პირეტრუმი | მკურნალი.გე
  1. პირეტრუმი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
პირეტრუმი

პირეტრუმი არის ბუჩქოვანი მრავალწლოვანი მცენარე. მისი გამომშრალი ფოთლები გამოიყენება კაფსულების, აბების ან ხსნარის სახით. მიიჩნევენ, რომ მასში შემავალი აქტიური კომბინაციებია პათენოლიდი და გლუკოზიდები.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები უფრო ხშირად პირეტრუმს იღებენ შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილების პრევენციის მიზნით. ეს მონაცემები შედარებით მცირერიცხოვანია, მაგრამ კარგად შესრულებული რამდენიმე კვლევით (ოთხიდან სამით) ეს მონაცემები დადასტურებულია. თუმცა, უფრო ფართომასშტაბიანი და კარგად შესრულებული კვლევები ამ ფაქტს არ ადასტურებს. გამოკვლევების შედეგებს შორის სხვაობა ასახავს პირეტრუმის გამოყენებისადმი განსხვავებულ მიდგომებს. ართრიტის მქონე ადამიანებში პირეტრუმის გამოყენების შედეგად არ აღინიშნებოდა სიმპტომების შემსუბუქება. პირეტრუმი ასევე გამოყენებული იყო ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა კბილის ტკივილი, მწერის კბენა, უნაყოფობა, ფსორიაზი, ალერგია, ყურებში შუილი (tinnitus), თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება და მშობიარობის პროცესში არსებული პრობლემები.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პირეტრუმის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში და კანის ანთება (დერმატიტი). ასევე, შესაძლოა განვითარდეს გემოს შეგრძნების ცვლილება და გულისცემის გახშირება. პირეტრუმი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა ისეთ მედიკამენტებთან, რომლებიც ახდენენ სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციას (ანტიკოაგულანტები); იმ მედიკამენტებთან, რომლებიც შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილების დროს გამოიყენება; არასტეროიდულ, ანტიანთებით მედიკამენტებთან. მან შეიძლება შეამციროს სისხლის ნორმალური შედედების პროცესი თრომბოციტებზე ზემოქმედების გზით, რომლებიც, ჩვეულებრივ, სისხლდენის პრევენციას ახდენს. მან, ასევე, შესაძლოა შეამციროს რკინის აბსორბაცია. პირეტრუმი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. გარდა ამისა, პირეტრუმმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული გამონაყარი.