ვარჯიშის სარგებლობა | მკურნალი.გე
  1. ვარჯიშის სარგებლობა
  2. ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა
  3. საფუძვლები
ვარჯიშის სარგებლობა

რეგულარული ვარჯიში აძლიერებს გულს და აჯანსაღებს ფილტვებს; გულ-სისხლძარღვთა სისტემა უკეთ ამარაგებს ჟანგბადით სხეულს გულის ყოველი შეკუმშვისას, ჟანგბადის მიწოდება იზრდება ფილტვების გზით. ვარჯიში ამცირებს სისხლის წნევას, აგრთვე, გარკვეულწილად, საერთო და დაბალი სიმკვრივის (დსლ) ლიპოპროტეინის ქოლესტეროლის (ცუდი ქოლესტეროლი) დონეს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლ) ქოლესტეროლის (კარგი ქოლესტეროლი) დონეს. ეს სასარგებლო ეფექტები, თავის მხრივ, ამცირებს გულისა და კორონალური არტერიების დაავადების, ინსულტის რისკს. გარდა ამისა, მხხვილი ნაწლავის სიმსივნე და დიაბეტის ზოგიერთი ფორმა, სავარაუდოდ, ნაკლებად ხშირია იმ პირებს შორის, რომელნიც რეგულარულად ვარჯიშობენ.

ვარჯიში აძლიერებს კუნთებს, შესაძლებლობას აძლევს ადამიანს გადალახოს სიძნელეები, რომლებიც მისთვის ვარჯიშის დაწყებამდე დაუძლეველი იყო. ყოველი ფიზიკური ძალისხმევა მოითხოვს კუნთების სიძლიერეს და სახსრებში მოძრაობის გარკვეულ სიფართოვეს; რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია როგორც ერთის, ისე მეორის გაუმჯობესება.

ვარჯიში ჭიმავს კუნთებს და სახსრებს; თავის მხრივ, ეს ზრდის მოქნილობას და ეხმარება ადამიანს დაზიანებების თავიდან აცილებაში. სწრაფი სიარული და სიმძიმეებით ვარჯიში აძლიერებს ძვლებს და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას, აუმჯობესებს ფუნქციურ შესაძლებლობებს, ამცირებს ტკივილს ოსტეოართრიტის დროს. იმავდროულად, სახსრების მეტისმეტი დატვირთვა (ხტუნვა, სირბილი) მოსარიდებელია.

ვარჯიში ზრდის ადამიანის სხეულში ენდორფინების დონეს. ეს ქიმიური ნაერთები ამცირებს ტკივილს, ხელს უწყობს კეთილდღეობის შეგრძნების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს განწყობას, ზოგჯერ ათავისუფლებს პაციენტს დეპრესიისგან. ვარჯიში ეხმარება ადამიანს გახდეს თვითდაჯერებული ჯანმრთელობის, გარეგნობის გაუმჯობესების გამო.

ზემოხსენებულთან ერთად, რეგულარული ვარჯიში ეხმარება მოხუცებს ყოველდღიურ ყოფაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, დაცემისა და მოტეხილობების პრევენციაში. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს კუნთოვან სისტემას დასუსტებულ მოხუცებშიც კი, რომელნიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ან მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ. უმჯობესდება მადა, ძილი, ნაკლებად შემაწუხებელია შეკრულობა.

ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვეში მცირდება მის მიერ მოტანილი სარგებლობა. ერთი მხრივ, გულის ფუნქცია, კუნთების სიძლიერე და "კარგი ქოლესტეროლის" დონე ქვეითდება; მეორე მხრივ, სისხლის წნევა, სხეულის ცხიმოვანი მასა იზრდება. ყოფილი სპორტსმენებიც კი, ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ, მის მიერ მოტანილ სარგებლობას ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებენ, თუმცა, ადამიანები, რომელნიც წარსულში ფიზიკურად აქტიურნი იყვნენ, ავადმყოფობის შემთხვევაში უფრო სწრაფად აღიდგენენ ხოლმე ჯანმრთელობას.