ალკოჰოლი | მკურნალი.გე
  1. ალკოჰოლი
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ალკოჰოლი

  • გენეტიკური და პიროვნული მახასიათებლები გარკვეულ როლს თამაშობენ ალკოჰოლის მომხმარებლებში სხვადასხვა დარღვევის განვითარებაში;

  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანებში იწვევს ძილიანობას ან, პირიქით, აგრესიულობას, კოორდინაციისა და მენტალური ფუნქციის დაქვეითებას და გავლენას ახდენს სამუშაო პროცესზე, ოჯახურ სიტუაციასა და სხვადასხვა აქტივობაზე;

  • ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებამ შეიძლება ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადოს და დააზიანოს ღვიძლი, ტვინი და გული;

  • ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ კითხვარი ან სისხლში ალკოჰოლის დონე განსაზღვრონ, რაც დაეხმარება მათ ალკოჰოლით გამოწვეული დარღვევების იდენტიფიცირებაში;

  • სასწრაფო დახმარება მოიცავს სუნთქვის გაუმჯობესებაში დახმარებას, სითხის, თიამინის, სხვა ვიტამინების მიცემას და თანადგომას ალკოჰოლის მიღების შეწყვეტაში, აგრეთვე, ბენზოდიაზეპინების მიცემას;

  • დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლით გამოწვეული დარღვევები აღენიშნებათ.

ამჟამად მოზრდილთა 45-დან 50%-მდე ალკოჰოლს ეტანება, 20% ყოფილი მსმელია და 30-დან 35%-მდე საერთოდ არ მოიხმარს ალკოჰოლს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ალკოჰოლის დიდი რაოდენობა (დღეში 2-6 ჭიქაზე მეტი) მისი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხმარებისას აზიანებს ღვიძლს, გულს და ტვინს. თუმცა, ალკოჰოლის საშუალო რაოდენობით მიღებამ შეიძლება შეამციროს გულისა და სისხლძარღვების (კარდიოვასკულარული) დაავადებებით სიკვდილის რისკი. მაგრამ ალკოჰოლის დალევა ამ მიზნით არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით, როდესაც ხელმისაწვდომია სხვა უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი პრევენციული საშუალებები.

ალკოჰოლის არაადეკვატური მოხმარება: ადამიანების უმეტესობა არ იღებდა იმ რაოდენობის ალკოჰოლს, რომელიც დააზიანებდა მათ ჯანმრთელობას ან ხელს შეუშლიდა აქტიურ ცხოვრებაში. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 7-დან 10%-მდე მოზრდილ ადამიანს აღენიშნება ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს დარღვევები მოიცავს სარისკო დალევას (იგულისხმება ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება), ალკოჰოლის არაადეკვატურ მოხმარებას და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას (ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ყველაზე ხშირი დარღვევა). ზოგი თვლის, რომ ალკოჰოლიზმი არასწორი ტერმინია. იგი გულისხმობს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღებას, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის წარუმატებელ მცდელობას და დალევის გახანგრძლივებას, მიუხედავად ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული სოციალური და პროფესიონალური პრობლემის წარმოშობის რისკისა. ქალებთან შედარებით, მამაკაცები 2-4-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკები.

ზოგადად, ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლიკები ხდებიან, რეგულარულად იღებენ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ალკოჰოლზე დამოკიდებული არიან. ალკოჰოლის ის რაოდენობა, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ საშუალოდ დღეში, სანამ ალკოჰოლური პრობლემები განუვითარდებათ, დიდად განსხვავებულია. თუმცა, ეს რაოდენობა შეიძლება იყოს ცოტა, როგორიცაა 2 ჭიქა დღეში ქალებისათვის და 3 ჭიქა მამაკაცებისათვის (ერთი ჭიქა ეკვივალენტურია 339,6 გ ლუდის, 141,5 გ ღვინის და 42,45გ ვისკის). ბევრი ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლური პრობლემები აღენიშნება, არის ასევე ლხინის მოყვარული, მსმელი. ესენი არიან მამაკაცები, რომლებიც სვამენ 5 ან მეტ ჭიქას, და ქალები, რომლებიც სვამენ 4 ან მეტ ჭიქას ეპიზოდურად. ლხინი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და თან სდევდეს რამდენიმე დღის განმავლობაში მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება ან საერთოდ უალკოჰოლო პერიოდი. მოკლე პერიოდებში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებში.

ალკოჰოლიზმის ფონზე ადამიანებს ლოთობის შედეგად უყალიბდებათ დესტრუქციული ჩვევები, ხშირად ინგრევა ოჯახები და სოციალური ურთიერთობები. დაქორწინებული წყვილები ხშირად შორდებიან. სამუშაოს სრულ იგნორირებას ადამიანი მიჰყავს უმუშევრობამდე. ალკოჰოლიკებს ხშირად არ შეუძლიათ თავიანთი ქცევების გაკონტროლება, მანქანას ატარებენ ნასვამ მდგომარეობაში და ადვილად იღებენ ფიზიკურ დაზიანებებს, დაცემის, ჩხუბის ან საავტომობილო ინციდენტების შედეგად. ზოგიერთი ალკოჰოლიკი მოძალადე ხდება. მამაკაცების ალკოჰოლიზმი ხშირად ასოცირდება ქალების მიმართ ოჯახურ ძალადობასთან.

პოპულაციის განსაკუთრებული ჯგუფები: ახალგაზრდებში ალკოჰოლის მიღება (ჩვეულებრივ, შემთხვევით სიტუაციაში) მიიჩნევა სისხლში შაქრის დონის დაქვეითების და კომის განვითარების რისკფაქტორად. ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან ალკოჰოლის გვერდითი მოვლენების მიმართ, ვიდრე მამაკაცები. ასაკოვანი ადამიანები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ, ვიდრე ახალგაზრდები. ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარების რისკს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სენსიტიურობა ალკოჰოლის ზემოქმედების მიმართ განსხვავებულია, ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული დარღვევები, განსაკუთრებულად დამღუპველი შედეგებით. ისინი, ვინც ალკოჰოლის მიღებას ადრეულ ასაკში (განსაკუთრებით, თერთმეტ წლამდე) იწყებენ, უფრო სავარაუდოა, რომ გახდებიან ალკოჰოლზე დამოკიდებული მოზრდილ ასაკში.

მიზეზები

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული დარღვევები შეიძლება მემკვიდრეობითი ხასიათის იყოს. სისხლით ნათესავ ალკოჰოლიკებს უფრო მეტად უვითარდებათ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული დარღვევები, ვიდრე ეს საერთო პოპულაციაში შეიძლება შეგხვდეს. ამასთან, ალკოჰოლით გამოწვეული დარღვევები უფრო ხშირად ვითარდება ბიოლოგიურ შვილებში, ვიდრე აყვანილ ბავშვებში. ზოგიერთი კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ალკოჰოლიზმის განვითარების რისკის მქონე ადამიანებში უფრო ადვილად ვითარდება ინტოქსიკაცია, ვიდრე არაალკოჰოლიკებში. მათი ტვინი ნაკლებად სენსიტიურია ალკოჰოლის ზემოქმედების მიმართ. სისხლით მონათესავე ალკოჰოლიკებს შეიძლება ჰქონდეთ ეს დამახასიათებელი თავისებურება.

ზოგიერთი გენეტიკური და პერსონალური თავისებურება შეიძლება იყოს ადამიანების ალკოჰოლზე გვერდითი მოვლენების განვითარების მიდრეკილების საფუძველი. ალკოჰოლიკები ხშირად დანგრეული ოჯახებიდან არიან და მათი ურთიერთობა მშობლებთან ძირითადად დარღვეულია. ალკოჰოლიკები ხშირად თავს გრძნობენ იზოლირებულად, მარტოსულებად. ისინი მორცხვები, დეპრესიულები და მტრულად განწყობილნი არიან. ისინი შეიძლება თვითგამანადგურებლად იქცეოდნენ და სექსუალურად უმწიფრები იყვნენ. თუმცა, რამდენად შეიძლება, რომ ეს თავისებურებები იყოს ალკოჰოლიზმის მიზეზი ან შედეგი, არ არის დაზუსტებული.

სიმპტომები

ალკოჰოლი იწვევს სამ ძირითად პრობლემას:

  • პრობლემებს, რომლებიც ვითარდება მაშინვე, როცა ადამიანები ალკოჰოლის დიდ რაოდენობას სვამენ დროის გარკვეულ მონაკვეთში (ინტოქსიკაცია და ჰიპერდოზირება);

  • პრობლემები, რომლებიც ვითარდება ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით;

  • პრობლემები, რომლებიც ჩნდება მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროით ალკოჰოლის მიღება უეცრად წყდება (მოხსნის სინდრომი).

სწრაფი ეფექტები: ალკოჰოლს ახასიათებს სწრაფი ეფექტი, ვინაიდან იგი სწრაფად შეიწოვება, სანამ მისი გადამუშავება (მეტაბოლიზმი) და სხეულიდან გამოდევნა დაიწყება. ამის შედეგად ალკოჰოლის დონე სისხლში სწრაფად მატულობს. ალკოჰოლის ასეთი მოქმედება შეიძლება დალევიდან რამდენიმე წუთში განვითარდეს.

ალკოჰოლის ეფექტები სხვადასხვა ადამიანში დიდად განსხვავებულია. მაგალითად, ადამიანებზე, რომლებიც რეგულარულად სვამენ (2 ან მეტ ჭიქას დღეში), ნაკლებად მოქმედებს ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა, ვიდრე იმათზე, რომლებიც სვამენ მხოლოდ საზოგადოებაში, შეხვედრების დროს. ამ ფენომენს ტოლერანტობას უწოდებენ. ადამიანები, რომლებსაც უვითარდებათ ტოლერანტობა ალკოჰოლის მიმართ, აღენიშნებათ ტოლერანტობა სხვადასხვა ისეთი მედიკამენტის მიმართაც, რომლებიც ტვინის ფუნქციას აქვეითებენ, როგორიცაა ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები.

ალკოჰოლის ეფექტები განსხვავდება სისხლში ალკოჰოლის დონის შესაბამისად. ალკოჰოლის დონე სისხლში გამოიხატება მილიგრამებით სისხლის დეცილიტრში (1/10 ლიტრი). აბრევიატურა არის მგ/დლ. სისხლში მისი დონე, რომელიც განსაზღვრავს სიმპტომების გამოვლენას, განსხვავებულია ალკოჰოლისადმი ტოლერანტობის ხარისხის შესაბამისად. თუმცა, ტიპურ მომხმარებლებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა, შემდეგი სიმპტომებია დამახასიათებელი:

  • 20-დან 50 მგ/დლ: სიმშვიდე, სუსტი ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის მცირედ დაქვეითება და მართვის უნარის მცირედ შესუსტება;

  • 50-დან 100 მგ/დლ: სხარტი აზროვნების უნარისა და კოორდინაციის დაქვეითება;

  • 100-დან 150 მგ/დლ: არამყარი ნაბიჯები, გაურკვეველი მეტყველება, ქცევითი კონტროლის დაკარგვა და მეხსიერების დაქვეითება;

  • 150-დან 300 მგ/დლ: ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები და ლეთარგია (სავარაუდოა);

  • 300-დან 400 მგ/დლ: ხშირად გონების დაკარგვა;

  • >400 მგ/დლ: შესაძლოა ფატალური გამოსავალი.

ხშირია ღებინება ინტოქსიკაციის საშუალო სიმძიმის ან მძიმე შემთხვევებში. იმის გამო, რომ ამ დროს ადამიანებს აღენიშნებათ ძილიანობა, ამონაღები მასა შეიძლება მოხვდეს ფილტვებში (ასპირაცია), რაც ზოგჯერ იწვევს პნევმონიას და სიკვდილს. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის დალევამ შეიძლება, აგრეთვე, გამოიწვიოს სისხლის წნევისა და სისხლში შაქრის დონის დაქვეითება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტოქსიკაციის აღიარებული ტერმინი გულისხმობს სისხლში ალკოჰოლის შემცველობას 80 მგ/დლ ან უფრო მეტს.

სისხლში ალკოჰოლის სხვადასხვა დონის გავლენა ქრონიკულ მსმელებში ინდივიდუალური და განსხვავებულია. ზოგიერთზე ალკოჰოლის მაღალი დონე გავლენასაც ახდენს და ამ დროს შეიძლება ფუნქციაც შენარჩუნებული იყოს.

შორეული შედეგები: ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანოების დაზიანება, განსაკუთრებით, ღვიძლის (ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება). ვინაიდან ალკოჰოლიზმის დროს ადამიანებს არ შეუძლიათ ადეკვატურად იკვებონ, მათ შეიძლება ვიტამინებისა და სხვა ნუტრიენტების დეფიციტი განუვითარდეთ.

ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება მოიცავს ღვიძლის ანთებას (ჰეპატიტს), ღვიძლის გაცხიმოვნებასა და ციროზს. ალკოჰოლით დაზიანებულ ღვიძლს არ შეუძლია სხეულიდან განდევნოს ტოქსიკური ნივთიერებები, რის შედეგად შეიძლება ტვინის დაზიანება განვითარდეს (ჰეპატური ენცეფალოპათია). ჰეპატურმა ენცეფალოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს გონებაშეზღუდულობა, ძილიანობა, სტუპორი, ცნობიერების დარღვევა და, შესაძლოა, კომა. ჩვეულებრივ, ადამიანებს შეიძლება აგრეთვე გამოუვლინდეთ ზედა კიდურების უნებლიე მოძრაობები (ასტერიხიზი). იგი ტრუმორს ჰგავს, მაგრამ ტრუმორი არ არის. ჰეპატური კომა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ღვიძლის ციროზის დროს ღვიძლის ირგვლივ სისხლძარღვებში იმატებს წნევა (პორტალური ჰიპერტენზია).

სისხლძარღვები შეიძლება სისხლმდინარე გახდნენ და გამოიწვიონ სისხლიანი ღებინება. ასეთი სისხლდენა განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან დაზიანებული ღვიძლს არ შეუძლია გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობა იმ ნივთიერებებისა, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას.

ალკოჰოლის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ადამიანებს ამ დროს აღენიშნებათ ძლიერი აბდომინალური ტკივილი ღებინებით.

ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ნერვები და ტვინის ნაწილი. ადამიანებს ამ დროს ქრონიკული ტრემორი უვითარდებათ და ტვინის ნაწილების დაზიანებით შეიძლება მოძრაობის კოორდინაცია დაირღვეს, რის შედეგად სუსტდება ხელებისა და ფეხების მოძრაობის კონტროლი. შესაძლოა დაზიანდეს ნერვების მიელინი, რაც იწვევს დარღვევებს, რომელიც ცნობილია მარჩიაფავა ბიგნამის დაავადების სახელწოდებით. ასეთი დარღვევების მქონე ადამიანები არიან აღგზნებულები, მათ ეცვლებათ ცნობიერება და შეიძლება ჭკუასუსტები გახდნენ. ზოგიერთს უვითარდება კრუნჩხვები და კომატოზური მდგომარეობა, ძირითადად, სიკვდილის წინ.

მძიმე ალკოჰოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს თიამინის და B ვიტამინის დეფიციტი. ასეთი დეფიციტის ფონზე ვითარდება ვერნიკეს ენცეფალოპათია. თუ სწრაფად არ დაიწყო მკურნალობა, ვითარდება კორსაკოფის სინდრომი, კომა და სიკვდილიც კი.

ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გააუარესოს არსებული დეპრესია. ალკოჰოლიკები უფრო დეპრესიულები არიან, ვიდრე არაალკოჰოლიკები. ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც ეპიზოდურად სვამენ, ხშირად იწვევს სინდისის ქენჯნას "მშრალ" პერიოდში. ალკოჰოლიკები მიდრეკილნი არიან თვითმკვლელობისაკენ მაშინაც კი, როდესაც დროებით არ სვამენ.

ორსულ ქალებში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მძიმე პრობლემები. ეს შეიძლება იყოს მცირე წონა დაბადებისას, სიმაღლეში ჩამორჩენა, თავის პატარა ზომა, გულის დაზიანება, კუნთების დაზიანება და გონებრივი მონაცემების შეზღუდვა, ინტელექტუალური ჩამორჩენა (მენტალური რეტარდაცია). ამ დარღვევებს უწოდებენ ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ორსულმა ქალებმა თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან.

მოხსნის სინდრომის სიმპტომები: როდესაც ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარენ ალკოჰოლს, უცებ წყვეტენ მის მიღებას, მოსალოდნელია მოხსნის სინდრომის განვითარება. მაგალითად, მოხსნის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ჰოსპიტალიზაციის პერიოდში (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის გამო), რადგან ამ დროს ალკოჰოლის მომხმარებელს არ შეუძლია ალკოჰოლის მოპოვება.

მოხსნის სინდრომი შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე ფორმის. მძიმედ მიმდინარე მოხსნის სინდრომი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

მოხსნის სინდრომის მსუბუქი ფორმა ვითარდება ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 საათში. ამ დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და გულისრევა. ზოგიერთს შეიძლება განუვითარდეს კრუნჩხვები და გულისრევა (სახელწოდებით ალკოჰოლური ეპილეფსია).

ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება განვითარდეს ძლიერ მსმელებში, რომლებმაც შეაჩერეს ალკოჰოლის მიღება. მათ ეწყებათ სმენითი ჰალუცინაციები, ესმით მუქარის ხმები, რაც იწვევს საფრთხისა და ტერორის შეგრძნებას. ალკოჰოლური ჰალუცინაციები შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. მათი კონტროლი შეიძლება ანტიფსიქოტიკური მედიკამენტებით, როგორიცაა ქლორპრომაზინი და თიორიდაზინი.

თეთრი ციებ-ცხელება ალკოჰოლის მოხსნის სინდრომის ყველაზე სერიოზული გართულებაა. ჩვეულებრივ, თეთრი ციებ-ცხელება სწრაფად არ ვითარდება. იგი ალკოჰოლის მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით 48-72 საათის შემდეგ ჩნდება. ადამიანები დასაწყისში აღგზნებულები არიან. მოგვიანებით ისინი დაბნეულები ხდებიან, არ შეუძლიათ ნორმალურად დაძინება, აქვთ მძიმე, ღამის კოშმარები, ჭარბი ოფლიანობა და ძალიან დეპრესიულები ხდებიან. გულისცემის სიხშირე მატულობს. ტიპურ შემთხვევებში ვითარდება ცხელება. სიმპტომები შეიძლება გაფართოვდეს, განვითარდეს სწრაფად წარმავალი ჰალუცინაციები, ილუზიები, რომლებიც აძლიერებს შიშის შეგრძნებასა და აღგზნებადობას, აგრეთვე, დეზორიენტაცია, ვიზუალური ჰალუცინაციებით, რაც განსაკუთრებით შიშისმომგვრელია და ამ დროს ადამიანები ძლიერ დაბნეულები არიან. ბალანსირების უნარი ქვეითდება, რაც მათში იწვევს შეგრძნებას, თითქოს ცნობიერების დარღვევის პროცესი პროგრესირებს, ვითარდება მუდმივი ტრემორი ხელებში და ზოგჯერ იგი მოიცავს თავს და სხეულს. ადამიანების უმეტესობა არაკონტროლირებადია. თეთრი ციებ-ცხელება შეიძლება გახდეს ფატალური, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა.

დიაგნოზი

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის არსებობის შესაძლებლობა ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლებსაც ადამიანები უყვებიან ექიმს, და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს. მაგრამ თუ ამ გზით ვერ დადგინდა მიზეზი, რატომ იქცევა პიროვნება არანორმალურად, ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ტესტირება იმისათვის, რომ გამოირიცხოს სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზები, როგორიცაა სისხლში შაქრის დაბალი დონე ან თავის ტრამვა. ტესტები მოიცავს, აგრეთვე, სისხლში ალკოჰოლისა და გლუკოზის განსაზღვრას, შარდში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობის დადგენას და თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ). ექიმები, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევენ, რომ თუ ადამიანის ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა, მას სხვა დარღვევები არ აღენიშნება.

კანონის შესაბამისად, მაგალითად, როდესაც ადამიანებს შეემთხვევათ საავტომობილო ინციდენტი ან ისინი არანორმალურად იქცევიან სამუშაოზე, აუცილებელია განისაზღვოს სისხლში ალკოჰოლის დონე და შეფასდეს ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის რაოდენობა.

თუ ადამიანებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარების გამო აღენიშნებათ გარკვეული დარღვევები, შეიძლება გაკეთდეს სისხლის ტესტი ღვიძლის ფუნქციის გასაკონტროლებლად და სხვა ორგანოების მხრივ შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა, უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ გამოირიცხოს ტვინის დაზიანება ან ინფექცია.

ალკოჰოლის არაადეკვატური მოხმარების სკრინინგი: ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომ ალკოჰოლის ის რაოდენობა, რომელსაც ისინი იღებენ, მათთვის საზიანოა. ზოგმა იცის ამის შესახებ, მაგრამ არ უნდათ დაიჯერონ, რომ მათ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები არ ელოდებიან, რომ ადამიანები თვითონ მიმართავენ მათ დასახმარებლად. ექიმებმა შეიძლება დაუშვან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევის გაუგებარი ცვლილება ან როდესაც მათი ქცევა თვითგამანადგურებელია. მათ, ასევე, შეიძლება ეჭვი მიიტანონ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევების არსებობაზე, როდესაც სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა და კუჭის ანთება (გასტრიტი), არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას.

ბევრი პრაქტიკოსი ექიმი პერიოდულად ატარებს სკრინინგს ადამიანებში კონკრეტული კითხვების დასმით ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამოსავლენად. კითხვები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • საშუალოდ კვირაში რამდენი დღე მოიხმართ ალკოჰოლს?

  • ტიპურ შემთხვევებში, როდესაც ალკოჰოლს იღებთ, რამდენ ჭიქას სვამთ?

  • მაქსიმუმ რამდენი ჭიქა ალკოჰოლი გაქვთ მიღებული წინა თვეში?

როდესაც ექიმები ეჭვობენ ალკოჰოლიზმზე, მათ შეუძლიათ მეტი სპეციფიკური შეკითხვა დაუსვან ადამიანს ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ:

  • გრძნობთ თუ არა, რომ უნდა შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება?

  • ალკოჰოლის მოხმარების გამო თქვენ მიმართ კრიტიკა გაწუხებთ თუ არა?

  • გაქვთ თუ არა დანაშაულის შეგრძნება ალკოჰოლის მიღების გამო?

  • მიგიღიათ თუ არა ოდესმე ერთი ყლუპი ალკოჰოლი დილით, თვალის გახელისთანავე, ნერვების დასაწყნარებლად და ნაბახუსევისგან გასათავისუფლებლად?

ჩამოთვლილ შეკითხვებზე ორი ან მეტი დადებითი პასუხი შესაძლო ალკოჰოლურ პრობლემაზე მიუთითებს.

მკურნალობა

მკურნალობა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

  • ადამიანები მიდიან ექიმთან იმიტომ, რომ აღარ უნდა ალკოჰოლის მიღების გაგრძელება;

  • ადამიანები მიდიან ექიმთან იმიტომ, რომ მათ აქვთ სიმპტომები, რომლებიც სისხლში ალკოჰოლის მაღალ დონესთან არის დაკავშირებული;

  • ადამიანები მიდიან ექიმთან იმიტომ, რომ აქვთ მწვავე, გამოხატული მოხსნის სინდრომისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. თუმცა, ალკოჰოლიკები, რომლებსაც მოხსნის სინდრომი აქვთ, ხშირად თვითონ იტარებენ მკურნალობას ალკოჰოლის მიღებით.

გადაუდებელი მკურნალობა: გადაუდებელი მკურნალობა საჭიროა, როდესაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ან მოხსნის სინდრომის განვითარება იწვევს მძიმე სიმპტომებს.

მწვავე ინტოქსიკაციის დროს სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ყავა ან სხვა ოჯახური საშუალებები არ ხსნის ალკოჰოლის ზემოქმედებით გამოწვეულ პრობლემებს. თუმცა, როდესაც ადამიანი კომაშია, მას შეიძლება დასჭირდეს მილის ჩადგმა სასუნთქ გზებში, რომ არ მოხდეს ნაღები მასის ან სეკრეტის გადაცდენა. როდესაც აღინიშნება სუნთქვის დათრგუნვა, შეიძლება საჭირო იყოს მათი მოთავსება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

საჭიროების შემთხვევებში ტარდება დეჰიდრატაციის ან სისხლისა და წნევის დაქვეითების საწინააღმდეგო მკურნალობა ან პრევენცია. ამ დროს ინტრავენურად შეიყვანება სითხეები და თიამინი, ვერნიკეს ენცეფალოპათიის პრევენციის მიზნით. ხშირად ექიმები გადასასხმელ სითხეებს ამატებენ მაგნიუმის ოქსიდს (რომელიც ეხმარება ორგანიზმს თიამინის გამომუშავებაში) და მულტივიტამინებს (ვიტამინების შესაძლო დეფიციტის შესავსებად).

მოხსნის სინდრომის არსებობის შემთხვევაში, ექიმები ხშირად ნიშნავენ ბენზოდიაზეპინს (მსუბუქი სედაციური საშუალება) რამდენიმე დღით. იგი აქვეითებს აღგზნებას და ხელს უწყობს მოხსნის სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის თავიდან აცილებას, როგორიცაა კრუნჩხვები და თეთრი ციებ-ცხელება. ვინაიდან ადამიანები შეიძლება ბენზოდიაზეპინზე დამოკიდებული გახდნენ, ეს მედიკამენტი გამოიყენება მოკლე დროით. ზოგჯერ, ასევე, გამოიყენება ანტიფსიქოტიპური მედიკამენტები იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ალკოჰოლური ჰალუცინაციები.

თეთრი ციებ-ცხელება შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და ამ დროს საჭირო ხდება აგრესიული მკურნალობის ჩატარება მაღალი ცხელებისა და მძიმე სიმპტომების გაკონტროლების მიზნით. ადამიანების მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, თუ ეს შესაძლებელია. მკურნალობა მოიცავს შემდეგს:

  • ბენზოდიაზეპინს მაღალი დოზებით, ინტრავენურად;

  • ვიტამინებს მაღალი დოზებით (განსაკუთრებით, თიამინი);

  • სითხეების შეყვანას ინტრავენურად;

  • მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს ცხელებას (როგორიცაა აცეტამინოფენი);

  • მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებს გულისცემის სიხშირესა და სისხლის წნევაზე;

  • გართულებების (როგორიცაა პაკრეატიტი, პნევმონია და კრუნჩხვები) მკურნალობას.

ასეთი მკურნალობით, ჩვეულებრივ, მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 12-24 საათში, თუმცა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება 5-7 დღე გაგრძელდეს. ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელების შემდეგ ვერ იხსენებს მოხსნის სინდრომის მძიმე შემთხვევების დროს მომხდარ ფაქტებს.

მას შემდეგ, რაც მძიმე სამედიცინო პრობლემები გადაიჭრება, შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რთულია ალკოჰოლით გამოწვეული დარღვევები. თუ ადამიანები არ არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულნი, ექიმები მათთან ერთად მსჯელობენ იმ სერიოზული შედეგების შესახებ, რასაც ალკოჰოლიზმი იწვევს, ურჩევენ მათ, რა გზით მოახერხონ ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა და ადგენენ მომდევნო ვიზიტების გეგმას. ამ გეგმის მიხედვით გააკონტროლებენ, როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი და რამდენად სწორად ასრულებენ ისინი მიღებულ რჩევებს.

მძიმე დარღვევების მქონე ადამიანებისთვის უნდა დაიწყოს დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა.

დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია: პირველ ფაზაში ალკოჰოლი მთლიანად ამოიღება ხმარებიდან და პარალელურად ყველა გამოვლენილი სიმპტომის მკურნალობა ტარდება. შემდეგ ალკოჰოლიკები სწავლობენ თავიანთი ქცევის მოდიფიცირების გზებს. დახმარების გარეშე, ალკოჰოლიკების უმეტესობა რამდენიმე დღეში ან კვირაში უბრუნდება ძველ ჩვევას. რეაბილიტაციის პროგრამის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ფსოქოთერაპიულ მეთოდებსა და სამედიცინო მეთვალყურეობის კომბინაციას, შეიძლება დახმარების გაწევა. ადამიანები ხშირად ჩივიან იმის გამო, რომ ძალიან ძნელია ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ისინი სწავლობენ, როგორ განავითარონ და გააძლიერონ ალკოჰოლის მოხმარების შეჩერებისათვის საჭირო მოტივაცია და თავი აარიდონ ისეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება ბიძგი მისცეს მათ ალკოჰოლის მოხმარების თავიდან დასაწყებად. მკურნალობა მორგებულია ცალკეულ ინდივიდზე. ეს პროგრამები ითვალისწინებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების ჩართვას. დახმარება შეუძლია, ასევე, თვითდახმარების ჯგუფებს, როგორიცაა ანონიმური ალკოჰოლიკები.

ზოგჯერ გარკვეული მედიკამენტების (როგორიცაა დისულფირამი, ნალტრექსონი და აკამპოსატი) მიღება შეიძლება დაეხმაროს ალკოჰოლიკებს, რომ თავიდან აიცილონ ალკოჰოლის მიღების სურვილი. თუმცა, მედიკამენტების გამოყენებით შედეგი უფრო ეფექტიანია იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები მოტივირებული არიან, შეუძლიათ თანამშრომლობა და როდესაც მედიკამენტებით მკურნალობა მიმდინარე კონსულტაციების პროცესის ნაწილს წარმოადგენს, შედეგები განსხვავებულია.

დისულფირამი ბლოკავს ალკოჰოლის მიღების სურვილს, რადგან იგი იწვევს სისხლში აცეტალდეჰიდის (ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ალკოჰოლის დაშლის შედეგად) დაგროვებას. აცეტალდეჰიდის ზემოქმედებით ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს. იგი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, 5-10 წუთის განმავლობაში იწვევს სახის ალეწვას, პულსირებად თავის ტკივილს, გულისცემის გახშირებას, სუნთქვის გახშირებას და ოფლიანობას, 30-60 წუთის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. ეს არაკომფორტული, პოტენციურად საშიში რეაქციები გრძელდება 1-დან 3 საათამდე. დისულფირამის მიღების შემდეგ ალკოჰოლის მოხმარების შედეგად განვითარებული დისკომფორტი იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთი ადამიანი რისკავს ალკოჰოლის მიღებას თუნდაც მცირე რაოდენობით, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს ხველებისა და გაციებისთვის ურეცეპტოდ ხელმისაწვდომი მედიკამენტები და, აგრეთვე, ზოგიერთი საკვები. დისულფირამი ყოველდღე მიიღება. თუ ადამიანები შეწყვეტენ დისულფირამის მიღებას, მისი ეფექტიანობა ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობის შემთხვევაში შეზღუდულია. ორსულმა ქალებმა და ადამიანებმა, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ, ასევე, ასაკოვანმა ადამიანებმა დისულფირამი არ უნდა მიიღონ.

დალტრექსონი აქვეითებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ტვინის მიერ გარკვეული ნივთიერებების (ენდორფინები) გამომუშავებაზე, რომლებიც ასოცირდებიან ალკოჰოლის მძაფრ მოთხოვნილებასა და მოხმარებასთან. ეს მედიკამენტი ეფექტიანია, როდესაც იგი მუდმივად მიიღება. მისი გახანგრძლივებული მოქმედების მქონე ფორმები ინექციის გზით შეიყვანება თვეში ერთხელ. ნალტრექსინი, დისოლფირამისაგან განსხვავებით, ადამიანებში არ იწვევს ავადმყოფობისა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას, ამიტომ ზოგიერთმა ადამიანმა ნალტრექსონის მიღების ფონზე შეიძლება ალკოჰოლის მიღება გააგრძელოს. ნალტრექსონი არ უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჰეპატიტი და ღვიძლის სხვა დარღვევები აღენიშნებათ.

ვერნიკეს ენცეფალოპათია

ვერნიკეს ენცეფალოპათია იწვევს ცნობიერების დარღვევას, თვალების პრობლემებს და ბალანსირების უნარის დაკარგვას. დაავადების მიზეზი თიამინის დეფიციტია.

ვერნიკეს ენცეფალოპათიას იწვევს თიამინისა და B ვიტამინის მძიმე დეფიციტი. სხეულში თიამინის მცირე რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს ნახშირწყლების მოხმარებით.

ვერნიკეს ენცეფალოპათია ხშირად ვითარდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ალკოჰოლიზმი, ვინაიდან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით ხანგრძლივად მოხმარება მოქმედებს თიამინის შეწოვის პროცესზე. გარდა ამისა, ალკოჰოლიკები ხშირად არ იღებენ საკმარისი რაოდენობით საკვებს და, შესაბამისად, საკმარის თიამიდს. ვერნიკეს ენცეფალოპათია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მდგომარეობითაც, რომელიც დაკავშირებულია კვების გახანგრძლივებული დეფიციტის შემთხვევაში თიამინის დეფიციტთან. ეს მდგომარეობებია: დიალიზი, მძიმე ღებინება, შიმშილი, კიბო და შიდსი.

სიმპტომები

ვერნიკეს ენცეფალოპათია იწვევს დაბნეულობას, ძილიანობას, თვალების უნებლიე მოძრაობას, თვალების ნაწილობრივ დამბლას (ოფთალმოფლეგია) და ბალანსირების უნარის დაკარგვას. ბალანსის შესანარჩუნებლად ადამიანები მოძრაობენ ფეხების ერთმანეთისაგან დაშორებით და ნელი ნაბიჯებით.

ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესების ფუნქციური უკმარისობა იწვევს ტრემორს, აღგზნებას, სხეულის ტემპერატურის დაცემას, სისხლის წნევის მოულოდნელ, მკვეთრ დაქვეითებას, განსაკუთრებით, ფეხზე დგომის დროს (ორთოსტატიული ჰიპოტენზია) და თავბრუხვევას/გონების დაკარგვას. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა ვერნიკეს ენცეფალოპათიის მიმდინარეობა დამძიმდეს და განვითარდეს კორსაკოფის სინდრომი, კომა და სიკვდილი. მათი კომბინაცია ცნობილია ვერნიკე-ლორსაკოფის სახელწოდებით.

დიაგნოზი

ექიმები ვარაუდობენ ვერნიკეს ენცეფალოპათიის არსებობას იმ ადამიანებში (განსაკურებით, ალკოჰოლიკებში), რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი სიმპტომები და კვების ან თიამინის ნაკლებობა.

ამ დროს კეთდება სხვადასხვა ტესტი, როგორიცაა შაქრის დონის განსაზღვრა სისხლში, სისხლის უჯრედების საერთო რაოდენობის გამოკვლევა, ღვიძლის ფუნქციების დადგენა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რათა გამოირიცხოს სხვა მიზეზები. თიამინის დონის განსაზღვრა რუტინულად არ კეთდება.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, დროულად დაისმება თუ არა დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა. სწრაფად დაწყებული მკურნალობით შეიძლება ყველა დარღვევის კორექცია. მკურნალობის გარეშე დაახლოებით 10-დან 20%-მდე ადამიანი კვდება.

მკურნალობა

მკურნალობა სასწრაფოდ იწყება თიამინის ინექციით ვენაში ან კუნთებში ყოველდღიურად, 3-დან 5 დღემდე მაინც. ასევე, გამოიყენება მაგნიუმის ოქსიდი ინექციის გზით ან ორალურად, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ თიამინის გამომუშავებას. საჭიროა აგრეთვე სითხით დატვირთვა და მულტივიტამინების მიცემა. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროლიტების (კალიუმი) ბალანსი დარღვეულია, ხდება მათი კორექცია. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. ვერნიკეს სინდრომის მქონე ადამიანებმა ალკოჰოლის მიღება უნდა შეწყვიტონ. პირველადი მკურნალობის შემდეგ საჭიროა თიამინის ორალურად მიღების გაგრძელება.

კორსაკოფის სინდრომი

კორსაკოფის სინდრომი (კორსაკოფის ამნეზიური სინდრომი) იწვევს მეხსიერების დაკარგვას, განსაკუთრებით, ახლახან მომხდარი ფაქტების მიმართ, ცნობიერების დარღვევასა და აპათიას.

კორსაკოფის სინდრომი ვითარდება არანამკურნალები, ვერნიკეს ენცეფალოპათიის მქონე ადამიანების 80%-ში. კორსაკოფის სინდრომის განვითარების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს თეთრი ციებ-ცხელების შეტევა, ვერნიკეს ენცეფალოპათიის არსებობის ან არარსებობის შემთხვევებშიც. სხვა მიზეზები მოიცავს თავის ტრავმას, ინსულტს, ტვინში სისხლჩაქცევას და, იშვიათად, ტვინის სხვადასხვა სიმსივნის არსებობას.

კორსაკოფის სინდრომის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ მეხსიერების დაკარგვა ახლახან მომხდარ ფაქტებზე. ზოგჯერ ისინი ცდილობენ დამაჯერებლად ისაუბრონ, რომ გადაფარონ გახსენების უნარის დაკარგვა (კონფაბულაცია). მათ არ აქვთ დროის შეგრძნება. ადამიანები დაბნეულები და აპათიურები ხდებიან და არ რეაგირებენ მოვლენებზე, ზოგჯერ ჩხუბზეც კი. ამ სინდრომის მქონე 5 ადამიანიდან საშუალოდ 1 შეიძლება გამოჯანმრთელდეს. ზოგიერთებს სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება ესაჭიროებათ.

ექიმები დიაგნოზის დასმის დროს ეყრდნობიან სიმპტომებს, კერძოდ, კონფაბულაციის არსებობას იმ ადამიანებში, რომელთა მდგომარეობა შეიძლება კორსაკოფის სინდრომით იყოს გამოწვეული.

მკურნალობისთვის გამოიყენება თიამინისა და სითხეების ინტრავენური გადასხმა. პირველადი მკურნალობის შემდეგ საჭიროა თიამინის დანამატების ორალურად მიცემის გაგრძელება.

გამოჯანმრთელება დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ მიზეზი არის თავის ტრავმა ან ტვინში სისხლჩაქცევა, ადამიანები მკურნალობის შედეგად ჯანმრთელდებიან. თუ მიზეზი ვერნიკეს ენცეფალოპათიაა, გამოჯანმრთელების შანსი უფრო დაბალია, მხოლოდ დაახლოებით 20% სრულად ჯანმრთელდება, ხოლო 25%-ს სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობა ესაჭიროება. მდგომარეობის გაუმჯობესებას თვეები სჭირდება და იგი 2 წელს ან მეტხანს გრძელდება.