ჟენშენი | მკურნალი.გე
  1. ჟენშენი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ჟენშენი

ჟენშენი, ჩვეულებრივ, მიიღება ორი სხვადასხვა ტიპის მცენარისგან: ამერიკული ჟენშენი და აზიური ჟენშენი. ამერიკული ჟენშენი უფრო სუსტია, ვიდრე აზიური. ხელმისაწვდომია ჟენშენის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ნატურალური ჟენშენი და, აგრეთვე, მცენარის ფესვებისაგან მომზადებული ექსტრაქტები, ხსნარები, კაფსულები, აბები, კოსმეტიკური საშუალებები, სოდა და ჩაი. მისი აქტიური კომპონენტია პანაქსოსაიდი-ამერიკული ჟენშენი და გინსენოსაიდი-აზიური ჟენშენი.

ციმბირული ჟენშენი რეალურად არ არის ნამდვილი ჟენშენი და იგი შეიცავს მხოლოდ იმ აქტიურ კომპონენტებს, რომლებსაც, ამერიკული და აზიური ჟენშენის მსგავსად, აქვთ ანტისტრესული ეფექტი.

ჟენშენის სხვადასხვა პროდუქტის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ვინაიდან ბევრ მათგანში ძალიან მცირე რაოდენობითაა აქტიური ნივთიერებები ან ისინი საერთოდ არ შეიცავენ მათ. ძალიან იშვიათად აზიური ჟენშენის ზოგიერთი პროდუქტი გამიზნულად შერეულია მანდრაგორას ფესვთან, რომელიც გამოიყენება ღებინების შესამცირებლად ან ისეთ მედიკამენტებთან კომბინაციაში, როგორიცაა ფენილბუტაზოლი ან ამინოპირინი. ეს პრეპარატები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოღებულია გაყიდვიდან მათი ნეგატიური გვერდითი ეფექტების გამო.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ჟენშენს იყენებენ უმეტესად იმისათვის, რომ გააძლიერონ ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები, ენერგიულობა და, აგრეთვე, სტრესისა და ასაკობრივი ფაქტორების დამაზიანებელი გავლენის მიმართ რეზისტენტულობის უნარი. ბევრი ჟენშენს იღებს სექსუალური პერფორმანსის უნარის გასაძლიერებლად და ერექციის დისფუნქციის მკურნალობის მიზნით. არსებობს მონაცემები, რომ ჟენშენი აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის – კარგი ქოლესტერინის – დონის მატებას. ამავე დროს, იგი აქვეითებს ჰემოგლობინის მაჩვენებელს და პროტეინის დონეს სისხლში.

ჟენშენის ზოგიერთი ეფექტის შეფასება ძნელია, ვინაიდან ენერგიულობის მატების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შეფასება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. დიაბეტით დაავადებული ადამიანების მცირე ჯგუფზე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ჟენშენის გავლენით სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ზოგიერთი კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჟენშენის მიღებით გაუმჯობესდა ადამიანების ხასიათი და ენერგიულობა. ერთ-ერთი უფრო ფართო, მაგრამ ხანმოკლე კვლევის შედეგების მიხედვით, ჟენშენი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები: არსებობს ჩანაწერები ჟენშენის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა, ზოგიერთი ავტორიტეტული პირი იძლევა რეკომენდაციას ჟენშენის გამოყენების ხანგრძლივობის 3 თვის პერიოდით შემოფარგვლის შესახებ, გამომდინარე გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარებიდან. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ნევროზი და აღგზნებადობა, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მისი მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის შემდეგ. შესაძლებელია დაქვეითდეს კონცენტრაციის უნარი და სისხლში შაქრის დონეც მკვეთრად დაეცეს (ჰიპოგლიკემიის გამოწვევით). სხვა გვერდითი მოვლენებიდან შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილები, ალერგიული რეაქციები და ძილიანობა, აგრეთვე, საჭმლის მონელების პრობლემები, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება და მენსტრუალური ციკლის დარღვევები. ვინაიდან ჟენშენს ახასიათებს ესტროგენის მსგავსი ეფექტი, ორსულმა და მეძუძურმა დედებმა იგი არ უნდა მიიღონ. არსებობს მონაცემები ჟენშენის მიღების ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა ასთმა, სისხლის წნევის მომატება, გულისცემის გახშირება, აგრეთვე, პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში საშვილოსნოდან სისხლდენა. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჟენშენს არასასიამოვნო გემო აქვს.

ჟენშენი ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, მაგალითად, ასპირინთან და სხვა არასტეროიდულ ანტიანთებით მედიკამენტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, დიგოქსინთან, ესტროგენებთან, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და იმ მედიკამენტებთან, რომლებიც აქვეითებენ შაქრის დონეს სისხლში (ჰიპოგლიკემიური მედიკამენტები დიაბეტის სამკურნალოდ).