მარიხუანა | მკურნალი.გე
  1. მარიხუანა
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
მარიხუანა

  • მარიხუანა იწვევს ძილის მდგომარეობის და კარგი გუნება-განწყობის შეგრძნებას, ამავე დროს, რეალობის აღქმის გაუკუღმართებას;

  • მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს;

  • მარიხუანას აღმოჩენა შეიძლება შარდში მისი გამოყენებიდან რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში;

  • მკურნალობა მდგომარეობს კონსულტაციის ჩატარებაში, რაც იმ შემთხვევაშია ეფექტიანი, თუ ადამიანი მოტივირებულია, შეწყვიტოს მარიხუანას გამოყენება.

მარიხუნას (კანაფი) გამოყენება ფართოდაა გავრცელებული. სტუდენტებს შორის ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა მარიხუანას გამოყენების სხვადასხვა ვარიაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარიხუანა ხშირად გამოიყენება მოსაწევად სიგარეტის ფორმით, რომელიც მზადდება მცენარის გამომშრალი ყლორტების, ფოთლების და ყვავილებისგან (Cannabis sativa ან Cannabis indica). მარიხუანა ასევე გამოიყენება, როგორც ჰაშიში – მცენარისგან დაპრესილი ფისი (კუპრისებრი ნივთიერება). მარიხუანას აქტიური ინგრედიენტია ტერაჰიდროკანაფი (დჰკ), რომელიც სხვადასხვა ფორმით არსებობს. მათ შორის, ყველაზე მეტად ცნობილია დელტა-9-THC. დრონაბინოლი, დელტა-9-THC-ის სინთეტიკური ფორმა ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად და შიდსით დაავადებულებში მადის გასაძლიერებლად გამოიყენება.

ზოგიერთი ადამიანი მარიხუანას პერიოდულად იყენებს ყოველგვარი სოციალური და ფსიქოლოგიური დისფუნქციისა და მასზე დამოკიდებულების განვითარების გარეშე, თუმცა, ზოგიერთი მასზე დამოკიდებული ხდება.

სიმპტომები

მარიხუანა ანელებს ტვინის აქტივობას, იწვევს ძილიანობას, რომლის დროსაც აზრების ურთიერთკავშირი ირღვევა და, ზოგადად, აზროვნება გაფანტული ხდება. იგი სუსტი ფსიქოგენური საშუალებაა, რომელიც ფერისა და სივრცის შეგრძნების დარღვევასა და გაძლიერებას იწვევს. ფერები ამ დროს უფრო კაშკაშად აღიქმება და ხმები უფრო ძლიერად ისმის, შეიძლება აღინიშნოს მადის მომატებაც. მარიხუანა ზოგად დაძაბულობას ხსნის და ადამიანს კარგ გუნება-განწყობილებაზე აყენებს. ეგზალტაციის, აღგზნებადობისა და შინაგანი სიხარულის განცდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაციაში მიიღო ადამიანმა მარიხუანა, მარტო ყოფნისას თუ ადამიანების ჯგუფთან ერთად და როგორი იყო საწყისი გუნება-განწყობილება. მარიხუანას მიღებისას ქვეითდება კოორდინაციის უნარი, რეაგირების ხარისხი და აღქმისა და შეგრძნების სიმწვავე, ამიტომ ამ დროს საჭის მართვა ან მძიმე სამუშაოს შესრულება სახიფათოა. სხვა ეფექტები მოიცავს გულისცემის გახშირებას, თვალებში სისხლჩაქცევებსა და პირის ღრუს სიმშრალეს. ეფექტი დაახლოებით 4-დან 6 საათამდე გრძელდება.

ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მოიხმარს მარიხუანას, ეუფლება აღგზნებადობა, პანიკაში ვარდება ან პარანოიდული რეაქციები ემართება. თუ ადამიანებს აქვთ ფსიქოზი (რეალობის აღქმის დაკარგვა), როგორიცაა შიზოფრენია, მარიხუანას გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს ან გამოიწვიოს ახალი სიმპტომები.

გართულებები: ადამიანებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით მარიხუანას მოიხმარენ, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ბრონქიტები, ქოშინი, ხველა, ხშირად ნახველით, თუმცა, მარიხუანას ყოველდღიურ მწეველებშიც კი არ ვითარდება სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მარიხუანას მომხმარებლებში იზრდება თავის, ყელის ან სასუნთქი გზების კიბოს განვითარების რისკი, განსხვავებით თამბაქოს მწეველებისგან.

ორსულ ქალებს, რომლებიც მარიხუანას იყენებენ, შეიძლება გაუჩნდეთ უფრო დაბალწონიანი ახალშობილები, ვიდრე არამომხმარებელ ორსულ ქალებს, თუმცა, ეს არ არის თვალსაჩინო და ბოლომდე დადასტურებული. დელტა-9-THC გადადის ქალის რძეში, მაგრამ პირდაპირი დამაზიანებელი ეფექტები ახალშობილებში არ არის გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, ორსულ და მეძუძურ დედებს ურჩევენ, არ მოსწიონ მარიხუანა.

მოხსნის სინდრომი: მარიხუანას სხეულიდან გამოსვლის პროცესი ნელა მიმდინარეობს, დაახლოებით რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამიტომ მოხსნის სიმპტომების განვითარების ტენდენცია მინიმალურია. მარიხუანას ხშირი და დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევებში, მისი უეცარი შეწყვეტა იწვევს გარკვეული სიმპტომების განვითარებას შეწყვეტიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ და იგი გრძელდება 7 დღის განმავლობაში. ეს სიმპტომები მოიცავს: უძილობას, გაღიზიანებას, დეპრესიას, გულისრევასა და მადის დაქვეითებას.

დიაგნოზი და მკურნალობა

შარდის ტესტირებით შეიძლება მარიხუანას აღმოჩენა მისი თუნდაც ეპიზოდურად გამოყენებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. რეგულარულ მომხმარებლებში ამ ტესტით შეიძლება მედიკამენტის აღმოჩენა უფრო ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც, რადგან მარიხუანა ნელა გამოდის ორგანიზმიდან. შარდის ტესტი ეფექტიანი საშუალებაა იმისათვის, რომ დადგინდეს მარიხუანას მოხმარების ფაქტი. ამასთან, ანალიზის დადებითი პასუხი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ პიროვნება მარიხუანას მომხმარებელია და არ ადასტურებს, რომ პიროვნება ამჟამად არის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მარიხუანას მოხმარების შეწყვეტა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კვალიფიციური კონსულტაციების, ქცევითი მოდიფიკაციისა და შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობის მიზნით შემუშავებულ სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. თუმცა, ძნელად მისაღწევია ზემოქმედება მომხმარებელთა მოტივაციაზე, რომ მათ შეწყვიტონ მარიხუანას მოხმარება, ან მათ მზაობაზე, დისტანცირება მოახდინონ რეგულარული მომხმარებლების სოციალური ჯგუფიდან.