ზუსტად აჩვენებს სისხლძარღვთა პათოლოგიებს, როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მაგრამ – ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე ტრადიციული ანგიოგრაფია. ამ პროცედურას, როგორც წესი, 1-2 წუთი სჭირდება.

უარყოფითი მხარეები

კტ, როგორც წესი, 500-ჯერ უფრო მეტი დოზის რადიაციას იყენებს, ვიდრე გულმკერდის რენტგენოგრაფია. დღესდღეობით სწორედ ეს კვლევაა ადამიანის შექმნილი რადიაციის წყაროთი მოსახლეობის დასხივების უპირველესი მიზეზი და მედიცინაში გამოსხივების 70%-იც მასზე მოდის. შესაბამისად, ექიმმა და პაციენტმა ყურადღებით უნდა აწონ-დაწონონ თითოეული კტ პროცედურის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუკი შესაძლებელია, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას ერიდებიან ორსულებში. ამ კვლევის გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ბავშვებშიც.

რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელსაც კტ-ის დროს იყენებენ, იოდს შეიცავს. პაციენტთა მცირე ნაწილს ამ საშუალების შეყვანისას სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია ან თირკმლის დაზიანებაც შეიძლება განუვითარდეს. ადამიანებმა, რომელთაც წარსულში საკონტრასტო ნივთიერებაზე რაიმე გვერდითი მოვლენა ჰქონდათ, ექიმს უნდა შეატყობინონ კტ ანგიოგრაფიულ კვლევამდე.

ზოგ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგ რეგიონში კტ იოლად ხელმისაწვდომი არ არის.