ქრონიკული დაღლილობის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  2. უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები
  3. საგანგებო საკითხები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გულისხმობს ხანგრძლივად არსებულ ძლიერ და შესაძლებლობების შემზღუდავ დაღლილობას, რომელსაც რაიმე დადგენილი ორგანული ან ფსიქოლოგიური მიზეზი არ აქვს.

  • აუხსნელი დაღლილობა 6 თვეზე დიდხანს გრძელდება;

  • ზოგჯერ დაავადება გრიპისმაგვარი სიმპტომებით იწყება;

  • ეფექტიანი მკურნალობა არ არსებობს, თუმცა, სიმპტომები შესაძლოა დროთა განმავლობაში თავისით შემსუბუქდეს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სავარაუდოდ, 100000-დან 38 ადამიანს სჭირს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცაღა, ბოლო დროს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იგი ბევრად უფრო გავრცელებული შეიძლება იყოს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ძირითადად, 20-50 წლის ასაკში ვლინდება და 1,5-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

მიზეზები

საკმაოდ ბევრი კვლევის მიუხედავად, დაავადების მიზეზი მაინც დაუდგენელია. ექიმები ვერც იმაზე თანხმდებიან, ერთი გამომწვევი აქვს პათოლოგიას თუ მრავალი, და ორგანულია იგი თუ ფსიქოლოგიური.

ზოგი კვლევის მიხედვით, მიზეზი შეიძლება ებშტეინ-ბარის, წითურას, ჰერპესის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექცია იყოს. თუმცაღა, დღევანდელი მონაცემებით, ეს, სავარაუდოდ, ასე არ არის. უცნობია, ეს დაავადება სხვა ინფექციებს უკავშირდება თუ არა.

არსებობს მონაცემები, რომ პათოლოგიას შესაძლოა იმუნურ სისტემაში დარღვევები იწვევდეს. ასევე სავარაუდო მიზეზებია ალერგიები (ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანთა 65% ალერგიულია), ჰორმონული დისბალანსი, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შემცირება და საკვებში ზოგი ნივთიერების ნაკლებობა.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხშირად ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა წევრში ვითარდება, რაც შესაძლოა მის ინფექციურ წარმოშობაზე მიუთითებდეს. ამასთანავე, ერთი ოჯახის წევრები შეიძლება მსგავსად რეაგირებდნენ ერთნაირ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესზე.

ზოგი მკვლევრის აზრით, ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი ავადმყოფობის მერე გამოჯანმრთელების პროცესში.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ საბოლოოდ დაავადებას მრავალი მიზეზი აღმოაჩნდება, გენეტიკური წინასწარგანწყობის, მიკრობების, ტოქსინებისა და სხვა ფიზიკური თუ ემოციური ფაქტორების ჩათვლით.

სიმპტომები და დიაგნოზი

ძირითადი სიმპტომია დაღლილობა, რომელიც 6 თვეზე დიდხანს გრძელდება და იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ხელი ეშლება ყოველდღიურ საქმიანობაში. დაღლილობა ვლინდება გაღვიძებისასაც და შემდეგ რჩება მთელი დღე. იგი კიდევ უფრო იმატებს ფიზიკური დატვირთვის ან სტრესის შედეგად. თუმცა, იშვიათად დგინდება კუნთების სისუსტე, სახსრების ან ნერვების პათოლოგია. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს გრიპისმაგვარი ავადმყოფობის შემდეგ, რომელსაც ლიმფური კვანძების მტკივნეულობა ან ტკივილი ახლდა თან. ამ შემთხვევაში ადამიანს თავიდან ცხელება და სურდო აქვს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში დაღლილობას წინ გრიპისმაგვარი ავადმყოფობა არ უძღვის. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, ყელისა და თავის, სახსრების, კუნთებისა და მუცლის ტკივილი.

დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიული კვლევები არ არსებობს. შესაბამისად, ექიმმა ჯერ მსგავსი გამოვლინებების მქონე სხვა დაავადებები უნდა გამორიცხოს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ფსიქოლოგიური პრობლემები, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის, ანთებითი ან თირკმლის დაავადებების ადრეული სტადია. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ ისმება, რაც დაღლილობის სხვა მიზეზის აღმოჩენა ვერ მოხერხდება, წამლების გვერდითი მოვლენების ჩათვლით.

მკურნალობა

შემთხვევათა უმრავლესობაში, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომები დროთა განმავლობაში მსუბუქდება.

ხანგრძლივი, ხშირი წოლითი რეჟიმი ადამიანს კიდევ უფრო ასუსტებს და დაავადებას აუარესებს. დაღლილობის შესამცირებლად და ფიზიკური ამტანობის გასაუმჯობესებლად კარგია ექიმის ზედამხედველობის ქვეშ რეგულარული, აერობული ვარჯიშის თანდათან დაწყება. ამაში შედის სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება ან სირბილი. ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები ამისთვის საუკეთესო ვარიანტია. ასევე ეფექტიანი შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევითი თერაპიის ჩათვლით.

დაავადების სამკურნალოდ ბევრი სხვადასხვა წამალი და ალტერნატიული მეთოდია ნაცადი. ზოგ ადამიანს შველის ანტიდეპრესანტები და კორტიკოსტეროიდები, თუმცა, ყველასთვის ეფექტიანი წამალი ჯერ არ არსებობს. რთულია იმის განსაზღვრაც, მკურნალობა შედეგიანია თუ არა, რადგან სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული სიმპტომები აქვს და ისინი თავისით ვლინდება და ქრება ხოლმე.

კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რაც საუკეთესო საშუალებაა სამკურნალო მეთოდების ეფექტიანობის შესაფასებლად, არ აჩვენა არც ერთი წამალი, რომელიც ნამდვილად გამოსადეგი იქნებოდა დაავადების დროს. ძირითადად, უშედეგო აღმოჩნდა მკურნალობის მეთოდები, რომლებიც სავარაუდო მიზეზებისკენ იყო მიმართული, მაგალითად, ინტერფერონის გამოყენება, იმუნოგლობულინის ინტრავენური ინექციები და ანტივირუსული საშუალებები. ხშირად იყენებენ საკვებ დანამატებს, მაგალიტად, ენოთერას ზეთს, თევზის ქონს და ვიტამინებს მაღალი დოზით, მაგრამ მათი შედეგიანობა დამტკიცებული არ არის. სხვა ალტერნატიული მეთოდები (მაგ. ესენციური ცხიმოვანი მჟავების, ცხოველის ღვიძლის ექსტრაქტის მიღება, რაციონიდან ზოგი საკვები პროდუქტის ამოღება ან კბილის ბჟენების მოცილება) ასევე უშედეგო აღმოჩნდა.