1. გლუკოზამინი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
გლუკოზამინი

გლუკოზამინი მიიღება იმ მასალისაგან (ქიტინი), რომელიც მოიპოვება კიბოს, ხამანწკების და კრევეტების გარსში. გლუკოზამინი მიიღება აბების ან კაფსულების ფორმით, როგორც კლუკოზამინ სულფატის, ზოგჯერ გლუკოზამინ ჰიდროქლორიდის სახით. გლუკოზამინი ხშირად მიიღება ქონდროიტინ სულფატთან ერთად.

სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ხშირად იღებენ გლუკოზამინს მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. მისი როლი ოსტეოართროზის სხვა ლოკალიზაციის ადგილების მკურნალობისთვის ნაკლებად არის გამოკვლეული. მონაცემები ურთიერთსაპირისპიროა. ზოგიერთი თვლის, რომ მას ახასიათებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ასევე, დაავადების სიმწვავის შემცირების ეფექტი. ამავე დროს, სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი და კარგად შესრულებული კვლევების საფუძველზე თვლიან, რომ მას არავითარი სარგებლობა არ აქვს. ერთ-ერთი ძალიან ფართომასშტაბიანი კვლევით გამოვლინდა, რომ გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი უფრო ეფექტიანია ქონდროიტინ სულფატთან კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გლუკოზამინი უსაფრთხოა ადამიანების უმრავლესობისთვის. ხშირი გვერდითი მოვლენებია: ქავილი და მსუბუქად გამოხატული საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა ბოყინი, დიარეა, ღებინება და გულისრევა. ადამიანებს, რომლებსაც თევზზე ალერგია აქვთ, თევზიდან მიღებული გლუკოზამინის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში გლუკოზამინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით გლუკოზამინი აძლიერებს ვარფარინის ეფექტს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით) და ამის შედეგად, ზრდის სისხლდენის რისკს. მან შეიძლება შეამციროს ისეთი მედიკამენტების ეფექტიანობაც, როგორიცაა აცეტამინოფენი და, ასევე, ზოგიერთი ისეთი მედიკამენტის, რომელიც კიბოსა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.