ანაბოლური სტეროიდები | მკურნალი.გე
  1. ანაბოლური სტეროიდები
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ანაბოლური სტეროიდები

  • ანაბოლური ჰორმონების მომხმარებლები უფრო ხშირად არიან ათლეტები, რომლებიც ცდილობენ მოიძიონ ისეთი საშუალებები, რომლებიც კუნთების გაზრდას, მათ სიძლიერესა და ენერგიულობას შეუწყობს ხელს;

  • ანაბოლური ჰორმონები ზრდის კუნთების ზომას, მაგრამ მათი მოხმარება იწვევს ბევრ გვერდით მოვლენას, როგორიცაა ხასიათის ცვლილებები, აგრესიული ქცევები, აღგზნებადობა და აკნე;

  • ეს ნივთიერებები შეიძლება შარდში აღმოჩნდეს 6 თვის განმავლობაში;

  • მკურნალობა მათი მიღების შეწყვეტაში გამოიხატება.

ანაბოლურ ფორმულებს ეკუთვნის ჰორმონი ტესტოსტერონი და მსგავსი მედიკამენტები. მათ ახასიათებთ ბევრი ფიზიკური ეფექტი, კერძოდ, ისინი ხელს უწყობენ კუნთების გაზრდას და ძალისა და ენერგიულობის გაძლიერებას. ამიტომ ეს მედიკამენტები არაკანონიერად გამოიყენება სპორტული შეჯიბრებების დროს კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. მომხმარებლები ხშირად არიან ათლეტები, ტიპურ შემთხვევებში – ფეხბურთელები, შტანგისტები. მათი უმეტესობა მამაკაცია. სამედიცინო თვალსაზრისით, ანაბოლური ჰორმონები გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დაქვეითების (ჰიპოგონადიზმი) დროს და ზოგჯერ კუნთების დასუსტების პრევენციის მიზნით იმ ადამიანებში, რომლებიც საწოლზე მიჯაჭვულები არიან ან აქვთ მძიმე დამწვრობა, კიბო ან შიდსი.

ეს მედიკამენტები გამოიყენება ორალურად, კუნთებში ინექციის გზით ან კანზე აპლიკაციების სახით (გელის ფორმით).

ათლეტებმა სტეროიდები შეიძლება მიიღონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ შეწყვიტონ მისი მიღება და კვლავ თავიდან დაიწყონ წელიწადში რამდენიმეჯერ. ამ პროცესს უწოდებენ ციკლურად გამოყენებას. ათლეტები აგრეთვე ხშირად ბევრ სტეროიდს ერთად იღებენ (თავმოყრა) სხვადასხვა მეთოდით (ორალურად, ინექციის გზით ან აპლიკაციების სახით). მათ, ასევე, შეუძლიათ დოზის გაზრდა ციკლური გამოყენების პერიოდში (პირამიდულობა). პირამიდულობის დროს შეიძლება ძალიან დიდი დოზები იქნეს გამოყენებული. ციკლურობის, თავმოყრის და პირამიდულობის მეთოდები გამიზნულია სასურველი ეფექტების გასაძლიერებლად და დამაზიანებელი ეფექტების მინიმიზირების მიზნით, თუმცა, ამის დამადასტურებელი ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს.

თუ სტეროიდები სამკურნალო დოზებით გამოიყენება, ისინი მცირე პრობლემებს იწვევს. თუმცა, ათლეტები ამაზე 10-50-ჯერ მეტ დოზასაც კი იღებენ.

სიმპტომები

სტეროიდები ზრდის კუნთების ზომას. თუ რამდენად გაიზრდება კუნთების ზომა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი რაოდენობის მედიკამენტი გამოიყენება.

სტეროიდებს მთელი რიგი ფსიქოლოგიური ეფექტები აქვს (ჩვეულებრივ, დიდი დოზების მიღების შემთხვევებში):

  • ხასიათის გამოხატული ცვალებადობა

  • არარაციონალური ქცევები

  • აგრესიულობის გაძლიერება

  • გაღიზიანება

  • სექსის მართვის (ლიბიდო) მომატება მამაკაცებში და ზოგჯერ ქალებში

  • დეპრესია

აკნეს მომატება ხშირია ორივე სქესის წარმომადგენლებში. ლიბიდომ შეიძლება მოიმატოს ან, იშვიათად, პირიქით, დაიკლოს. აღინიშნება აგრესიულობა და მადის მომატება. მამაკაცებში შეიძლება გაიზარდოს ძუძუები (გინეკომასტია), სათესლე ჯირკვლები დაპატარავდეს და სპერმის რაოდენობა შემცირდეს. ქალებში ძალიან ხშირია მასკულინიზაციის ნიშნების გამოვლინება, როგორიცაა თმის დაცვენა, ჭარბთმიანობა სხეულზე (ჰირსუტიზმი), კლიტორის გადიდება და ხმის დაბოხება. ასევე, შეიძლება სარძევე ჯირკვლები გაიზარდოს და საშოს ლორწოვანი გათხელდეს, რაც ამცირებს მის ელასტიკურობას (ატროფია). მენსტრუაციის ციკლი შეიძლება დაირღვეს ან საერთოდ შეწყდეს. გინეკომასტია მამაკაცებში და მასკულინიზაცია ქალებში შეიძლება შეუქცევადი გახდეს.

მოზარდებში სტეროიდებმა შეიძლება იმოქმედოს ზედა და ქვედა კიდურების ძვლების განვითარებაზე.

ხანგრძლივი გამოყენებისას სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი პროდუქცია და სისხლში ცხიმის (ლიპიდები) მომატება. დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინების – ცუდი ჰოლესტერინის დონე მატულობს და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების –კარგი ქოლესტერინის დონე ქვეითდება.

დიაგნოზი

შარდის ანალიზი კეთდება შარდში ანაბოლური ჰორმონების დაშლის პროდუქტების გამოსავლენად. ამ პროდუქტების აღმოჩენა შეიძლება ანაბოლური ჰორმონების მიღების შეწყვეტიდან კიდევ 6 თვის განმავლობაში.

პრევენცია

მოზარდებს და ახალგაზრდებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება საშუალო სკოლის ასაკში სტეროიდების მიცემით გამოწვეული რისკების შესახებ. აგრეთვე პროგრამების გამოყენებით მათ უნდა მიეწოდოთ ალტერნატიული ინფორმაცია ისეთი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რომლის გამოყენებით შეიძლება კუნთების ზომების გაზრდა და აქტივობების უნარის გაძლიერება. ასეთი პროგრამები მოიცავს ჯანსაღი კვების და წონის კონტროლის წესებსაც.

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდია მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ანაბოლურ ჰორმონებზე პრაქტიკულად არ ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კონკურსში მონაწილე ბოდიბილდინგებში იგი შესაძლოა განვითარდეს. გინეკომასტიის არსებობისას ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა.