ექინაცეა | მკურნალი.გე
  1. ექინაცეა
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ექინაცეა

ექინაცეა არის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც შეიცავს ექინაკოზიდს და სხვა რამდენიმე აქტიურ სუბსტანციას. მცენარის სხვადასხვა სახეობა სამკურნალოდ გამოიყენება.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ექინაცეას უხშირესად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების (როგორიცაა გაციება) პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. ზოგიერთი ადამიანი ექინაციას მალამოს სახით იყენებს კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ან ჭრილობის შეხორცების ხელშესაწყობად.

ბევრი კვლევის შედეგებით ექინაცეას ეფექტიანობა გაციების დროს დადებითად არის შეფასებული, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განიხილება მეცნიერულად დასაბუთებულად. პრობლემა ის არის, რომ არსებობს ექინაცეას ბევრი სხვადასხვა სახის პრეპარატი და ჯერჯერობით არ არის შემუშავებული შესაბამისი სტანდარტული დოზები. თუმცა, ზოგიერთი კარგად შესრულებული კვლევით გამოვლინდა ექინაცეას უშედეგოდ გამოყენება გაციების პრევენციისა და მკურნალობის თვალსაზრისით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: რაიმე სახიფათო გვერდითი მოვლენა ექინაცეას გამოყენების დროს ჯერჯერობით არ არის დადგენილი. მხოლოდ ბავშვებში შეიძლება არსებობდეს გამონაყარის განვითარების რისკი.

ექინაცეა შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ისეთ მედიკამენტებთან, რომლებიც შესაძლოა ღვიძლის დაზიანებას იწვევდნენ და ამის შედეგად გაიზარდოს ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკი. ექინაცეამ შეიძლება გაანეიტრალოს იმ იმუნოსუპრესანტების ეფექტიანობა, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტანტების მოცილების პრევენციის მიზნით. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ I ტიპის დიაბეტი, ავტოიმუნური სისტემის დაზიანება (მაგალითად, შიდსის ან ტუბერკულოზის შედეგად), უნდა ჩაიტარონ ექიმის კონსულტაცია ექინაცეას მიღებამდე.