ქიმიური ნაერთებისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. ქიმიური ნაერთებისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი
  2. უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები
  3. საგანგებო საკითხები
ქიმიური ნაერთებისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი

ქიმიური ნაერთებისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს გარემოში გავრცელებული ზოგიერთი იდენტიფიცირებადი ან არაიდენტიფიცირებადი ნივთიერების დაბალმა შემცველობამაც.

  • სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისცემის გახშირება, ტკივილი გულმკერდში, ოფლიანობა, ქოშინი, დაღლილობა, წამოწითლება და თავბრუხვევა;

  • ალერგიების გამოსარიცხად გამოკვლევები ტარდება;

  • მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, ზოგი ნივთიერების მორიდებას ან ორივეს.

ქიმიური ნაერთებისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ამასთანავე, იგი აღენიშნება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანთა 40%-ს და ფიბრომოალგიის მქონეთა 16%-ს.

ზოგი ექიმი თვლის, რომ სინდრომი ფსიქოლოგიურია – სავარაუდოდ, შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახე – აგორაფობიის (საზოგადოებაში ყოფნის შიშის) ან პანიკური შეტევების მსგავსი. სხვების აზრით, დაავადება შეიძლება ალერგიული რეაქციის გამოვლინება იყოს. ამ დროს ზოგჯერ აღინიშნება სხვადასხვა ცვლილება იმუნურ სისტემაში, რაც ემხრობა ალერგიას, როგორც მიზეზს. მაგრამ, ეს ცვლილებები სინდრომის მქონეებში სულ სხვადასხვანაირია და გამომწვევი მაინც დაუდგენელი რჩება.

სიმპტომები და დიაგნოზი

ზოგჯერ სიმპტომები დიდი რაოდენობით სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერების მოქმედების პირველივე ჯერზე ვლინდება. ადამიანები ამ ნაერთებს აბრალებენ სიმპტომებს, მაგრამ ეს, როგორც წესი, ვერ მტკიცდება.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულმკერდში, ოფლიანობა, ქოშინი, დაღლილობა, წამოწითლება, თავბრუხვევა, გულისრევა, მოხრჩობის შეგრძნება, კანკალი, დაბუჟება, ხველა, ხმის ჩახლეჩა და კონცენტრაციის გაძნელება.

ექიმი დიაგნოზს ამ გამოვლინებებზე დაყრდნობით სვამს. სინდრომის არსებობა კიდევ უფრო სავარაუდო ხდება, თუ სიმპტომები:

  • ვლინდება ქიმიური ნივთიერების განმეორებით მოქმედებისას;

  • ვლინდება ნივთიერების იმაზე ბევრად ნაკლები რაოდენობის მოქმედებისას, ვიდრე ადრე იტანდა ან სხვა ადამიანები იტანენ;

  • ქრება იმ გარემოს დატოვების შემდეგ;

  • ვლინდება მრავალი სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირის არმქონე ქიმიური ნაერთის მოქმედებისას.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულმკერდში, ოფლის დასხმა, ქოშინი, დაღლილობა, წამოწითლება, თავბრუხვევა, გულისრევა, მოხრჩობის შეგრძნება, კანკალი, დაბუჟება, ხველა, ხმის ჩახლეჩა და კონცენტრაციის გაძნელება.

ალერგიული დაავადებების დაიგნოსტიკისთვის კეთდება გამოკვლევები, მათ შორის, სისხლის ანალიზები და კანის სინჯები.

მკურნალობა

მკურნალობა, ძირითადად, მოიცავს იმ მავნე ნივთიერებების მორიდებას, რომლებიც, სავარაუდოდ, სიმპტომებს იწვევს. თუმცა, ეს საკმაოდ ძნელია ხოლმე, რადგან მრავალი ნაერთი ფართოდაა გავრცელებული გარემოში. ზედმეტი იზოლაციაც არ არის კარგი. ზოგჯერ ეფექტიანია ფსიქოთერაპია, მაგრამ არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ დაავადება ფსიქოლოგიურია. ის, უბრალოდ, ეხმარება ადამიანებს სიმპტომებთან გამკლავებაში.