1. დაცემა
  2. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
დაცემა

კანონები, რომლებიც მოხუცებულებისთვის ავტომანქანის მართვის უფლების გაცემას და განახლებას არეგულირებს, განსხვავებულია ქვეყნებისა და შტატების მიხედვით.

  • დაცემა ყველაზე ხშირი მაშინაა, როცა ადამიანი, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გამო მოძრაობის ან წონასწორობის უნარი აქვს დარღვეული, სახიფათო გარემოში ხვდება;

  • შემთხვევების უმრავლესობაში დაცემამდე რაიმე სიმპტომი არ ვლინდება; ზოგჯერ თავბრუხვევა ან ესა თუ ის სხვა სიმპტომია გამოხატული;

  • დაცემის ხშირი შედეგია მოტეხილობა ან სისხლნაჟღენთი;

  • ექიმები ხშირად კვლევებს ატარებენ დაცემის მიზეზის დასადგენად;

  • შინ ყოფნისას დაცემის თავიდან აცილება სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით არის შესაძლებელი;

  • ტრავმების მკურნალობის შემდეგ ფიზიკური თერაპიის კურსი ამცირებს მომავალში დაცემის ალბათობას.

მოხუცებულებს ეშინიათ დაცემის და ეს სწორიცაა, ვინაიდან ის ხშირია ხანდაზმულობის ასაკში. საკუთარ სახლში მცხოვრებთა მესამედი წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც ეცემა, მოხუცებულთა სახლში დაცემის შემთხვევები უფრო ხშირია.

დაცემა ტრავმას იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, მაგალითად – ბარძაყის მოტეხილობას. მოხუცებში დაცემისას მოტეხილობების რისკი მაღალია, ვინაიდან მათი ძვლები ფოროვანი და მყიფეა (ოსტეოპოროზის გამო).

დაცემის შიშმა თავად შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები; ხანდაზმულები ნერვიულობენ ჩვეული საქმიანობების შესრულებისას, ნაკლებად თავდაჯერებული და სხვაზე დამოკიდებულებიც კი ხდებიან. დაცემის შიშისა და რისკის შემცირების სხვადასხვა ხერხები არსებობს. დაცემის მიზეზების ცოდნაც გამოსადეგია ამისთვის.

მიზეზები

დაცემის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც მოძრაობისა და წონასწორობის დაცვის უნარს არღვევს, გარემოს თავისებურებებით შეპირობებული საფრთხე ან პოტენციურად სახიფათო სიტუაცია. დაცემა ყველაზე ხშირად ამ ფაქტორების ერთდროულად მოქმედების შედეგია. მაგალითად, პარკინსონის დაავადებისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები (ეს ფიზიკური მდგომარეობაა) შეიძლება ტელეფონის ზონარს (საფრთხე გარემოში) გამოედონ ტელეფონის ზარის საპასუხოდ გაქცევის დროს (პოტენციურად სახიფათო სიტუაცია).

ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენას თავად დაბერება, ზოგადი მდგომარეობა, დაავადებები და წამლები ახდენს. მას (ფიზიკურ მდგომარეობას) დაცემაში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე გარემოს თავისებურებებს ან სახიფათო სიტუაციას. ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება არა მხოლოდ დაცემის რისკს ზრდის, არამედ გავლენას ახდენს ადამიანის რეაქციაზე საფრთხის, ხიფათის საპასუხოდ.

დაცემის საშიშროება იზრდება იმ ფიზიკური მდგომარეობებისას, რომლებიც არღვევს:

  • წონასწორობას ან სიარულის უნარს

  • მხედველობას

  • ტერფების მგრძნობელობას

  • კუნთების ძალას

  • გონებრივ უნარებს

მეხსიერებაზე ან სისხლში შაქრის დონეზე გავლენის მომხდენი წამლების მიღება ზრდის დაცემის ალბათობას.

გარემოში არსებული საფრთხე ასევე ხშირად ხდება დაცემის მიზეზი; ადამიანები მაშინ ეცემიან, როცა ვერ ამჩნევენ მას ან სწრაფად რეაგირებას ვერ ახერხებენ.

დაცემის ხელშემწყობ საფრთხეებად მოიაზრება:

  • ცუდი განათება

  • პატარა ზომის ნოხები

  • სრიალა იატაკი

  • ელექტროდამაგრძელებლები, კაბელები, ნივთები სავალ გზაზე

  • უსწორმასწორო ზედაპირის ტროტუარები ან მათი ჩამოტეხილი კიდეები

ყველაზე ხშირად ადამიანები შენობის შიგნით ეცემიან. ზოგჯერ ეს გაუნძრევლად დგომის დროსაც კი ხდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში – საწოლიდან/სკამიდან ადგომისას/დაჯდომისას, უნიტაზიდან ადგომისას ან მასზე დაჯდომისას, სიარულისას, კიბეებზე ასვლისას ან ჩასვლისას. სიარულის დროს ადამიანმა შეიძლება წაიბორძიკოს, რამეს წამოედოს ან წონასწორობა დაკარგოს. ნებისმიერი მოძრაობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, მაგრამ სიჩქარეში ან ყურადღების გაფანტვისას საშიშროება კიდევ უფრო იზრდება. ასე მაგალითად, სიარულის დროს წაქცევის რისკი მეტია, თუ ადამიანი საჭირო ოთახისკენ ან ტელეფონისკენ მიიჩქარის ან უსადენო ტელეფონით საუბრობს.

სიმპტომები

ხშირად დაცემამდე არავითარი სიმპტომი არ ვლინდება. მაშინ, როცა დაცემის მიზეზია საფრთხე გარემოში ან სახიფათო სიტუაცია, დაცემას თითქმის ან აბსოლუტურად არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი არ უძღვის წინ. თუ დაცემის მიზეზი ფიზიკური მდგომარეობაა, შეიძლება დაცემამდე რაიმე სიმპტომი აღინიშნოს, მაგალითად, თავბრუხვევა, გაბრუება, სწრაფი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება (გულის ფრიალი).

წაქცევის შემდეგ ხშირია ტრავმები, ასაკის მატებასთან ერთად ტრავმები მძიმდება. დაცემის შემთხვევების ნახევარში ადამიანს მცირე დაზიანება მაინც აღენიშნება, როგორიცაა სისხლნაჟღენთი, იოგის ან კუნთის დაჭიმვა. უფრო მძიმე ტრავმებია მოტეხილობა, იოგის გაგლეჯა, ღრმა ჭრილობები ან ორგანოების, მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის დაზიანება. წაქცევის შედეგი შემთხვევათა 2%-ში ბარძაყის მოტეხილობაა, 5%-ში – სხვა ძვლებისა (მხრის ზედა ნაწილის, მაჯის, ხერხემლის, მენჯის). ზოგჯერ დაცემის შედეგად გონების დაკარგვა და თავის ტრავმაც ვითარდება.

დაცემა კიდევ უფრო მძიმე შედეგებს იწვევს, თუ ადამიანს მაშინვე წამოდგომა ან დასახმარებლად ვინმეს მოხმობა არ შეუძლია. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება შეაშინოს დაზარალებული და უმწეოდ აგრძნობინოს თავი. წამოდგომის შეუძლებლობა და წაქცეული დარჩენა რამდენიმე საათითაც კი ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა გაუწყლოება, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია) და კანის დაზიანება ზეწოლის გამო (ნაწოლები).

დაცემის შედეგები დიდხანს შეიძლება აწუხებდეს ადამიანს. იმ მოხუცებულთა ნახევარი, ვისაც დაცემამდე სიარული შეეძლო დაცემისას კი ბარძაყის ძვალი მოიტეხა, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, კარგად ვეღარ დადის. ერთხელ დაცემის შემდეგ ადამიანი შეიძლება შიშმა შეიპყროს და თავდაჯერება დაეკარგოს, საქმიანობისთვის თავის დანებება და შინ დარჩენა და სახლის დალაგება არჩიოს საყიდლებზე სიარულს, მეგობრებთან სტუმრობას. ნაკლები აქტივობა სახსრებში მოძრაობის შეზღუდვასა და კუნთების სისუსტეს იწვევს, რაც ზრდის დაცემის რისკს. ადამიანს უქვეითდება საქმიანობის უნარი და სხვაზე დამოკიდებული ხდება. ეს ყველაფერია იმის მიზეზი, რომ დაცემა მნიშვნელოვნად აუარესებს სიცოცხლის ხარისხს და ხშირად მოხუცებულთა სახლში ან დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში გადასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება.

იშვიათად დაცემა შეიძლება მყისიერად სიკვდილით დასრულდეს, მაგალითად, თავის მაგარ ზედაპირზე დარტყმისას და ქალასშიდა სისხლდენის განვითარებისას. თუმცა, უფრო ხშირად დაზარალებულები მოგვიანებით იღუპებიან დაცემით გამოწვეული სერიოზული გართულებების გამო.

დიაგნოზი

წაქცევის შემდეგ მოხუცებულს ზოგჯერ არ სურს მომხდარის შესახებ საუბარი, ექიმთანაც კი, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაშავებულიარ არის. ისინიც კი, ვინც დაცემის შემდეგ მძიმე ტრავმით მოხვდნენ მიმღებში, ზოგჯერ არ აღიარებენ, რომ წაიქცნენ. ხანდაზმულებს ხანდახან დაცემა დაბერების თანამდევ მოვლენად მიაჩნიათ; შესაბამისად, არ უნდათ სხვებმა იფიქრონ, რომ ისინი უმწეონი არიან და საკუთარი სახლიდან სხვა დაწესებულებაში, მაგალითად მოხუცებულთა სახლში გადაყვანა ესაჭიროებათ. ამიტომაც ექიმმა ხანდაზმული პაციენტისთვის კონსულტაციის ჩატარებისას გულდასმით უნდა მოიძიოს ინფორმაცია უახლოეს წარსულში დაცემის შესახებ.

დაცემის კონსტატაციისას აუცილებელია მიზეზის დადგენა. პირველ რიგში იმისი გარკვევაა საჭიროა, რა ვითარებაში დაეცა პაციენტი, ხომ არ უძღოდა დაცემას წინ რაიმე სიმპტომი ან საქმიანობა, რამაც ხელი შეუწყო დაცემას. ექიმი მოიძიებს ინფორმაციას წამლების შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს. აუცილებელია მოხუცის გასინჯვა იმის შესამოწმებლად, ხომ არ მიიღო ტრავმა, აგრეთვე, დაცემის სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ეს მოიცავს:

  • არტერიული წნევის გაზომვას: თუ წნევა წამოდგომისას ეცემა, დაცემა შეიძლება ორთოსტაზული ჰიპოტენზიის ბრალი იყოს;

  • გულის მოსმენას: ექიმი სტეთოსკოპით მოუსმენს გულს, რათა გამორიცხოს გულისცემის სიხშირის შემცირება, რითმის დარღვევა ან გულის უკმარისობა;

  • კუნთების ძალისა და მოძრაობის დიაპაზონის განსაზღვრას: ექიმი სინჯავს ზურგსა და ფეხებს, ამოწმებს ტერფების მდგომარეობას;

  • მხედველობისა და ნერვული სისტემის შემოწმებას, პოზისა და წონასწორობის შეგრძნების ჩათვლით.

ექიმმა შესაძლოა სთხოვოს პაციენტს ჩვეული მოძრაობების შესრულება, მაგალითად, სკამზე დაჯდომა, სკამიდან ადგომა, კიბის საფეხურზე ასვლა. ამ გზით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება დაცემის ხელშემწყობი გარემოების (მოძრაობის, პოზის) დადგენა.

თუ დაცემის მიზეზი გარემოში არსებული დაბრკოლება იყო და პაციენტს მძიმე ტრავმა არ აქვს მიღებული, შესაძლოა დამატებითი გამოკვლევები არც გახდეს საჭირო. თუმცა, როცა ექიმს ეჭვი აქვს, რომ ფიზიკურმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი დაცემას, მოხუცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს. მაგალითად, თუ გასინჯვისას გულის დაავადების არსებობაა სავარაუდო, გულისცემის სიხშირესა და რიტმს ელექტროკარდიოგრაფის (ეკგ) მეშვეობით აფასებენ. ამ კვლევის ჩატარებას რამდენიმე წუთი სჭირდება და იგი ექიმის კაბინეტშივე სრულდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი, 1 ან 2 დღის მანძილზე ელექტროკარდიოგრაფიული მეთვალყურეობაა აუცილებელი სპეციალური მოწყობილობით (ჰოლტერის აპარატი). დაცემამდე თავბრუხვევის ან გაბრუების შეგრძნების შემთხვევაში შეიძლება სისხლის ანალიზები დაინიშნოს –საერთო ანალიზი და ელექტროლიტების დონე სისხლში. თუ ექიმი ნერვული სისტემის მხრივ დარღვევებს დაადგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ) დანიშნავს.

პრევენცია

დაცემის რისკის შესამცირებლად რამდენიმე მარტივი, საკმაოდ პრაქტიკული ხერხის გამოყენება შეიძლება:

  • რეგულარული ვარჯიში: წონებით (საპირისპიროდ მოქმედი ძალის საწინააღმდეგოდ) ვარჯიში აძლიერებს ქვედა კიდურებს, რაც სიარულისას მდგრადობას ზრდის. ტაი ჩი და სპეციალური ვარჯიშები, მაგალითად ცალ ფეხზე დგომა, აუმჯობესებს წონასწორობის უნარს;

  • შესაფერისი ფეხსაცმლის ტარება: ფეხსაცმელს მყარი, აცურების საწინააღმდეგო ძირი და დაბალი ქუსლი უნდა ჰქონდეს;

  • ჯდომის ან წოლისას ნელა წამოდგომა, მოძრაობის დაწყებამდე რამდენიმე წამით მოცდაა საჭირო: ამითი თავბრუხვევის თავიდან აცილებაა შესაძლებელი; ორგანიზმს საკმარისი დრო ეძლევა, რომ შეეგუოს პოზის ცვლილებას;

  • თავის ერთი მარტივი მანევრის გამოყენება: მას ეპლის მანევრი ეწოდება და შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს იმ მოხუცებულთათვის, რომლებსაც მოძრაობისას თავბრუხვევა აწუხებთ. მანევრი გულსხმობს თავის სხვადასხვა, განსაზღვრული მიმართულებით მიბრუნებას. პირველ ჯერზე ხშირად ექიმები ატარებინებენ პაციენტებს ამ მანევრს, შემდეგ მათ შეუძლიათ დაისწავლონ და თავად შეასრულონ საჭიროების შემთხვევაში;

  • წამლების შემოწმება, რომლებსაც პაციენტი იღებს: სასურველია, პაციენტებმა ექიმს ან სხვა ჯანდაცვის პროფესიონალს სთხოვონ, გადახედოს ყველა რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემულ საშუალებას, რომლებსაც ისინი იღებენ. უნდა შემოწმდეს, რომელიმე მედიკამენტი ხომ არ ზრდის დაცემის რისკს. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დოზა შეამციროს ან საერთოდ მოხსნას ეს წამალი;

  • მხედველობის რეგულარულად შემოწმება: შესაფერისი სათვალის შერჩევითა და ტარებით დაცემის თავიდან აცილება შესაძლებე-

  • ლია. მხედველობის დაქვეითებით თანხლებული დაავადებების, გლაუკომისა და კატარაქტის მკურნალობაც ეფექტურია;

  • ფიზიკური თერაპიის სპეციალისტთან გასაუბრება დაცემის რისკის შემცირების თაობაზე: ზოგ ასაკოვან ადამიანს ფიზიკური თერაპევტი სჭირდება, რომელიც დაეხმარება მას სათანადოდ სიარულის სწავლაში, განსაკუთრებით, თუ ხელჯოხი ან სპეციალური დასაყრდნობია საჭირო.

ზოგჯერ ისიც შესაძლებელია, რომ გარემო დაცემისთვის ნაკლებად სახიფათო გახდეს, ასე მაგალითად:

  • განათების გაუმჯობესება შესაძლოა მოხერხდეს სინათლის წყაროს შეცვლით ან ნათურების რაოდენობის გაზრდით;

  • შუქის ჩამრთველები ისე უნდა განლაგდეს, რომ ადვილად მისაწვდომი იყოს, სინათლე ავტომატურად უნდა ირთვებოდეს შეხებით ან მოძრაობის დაფიქსირებისას;

  • აუცილებელია კიბეების (სახლის შიგნით და გარეთ) და სახლის გარეთ სივრცის, სადაც ადამიანი ღამით შეიძლება მოხვდეს, კარგად განათება. კიბეებს მყარი და საიმედო მოაჯირები უნდა ჰქონდეს;

  • ელექტრობის და სხვა სადენები იატაკის სავალ ნაწილზე არ უნდა იყოს. ამისთვის შეიძლება ახალი როზეტების დამატება ან სადენების კარს ზემოთ გადატარება;

  • იატაკზე და კიბეებზე, სავალ გზაზე ნივთები არ უნდა იდოს;

  • უნიტაზებთან, სააბაზანო ნიჟარებთან და იმ ადგილებში, სადაც წამოდგომისას რამეზე დაყრდნობაა საჭირო, სახელურები უნდა დამონტაჟდეს, თანაც სწორად, რათა სიმძიმის მოქმედებით არ მოძვრეს;

  • შესაძლოა გამოსადეგი იყოს უფრო მაღალი უნიტაზები;

  • იატაკზე არ უნდა იყოს პატარა ნოხები, რომლებიც ცურავს ან ისინი უნდა მყარად დაიკრას იატაკზე;

  • სააბაზანოსა და სამზარეულოში აცურების საწინააღმდეგო საფენები უნდა დაიგოს იატაკზე;

  • ნივთები, რომლებიც ხშირად გამოიყენება, სამზარეულოს კარადებში ან თაროებზე ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ წელსა და თვალების დონეებს შორის მდებარეობდეს; მათ ჩამოსაღებად წელში მოხრა ან თითის წვერებზე დადგომა არ უნდა იყოს საჭირო.

იმისი ცოდნა, თუ რა არის საჭირო პოტენციურად სახიფათო სიტუაციაში, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გარემოდან დაბრკოლებების მოცილება. ზოგჯერ საჭიროა სახიფათო დეტალებისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა და იმაზე დაფიქრება, როგორ უნდა შესრულდეს ყოველდღიური საქმიანობა უსაფრთხოდ. მაგალითად, შეიძლება რამდენიმე უსადენო ტელეფონის შეძენა სახლისთვის, რათა ზარის საპასუხოდ აჩქარება და გაქცევა არ გახდეს საჭირო.

დაცემის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბარძაყის მოტეხილობის რისკი აქვთ (მაგალითად, ოსტეოპოროზის გამო) ძვლები შეძლებისდაგვარად უნდა გააძლიერონ კალციუმისა და D ვიტამინის სათანადო დოზის მიღებით. ზოგჯერ დამატებითი, რეცეპტით გასაცემი საშუალებების გამოყენებაც ხდება საჭირო ძვლის განლევის პროცესის შესაფერხებლად. ზოგი ადამიანი ბარძაყის დამცავს ატარებს ტანსაცმლის ქვეშ. ის პლასტმასისა და ქაფისგანაა დამზადებული და თეძოებზე მაგრდება; მისი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ბარძაყის მოტეხილობის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

იმის ცოდნით, თუ რა უნდა გააკეთონ დაცემის შემთხვევაში, მოხუცებულებს შიში უმსუბუქდებათ. თუ დაეცით და ადგომას ვერ ახერხებთ, უნდა გადაბრუნდეთ მუცელზე, მიცოცდეთ ავეჯამდე (ან ნივთამდე, რაზე დაყრდნობაც შეიძლება, რაც წონას გაუძლებს) და ასე წამოდგეთ.

მოხუცებულებს დახმარების მოსახმობად რამე საშუალებაც უნდა ჰქონდეთ თან. რამდენიმეჯერ წაქცევის შემდეგ შესაძლებელია ტელეფონის ისეთ ადგილზე მოთავსება, რომ იატაკიდანაც შეიძლებოდეს სარგებლობა. კიდევ ერთი გზაა გადაუდებელი შემთხვევის საპასუხო სისტემის (სამედიცინო სიგნალიზაციის მოწყობილობის) გამოყენება, რომელიც შეტყობინებას გადასცემს ვინმეს, რომ მოხუცს დაეხმარება სჭირდება. ასეთი სისტემების უმრავლესობას კისერზე ჩამოსაკიდებელი სასიგნალო ღილაკი აქვს; მასზე დაჭერით დამხმარეს გამოძახება შეიძლება.

მკურნალობა

მნიშვნელოვანია დაზიანებების მკურნალობა, მაგალითად, მოტეხილობების, დაჭიმული იოგების ან კუნთების. ამის შემდეგ აუცილებელია მომავალში დაცემისა და ტრავმების თავიდან აცილებაზე ზრუნვა.

ექიმები მკურნალობენ იმ დაავადებებს, რომლებიც ხელს უწყობს დაცემას. მაგალითად, გულისცემის მკვეთრი შენელებისას, რასაც თავბრუხვევა ახლავს, გულში რიტმის წამყვანის ჩადგმაა საჭირო. თუ შესაძლებელია, პოტენციურად სახიფათო წამლები უნდა მოიხსნას, დოზა შემცირდეს ან სხვა მედიკამენტით იქნეს ჩანაცვლებული.

ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტებს შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს უკეთესად სიარულის სწავლაში, წონასწორობის შენარჩუნებაში, ისევე, როგორც, წაქცევის შემდეგ თავდაჯერების აღდგენაში. ისინი ასწავლიან მოხუცებს, როგორ აიცილონ დაცემა, აქეზებენ, რომ უფრო აქტიურნი იყვნენ. დაცემის საშიშროების შემცირება ფიზიკური თერაპიით, პროფესიონალის ზედამხედველობით წონასწორობის და გაჭიმვის სავარჯიშოების შესრულებით შესაძლებელია.