მანქანის მართვა | მკურნალი.გე
  1. მანქანის მართვა
  2. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
მანქანის მართვა

მანქანის მართვა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სამყაროში ჩართულობის გრძნობას ანიჭებს ადამიანებს. ბევრი ამას ახალგაზრდობაში განსაკუთრებულად ვერ აღიქვამს. საჭესთან ჯდომის პრივილეგია უსაფრთხოდ ტარების უნარზეა დამოკიდებული. 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანები მძღოლთა ის ჯგუფია, რომელშიც მაღალია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ავარიების ალბათობა მანქანით მგზავრობისას. შესაბამისად, ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გამო უნარებისა და შესაძლებლობების დაქვეითება ერთგვარად ყვითელი შუქია – გაფრთხილება, რომ ხელახლა უნდა შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია მანქანის მართვის გაგრძელება.

მოხუცებში ავტომობილის ტარების უნარზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს უარყოფითად. მათ შორისაა რეაქციის სისწრაფის ასაკობრივი ცვლილება და ზოგი დაავადება, რომლებიც ასაკის მატებას ხშირად ახლავს თან. გავლენას ახდენს ის მედიკამენტებიც, რომლებიც მოხუცების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ ფაქტორთაგან ზოგის გაკონტროლება და რეგულირება შესაძლებელია.

ავარიების სიხშირე და მოძრაობის წესების დარღვევა

მოხუცებს შორის წლის განმავლობაში საშუალოდ ავარიების უფრო ნაკლები რაოდენობა ფიქსირდება, ვიდრე ახალგაზრდა მძღოლებს შორის. ამავე დროს, მეტია ავარიების რიცხვი ყოველ გავლილ კილომეტრზე. ეს მაჩვენებელი ზრდას იწყებს 70 წლისთვის და უფრო სწრაფად იმატებს 80 წლის შემდეგ. ყოველ გავლილ კილომეტრზე ხანდაზმულებს შორის უფრო მაღალია საგზაო წესების დარღვევის, ავარიებისა და ფატალური შემთხვევების სიხშირე, ვიდრე ყველა ასაკობრივ ჯგუფში 25 წლის შემდეგ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ მოხუცები უფრო შორ მანძილზე გადაადგილდებიან მანქანით, ვიდრე ადრინდელი თაობები და მოსალოდნელია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ხანშიშესულების მიერ საგზაო წესების დარღვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გზის დაუთმობლობაა. მათ უჭირთ ინტენსიური მოძრაობის დროს გადაადგილება და გზაჯვარედინებზე მანევრირება, განსაკუთრებით მარცხნივ მოხვევის დროს. ეს აიხსნება:

  • მრავალწახნაგოვანი ინფორმაციის ერთდროულად გააზრების სიძნელით

  • შემხვედრი მანქანების სიჩქარის განსაზღვრის სიძნელით

  • მხედველობის ველის შევიწროებით

ამის მიუხედავად, საჭესთან მოხუცები უფრო ფრთხილად არიან, ვიდრე ახალგაზრდები. ისინი ხშირად ერიდებიან ღამით, პიკის საათში და ცუდ ამინდში მანქანის ტარებას. ამასთან, ხანდაზმულებს შორის ავარიის მიზეზი შედარებით იშვიათად არის სიმთვრალე, ისევე, როგორც, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით გადაადგილება. უფროს ასაკში ავარიაში მოხვედრისას, როგორც წესი, რამდენიმე და არა ერთი მანქანა ზიანდება.

ავტომობილების შეჯახებისას ხანშიშესული მძღოლები უფრო მძიმედ ზიანდებიან, ვიდრე ახალგაზრდები, უფრო ხშირია მძიმე ტრავმები და სიკვდილი. ასეთი გაზრდილი მოწყვლადობის მიზეზი ფიზიკური სისუსტე შეიძლება იყოს. ამასთანავე, მოხუცებში ავარიები უფრო ხშირად მარცხნივ მობრუნების დროს ხდება, რის დროსაც საჭესთან მჯდომს უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც ავარიაში იღუპებიან, უფრო ხშირად ძველი მანქანები ჰყავთ, საავარიო ბალიშების გარეშე. შესაბამისად, შემდეგ ათწლეულში ავარიებში მოხუცებულთა სიკვდილობის სიხშირე შეიძლება შემცირდეს ასაკოვანი მძღოლების მიერ თანამედროვე ავტომობილების გამოყენების გამო.

სირთულეების მიზეზები

მანქანის მართვას რამდენიმე სხვადასხვა მოქმედების ერთდროულად და ზუსტად შესრულება ესაჭიროება (მაგალითად, დამუხრუჭება და საჭის ტრიალი). ამისთვის კი რამდენიმე უნარია აუცილებელი, მათ შორის:

  • ნათელი გონება

  • ყურადღება და ფოკუსირების უნარი

  • სწრაფი რეაქციის უნარი

  • კოორდინაცია

  • საკმარისი ძალა

  • სხეულის ზედა ნაწილის მოძრაობის დიდი დიაპაზონი (ტანის ზედა ნაწილის, მხრებისა და კისრის)

  • კარგი სმენა და მხედველობა

  • სწორად განსჯის უნარი

ამათგან რომელიმეს დაქვეითება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მანქანის მართვის უნარზე. მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. ასაკოვან ადამიანებს ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა უნარი მეტ-ნაკლებად დარღვეული აქვს.

დაბერება:თავად დაბერებას ხშირად თან სდევს ძალის, კოორდინაციის, რეაქციის სისწრაფის, კონცენტრაციის უნარისა და სმენის თანდათანობითი, შეუმჩნეველი დაქვეითება. მოხუცებში გამძლეობაც ნაკლებია, ისინი უფრო სწრაფად იღლებიან, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. დაქვეითებულია ერთდროულად ორ საქმიანობაზე ფოკუსირების უნარიც. თუმცაღა, ასაკობრივი ცვლილებების უმრავლესობა არც ისე ძლიერაა გამოხატული და ხშირად სულაც არ წარმოადგენს მთავარ პრობლემას მანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის.

დაავადებები:ხანშდაზმულებში გავრცელებული დაავადებები განსაკუთრებით ართულებდეს მანქანის მართვას. მაგალითად, მძღოლის სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან გაიზარდოს ან დაქვეითდეს. ეს ხელს უშლის დაფიქრებას, ყურადღებას, კონცენტრაციას, მხედველობას, არღვევს ტერფებში შეგრძნებებს.

დემენციის (მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების გამო) მქონე მოხუცი მძღოლების შემთხვევაში განსჯისა და კონცენტრაციის უნარი დაქვეითებულია, რაც საკმაოდ სახიფათოა მანქანის მართვისას. ამ დაავადების ადრეულ სტადიაზეც კი, ხანდაზმულები ადვილად იკარგებიან ან იბნევიან ინტენსიური მოძრაობისას. როგორც წესი, დემენციის დროს რეაქციის სისწრაფეც ქვეითდება მხედველობის ველში არსებული ყველა ობიექტისთვის ყურადღების მიქცევის უნართან ერთად.

ინსულტი და ე.წ. მიკროინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა) აქვეითებს რეაქციის სისწრაფეს, იწვევს კუნთების სისუსტეს, არღვევს მხედველობას და კოორდინაციას. გულყრის გამო ადამიანმა შეიძლება უეცრად დაკარგოს გარემოს აღქმის უნარი ან გონებაც კი. ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა ზრდის გულისწასვლის ან თავბრუხვევის რისკს. ართრიტის გამო სახსრების ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ხელს უშლის მანქანის მართვას. მაგალითად, მოხუცმა მძღოლმა შეიძლება სათანადოდ ვერ დააჭიროს ფეხი მუხრუჭის ან სიჩქარის სატერფულს თეძოს ან მუხლების ტკივილის, მოძრაობის შეზღუდვის გამო. ართრიტის მქონე ადამიანებისთვის თავის მობრუნებაც (რაც აუცილებელია მანქანის მოტრიალების ან უკუსვლის დროს) მტკივნეული და ძნელია.

გლაუკომა და მხედველობის დვრილის დეგენერაცია თვალის დაავადებებია, რომლებიც ართულებს ნისლში ან ღამით მანქანის ტარებას. გლაუკომის გამო მხედველობის ველიც შეიძლება შევიწროვდეს, რის გამოც გვერდით მანქანების ან სხვა ობიექტების დანახვა გაძნელებულია. კატარაქტა თითქმის ყოველთვის მოხუცებს ემართებათ და ამ დაავადების დროს შემხვედრი მანქანის ფარების შუქი ან ქუჩის განათება ზედმეტად კაშკაშა ხდება.

წამლები: ბევრი ასაკოვანი ადამიანი იღებს წამლებს, რომლებსაც არასასურველი გვერდითი მოვლენები ახასიათებს. მათ შორისაა: ძილიანობა, თავბრუხვევა, ცნობიერების დაბინდვა და მანქანის მართვაში ხელის შემშლელი სხვა გარემოებები. ასეთი ეფექტები შეიძლება როგორც, რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს ჰქონდეს. ნივთერებები, რომლებიც ცუდად მოქმედებს მანქანის მართვის უნარზე, შემდეგია:

  • ალკოჰოლი

  • ანტიკონვულსანტები

  • ანტიემეტიკები (გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები)

  • ბენზოდიაზეპინები ან შფოთვის საწინააღმდეგო წამლები

  • ანტიფსიქოზური საშუალებები

  • გლაუკომის სამკურნალო წამლები

  • კუნთების მომადუნებელი საშუალებები

  • ურეცეპტოდ გაცემულ ანტიჰისტამინები

  • ოპიოიდები

  • საძილე წამლები

  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

სიტუაციები: სტრესმა, განსაკუთრებით უცნობ ადგილზე ან ინტენსიური მოძრაობის დროს, შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს საქმე. დაღლილობა და ყურადღების გაფანტულობაც აძნელებს მანქანის მართვას.

ზოგი მოხუცისთვის ერთადერთი პრობლემა გამოუცდელობაა. მაგალითად, ასაკოვანმა ადამიანმა (ხშირად ქალმა), მანქანის ტარება შეიძლება მხოლოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ისწავლოს.

კომპენსირების ხერხები

მრავალი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ასაკოვანმა მძღოლებმა შეძლონ იმ ფაქტორების კომპენსირება, რომლის გამოც უჭირთ მანქანის მართვა და იმატებს უბედური შემთხვევის ალბათობა.

საფრთხის თავიდან არიდება: ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გამოიყენონ სახიფათო სიტუაციების ამოსაცნობად და თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, იმის გამო, რომ ასაკის მატებასთან ერთად გამძლეობა ქვეითდება, შესაძლოა უმჯობესი იყოს ავტომობილით უფრო მოკლე მანძილზე გადაადგილება და ხშირად დასვენება. ისინი უნდა მოერიდონ ავტოსტრადებს და გზებს, სადაც მოძრაობა გადატვირთული ან სახიფათოა, ღამით ან ნისლში ტარებას, როცა კაშკაშა ნათების პრობლემა ყველაზე მეტადაა გამოხატული, ასევე, მოერიდონ მანქანის ტარებას პიკის საათებში, ნაკლებად სარისკო მანევრები შეასრულონ მოძრაობისას.

ყურადღების გაფანტვის თავიდან აცილება ყველა მძღოლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელია მოხუცებულთათვის. მობილური ტელეფონი საჭიროა უსაფრთხოებისთვის, როცა მანქანა ფუჭდება და ადამიანი შუა გზაში რჩება, მაგრამ მისი გამოყენება მანქანის მართვისას (იმ მოდელებისაც კი, რომლებსაც ხელში დაკავება არ ესაჭიროება) არასასურველია. ეს ზოგან კანონდარღვევდაც კი ითვლება. მსგავსად, ყურადღების გაფანტვას ასევე უწყობს ხელს სტერეოსისტემის ან სხვა ჩამონტაჟებული მოწყობილობების (კონდიციონერის ან სავარძლის მდებარეობის ცვლილების) გამოყენება, საკვების მიღება, სმა, მოწევა (ამის საწინააღმდეგოდ მრავალი სხვა მიზეზიც არსებობს – ნებისმიერ ასაკში), მაკიაჟის გაკეთება, რუკის დათვალიერება და სხვა მგზავრებთან საუბარიც კი. აუცილებელია ყურადღების გამფანტავი ყოველგვარი საქმიანობისთვის თავის არიდება.

ტექნიკური საშუალებების გამოყენება:ასაკოვან მძღოლებს ახალი ტექნიკური საშუალებებიც შეიძლება დაეხმაროს. მაგალითად, ღამით ხედვადობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილია სპეციალური მოსახვევის განათებები და ფარების სიკაშკაშის ავტომატურად დამაქვეითებელი სისტემა (შემხვედრი მანქანის გამოჩენისას ნათების ინტენსივობა იკლებს). არსებობს სხვა დამხმარე საშუალებებიც, რომლებშიც ინფრაწითელ სისტემა ან კამერებია გამოყენებული, უკანსვლის, პარკირებისა და სხვა მანევრების გასაადვილებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უკან გახედვა უჭირს. გლობალური პოზიციონირების სისტემა ეხმარება ასაკოვან მძღოლებს მანქანის ადგილმდებარეობის დადგენაში.

სხვა დამხმარე ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია სიჩქარის კონტროლი, ჩაკეტვის საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა, ელექტრონული სტაბილურობის სისტემა, რომლებიც აუმჯობესებს დამუხრუჭებას და საჭის ტრიალს. ზოგ მანქანას სპეციალური უკანა ხედვის სარკეები აქვს, რომლებიც ძლიერი სინათლის მოხვედრისას კაშკაშს ამცირებს. ავტომობილების მწარმოებლები ინფრაწითელ ტექნოლოგიებს სცდიან ღამე ტარების გაადვილებისთვის. მრავალი მათგანი ცვლის სახელურებს და სამართავ ღილაკებს, ბერკეტებს მათთვის, ვისაც ართრიტი აქვს. ყველა მძღოლისთვისაა განკუთვნილი სხვა მოწყობილობებიც, როგორიცაა უფრო დაბალი საფეხურები, წელის დასაყრდნობი, დაგრძელებადი სამზეურები, სავარძლისა და საჭის მდებარეობის შეცვლის შესაძლებლობა და ა.შ., მაგრამ ისინი განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს გამოსადეგი.

არსებობს სპეციალური სისტემები, რომლებიც ავარიისა და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს ავტომატურად რეკავს საგანგებო სიტუაციების სამსახურში და ატყობინებს სამაშველო ჯგუფებს მანქანის ადგილმდებარეობას. მომავალში ტექნოლოგიების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

მძღოლების განათლება: ასაკოვან ადამიანებს მანქანის მართვის უნარის ძველებურად შენარჩუნება ან გაუმჯობესებაც კი შეუძლიათ მძღოლების ხელახალი განათლების პროგრამების მეშვეობით. რამდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის ამერიკის პენსიონერთა ასოციაციას და ამერიკის ავტომობილების ასოციაციას აქვს პროგრამები, რომელთა მიზანია ასაკოვანი მძღოლებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომ სიბერესთან დაკავშირებული ცვლილებების მიუხედავად კარგად მართონ მანქანა. ამასთან, ამ პროგრამებში ჩართვით მცირდება სადაზღვევო პრემიები.

მოხუცებს სპეციალური პროგრამების მეშვეობით იმისი დადგენაც შეუძლიათ, რამდენად სწორადაა მათზე მანქანა მორგებული. მაგალითად, აუცილებელია დაცული იყოს მანძილი საჭესა და სავარძელს შორის, ისევე როგორც სავარძლის სიმაღლე. სარკეების მორგებით ბრმა ლაქებისა და მხედველობის ველის დეფექტების კომპენსირებაა შესაძლებელი.

სამედიცინო დახმარება: ასაკოვან მძღოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამედიცინო დახმარებაც აცილებს თავიდან სირთულეებს. მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი კარგ ფორმაში ხანშიშესულ ასაკშიც კი. ერთ-ერთი მიზეზია მანქანის მართვის გაგრძელების სურვილი, იმიტომ, რომ ძალა და გამძლეობა მნიშვნელოვანია ამ საქმიანობისას. ექიმებმა რეგულარულად უნდა გასინჯონ ხანშიშესულები მხედველობის, მეხსიერების, აზროვნების ან კუნთოვანი ძალის შესამოწმებლად.

ზოგი დაავადების მკურნალობით ამ უნარის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, მაგალითად, კატარაქტის ოპერაციით – მხედველობისა. ართრიტის წამლებითა და ფიზიკური თერაპიით მკურნალობის შედეგად მოქნილობა და მოძრაობის უნარი იზრდება. შაქრიანი დიაბეტის სათანადო მართვით სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ასაკოვანმა მძღოლებმა ექიმთან ან ფარმაცევტთან ერთად უნდა განსაჯონ წამლები, რომლებსაც იღებენ და დარწმუნდნენ, რომ ისინი გავლენას არ ახდენენ მანქანის მართვის უნარზე.

ამერიკის მრავალ შტატში კანონი კრძალავს მანქანის მართვას რაღაც დროის განმავლობაში ზოგიერთი დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ. ეს საცდელი პერიოდი ანუ მორატორიუმი იმისთვისაა შემოღებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდეს. მაგალითად, ზოგ შტატში ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის შემდეგ მორატორიუმის ხანგრძლივობა 6-თვეა. 3-6 თვეს შეადგენს ეს პერიოდი გულის შეტევის ან შუნტირების ოპერაციის შემდეგ. გულყრის განვითარების შემთხვევაში ზოგ შტატში სულ მცირე 6 თვე უნდა იყოს გასული უკანასკნელი შეტევიდან, რომ ადამიანმა მანქანის მართვის უფლება მოიპოვოს.

გადაწყვეტილება მანქანის მართვის თაობაზე

გარკვეულ მომენტში მოხუცებულთა უმრავლესობას უწევს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, განაგრძოს მანქანის მართვა თუ შეწყვიტოს. ავტომობილის უსაფრთხოდ ტარების უნარის დაქვეითებასთან ერთად მანქანის მართვა საშიში ხდება. ამასთან, ზოგი ადამიანი სიბერეში მანქანით შედარებით იშვიათად სარგებლობს. ერთ მშვენიერ დღეს მოხუცმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ავტომობილის შენახვა მისი იშვიათად გამოყენების პირობებში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ამავე დროს, მართვის უფლების დათმობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვად შეიძლება აღიქმებოდეს.

ზოგჯერ ოჯახის ექიმი ან ოჯახის წევრები ხვდებიან, რომ საჭიროა მოხუცმა უარი თქვას მანქანის ტარებაზე. გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ საკითხის ყურადღების გარეშე დატოვება საშიშია. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს უადვილებს მანქანის ტარებაზე უარის თქმას:

  • ჩართეთ ისინი ავტომობილის მართვის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში;

  • დაეხმარეთ მათ გადაადგილების სხვა საშუალების გამონახვაში;

  • გაარკვიეთ გადაადგილებისა და შეკვეთების სახლში მიტანის რა საშუალებები არსებობს;

  • დარწმუნდით, რომ მოხუცებულს შეუძლია ჩვეული საქმიანობების შესასრულებლად გადაადგილება;

  • საკითხის განხილვაში ჩართეთ ოჯახის ექიმი ან მეგობარი.

მრავალი პუბლიკაცია და ელექტრონული წყარო არსებობს, რომლის გაცნობაც ასაკოვან ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ამ მასალების მოძიება ოჯახის წევრებს და მეგობრებს შეუძლიათ, თუ საჭიროდ თვლიან ამის გაკეთებას.

შრომითი თერაპიის სპეციალისტები და მანქანის მართვის მასწავლებლები შესაძლოა დახელოვნებულნი იყვნენ იმ მოხუცებულების მართვის უნარის შეფასებაში, რომელთაც ხელშემშლელი დარღვევები აღენიშნებათ. ასეთ პროფესიონალებს ავტომობილის მართვის რეაბილიტაციის სპეციალისტები ეწოდებათ. ისინი ხშირად საავადმყოფოებსა და უნივესიტეტებში მუშაობენ, თუმცა ზოგს კერძო კლინიკაც აქვს. მათ შეუძლიათ შეაფასონ რამდენად უსაფრთხოდ ატარებს ადამიანი მანქანას, უზრუნველყონ ავტომობილის საჭირო ცვლილებები ან დამხმარე აღჭურვილობის მონტაჟი, მისცენ რეკომენდაციები გადაადგილების ან ტრანსპორტირების სხვა საშუალებების გამოყენების თაობაზე.

ასაკოვან მძღოლთა უმრავლესობა, ზოგჯერ ოჯახის წევრის ან ექიმის რჩევით, თავად იღებს გადაწყვეტილებას მანქანის ტარების შეწყვეტის შესახებ. ზოგს არ შეუძლია საკუთარი მდგომარეობის შეფასება და მაინც აგრძელებს მანქანის მართვას, მიუხედავად ექიმის რჩევისა. ასეთი სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალია ხანდაზმულისათვის რეაბილიტაცის სპეციალისტთან ან მართვის მოწმობის გამცემ სააგენტოში შემოწმების გავლის შეთავაზება. ოფიციალურად შემოწმების მოთხოვნა შეუძლია თავად მძღოლს, მისი ოჯახის წევრს ან ექიმს. შემოწმება გულსხმობს წერილობით და პრაქტიკულ გამოცდას. ზოგ შტატში ექიმები ვალდებულნი არიან, ოფიციალური შეტყობინება გააგზავნონ ყველა იმ პირის შესახებ, ვისთვისაც სახიფათოა მანქანის მართვა.