ქოლესტეროლის ცვლის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. ქოლესტეროლის ცვლის დარღვევები
  2. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ქოლესტეროლის ცვლის დარღვევები

ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები სისხლში არსებული მნიშვნელოვანი ცხიმებია (ლიპიდები). ქოლესტეროლი უჯრედის გარსის, თავის ტვინისა და ნერვული უჯრედების, ასევე ნაღვლის ძირითადი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცხიმისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებაში. ორგანიზმი ქოლესტეროლს D ვიტამინის და სხვა ისეთი ჰორმონების სინთეზისათვის იყენებს, როგორიცაა ესტროგენი, ტესტოსტერონი და კორტიზოლი. ორგანიზმში სინთეზდება ქოლესტეროლის ის რაოდენობა, რომელიც მას სჭირდება, თუმცა მის ათვისებას ასევე ახდენს მიღებული საკვებიდან. ტრიგლიცერიდები, რომელთაც ცხიმოვანი უჯრედები შეიცავს, შეიძლება დაიშალოს და გამოყენებულ იქნეს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების, მათ შორის ზრდისათვის საჭირო ენერგიის მისაღებად. ტრიგლიცერიდები ნაწლავსა და ღვიძლში წარმოიქმნება მცირე ზომის ცხიმებისგან, რომელთაც ცხიმოვანი მჟავები ეწოდებათ. ცხიმოვანი მჟავების ცალკეული სახეობები ორგანიზმის მიერ სინთეზდება, თუმცა ზოგი – საკვებიდან აითვისება.

ცხიმები, როგორიცაა ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები, სისხლში თავისუფლად ვერ ცირკულირებს, ვინაიდან სისხლი ძირითადად წყლისაგან შედგება. სისხლში გადაადგილების გასაადვილებლად, ქოლესტეროლი და ტრიგლიცერიდები პროტეინებსა და სხვა ნივთიერებებთან მიერთებით წარმოქმნის ნაწილაკებს, რომელთაც ლიპოპროტეინები ეწოდებათ.

ლიპოპროტეინების განსხვავებული სახეობები არსებობს. თითოეულ სახეობას განსხვავებული დანიშნულება აქვს და მათი დაშლა და ორგანიზმიდან გამოყოფა მცირედ განსხვავებული გზით ხდება. ლიპოპროტეინები მოიცავს ქილომიკრონებს, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (ძდსლპ), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (მსლპ). ქოლესტეროლს, რომელიც დსლპ-ის მიერ გადაიტანება, დსლპ ქოლესტეროლი, ხოლო მსლპ-ის მიერ ტრანსპორტირებულს – მსლპ ქოლესტეროლი ეწოდება.

ორგანიზმი ლიპოპროტეინების დონეს (და აქედან გამომდინარე ლიპიდების დონეს) არეგულირებს მათი პროდუქციის გაზრდით ან შემცირებით. ორგანიზმს ასევე შეუძლია არეგულიროს, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებიან ან გამოიდევნებიან სისხლის მიმოქცევიდან ლიპოპროტეინები.

ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონე მნიშვნელოვნად ცვალებადობს დღითი დღე. ერთი გაზომვიდან მეორემდე, ქოლესტეროლის დონე დაახლოებით 10%, ხოლო ტრიგლიცერიდების – 25%-მდე შეიძლება იცვლებოდეს.

ლიპიდების დონე სისხლში შეიძლება პათოლოგიურად შეიცვალოს ასაკთან, სხვადასხვა დაავადებასთან (მათ შორის მემკვიდრული), გარკვეული მედიკამენტების მიღებასთან ან ცხოვრების წესთან (როგორიცაა საკვებ რაციონში ცხიმის დიდი რაოდენობა, დაბალი ფიზიკური აქტივობა ან ჭარბი წონა) დაკავშირებით.

ლიპიდების მომატებულმა მაჩვენებლებმა (განსაკუთრებით ქოლესტეროლის) შესაძლოა გამოიწვიოს შორეული პრობლემები, როგორიცაა ათეროსკლეროზი. ზოგადად, საერთო ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი (რომელიც მოიცავს დსლპ, მსლპ და ძდსლპ ქოლესტეროლს) ან დსლპ (ანუ "ცუდი") ქოლესტეროლის მომატებული რაოდენობა, ზრდის ათეროსკლეროზის და ამგვარად, გულის შეტევის და ინსულტის განვითარების რისკს. თუმცა აღნიშნული რისკის გაზრდას ყველა სახის ქოლესტეროლი როდი იწვევს. მსლპ (ანუ "კარგი") ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი, ამცირებს და პირიქით, მსლპ შემცირებული რაოდენობა ზრდის რისკს. ტრიგლიცერიდების ეფექტი გულის შეტევის განვითარების რისკზე – ბოლომდე ნათელი არაა. თუმცა ტრიგლიცერიდების ძალზე მაღალი რაოდენობა (500 მილიგრამი დეცილიტრში ანუ მგ/დლ-ზე მეტი) ზრდის პანკრეატიტის განვითარების რისკს. 20 წელზე უფროსი ასაკის პირებს, სულ მცირე, 5 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ საერთო ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, დსლპ ქოლეტეროლის და მსლპ ქოლესტეროლის განსაზღვრა სისხლში უზმოდ. ერთობლივად, აღნიშნულ ანალიზს ასევე ეწოდება – ლიპიდური პროფილის განსაზღვრა უზმოდ.