საავადმყოფოში დაწოლა | მკურნალი.გე
  1. საავადმყოფოში დაწოლა
  2. სტაციონარული დახმარება
  3. საგანგებო საკითხები
საავადმყოფოში დაწოლა

ადამიანებს საავადმყოფოში მხოლოდ მაშინ აწვენენ, თუ საჭირო მკურნალობა სხვაგან ვერ ჩატარდება (მაგ. სახლში ან ამბულატორიული ქირურგიის ცენტრში). ჰოსპიტალიზაციის მთავარი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა ან გაუმჯობესება, რათა პაციენტმა სახლში დაბრუნება შეძლოს. შესაბამისად, წესით საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი შედარებით მოკლეა და მის შემდეგ უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის შინ გაწერა ან ჯანდაცვის სხვა დაწესებულებაში გადასვლა, სადაც მკურნალობა ბოლომდე მიიყვანება. ექიმი – პაციენტის ოჯახის ექიმი, სპეციალისტი ან მიმღები განყოფილების ექიმი – განსაზღვრავს, იმდენად მძიმეა თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია იყოს საჭირო.

პირველ რიგში, პაციენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ზოგჯერ ეს საავადმყოფოში მისვლამდეც კეთდება. პროცედურა მოიცავს რამდენიმე ფორმის შევსებას და შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

  • ძირითადი მონაცემები (როგორიცაა სახელი, გვარი და მისამართი);

  • ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევაზე;

  • ოჯახის წევრების ან მეგობრების ტელეფონის ნომრები გადაუდებელ სიტუაციაში დასაკავშირებლად;

  • თანხმობა მკურნალობაზე;

  • თანხმობა ინფორმაციის სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემაზე;

  • თანხმობა მკურნალობის საფასურის გადახდაზე.

პაციენტებს აძლევენ საიდენტიფიკაციო სამაჯურებსაც, რომლებიც მუდმივად ხელზე უნდა ეკეთოთ ზედ არსებული ინფორმაციის სისწორის შემოწმების შემდეგ. ნებისმიერ სამედიცინო ჩარევამდე სამედიცინო პერსონალი სამაჯურზე შეხედვით დარწმუნდება, რომ სწორ პაციენტს უტარებს პროცედურას.

საავადმყოფოში დაწოლის შემდეგ შეიძლება ადამიანი წაიყვანონ სისხლის ანალიზების ჩასაბარებლად, რენტგენის გადასაღებად ან მაშინვე პალატაში მოათავსონ. პალატები არის ინდივიდუალური (ერთსაწოლიანი) და საერთო (ერთზე მეტი საწოლით). თუმცაღა, პირადი სივრცე ინდივიდუალურ პალატებშიც არ არის დაცული. სამედიცინო პერსონალის წევრები მუდმივად შედიან და გადიან და, მართალია, როგორც წესი, აკაკუნებენ, მაგრამ შესაძლოა მანამ შეაღონ კარი, სანამ პაციენტი გამოეპასუხებოდეს.

სხვა დაავადებების გამოსარიცხად რამდენიმე კვლევა კეთდება, მაგალითად, სისხლის ან შარდის ანალიზები. პერსონალი ეცდება გაარკვიოს, ხომ არ იქმნება რაიმე გართულების აღმოცენების საშიშროება პაციენტის სავადმყოფოში წოლის დროს ან სჭირდება თუ არა მას დამატებითი დახმარება გაწერის შემდეგ. ადამიანს შესაძლოა გამოჰკითხონ კვებითი ჩვევების, განწყობის, აცრების და იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს. ზოგჯერ, ასევე, ივსება სტანდარტული კითხვარი მენტალური ფუნქციების შესაფასებლად.

საავადმყოფოში წოლის პერიოდში პაციენტს დღეში, სულ მცირე, ერთხელ სინჯავს ექიმი. ექთნები და პერსონალის სხვა წევრები დღეში რამდენჯერმე შედიან პალატაში და სამედიცინო დახმარების უდიდეს ნაწილსაც ისინი ახორციელებენ. შესაძლოა, რეგულარულად გამოიძახონ ფიზიკური თერაპევტიც, რომელიც ადამიანს ვარჯიშში დაეხმარება. თუ პაციენტს სხვა საქმიანობებშიც სჭირდება შველა, მაგალითად, ჭამაში ან საჭირო ოთახის გამოყენებაში, ოჯახის წევრებს შეუძლიათ, მიეხმარონ მას. ახლობლებს, ასევე, აქვთ ხოლმე საშუალება, გაესაუბრონ სოციალურ მუშაკს დამატებით დახმარებასთან დაკავშირებით. თუ პაციენტი ბავშვია, მშობელს ან სხვა მომვლელს, ძირითადად, მასთან ერთად ყოფნა უწევს.