1. სპარსეთის ყურის ომის სინდრომი
  2. უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები
  3. საგანგებო საკითხები
სპარსეთის ყურის ომის სინდრომი

სპარსეთის ყურის ომის სინდრომში იგულისხმება იმ სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც უვლინდებოდა 1992 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილე 100 000-ზე მეტ ამერიკელ, ბრიტანელ და კანადელ ვეტერანს.

  • ამ ომის ზოგ ვეტერანს სხვადასხვა სიმპტომი განუვითარდა;

  • ამ ჯარისკაცებზე მრავალმა მავნე ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია;

  • სიმპტომების უმრავლესობა ნერვულ სისტემას მოიცავს;

  • სინდრომი არ ზრდის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და არ იწვევს ნაადრევ სიკვდილს.

სპარსეთის ყურის ომის სინდრომი კარგად არაა შესწავლილი. უკან დაბრუნების შემდეგ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებს სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ, მათ შორის, თავის ტკივილი, დაღლილობა, უძილობა, სახსრებისა და გულმკერდის ტკივილი, გამონაყარი კანზე და დიარეა. თუმცაღა, უმრავლეს შემთხვევაში იმ სიმპტომების (მაგ. თავის ტკივილისა და გულისრევის) ობიექტურად დადასტურება, რომელსაც პაციენტი უჩიოდა, ექიმს არ შეეძლო. მაშინაც კი, თუ ხილული პათოლოგია, მაგალითად, გამონაყარი ვლინდებოდა, მიზეზის დადგენა ვერ ხერხდებოდა.

სპარსეთის ყურის ომის სინდრომის მიზეზი უცნობია. ჯარისკაცებზე მრავალი პოტენციურად მავნე ნივთიერება მოქმედებდა, მათ შორის, ქიმიური იარაღი, გაღარიბებული ურანის ბირთვული იარაღი, მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და ჭაბურღილების წვისას წარმოქმნილი კვამლი. ჯარისკაცებს, ასევე, შეიძლება ჰქონოდათ კონტაქტი ბენზინის გამაღიზიანებელ პროდუქტებთან, დეკონტამინაციის ხსნარებთან და ჰაერში არსებულ მრავალ ალერგიულ ნივთიერებასთან. ომში მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცებს ჯილეხზეც გაუკეთდათ აცრა ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის მიზნით და არსებობდა ვარაუდი, რომ ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო სინდრომის მიზეზი. თუმცაღა, მსგავსი სიმპტომები ამ ვაქცინას სხვა ადამიანებში არ გამოუწვევია. სავარაუდო მიზეზად დასახელებული იყო ქიმიური იარაღის სასიკვდილო მოქმედების თავიდან ასაცილებლად პირიდოსტიგმინის გამოყენებაც. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან სარწმუნოდ არც ერთი არ უკავშირდება სპარსეთის ყურის ომის სინდრომს. ბევრ ჯარისკაცს სიმპტომები არ ჰქონია, ბევრი მათგანის შემთხვევაში კი, ვისაც სინდრომი გამოუვლინდა – არ დადგინდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ზემოქმედება.

სიმპტომები

სიმპტომები ძირითადად ნერვულ სისტემას მოიცავს და ვლინდება მეხსიერების, ლოგიკური მსჯელობის, კონცენტრაციისა და ყურადღების პრობლემები, ჩაძინების გაძნელება, დეპრესია, დაღლილობა და თავის ტკივილი. ასევე, აღინიშნება დეზორიენტაცია, თავბრუხვევა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია), კუნთების ტკივილი და სისუსტე, სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება, დიარეა, გამონაყარი, ხველა და ტკივილი გულმკერდის არეში.

დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები კარგად არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ექიმები, ძირითადად, სიმპტომების შემსუბუქებას ცდილობენ. სპარსეთის ყურის ომის სინდრომის მქონე ვეტერანებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივეა, რაც იმავე ასაკის ჩვეულებრივ მოსახლეობაში.