1. გონორეა
  2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  3. ინფექციები
გონორეა

გონორეა არის სექსუალური გზით გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია – Neisseria gonorrhoeae, რომელიც აინფიცირებს შარდსადენს, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის ლორწოვანს ან თვალის გარეთა ნაწილის დამფარავ მემბრანებს (კონიუნქტივა და რქოვანა).

  • გონორეა, ჩვეულებრივ, ვრცელდება სექსუალური კონტაქტით;

  • ადამიანებს აქვთ გამონადენი პენისიდან ან საშოდან და ხშირი და მოულოდნელი შარდვა.

  • იშვიათად გონორეა აინფიცირებს სახსრებს, კანს ან გულს;

  • გამონადენის ნიმუშის მიკროსკოპული გამოკვლევით, ან დათესვით, ან შარდის დნმ-ზე ტესტირებით ინფექციის დადგენა შეიძლება;

  • ანტიბიოტიკების გამოყენებით ინფექციის განკურნება შეიძლება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გონორეის გამოვლენის შემთხვევების რიცხვმა 75%-მდე მას შემდეგ დაიკლო, როდესაც მისი პიკი 1985 წელს დაახლოებით 900000 იყო, თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, შემთხვევების დონემ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოიმატა და 2006 წელს დაახლოებით 360000 შემთხვევა გამოვლინდა.

გონორეა თითქმის ყოველთვის სექსუალური კონტაქტით ვრცელდება. ინფიცირებულ ადამიანთა ვაგინალური ურთიერთობის ერთი ეპიზოდის შემთხვევაში ქალიდან მამაკაცზე ინფექციის გავრცელების შანსი დაახლოებით 20%-ია. ასევე, მაღალია გავრცელების შანსი მამაკაციდან ქალზე. თუ ორსული ქალი დაინფიცირებულია, ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს მშობიარობის პროცესში და იმოქმედოს ნაყოფის თვალებზე, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ინფექციის ამგვარი გავრცელება აღარ ხდება, ვინაიდან მშობიარობის შემდეგ ყველა ახალშობილს რუტინულად უტარდება მკურნალობა მალამოებით.

გონორეის მქონე ბევრ ადამიანს სექსუალური გზით გადამდები სხვა დაავადებებიც აქვს, როგორიცაა ქლამიდიური ინფექცია, სიფილისი და ადამიანის იმუნოდეფიციტით გამოწვეული ინფექცია.

სიმპტომები

მამაკაცებში სიმპტომები ინფიცირებიდან 3-დან 10 დღეში იწყება. ჩვეულებრივ, გონორეა სიმპტომებს მხოლოდ პირველადი დაინფიცირების ადგილებში იწვევს. ზოგიერთ ადამიანს ინფექცია უვითარდება სისხლის ნაკადით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით კანზე, სახსრებში ან ორივეში ერთად.

მამაკაცები გრძნობენ სუსტად ან ძლიერად გამოხატულ ტკივილს მოშარდვის დროს, აღენიშნებათ პენისიდან მოყვითალო ჩირქოვანი გამონადენი და ხშირი შარდვა. პენისის თავი შეიძლება წითელი გახდეს და შეშუპდეს. ბაქტერია ზოგჯერ შეიძლება გავრცელდეს ეპიდიდმისზე (კონუსისებური ფორმის დანამატი თითოეული სათესლე ჯირკვლის თავზე), რომელიც შუპდება და შეხებით მგრძნობიარე ხდება.

დაინფიცირებული ქალების დაახლოებით 10-20%-ს სიმპტომები არ აღენიშნებათ, ამიტომ ინფექციის გამოვლენა მხოლოდ სკრინინგით ან მათი პარტნიორი მამაკაცის ინფექციის აღმოჩენისას შეიძლება. ტიპურ შემთხვევებში სიმპტომები ინფიცირებიდან 10 დღეში ჩნდება. ზოგიერთი ქალი გენიტალიების მიდამოებში დისკომფორტს გრძნობს და საშოდან ჩირქის მსგავსი გამონადენი აქვს. თუმცა, შეიძლება ქალებს მძიმე სიმპტომებიც ჰქონდეთ, როგორიცაა გახშირებული შარდვა, მოშარდვის პროცესში ტკივილი, შეიძლება დაეწყოს ცხელება, რადგან ამ დროს დიდი შანსია, შარდსადენი დაინფიცირდეს.

ბაქტერია ხშირად ვრცელდება გენიტალიურ ტრაქტში და საკვერცხეებისა და შარდსადენის შემაერთებელ მილებს (ფალოპის მილები) აინფიცირებს. ეს ინფექცია, სახელწოდებით სალპინგიტი ან მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, იწვევს ძლიერ ტკივილებს მუცლის ქვედა ნაწილში, განსაკუთრებით სექსუალური ურთიერთობის დროს. ზოგიერთ ქალს შეიძლება მუცლის ღრუს შიდა ფენის (Peritoneum)ანთება განუვითარდეს. ეს ანთება, სახელწოდებით პერიტონიტი, მთელ მუცელში ძლიერ ტკივილს იწვევს. მუცლის ღრუს ინფექცია შეიძლება ღვიძლის ირგვლივ განვითარდეს. ინფექცია, რომელსაც უწოდებენ პერიჰეპატიტს ან Fitz-Hugh-Curtis სინდრომს, იწვევს ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში. ქალებს, რომლებსაც მენჯის ღრუს ანთება აქვთ, უნაყოფობისა და საშვილოსნოს გარე ორსულობის მომატებული რისკი აღენიშნებათ.

ინფიცირებულ პარტნიორთან ანალური სექსის გზით შეიძლება სწორი ნაწლავის გონორეა განვითარდეს, რომელიც ტკივილს დეფეკაციის დროს იწვევს. სხვა სიმპტომები მოიცავს შეკრულობას, წვას, სისხლდენასა და გამონადენს სწორი ნაწლავიდან. ანუსის ირგვლივ კანი შეიძლება წითელი და დაზიანებული გახდეს, განავალი კი ლორწოთი და ჩირქით დაიფაროს. როცა ექიმი სწორ ნაწლავს ვიდეოთვალით (ანოსკოპი) იკვლევს, სწორი ნაწლავის კედელზე შეიძლება გამოჩნდეს ლორწო და ჩირქი.

ინფიცირებულ პარტნიორთან ორალური სექსის შედეგად შეიძლება ყელის გონორეა (გონორეული ფარინგიტი) განვითარდეს. ჩვეულებრივ, ამ ინფექციას სიმპტომები არა აქვს, მხოლოდ იშვიათად შეიძლება ყელის ტკივილი გამოიწვიოს.

თუ ინფიცირებული სითხე მოხვდება თვალში, შეიძლება განვითარდეს გონორეული კონიუნქტივიტი, რომელიც ქუთუთოების შეშუპებასა და თვალებიდან ჩირქოვან გამონადენს იწვევს. მოზრდილების შემთხვევაში ხშირად მხოლოდ ერთი თვალია ინფიცირებული, ახალშობილებს კი ინფექცია ორივე თვალში უვითარდებათ. თუ ინფექციის მკურნალობა დროულად არ არის დაწყებული, შეიძლება სიბრმავე განვითარდეს.

ბავშვების შემთხვევაში გონორეა, ჩვეულებრივ, გოგონებს სექსუალური ძალადობის შედეგად უვითარდებათ. გენიტალიური მიდამო (ვულვა) შეიძლება იყოს გაღიზიანებული, წითელი ფერის და შეშუპებული, შეიძლება აგრეთვე აღინიშნებოდეს საშოდან გამონადენი. თუ შარდსადენი ინფიცირებულია, ბავშვებს, ძირითადად ვაჟებს, შეიძლება შარდვის დროს ტკივილი აღენიშნოთ.

იშვიათად ინფექცია ვრცელდება სისხლის ნაკადით სხეულის სხვა ნაწილებში, განსაკუთრებით კანზე და სახსრებში. ამ დროს სახსრები შუპდება, ხდება ძლიერ მტკივნეული, რაც მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. კანი ინფიცირებულ სახსარზე წითელი ფერის და ცხელია. თუ სისხლი დაინფიცირდა, ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, ზოგადად – ავადმყოფობის შეგრძნება და ერთ ან რამდენიმე სახსარში ართრიტი უვითარდებათ. კანზე შეიძლება წითელი ლაქები გაჩნდეს. ამ ინფექციას უწოდებენ დისემინირებულ გონოკოკურ ინფექციას ან ართრიტ-დერმატიტის სინდრომს.

სახსრების, სისხლის ნაკადისა და გულის ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ართრიტისგან გამოჯანმრთელება ნელა მიმდინარეობს.

დიაგნოზი

ინფიცირებული მამაკაცების 90%-ის დიაგნოსტირება გონორეაზე 1 საათში შეიძლება, მიკროსკოპული გამოკვლევით გამონადენის ნიმუშის ბაქტერიების (გონოკოკების) აღმოჩენის გზით. თუმცა, საშვილოსნოს ყელიდან აღებული გამონადენის ნიმუშში ბაქტერიების აღმოჩენა უფრო ძნელია. ბაქტერიების შემჩნევა ქალების მხოლოდ 50%-შია შესაძლებელი.

გამონადენის ნიმუში ასევე იგზავნება ლაბორატორიაში ტესტირებისთვის. ასეთი ტესტირების გაკეთება შეიძლება ორივე სქესის წარმომადგენლისთვის, მაგრამ მას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე მიკროსკოპით კვლევას. თუ ექიმს ეჭვი აქვს ყელის, სწორი ნაწლავის ან სისხლის ინფექციის არსებობაზე, ამ მიდამოებიდან აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში დასათესად იგზავნება.

სხვა, უფრო მაღალსენსიტიური ტესტები შეიძლება გონოკოკისა და ქლამიდიის დნმ-ის დასადგენად ჩატარდეს. ლაბორატორიაში შესაძლებელია ერთი ნიმუშით ორივე ინფექციის გამოკვლევა. ამ ტესტებიდან ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შარდის ნიმუშის გამოსაკვლევად. ამგვარად, ამ ტესტების გამოყენება მოსახერხებელია იმ მამაკაცებისა და ქალების სკრინინგისთვის, რომლებსაც არ აღენიშნებათ სიმპტომები ან არ სურთ თავიანთი გენიტალიებიდან სითხის ნიმუშის აღება.

ვინაიდან ბევრ ადამიანს ერთზე მეტი სგდ აღენიშნება, ექიმები ატარებენ სისხლისა და გენიტალიების სითხის ნიმუშის ტესტირებას სხვა სგდ-ის არსებობის დასადგენად, როგორიცაა სიფილისი და აივ ინფექცია.

თუ სახსარი წითელი ფერისაა და შეშუპებული, ექიმები სითხეს სახსრიდან ნემსით იღებენ და ამ სითხეს დასათესად და სხვა ტესტების ჩასატარებლად აგზავნიან.

მკურნალობა

ადამიანების უმეტესობის განკურნება შეიძლება ცეფალოსპირინების ჯგუფის ანტიბიოტიკით, მაგ. ცეფტრიაქსონის კუნთებში შეყვანით ან ცეფაქსინის ერთი დოზის ორალურად მიცემით. ზოგიერთი ანტიბიოტიკი (როგორიცაა პენიცილინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი) აღარ გამოიყენება, რადგან აღნიშნული მედიკამენტები გონოკოკის ზოგიერთი შტამის მიმართ რეზისტენტული გახდნენ. გონორეით დაავადებულ ადამიანებს ასევე, ეძლევათ ანტიბიოტიკი, რომელიც ქლამიდიას კლავს, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ხშირად ორივე დაავადება ერთდროულად აქვთ. ამ მიზნით ყველაზე ხშირად აზიტრომიცინის ერთი დოზა გამოიყენება. აზიტრომიცინის მაღალი დოზით შეიძლება როგორც გონორეის, ისე ქლამიდიური ინფექციის განკურნება. ასეთი მკურნალობა ტარდება მაშინ, როცა ადამიანები ალერგიულები არიან ცეფალოსპორინების მიმართ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აზიტრომიცინის მაღალი დოზა ხშირად კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს იწვევს.

როცა გონორეა სისხლის ნაკადში ვრცელდება, მკურნალობა, ჩვეულებრივ, სტაციონარის პირობებში ტარდება და ანტიბიოტიკები ინტრავენურად გამოიყენება.

თუ მკურნალობის შემდეგ დაავადება მაინც პერსისტირებს ან სიმპტომების რეციდივები ხდება, ექიმები იღებენ ნიმუშებს დასათესად, რათა დარწმუნდნენ, რომ პაციენტი ნამდვილად განიკურნა, ამავდროულად, ატარებენ ტესტირებას იმის დასადგენად, გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ გონოკოკი რეზისტენტული ხომ არ არის.

გონორეით დაავადებულმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ სექსუალური აქტივობისგან, სანამ მკურნალობა მთლიანად არ დასრულდება, რათა სექსპარტნიორების დაინფიცირება თავიდან იქნეს აცილებული. ყველა სექსპარტნიორი, რომელსაც ინფიცირებულ ადამიანებთან წარსულში სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, 60 დღის განმავლობაში უნდა იქნეს გამოკვლეული გონორეისა და სხვა სგდ-ის შესაძლო არსებობის დასადგენად. თუ ტესტები დადებითი იქნება, მათ მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ. თუ ადამიანებს ორი კვირის წინ აღენიშნებოდათ გონორეის საწყის ნიშნები, მათი მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ტესტების პასუხების მიღებამდე.