1. ტრიქომონიაზი (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები)
  2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  3. ინფექციები
ტრიქომონიაზი (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები)

ტრიქომონიაზი არის საშოსა და შარდსადენის სექსუალურად გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს rotozoa Trichomonas vaginalisდა იგი საშოს მიდამოს გაღიზიანებითა და საშოდან გამონადენით ვლინდება.

  • ქალებს შეიძლება ჰქონდეთ საშოდან მომწვანო, ყვითელი, ქაფიანი, თევზის სუნის მქონე გამონადენი, რომელსაც თან ახლავს საშოს გაღიზიანება და წყლულები გენიტალიების მიდამოებში;

  • მამაკაცებში ნაკლებად შესაძლებელია სიმპტომების არსებობა. თუმცა, შეიძლება აღინიშნებოდეს ქაფიანი, ჩირქის მსგავსი გამონადენი პენისიდან და ხშირი მტკივნეული შარდვა;

  • მიკროსკოპით გამონადენის ნიმუშის გამოკვლევა ექიმებს ინფექციის იდენტიფიცირების შესაძლებლობას აძლევს;

  • ანტიბიოტიკის ერთი დოზა ქალების უმეტესობას კურნავს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას 7 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკის მიღება ესაჭიროებათ.

Trichomonas vaginalisხშირად იწვევს საშოს სექსუალურად გადამდებ დაავადებას (სგდ) ქალებში და შარდსადენის სგდ-ს – მამაკაცებსა და ქალებში. სიმპტომები ქალებს უფრო ხშირად გამოუვლინდებათ. ქალების 20%-ს, რეპროდუქციულ ასაკში, საშოს ტრიქომონიაზი უფრო უვითარდება. ტრიქომონიაზით დაავადებულ ბევრ ადამიანს აქვს აგრეთვე გონორეა ან სხვა სგდ სიმპტომები.

სიმპტომები

ქალების შემთხვევაში ინფექცია, ჩვეულებრივ, საშოდან მომწვანო, ყვითელი, ქაფიანი, თევზის სუნის მქონე გამონადენით იწყება. ზოგიერთ ქალს გამონადენი უმნიშვნელოდ აქვს. ვულვა შეიძლება იყოს გაღიზიანებული და დაწყლულებული. ამ დროს სექსუალური ურთიერთობა მტკივნეულია, მძიმე შემთხვევებში ვულვასა და მის ირგვლივ ქსოვილში შეიძლება ანთება განვითარდეს. შარდვა შეიძლება მტკივნეული და გახშირებული გახდეს, როგორც ეს შარდის ბუშტის ანთებისას ხდება. სიმპტომები შარდვისა და ასევე, საშოს მხრივ, შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან ერთდროულად გამოვლინდეს.

მამაკაცების უმეტესობას, რომლებსაც შარდსადენის ტრიქომონიაზი აქვს, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები ან ისინი მსუბუქად იყოს გამოხატული, თუმცა, მათ სექსპარტნიორების დაინფიცირება შეუძლიათ. ზოგიერთ მამაკაცს აღენიშნება პენისიდან ქაფიანი, ჩირქის მსგავსი გამონადენი, ტკივილი შარდვის დროს, მოულოდნელი და გახშირებული შარდვა, ჩვეულებრივ, დილის საათებში. იშვიათად ხდება ეპიდერმისისა და პროსტატის ჯირკვლის დაინფიცირება.

დიაგნოზი

ექიმებმა შეიძლება ტრიქომონიაზის არსებობა ივარაუდონ საშოს ინფექციების მქონე ქალებისა, შარდსადენის ინფექციების მქონე მამაკაცებისა და მათი სექსპარტნიორების შემთხვევაში. ტრიქომონას აღმოჩენა, ქალებთან შედარებით, მამაკაცების ორგანიზმში უფრო ძნელია. საშოდან გამონადენის ნიმუშით ტარდება მიკროსკოპული გამოკვლევა, რის შედეგადაც ტრიქომონას აღმოჩენა შეიძლება სწრაფად მოხდეს. ამით ადვილდება ქალებისთვის დიაგნოზის დასმა. თუ შედეგი ნათელი არ არის, ნიმუში უნდა დაითესოს. მამაკაცების შემთხვევაში ნიმუშად იღებენ პენისის თავიდან გამონადენს (დილის საათებში, მოშარდვის წინ), შემდეგ ხდება მისი გამოკვლევა მიკროსკოპით ან ლაბორატორიაში დასათესად იგზავნება. ზოგჯერ შარდის მიკროსკოპული გამოკვლევითაც შეიძლება ტრიქომონას აღმოჩენა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება უფრო შესაძლებელია, თუ შარდის დათესვა მოხდება.

საჭიროა ტესტირება სხვა სგდ-ზეც გაკეთდეს, რადგან ტრიქომონიაზით დაავადებულ ბევრ ადამიანს შეძლება ასევე გონორეა ან ქლამიდიური ინფექცია ჰქონდეს.

მკურნალობა

მეტონიდაზოლის ან ტინიდაზოლის (ანტიბიოტიკები) ერთი დოზის ორალური მიღება ინფიცირებული ქალების 95%-ს კურნავს, მაგრამ ამავე სახის მკურნალობა მათ სექსპარტნიორებსაც უნდა ჩაუტარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალებს, სავარაუდოდ, რეინფიცირება მოელით. რამდენად შესაძლებელია, მამაკაცებისთვის ერთი დოზით მკურნალობა ეფექტიანი გამოდგეს, არ არის ნათელი, თუმცა, მამაკაცები ჩვეულებრივ, 7 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკის მიღებით იკურნებიან.

თუ მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღება მოხდა, მეტრონიდაზოლმა შეიძლება გულისრევა და კანის გაწითლება გამოიწვიოს. მედიკამენტებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეტალის გემოს შეგრძნება, გულისრევა ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება. ქალებს მედიკამენტებით მკურნალობის დროს შეიძლება განუვითარდეთ საშოს სოკოვანი ინფექციები (Vaginal candidiasis). მეტრონიდაზოლის გამოყენების შემდეგ, პირველი სამი თვის განმავლობაში მაინც, ქალებმა თავი უნდა შეიკავონ დაორსულებისგან.

ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ სექსუალური ურთიერთობებისგან, სანამ ინფექცია არ განიკურნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება თავიანთი სექსუალური პარტნიორები დააინფიცირონ.