1. ულტრასონოგრაფია
  2. ძირითადი გამოსახულებითი კვლევები
  3. საგანგებო საკითხები
ულტრასონოგრაფია

ულტრასონოგრაფიაში მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღები (ულტრაბგერა) გამოიყენება შინაგანი ორგანოებისა და სხვა ქსოვილების გამოსახულების მისაღებად. სპეციალური მოწყობილობა, გადამწოდი, ელექტრულ დენს ბგერით ტალღებად გარდაქმნის და მათ ქსოვილებისკენ მიმართავს. ულტრაბგერები ორგანიზმის სტრუქტურებს ხვდება, მათგან აირეკლება და გადამწოდს უბრუნდება. იგი ამჯერად მათ პირიქით, ბგერითი ტალღებიდან ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის. კომპიუტერი ამ მონაცემებს ამუშავებს და ქმნის გამოსახულებას, რომელიც ეკრანზე გამოდის ან ფირზე, ვიდეოკასეტაზე ან ციფრული სახით იწერება. ამ კვლევაში რენტგენის სხივები არ გამოიყენება.

ულტრასონოგრაფია უმტკივნეულო, შედარებით იაფი პროცედურაა და ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, ორსულობის დროსაც კი.

პროცედურა

მუცლის ღრუს ექოსკოპიამდე რამდენიმე საათის განმავლობაში უმჯობესია პაციენტმა საკვები და სასმელი არ მიიღოს.

ექიმი სქელ გელს უსვამს საკვლევ უბანს, რათა ბგერითი ტალღების გადაცემა გაუმჯობესდეს, გადამწოდს კანზე ათავსებს და სხეულის შესაბამის ნაწილზე ამოძრავებს. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია გადამწოდის სხეულის ღრუში შეყვანა, მაგალითად, სწორ ნაწლავში წინამდებარე ჯირკვლის გამოსაკვლევად ან საშოში – საშვილოსნოსა და საკვერცხეების კვლევისთვის. გულის ექოსკოპიის დროს ზოგჯერ გადამწოდი მაგრდება სპეციალურ მილზე, ენდოსკოპზე, რომელსაც საყლაპავში ათავსებს ექიმი. ამას ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოგრაფია ეწოდება.

გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ჩვეული საქმიანობის გაგრძელება დაუყოვნებლივ შეუძლია.

გამოყენება

ულტრასონოგრაფიული გამოსახულება იმდენად სწრაფად მიიღება, რომ სხეულის ორგანოებისა და სხვა სტრუქტურების მოძრაობის დაფიქსირებაც შეიძლება (როგორც ვიდეოში). მაგალითად, ექიმს შეუძლია დაინახოს გულის შეკუმშვები ნაყოფშიც კი. ექოსკოპია გამოიყენება წარმონაქმნებისა და უცხო სხეულების საკვლევად სხეულის ზედაპირთან ახლოს არსებულ ქსოვილებში როგორიცაა ფარისებრი, სარძევე, სათესლე ჯირკვლებისა და კიდურების, ისევე, როგორც ლიმფური კვანძების. ბგერითი ტალღების გადაცემას ხელს უშლის აირები (მაგ., ფილტვებში ან ნაწლავებში არსებული ჰაერი) და ძვლები, ამიტომ ორგანიზმში ღრმად მდებარე სტრუქტურების ექოსკოპიით დათვალიერება ძნელია. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გადამწოდსა და საკვლევ ქსოვილს შორის აირი ან ძვალი არ არის მოთავსებული.

ულტრასონოგრაფია ხშირად გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • გულის გამოკვლევა: გულის შეკუმშვის დარღვევის; სტრუქტურული ანომალიების, მაგალითად, სარქვლების მანკების ან გულის კედლების, საკნების პათოლოგიური გადიდების დროს (გულის ულტრაბგერით კვლევას ექოკარდიოგრაფია ეწოდება).

  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა: მაგალითად, ნაღვლის კენჭების არსებობის ან სანაღვლე გზების დახშობის დროს.

  • საშარდე გზების კვლევა: კეთილთვისებიანი ცისტების გასარჩევად მყარი წარმონაქმნებისგან (რაც შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს) თირკმლებში; დახშული უბნების, კენჭების ან სხვა სტრუქტურული პათოლოგიების აღმოსაჩენად თირკმლებში, შარდსაწვეთებში ან შარდის ბუშტში.

  • ქალის რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა: საკვერცხეების, კვერცხსავალი მილების ან საშვილოსნოს სიმსივნის ან ანთების აღმოსაჩენად.

  • ორსულობა: ნაყოფის ზრდისა და განვითარების შესაფასებლად, პლაცენტის პათოლოგიების აღმოსაჩენად (მაგ., მისი არასწორი მიმაგრება ანუ წინმდებარეობა).

ულტრასონოგრაფიას, ასევე, იყენებენ ქსოვილის ნიმუშის აღებისას ბიოფსიით. მისი მეშვეობით ზუსტად დგინდება იარაღისა და საკვლევი უბნის (მაგ., მოცულობითი წარმონაქმნის) მდებარეობა. შესაბამისად, ექიმი ხედავს, სად შეჰყავს ინსტრუმენტი და უფრო ადვილად უმიზნებს პირდაპირ იმ ქსოვილს.

ულტრასონოგრაფიის სახეები

დოპლერული ულტრასონოგრაფია: ეს კვლევა ეფუძნება დოპლერის ეფექტს, ანუ ფენომენს, რომლის დროსაც მოძრავ საგანზე დაცემისა და მისგან არეკვლისას ულტრაბგერითი ტალღების სიხშირე იცვლება. ამ შემთხვევაში "მოძრავი საგანი" სისხლის წითელი უჯრედებია. შესაბამისად, დოპლერული ულტრასონოგრაფიით ფასდება სისხლის დინება – მისი სიჩქარე, მიმართულება და მოძრაობა სისხლძარღვებში. მისი მეშვეობით ექიმები აღმოაჩენენ დახშულ სისხლმილებს, განსაკუთრებით კი – ქვედა კიდურების ვენებსა და არტერიების შევიწროებულ უბნებს, მაგალითად, კისრის საძილე არტერიებისა, რომელთაც სისხლი თავის ტვინისკენ მიაქვთ.

ფერადი დოპლერული ულტრასონოგრაფია: ეს კვლევა გულისხმობს სისხლის დინების დოპლერული ულტრასონოგრაფიით მიღებულ შავთეთრ გამოსახულებაზე ფერების დადებას. ფერი სისხლის დინების მიმართულებას მიუთითებს. წითელი ნიშნავს, რომ სისხლი გადამწოდისკენ მოემართება, ლურჯი კი პირიქით – გადამწოდიდან საპირისპირო მიმართულებას აჩვენებს.

ფერადი დოპლერული ულტრასონოგრაფიით ექიმები თავისა და კისრის არტერიების შევიწროებასა და დახშობას იკვლევენ, რითაც ინსულტის რისკს აფასებენ. ეს პროცედურა გამოსადეგია იმ პაციენტებში, რომელთაც გარდამავალი იშემიური შეტევა ან ინსულტი გადაიტანეს ან ათეროსკლეროზის რისკფაქტორები აქვთ სიმპტომების გარეშე.

უარყოფითი მხარეები

შესაძლოა, გადამწოდის სხეულის ღრუებში შეყვანამ დისკომფორტი გამოიწვიოს. იშვითად, ამ დროს ქსოვილებიც ზიანდება, რაც სისხლდენას ან ინფექციას იწვევს.