წყლის ბალანსი | მკურნალი.გე
  1. წყლის ბალანსი
  2. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
წყლის ბალანსი

წყალი სხეულის მასის დაახლოებით ერთი მეორედიდან ორ მესამედამდე ნაწილს შეადგენს. ცხიმოვან ქსოვილში წყალი ნაკლებია, ქალის ორგანიზმი კი, როგორც წესი, ცხიმს მეტი რაოდენობით შეიცავს, ამიტომ წყლის რაოდენობა საშუალო წონის ქალის სხეულში უფრო ნაკლებია (52-55%), ვიდრე საშუალო წონის მამაკაცის სხეულში (60%). წყლის რაოდენობა ასევე ნაკლებია ასაკოვან და მსუქან პირებში. იგი მაღალია დაბადებისას (70%) და მცირე ასაკის ბავშვებში. 150 ფუნტი (68 კილოგრამი) სხეულის მასის მქონე მამაკაცის სხეულში დაახლოებით 10 გალონი (38 ლიტრი) წყალია: აქედან 6-7 გალონი (23-27 ლიტრი) უჯრედებს შიგნითაა, 2 გალონი (დაახლოებით 7 ლიტრი) უჯრედებს შორის სივრცეში და 1 გალონზე (4 ლიტრზე ან წყლის საერთო რაოდენობის 8%) ცოტა ნაკლები – სისხლში. ორგანიზმი არეგულირებს სითხის რაოდენობას ყველა აღნიშნულ არეში. წყალი, შედარებით მუდმივი რაოდენობის შესანარჩუნებლად, საჭიროების მიხედვით გადაადგილდება ერთი არიდან მეორეში, რაც ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

მიღებულმა სითხემ უნდა დააბალანსოს დაკარგული რაოდენობა. წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად, ასევე დეჰიდრატაციის, თირკმლების კენჭების და სხვა სამედიცინო პრობლემების განვითარებისაგან დასაცავად – ჯანმრთელმა მოზრდილმა ადამიანმა, დღეში სულ მცირე 1½-2 კვარტა (დაახლოებით 2 ლიტრი) სითხე უნდა მიიღოს. ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება, ნაკლებთან შედარებით უმჯობესია, ვინაიდან ორგანიზმისათვის ჭარბი სითხის გამოყოფა უფრო ადვილია, ვიდრე მარაგის სახით არსებულის. როდესაც თირკმლები ნორმალურად ფუნქციონირებს, ორგანიზმს შეუძლია სითხის მიღების მნიშვნელოვან მერყეობას გაუმკლავდეს.

ორგანიზმი წყალს ძირითადად საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ითვისებს. დამატებით, წყლის მცირე რაოდენობა ზოგიერთი საკვები ნივთიერების გადამუშავების (მეტაბოლიზმის) შედეგად წარმოიქმნება.

ორგანიზმი წყალს, პირველ რიგში, თირკმელების საშუალებით შარდის სახით გამოყოფს. ორგანიზმის საჭიროებებიდან გამომდინარე, დღეში თირკმელებმა, შეიძლება, ერთ პინტაზე (დაახლოებით 0.5 ლ) ნაკლები ან რამდენიმე გალონი შარდი გამოჰყონ. დამატებით, დაახლოებით 1½ პინტა (ლიტრზე ცოტა ნაკლები) წყალი იკარგება ყოველდღიურად, კანიდან აორთქლების და ფილტვებიდან – სუნთქვის დროს. პროფუზულმა ოფლიანობამ – რომელიც ძლიერი ფიზიკური ვარჯიშით, გარემოს მაღალი ტემპერატურით ან ცხელებით არის გამოწვეული – შეიძლება დრამატულად გაზარდოს აორთქლების გზით წყლის დანაკარგი. ნორმალურად, წყლის მცირე რაოდენობა იკარგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. თუმცა ღებინებამ ან მძიმე დიარეამ, შეიძლება გალონი (დაახლოებით 4.5ლ) ან მეტი ოდენობით სითხის დაკარგვა გამოიწვიოს დღეში.

ჩვეულებრივ, ჭარბად დაკარგული წყლის კომპენსირება შესაძლებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებით. თუმცა, ხშირი და მძიმე ღებინების ან დიარეის დროს, ცუდად ყოფნის გამო, დაკარგული წყლის საკომპენსაციოდ, შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და შედეგად გაუწყლოება განვითარდეს. ასევე, საკმარისი რაოდენობის სითხეების მიღება შეიძლება ვერ მოხერხდეს კონფუზიის, მოძრაობის შეზღუდვის ან გონების დაკარგვის დროს.

მინერალური მარილები (ელექტროლიტები), როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი, ორგანიზმის სითხეში გახსნილ მდგომარეობაში იმყოფებიან. წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ორგანიზმი ცდილობს, წყლის საერთო რაოდენობა და ელექტროლიტების დონე სისხლში უცვლელად შეინარჩუნოს. მაგალითად, როდესაც ნატრიუმის რაოდენობა ძალიან იმატებს, ვითარდება წყურვილის შეგრძნება, რასაც სითხეების მზარდი რაოდენობით მიღება მოჰყვება. დამატებით, თავის ტვინის მიერ, წყურვილის საპასუხოდ გამომუშავებული ჰორმონი, ამცირებს თირკმელების მიერ შარდის გამოყოფას. აღნიშნულის შედეგად, სისხლის ნაკადში იზრდება წყლის რაოდენობა, ნატრიუმი განზავდება და წყლისა და ნატრიუმის ბალანსი აღდგება. როდესაც ნატრიუმის რაოდენობა ძალიან დაბალია, თირკმელები მეტი რაოდენობით შარდს გამოყოფენ, რაც ამცირებს სისხლში წყლის რაოდენობას და კვლავ აღადგენს წონასწორობას.