ტკივილის და ანთების მკურნალობა | მკურნალი.გე
  1. ტკივილის და ანთების მკურნალობა
  2. რეაბილიტაცია (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
ტკივილის და ანთების მკურნალობა

ტკივილის და ანთების მკურნალობა უადვილებს ადამიანს მოძრაობას და რეაბილიტაციის პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მოხსენიებულისთვის გამოიყენება სითბოთი ან სიცივით მკურნალობა, ელექტრული სტიმულაცია, დაჭიმვა, მასაჟი და აკუპუნქტურა. ფიზიოთერაპევტი სითბოთი თუ სიცივით მკურნალობის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს; თუმცა მწვავე ტკივილის დროს სიცივის გამოყენება უფრო ეფექტურია.

სითბოთი მკურნალობა: სითბო აძლიერებს სისხლის მიდენას და შემაერთებელ ქსოვილს უფრო მეტად ელასტიკურს ხდის. სითბო დროებით ამცირებს სახსრების რიგიდობას (მოძრაობის შეზღუდვას), ტკივილს და კუნთების სპაზმს; იმავდროულად, აქვეითებს ანთების ინტენსივობას და აფერხებს ქსოვილებში სითხის დაგროვებას (შეშუპება). სითბოთი თერაპია გამოიყენება ანთების (ართრიტის სხვადასხვა ფორმის ჩათვლით), კუნთების სპაზმისა და ტრავმის (როგორიცაა მყესის დაჭიმვა) სამკურნალოდ.

სითბოს გამოყენება შეიძლება სხეულის ზედაპირზე, აგრეთვე, ღრმად მდებარე ქსოვილებზე ზემოქმედებისთვის. გამოიყენება სითბური პაკეტები, ინფრაწითელი გამათბობლები, პარაფინის (გაცხელებული ცვილი) აბაზანები და ჰიდროთერაპია. ღრმად მდებარე ქსოვილებისთვის სითბო შეიძლება გენერირებული იქნეს ელექტრული ნაკადით (დიათერმია) ან მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღებით (ულტრაბგერა).

სიცივით თერაპია (კრიოთერაპია): სიცივე გამოიყენება ქსოვილების დაბუჟებისას, ამსუბუქებს კუნთების სპაზმს, მწვავე წელის ტკივილს, მწვავე ანთებას. სიცივე შეიძლება გამოყენებული იქნეს ყინულის პარკების, ცივი პაკეტების ან აქროლადი სითხეების (როგორიცაა ეთილის ქლორიდი) სახით. ფიზიოთერაპევტი განსაზღვრავს სხეულზე ზემოქმედების ხანგრძლივობას და მოცულობას იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ქსოვილების დაზიანება და შემცირდეს სხეულის ტემპერატურა (ჰიპოთერმია). სიცივე არ გამოიყენება, ქსოვილების სისხლით მომარაგების შემცირებისას (მაგალითად, არტერიების შევიწროებისას პერიფერიული არტერიების დაავადების დროს).

ელექტრული სტიმულაცია: თუ ქსოვილი მოკლებულია სათანადო ნერვულ სტიმულაციას (პერიფერიული ნერვის დაზიანების, ზურგის ტვინის დაავადების ან ინსულტის გამო), კუნთი სწრაფად განილევა (ატროფია), რიგიდული ხდება და იკუმშება (სპასტიკურობა). ელექტრული სტიმულაცია ელექტროდების მეშვეობით, რომლებიც კანზეა მოთავსებული, კუმშავს კუნთს, ავარჯიშებს მას, რაც ატროფიისა და სპასტიკურობის თავიდან აცილებას ხდის შესაძლებელს.

ელექტრული სტიმულაციის ერთ-ერთი ფორმა – ე.წ. ნერვის ტრანსკუტანეული ელექტრული სტიმულაცია (ნტეს) – იყენებს დაბალ ნაკადს, რომელიც არ იწვევს კუნთების შეკუმშვას. ნტეს შეიძლება სასარგებლო იქნეს ქრონიკული წელის ტკივილის, რევმატოიდული ართრიტის, კოჭის ღრძობის, შემომსარტყვლელი ჰერპესის დროს ან ლოკალურ არეში ტკივილისას. ნტეს-ის ხელით სახმარი, ბატარეებზე მომუშავე ხელსაწყო გამოიმუშავებსდენისნაკადს, რომელიც გაივლის კანზე მოთავსებულ ელექტროდებში.ხელსაწყოს მოქმედება იწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას, მაგრამ მტკივნეული არ არის.

ნტეს შეიძლება გამოყენებული იქნეს დღეში რამდენჯერმე – 20 წუთიდან მოყოლებული რამდენიმე საათის განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია ტკივილი. ხშირად პაციენტები ხელსაწყოს შინ იყენებენ, თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროებისას. ადამიანების უმრავლესობა მკურნალობის ამ ფორმას კარგად იტანს, მაგრამ ტკივილი ყველას არ უმცირდება. ნტეს-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა რიტმის დარღვევა (არითმია). ამიტომაც გულის მძიმე დაავადებისას ან თუ პაციენტს რიტმის წამყვანი აქვთ ჩანერგილი, ნტეს არ გამოიყენება. არ შეიძლება მისი გამოყენება თვალების სიახლოვეს.

დაჭიმვა: კისრის დაჭიმვა შეიძლება ჩატარდეს საავადმყოფოში, სარეაბილიტაცო ცენტრში ან სახლში, ქრონიკული კისრის ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ცერვიკალური სპონდილოზით, დისკის პროლაფსით, კისრის დაჭიმულობით ან ტორტიკოლიზით. დაჭიმვა უფრო ეფექტურია როდესაც პაციენტი ზის, ვიდრე მაშინ, როცა საწოლში წევს. სისტემა, რომელშიც გამოყენებულია მოტორი, ჩვეულებრივ, უფრო ეფექტურია. დაჭიმვა ყოველთვის კომბინირებულია სხვა მკურნალობის ფიზიკურ მეთოდებთან, მათ შორის ვარჯიშთან და მანუალურ დაჭიმვასთან. კისრის დაჭიმვის აპარატები მისაწვდომია მომხმარებელთათვის განკუთვნილი კატალოგების მეშვეობით, მაგრამ ხელსაწყოს ტიპი მაინც სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს, მანვე უნდა განსაზღვროს გამოსაყენებელი წონის სიდიდე. პაციენტი არ უნდა შეეცადოს პროცედურის დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ჩატარებას. ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ წონის დოზირებულად შემცირება, ტრავმის თავიდან ასაცილებლად.

მასაჟი: მასაჟმა შეიძლება შეამციროს ტკივილი, დააცხროს შეშუპება და დაარბილოს კონტრაჰირებული ქსოვილები. ტრავმის სამკურნალოდ პროცედურა მხოლოდ ლიცენზირებულმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. მასაჟის გამოყენება არ არის რეკომენდებული ინფექციების ან თრომბოფლებიტის დროს.

აკუპუნქტურა: წვრილი ნემსი შეჰყავთ სხეულის გარკვეული, ხშირად ტკივილის მიდამოდან დაშორებული, ადგილების კანში. ნემსებს ზოგჯერ სწრაფად და ხანგამოშვებით დაატრიალებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში; შეიძლება გამოყენებული იქნეს დაბალი ელექტრული ნაკადი, რომელიც ნემსების გავლით შეაღწევს სხეულში. აკუპუნქტურა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას. ენდორფინები ტვინში წარმოიქმნება, ისინი თრგუნავენ მგრძნობელობას და ამცირებენ ანთებას. აკუპუნქტურა ზოგჯერ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენება ქრონიკული ტკივილის მართვისთვის, ინსულტის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციისთვის. აკუპუნქტურა უნდა ჩატარდეს ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ და სტერილური ნემსებით.