რადიონუკლიდური სკანირება | მკურნალი.გე
  1. რადიონუკლიდური სკანირება
  2. ძირითადი გამოსახულებითი კვლევები
  3. საგანგებო საკითხები
რადიონუკლიდური სკანირება

რადიონუკლიდური კვლევის დროს გამოსახულების მისაღებად რადიონუკლიდები გამოიყენება. რადიონუკლიდი არასტაბილური ატომია, რომელიც სტაბილური ხდება ენერგიის რადიაციის სახით გამოთავისუფლების შემდეგ. რადიონუკლიდების უმრავლესობა მაღალი ენერგიის მქონე ფოტონებს გამა სხივების სახით (ისინი რენტგენის სხივების მსგავსია) გამოასხივებს. ამ ნივთიერებებს ასევე იყენებენ ზოგი დაავადების, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სამკურნალოდ.

პროცედურა

კვლევისთვის რადიონუკლიდს უკავშირებენ (ან მონიშნავენ) იმ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმის სპეციფიკურ ნაწილში გროვდება. იმის მიხედვით, თუ რა ორგანოს შეისწავლიან, სხვადასხვა ნივთიერებები გამოიყენება. ისინი იქ გროვდება, სადაც ორგანიზმი აქტიურად იყენებს მათ და ჩართავს მეტაბოლიზმში:

  • იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელადაა საჭირო, შესაბამისად, ამ ორგანოში გროვდება;

  • დიფოსფონატი იმ ძვლებში გროვდება, სადაც აღდგენითი ან ზრდის პროცესები მიმდინარეობს.

ზოგჯერ ნივთიერების დაგროვება რომელიმე უბანში პათოლოგიურ მდგომარეობაზე მიანიშნებს, მაგალითად:

  • სისხლის წითელი უჯრედების დაგროვება ნაწლავში, მისი ძლიერი სისხლდენის დროს;

  • სისხლის თეთრი უჯრედების დაგროვება ანთების ან ინფექციის კერაში.

მონიშნულ რადიონუკლიდსა და მასთან დაკავშირებულ ნივთიერებას ერთად რადიოაქტიური Tracer ეწოდება. სპეციალური სკანირების, ანუ კამერების, მაგალითად, გამა კამერის მეშვეობით ექიმები მონიშნული ნივთიერების დაგროვებისა და მისი გამოსხივების ადგილმდებარეობას ადგენენ. კამერა ამას აღრიცხავს, მიღებულ მონაცემებს კი ზოგჯერ კომპიუტერი გადაამუშავებს და განივი ჭრილის ორგანზომილებიან გამოსახულებებს ქმნის.

კვლევაში გამოყენებული ნივთიერებებიდან მრავალს ორგანიზმი იყენებს ნივთიერებათა ცვლაში, შესაბამისად, რადიონუკლიდური კვლევა არა მხოლოდ ანატომიის შესახებ იძლევა ინფორმაციას, არამედ ორგანოთა ფუნქციონირებასაც შეისწავლის.

მონიშნული ნივთიერებები ხშირად ვენაში შეიყვანება, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება მათი დასალევი, საინჰალაციო, კანქვეშ (სუბკუტანეურად) ან სახსარში შესაყვანი ფორმები. გამოსახულებას მას შემდეგ იღებენ, რაც საჭირო დრო გავა ნივთიერების სამიზნე ქსოვილში მოსახვედრად (ეს შეიძლება მაშინვე ან რამდენიმე საათში მოხდეს).

ზოგ გამოკვლევამდე (მაგ., ნაღვლის ბუშტის სკანირებამდე) რამდენიმე საათით ადრე პაციენტმა საკვები და სასმელი არ უნდა მიიღოს. ტანსაცმლის გახდა საჭირო არ არის. ადამიანი პროცედურისას მოძრავ მაგიდაზე წევს გაუნძრევლად და კამერა მის გარშემო მოძრაობს, რაც დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. თუმცა, ზოგჯერ სკანირება ხელახლა ტარდება რაღაც დროის შემდეგ, ძირითადად, რამდენიმე საათში. კვლევის მერე საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება ორგანიზმიდან რადიონუკლიდის გამოყოფის გასაადვილებლად. ჩვეული საქმიანობის გაგრძელება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი.

გამოყენება

რადიონუკლიდურ სკანირებას იყენებენ სხეულის მრავალი უბნის – ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, ფილტვების, საშარდე გზების, ძვლების, თავის ტვინისა და ზოგი სისხლძარღვის – გამოსაკვლევად. სხვადასხვა ორგანოს შესასწავლად და დაავადების დიაგნოსტიკისთვის განსხვავებული რადიონუკლიდები გამოიყენება, მაგალითად:

  • სისხლის მიმოქცევა გულში: გულის მკვებავ არტერიებში სისხლის მოძრაობის შესასწავლად თალიუმი გამოიყენება. მისი საშუალებით ექიმები გვირგვინოვანი არტერიების დაავადების დიაგნოზს სვამენ. ზოგჯერ თალიუმს სტრესტესტის დროსაც იყენებენ, რათა დადგინდეს, როგორ მუშაობს გული ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, პაციენტის სარბენ ბილიკზე სიარულის ან სირბილისას. ეს კვლევა ექიმებს გულის, როგორც ტუმბოს, მუშაობის შესახებაც აწვდის ინფორმაციას. იგი შესაძლოა, გულის შეტევის შემდეგ ჩატარდეს პროგნოზის განსაზღვრის მიზნით.

  • ძვლები: ტექნეციუმი ძვლებში გროვდება, ამიტომ იგი ჩონჩხის გამოსახულების მისაღებად გამოიყენება: ძვლების ინფექციებისა და ავთვისებიანი სიმსივნის მათში გავრცელების (მეტასტაზირების) საკვლევად.

  • ანთება:ტექნეციუმი და სხვა რადიონუკლიდები გამოიყენება სისხლის თეთრი უჯრედების მოსანიშნად, რომლებიც ანთების ან ინფექციის კერაში გროვდებიან. ეს ეხმარება ექიმებს ამ პროცესების შესწავლაში.

  • სისხლდენა: ტექნეციუმს ასევე იყენებენ სისხლის წითელი უჯრედების მოსანიშნად, რაც გამოსადეგია ნაწლავიდან სისხლდენის დასადგენად.

რადიონუკლიდურ კვლევას ასევე მიმართავენ ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის, მაგალითად, ღვიძლში გავრცელებული ფილტვის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ან კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში.

რადიონუკლიდური კვლევის სახეები

ერთეული ფოტონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT): SPECT კვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსია, მაგრამ იგი რენტგენის სხივების ნაცვლად რადიონუკლიდების გამოსხივებას იყენებს. აპარატს აქვს მბრუნავი გამა კამერა, რომელიც სხეულის ჭრილთა სურათებს (ტომოგრამებს) მრავალი სხვადასხვა კუთხიდან იღებს, და კომპიუტერი, რომელიც ამ მონაცემებით 2 ან 3-განზომილებიან გამოსახულებებს ქმნის. მათი მეშვეობით ექიმები უფრო ზუსტად ადგენენ რაიმე სტრუქტურისა თუ პათოლოგიური კერის მდებარეობას.

ზოგჯერ კვლევამდე ზოგი საჭმლის ან სასმლის მიღება იზღუდება. პროცედურას დაახლოებით 30-90 წუთი სჭირდება.

უარყოფითი მხარეები

კვლევისას პაციენტზე მოქმედი რადიაციის დოზა დამოკიდებულია გამოყენებულ რადიონუკლიდსა და მის რაოდენობაზე. მაგალითად, ფილტვების სკანირებისას პაციენტი ისევე სხივდება, როგორც გულმკერდის რენტგენოგრამის 75-ჯერ გადაღების შემთხვევაში. ამ კვლევის ზოგიერთი სახე კიდევ უფრო მეტ რადიაციას იყენებს.

რადიონუკლიდურ სკანირებას შეიძლება საათები დასჭირდეს მონიშნული ნივთიერების შეყვანიდან გამოსახულების გადაღებამდე მოცდის პერიოდის გამო. ზოგჯერ გამოსახულება არც ისე კარგი ხარისხისაა.

გამოსხივება ნაყოფზე მოქმედებს, ამიტომ ქალებმა, რომლებიც არიან ან შესაძლოა იყვნენ ორსულად, ეს ექიმს უნდა შეატყობინონ.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ) რადიონუკლიდური კვლევის ერთ-ერთი სახეა. იგი გულისხმობს ორგანიზმის მეტაბოლიზმში ჩართული რაიმე ნივთიერების, მაგალითად, გლუკოზის ან ჟანგბადის მონიშვნას სპეციალური ატომით (რადიონუკლიდით), რომელიც დადებითად დამუხტულ ნაწილაკებს, პოზიტრონებს გამოასხივებს. ისინი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში გროვდება. რაც უფრო აქტიურად ფუნქციონირებს ქსოვილი, მით მეტი პოზიტრონი დაგროვდება და გამოიყენება მასში და მით მეტი რადიაცია გამოსხივდება.

პეტ-ის აპარატში მოთავსებული დეტექტორების, ანუ მიმღებების, რამდენიმე რგოლი, რომლებიც აღრიცხავენ რადიაციას და შესაბამისი უბნის ფერად ტომოგრაფიულ გამოსახულებას ქმნიან. ქსოვილთა სხვადასხვანაირი აქტივობა სხვადასხვა ფერით ჩანს მასზე. შესაბამისად, პეტ-ის მეშვეობით ექიმები აფასებენ ქსოვილთა ფუნქციონირებას და აღმოჩენენ იმ პათოლოგიურ ქსოვილებს, რომლებიც ნორმაზე მეტად ან ნაკლებად აქტიურად მუშაობენ. თუმცაღა, გამოსახულებაზე ისე არ ჩანს ორგანოების ანატომიური და სტრუქტურული დეტალები, როგორც სხვა კვლევების შემთხვევაში.

პროცედურა

პროცედურამდე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქოს ნაწარმი ან წამლები, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე მოქმედებს (მაგ., სედაციური საშუალებები).

თავად პროცედურის დროს ადამიანი მაგიდაზე წევს. მას ვენაში მონიშნულ ნივთიერებას შეუყვანენ, რომლის სამიზნე ორგანომდე მიღწევას 30-60 წუთი სჭირდება. შემდეგ მაგიდას ისე განათავსებენ, რომ სხეულის საკვლევი უბანი პეტ-ის აპარატის ფართო, წრიულ ნაწილში მოექცეს.

კვლევის ჩატარებისას, დაახლოებით 45-60 წუთის განმავლობაში ადამიანი უნდა იწვეს. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს იკვლევენ, მას შესაძლოა სხვადასხვა რაღაცის გაკეთება სთხოვონ, მაგალითად, გონებაში რაიმე დავალების შესრულება ტვინის გასააქტიურებლად.

გამოყენება

პეტ-ს თავის ტვინის, ასევე, გულის სისხლის მიმოქცევისა და ფუნქციონირების შესაფასებლად იყენებენ. მისი მეშვეობით დგინდება, რამდენად კარგად მუშაობს გული და განისაზღვრება, პაციენტს გვირგვინოვანი არტერიების შუნტირება ესაჭიროება თუ გულის გადანერგვა. თავის ტვინის პეტ კი აჩვენებს, მისი რომელი უბნებია აქტიური სხვადასხვა საქმიანობისას, მაგალითად, ანგარიშისას.

მისი მეშვეობით ასევე იკვლევენ სიმსივნის მდებარეობასა და გავრცელებას. პეტ ეხმარება ექიმებს შეისწავლონ კოლორექტალური, საყლაპავის, ფილტვის კიბო, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიმფომა და მელანომა. ამ კვლევით დგინდება, სიმსივნით დაავადებულ ადამიანში ლიმფური კვანძის გადიდების მიზეზი მეტასტაზია თუ სხვა პათოლოგია.

პეტ ასევე გამოიყენება კვლევებში გულყრებით მიმდინარე დაავადებებზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადების, გარდამავალი იშემიური შეტევისა და ინსულტის დიაგნოსტირების გასაადვილებლად.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის სახეები

პეტ კომპიუტერული ტომოგრაფია (პეტ-კტ): ეს კვლევა პეტ-ით მიღებულ, ფუნქციონირების ამსახველ გამოსახულებებს აერთიანებს კტ-ის დეტალურ, ორგანზომილებიან სურათებთან. მათი დათვალიერება ცალ-ცალკე ან ერთმანეთზე დადების შემდეგ შეიძლება. მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგია ავთვისებიანი სიმსივნეების საკვლევად სხეულის იმ უბნებში, სადაც მრავალი სხვადასხვა ქსოვილი მჭიდროდაა განლაგებული, მაგალითად, კისრისა და მენჯის უბნებში. მისი მეშვეობით სიმსივნის მდებარეობას ზუსტად ადგენენ და ხელახლა განვითარების შემთხვევაში ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩენენ. კვლევას, როგორც წესი, 1 საათზე ნაკლები დრო სჭირდება.

უარყოფითი მხარეები

პეტ-ის დროს რადიაციის დოზა ისეთივეა, როგორც კტ-ის შემთხვევაში. მაგრამ, ამ კვლევაში გამოყენებული რადიონუკლიდი მხოლოდ ხანმოკლე დროის მანძილზე გამოასხივებს, ამიტომ პეტ იმ შემთხვევაში კეთდება, თუ რადიონუკლიდს მახლობლად აწარმოებენ და სწრაფად მიიტანება კლინიკამდე. პეტ შედარებით ძვირია და ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.