1. სიფილისი
  2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  3. ინფექციები
სიფილისი

სიფილისი არის სექსუალურად გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერია Treponema pallidum.

  • სიფილისის დროს სიმპტომები ვითარდება სამი სტადიის თანამიმდევრობით, სტადიებს შორის ჯანსაღი პერიოდების შუალედებით;

  • იგი იწყება ინფიცირების ადგილას უმტკივნეულო წყლულების გაჩენით, ხოლო მეორე სტადიაზე გამონაყარი, ცხელება, ადვილად დაღლილობა და მადის დაკარგვა ვითარდება;

  • თუ მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის, თავისა და ზურგის ტვინის და სხვა ორგანოების დაზიანება;

  • ექიმები, ჩვეულებრივ, სისხლს ორი ტიპის ტესტით იკვლევენ: ინფექციის სკრინინგ ტესტითა და დაავადების არსებობის დამადასტურებელი ტესტით;

  • ინფექციის ელიმინაცია პენიცილინით შეიძლება, მაგრამ ადამიანების რეინფიცირება შეიძლება ისევ განმეორდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადების პირველი პიკის დროს, 1990 წელს, სიფილისით დაავადებული ადამიანების რაოდენობამ დაახლოებით 50000-ს მიაღწია. 2000 წელს კი მსგავსი შემთხვევები მხოლოდ 6000 იყო, თუმცა, 2006 წელს დაავადებულთა რაოდენობა 9700-მდე კვლავ გაიზარდა. სიფილისით დაავადებული ადამიანების უმრავლესობა მამაკაცია, ხშირად ქალაქში მცხოვრები ჰომოსექსუალები. მათ შორის, სხვა რასის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით, დაინფიცირებულ შავკანიანთა პროცენტული შემადგენლობა სამჯერ მეტი იყო.

სიფილისი იწვევს სიმპტომებს, რომელთა გამოვლინება სამ სტადიად ხდება: პირველი, მეორე და მესამე სტადია, რომელთა შორის არის პერიოდები, როცა სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნება (ლატენტური სტადიები).

სიფილისი განსაკუთრებით კონტაგიოზურია პირველი და მეორე სტადიების პერიოდში. ინფექცია ჩვეულებრივ, სექსუალური კონტაქტით ვრცელდება. ერთჯერადი, შემთხვევითი კონტაქტი პიროვნებასთან, რომელსაც ადრეული სტადიის სიფილისი აქვს, ინფექციის განვითარებას დაახლოებით ერთ მესამედში იწვევს. ბაქტერიები სხეულში აღწევს საშოს ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან ან კანიდან. რამდენიმე საათში ბაქტერია ლიმფური ჯირკვლების სიახლოვეს ხვდება, შემდეგ კი მთელ სხეულში სისხლის ნაკადით ვრცელდება.

სიფილისი შეიძლება სხვა გზითაც გავრცელდეს. მან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი ორსულობის პერიოდში და ახალშობილების თანდაყოლილი დეფექტები და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. სიფილისი ასევე შეიძლება კანთან კონტაქტითაც გავრცელდეს. თუმცა, ბაქტერია ადამიანის სხეულის გარეთ ვერ ცოცხლობს.

სიფილისით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ სხვა სახის ინფექციები, სექსუალურად გადამდები დაავადებების (სგდ) ჩათვლით.

სიმტომები

სიფილისის მომდევნო სტადიებზე (პირველი, მეორე და მესამე) სიმპტომების პროგრესული გაუარესება ხდება. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, სიფილისი შეიძლება სიმპტომების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში პერსისტირებდეს, გამოიწვიოს გულის ან ტვინის დაზიანება და სიკვდილით დამთავრდეს. თუ იგი დროულად იქნა აღმოჩენილი და მკურნალობა ადრეულ სტადიაზე დაიწყო, სიფილისი შეიძლება განიკურნოს და პერმანენტული დაზიანება აღარ განვითარდეს.

პირველი სტადია: უმტკივნეულო წყლული (სახელწოდებით შანკრი) ჩნდება ინფიცირების ადგილას – ტიპურ შემთხვევებში პენისზე, ვულვასა და საშოში. შანკრი შეიძლება გაჩნდეს ანუსზე, სწორ ნაწლავზე, ტუჩებზე, ენაზე, ხორხზე, საშვილოსნოს ყელზე, თითებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე. ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი შანკრი ვითარდება, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე განვითარდეს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, იწყება ინფიცირებიდან 3-4 კვირის შემდეგ, თუმცა, 1-დან 13 კვირის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს.

შანკრი ვლინდება როგორც პატარა, კანიდან ამოწეული წითელი ადგილი, რომელიც მალე უმტკივნეულო, ღრმა, ღია წყლულად გარდაიქმნება. წყლულიდან სისხლდენა არ ხდება და იგი შეხებით მკვრივია. შორისის ლიმფური ჯირკვლები, ჩვეულებრივ, შუპდება და უმტკივნეულოა. ინფიცირებული ქალების დაახლოებით ნახევარმა და ინფიცირებული მამაკაცების მესამედმა არ იციან, რომ აქვთ შანკრი, ვინაიდან იგი სიმპტომებს არ იწვევს. ასევე, ხშირად შეუმჩნეველია შანკრის არსებობა სწორ ნაწლავში ან პირის ღრუში, რომელიც ჩვეულებრივ, ჰომოსექსუალ მამაკაცებს აღენიშნებათ. შანკრი იკურნება 3-დან 12 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ადამიანები სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებიან.

მეორე სტადია: ბაქტერია ვრცელდება სისხლის ნაკადში და იწვევს ფართოდ გავრცელებულ გამონაყარს, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას, იშვიათად – შესაბამისი სიმპტომების გამოვლენით სხვა ორგანოების დაზიანებას. გამონაყარი, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 6-12 კვირის განმავლობაში ვლინდება. ინფიცირებული ადამიანების 1/4-ს შანკრი ამ დროისათვის უკვე აღენიშნებათ. ჩვეულებრივ, ქავილი ან კანის დაზიანება არ ახლავს გამონაყარს, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი გამონაყარისგან განსხვავებით, იგი ხშირად ხელისა და ფეხისგულებზე ჩნდება, შეიძლება მცირე დროით არსებობდეს ან მისი არსებობა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში გამონაყარი მკურნალობის გარეშეც ქრება, თუმცა, იგი შეიძლება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ განმეორდეს. თუ იგი თავის ქალაზე განვითარდა, შეიძლება თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიოს და კანი ჩრჩილის ნაჭამს დაემსგავსოს.

კანიდან ამოწეული კვანძები, რომელსაც პაპულებს უწოდებენ (Condylomara lata),შეიძლება განვითარდეს კანის ნამიან ადგილებში, როგორიცაა იღლიები, გენიტალიური მიდამო და ანუსი. ეს მტკივნეული პაპულები ძალიან კონტაგიოზურია. ისინი შეიძლება გაიხსნას და სითხე გადმოვიდეს. შეხორცების შემდეგ კი ბრტყელი, მკრთალი ვარდისფერი ან ნაცრისფერი ხდება. პირის ღრუს წყლულები შეიძლება 80%-ზე მეტ ადამიანს განუვითარდეს.

მეორე სტადიაზე სიფილისმა შეიძლებაგამოიწვიოს ცხელება, ადვილად დაღლილობა, მადის დაკარგვა და წონაში დაკლება. ადამიანების დაახლოებით 50%-ს აღენიშნება ლიმფური ჯირკვლების გადიდება მთელ სხეულში და დაახლოებით 10%-ს თვალების ანთება უვითარდება. ადამიანების დაახლებით 10%-ს აქვს ძვლებისა და სახსრების ანთება ტკივილით. ზოგიერთ ადამიანს, ღვიძლის დაზიანების შედეგად კანისა და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე აღენიშნება. ზოგიერთს აწუხებს თავის ტკივილი, სმენისა და მხედველობის პრობლემები, რაც ტვინის, შუა ყურისა და თვალების დაინფიცირებითაა გამოწვეული.

ლატენტური სტადია: მეორე სტადიის შემდეგ ადამიანების მდგომარეობა უმჯობესდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიმპტომები არ ვლინდება და ეს შეიძლებაწლები და ათწლეულები გაგრძელდეს. ამ პერიოდში ინფექცია არააქტიურ პერიოდშია და არ არის კონტაგიოზური. თუმცა, ბაქტერიები ისევ არსებობენ და სიფილისის სადიაგნოსტიკო ტესტები დადებითია. ლატენტური სტადია კლასიფიცირდება როგორც ადრეული (თუ ინფექცია დაიწყო წინა 12 თვის განმავლობაში) და მოგვიანებითი (თუ ინფექცია დაიწყო 12 თვეზე ადრე პერიოდში).

მესამე სტადია: სიმპტომები შეიძლებაიყოს მსუბუქი ან უკიდურესად მძიმე. მესამე სტადიის სიფილისს გამოვლინება სამი ფორმით ახასიათებს: კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიფილისი, კარდიოვასკულარული სიფილისი და ნეიროსიფილისი.

კეთილთვისებიანი მესამე სტადიის სიფილისი პირველი დაინფიცირებიდან 3-დან 10 წლის შემდეგ ვითარდება. იგი დღესდღეობით იშვიათობაა. ამ დროს რბილი, წელვადი წარმონაქმნები, გუმა (Gumass),ჩნდება კანზე, უმეტესწილად – თავის ქალაზე, სახეზე, სხეულის ზედა ნაწილსა და ქვედა კიდურებზე. ისინი ასევე შეიძლება განვითარდეს ღვიძლსა ან ძვლებში, თუმცა, შეიძლება ყველა ორგანოში გაჩნდეს. შემდეგ სკდებიან და წარმოიშობა ღია წყლული. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, წყლულის ირგვლივ ქსოვილი ზიანდება. ძვლებში ისინი ჩვეულებრივ, ღრმა გამჭოლ ტკივილს იწვევენ,ნელა იზრდებიან, თანდათანობით განიკურნებიან და ნაიარევს ტოვებენ.

კარდიოვასკულარული სიფილისი,ჩვეულებრივ, ვლინდება პირველი ინფიცირებიდან 10-დან 25 წლის შემდეგ. ბაქტერია აზიანებს გულსა და მასში შემავალ სისხლძარღვებს, აორტის ჩათვლით (სხეულში არსებული ყველაზე დიდი არტერია), შედეგად კი ვითარდება შემდეგი:

  • აორტის კედლები თხელდება და მრგვალი ამოზნექილობა (ანევრიზმა) ჩნდება. ანევრიზმა ზეწოლას ახდენს სასულეზე ან გულმკერდის სხვა სტრუქტურებზე და იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველასა და ხმის ჩახლეჩას;

  • სარქვლიდან, რომელიც გულს აორტასთან (აორტის სარქველი) აერთებს, შეიძლება სისხლის გაჟონვა დაიწყოს;

  • არტერიები, რომლებიც გულს სისხლს აწოდებენ (კორონარული არტერიები), შეიძლება შევიწროვდნენ.

ეს პრობლემები გულმკერდის არეში ტკივილს, გულის უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.

ნეიროსიფილისი (რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს) ვლინდება დაინფიცირებიდან 5-დან 10 წლის შემდეგ. იგი უმკურნალებელი სიფილისის მქონე ადამიანების 5%-ს უვითარდება და შემდეგი ფორმებით ვლინდება:

  • მენინგოვასკულარული: თავისა და ზურგის ტვინში ვითარდება ანთება, რომელიც მენინგიტის ქრონიკულ ფორმას იწვევს. დასაწყისში ადამიანებს აღენიშნებათ თავის ტკივილი და კისრის კუნთების დაჭიმულობა, აგრეთვე თავბრუხვევა, კონცეტრაციისა და მეხსიერების პრობლემები და უძილობა. მხედველობა შეიძლება დაბინდული გახდეს. შეიძლება განვითარდეს ხელების, მკლავებისა და ზოგჯერ ქვედა კიდურების სისუსტე და დამბლაც კი. დაავადების ამ ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი.

  • პარეტიკული ფრომა: ეს ფორმა, ჩვეულებრივ, 40 ან 50 წლის ადამიანებს უვითარდებათ. პირველი სიმპტომებია: ქცევების თანდათანობითი შეცვლა, მაგალითად, ადამიანებს უქვეითდებათ პირადი ჰიგიენის დაცვის უნარი და ხასიათი უეცრად ეცვლებათ, არიან გაღიზიანებულები და უფრო და უფრო დაბნეულები. შეიძლება ჰქონდეთ ჰალუცინაციები, უძილობა, კონცენტრაციის სირთულეები. ხშირია შეფასების უნარის დაქვეითება და ადვილად დაღლილობა. შეიძლება გამოვლინდეს პირის, ენის, ხელების ან მთელი სხეულის ტრემორი. საბოლოოდ ვითარდება დემენცია.

  • ტიპეტიკური ფორმა (Tabes dorsalis – ზურგის ტვინის ტაბესი):ამ დროს აღინიშნება ზურგის ტვინის პროგრესული დეგრადაცია. სიმპტომები თანდათანობით იწყება. ტიპურია ქვედა კიდურებში ინტენსიური, გამჭოლი ტკივილი, რომელიც არარეგულარული ხასიათისაა. სიარული არამყარი ხდება, აღინიშნება წონაში დაკლება, ხშირია ერექციის დისფუნქცია. საბოლოოდ, ადამიანები ვერ აკონტროლებენ შარდვის პროცესს და პარალიზებულნი ხდებიან.

დიაგნოზი

პრაქტიკოსი ექიმები პირველადი სიფილისის არსებობას ვარაუდობენ, როდესაც ადამიანს ტიპური შანკრი გაუჩნდება. მეორადი სიფილისის არსებობაზე ეჭვობენ, როდესაც ადამიანებს ხელისა და ფეხისგულებზე ტიპური გამონაყარი აღენიშნებათ. დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიული ტესტების ჩატარება. გამოიყენება შემდეგი ტესტები:

  • სკრინინგტესტი, როგორიცაა ვენერიული დაავადების ლაბორატორიული და პლაზმის რეაგინის სწრაფი ტესტები. ეს ტესტები პირველ რიგში კეთდება. სკრინინგტესტები არ არის ძვირი და ადვილად გასაკეთებელია, მაგრამ მათი გამოყენებისას საჭიროა განმეორებითი ტესტირებები, რადგან პირველადი ინფიცირებიდან 3-6 კვირის განმავლობაში ტესტირების შედეგი შეიძლება ნეგატიური იყოს, მიუხედავად სიფილისის არსებობისა. ასეთ შედეგებს უწოდებენ ცრუ ნეგატიურს. გარდა ამისა, სკრინინგტესტის შედეგი ზოგჯერ სიფილისის არარსებობის შემთხვევაშიც (ცრუ პოზიტიური) დადებითია, სხვა დარღვევების არარსებობის გამო.

  • დამადასტურებელი ტესტი, ჩვეულებრივ, პოზიტიური სკრინინგტესტის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა გაკეთდეს. ამ ტესტით განისაზღვრება იმ ბაქტერიების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც სიფილისს იწვევს. თუმცა, დამადასტურებელი ტესტები, დაინფიცირებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება ცრუ ნეგატიური იყოს, ამიტომ საჭიროა მათი განმეორებით გაკეთება.

სკრინინგტესტი შეიძლება წარმატებული მკურნალობის შემდეგ ნეგატიური გახდეს, თუმცა, დამადასტურებელი ტესტის შედეგები ამ დროს პოზიტიური რჩება. პირველ და მეორე სტადიაზე სიფილისის დიაგნოსტირება შეიძლება ბნელი ფონის მქონე მიკროსკოპის გამოყენებით. ამ დროს კანიდან და პირის ღრუს წყლულებიდან აღებული სითხის ნიმუშის გამოკვლევა სპეციალურად აღჭურვილი მიკროსკოპით ხდება. ბაქტერია მიკროსკოპის ქვეშ უფრო ნათლად ჩანს ბნელ ფონზე და ამდენად, მათი იდენტიფიცირება ადვილია.

ლატენტურ სტადიაზე სიფილისის სადიაგნოსტიკოდ სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი გამოიყენება.

მესამე სტადიაზე დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ანტისხეულებზე ტესტის შედეგებს. სხვადასხვა არსებული სიმპტომის შესაბამისად, სხვა ტესტებიც კეთდება. მაგალითად, გულმკერდის რენტგენოგრამა ან სხვა კვლევები შეიძლება აორტის ანევრიზმის სადიაგნოსტიკოდ გაკეთდეს. თუ ნეიროსიფილისს ეჭვობენ, საჭიროა ლუმბალური პუნქცია – ზურგის ტვინიდან სითხის ამოღება, რომლითაც ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულებს იკვლევენ.

მკურნალობა

პენიცილინის ინექციები საუკეთესო მეთოდია პირველადი, მეორეული და ადრეული ლატენტური სიფილისის სამკურნალოდ. სიფილისის პირველ და მეორე სტადიაზე გახანგრძლივებული მოქმედების პენიცილინის ერთი დოზა საკმარისია. თუმცა, ზოგიერთს ერთი კვირის შემდეგ მეორე დოზის გაკეთება ესაჭიროება. ლატენტურ სტადიაზე და მესამე სტადიის სიფილისის ზოგიერთი ფორმის დროს საჭიროა ერთკვირიანი შუალედით სამი დოზის გაკეთება.

თუ სიფილისით დაზიანებულია თვალი, შუა ყური ან ტვინი, პენიცილინი ყოველ ოთხ საათში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში ინტრავენურად შეიყვანება. თუ ადამიანს ალერგია აქვს პენიცილინზე, გამოიყენება სხვა ანტიბიოტიკები, როგორიცაა ცეფტრიაქსონი (ყოველდღიურად ინექციის სახით 10 დღის განმავლობაში) ან დოქსიციკლინი (ორალურად 14 დღე). გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი და მეორეული სიფილისის მქონე ადამიანებს ინფექციის სხვა პირზე გადაცემა შეუძლიათ, მათ თავი უნდა აარიდონ სექსუალურ კონტაქტს, სანამ მათი და მათი პარტნიორების მკურნალობა სრულად არ ჩატარდება. თუ ადამიანებს პირველი სტადიის სიფილისი 3 თვის განმავლობაში აღენიშნებათ, მათი სექსუალური პარტნიორები ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუ ადამიანს მეორე სტადიის სიფილისი აღენიშნება, დაინფიცირების რისკი ყველა სექსპარტნიორს აქვს, რომელთანაც მას ერთი წლის განმავლობაში კონტაქტი ჰქონია. ასეთ სექსპარტნიორებს ესაჭიროებათ სისხლის ტესტის გაკეთება ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოსაკვლევად. თუ ტესტი დადებითია, სექსპარტნიორებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ. ზოგიერთი ექიმი ყველა სექსპარტნიორს უტარებს მკურნალობას ისე, რომ ტესტის პასუხს არ ელოდება.

ადრეული სტადიის სიფილისის მატარებელ ადამიანთა ნახევარზე მეტს და განსაკუთრებით მათ, ვისაც მეორე სტადიის სიფილისი აქვთ, აღენიშნებათ რეაქციები მკურნალობის დაწყებიდან 2-12 საათში. ეს რეაქცია, სახელწოდებით ჯარს-პერსჩეიმერის რეაქცია, იწვევს ცხელებას, თავის ტკივილს, ოფლიანობას, შემცივნებას კანკალით და სიფილისისთვის დამახასიათებელი წყლულების დროებით გაუარესებას. ექიმები ზოგჯერ ამ რეაქციას შეცდომით პენიცინილზე ალერგიულ რეაქციად მიიჩნევენ. ნეიროსიფილისის მქონე ადამიანებს ზოგჯერ შეიძლება კრუნჩხვები ან დამბლა განუვითარდეთ. ასეთი ტიპის რეაქციები 24 საათში ქრება და პერმანენტულ დაზიანებას იშვიათად იწვევს.

მკურნალობის შემდეგ პერიოდულად გამოკვლევები და სისხლის ტესტები კეთდება, სანამ ინფექციის არსებობა არ დადასტურდება. თუ პირველადი, მეორეული და ლატენტური სტადიის სიფილისის მკურნალობა წარმატებულად დამთავრდა, ადამიანების უმრავლესობას რაიმე სიმპტომი აღარ უვლინდება. მაგრამ მესამე სტადიის სიფილისის მკურნალობით არ არის შესაძლებელი ისეთი ორგანოების დაზიანებების უკუგანვითარება, როგორიცაა ტვინი ან გული. ასეთი დაზიანებების მქონე ადამიანების მდგომარეობა მკურნალობის შემდეგ არ უმჯობესდება. სიფილისისგან გამოჯანმრთელებულებს არ რჩებათ იმუნიტეტი სიფილისის მიმართ და შეიძლება ამ დაავადებით კვლავ დაინფიცირდნენ.