ფიზიკური თერაპია | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური თერაპია
  2. რეაბილიტაცია (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია გულისხმობს სხეულის გავარჯიშებისთვის საჭირო მანიპულაციებს. მას შეუძლია გააუმჯობესოს სახსრებისა და კუნთების ფუნქცია, დაეხმაროს პაციენტს დგომის, წონასწორობის დაცვის, სიარულის, კიბეზე ასვლის უნარების გაუმჯობესებაში. ფიზიკური თერაპია გულისხმობს ვარჯიშებს მოძრაობის სხვადასხვა დიაპაზონით კუნთების გასამაგრებლად, კოორდინაციისა და წონასწორობის დასაცავად, ფეხით სიარულის, საგანთა გადაადგილების უნარების გასაუმჯობესებლაად. აგრეთვე, გამოიყენება ორთოსტატიკური მაგიდა.

ვარჯიშები მოძრაობის დიაპაზონისთვის: მოძრაობის დიაპაზონი, ჩვეულებრივ, იზღუდება ინსულტის ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შემდეგ. მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, რაც ამცირებს ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას, ზრდის კანის დაზიანებისა და ნაწოლების გაჩენის ალბათობას. მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, ჩვეულებრივ, მოხუცებულობის თანამდევია, თუმცა ჯანმრთელ მოხუცებს შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლის უნარი. თერაპიის დაწყებამდე ფიზიოთერაპევტი აფასებს მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვის ხარისხს ხელსაწყოთი, რომელსაც გონიომეტრი ეწოდება. ამ ხელსაწყოთი იზომება სახსარში მოძრაობის უდიდესი კუთხე. იმავდროულად, უნდა განისაზღვროს მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვის მიზეზი – სახსრის, მყესის ან იოგის დაჭიმვა. თუ მიზეზია დაჭიმული კუნთი, შეიძლება დაჭიმვა უფრო ძლიერად და მოურიდებლად ჩატარდეს; თუ მიზეზია დაჭიმული მყესი ან იოგი, მაშინ რბილი დაჭიმვის ჩატარებაა საჭირო, თუმცაღა ზოგჯერ სახსრის ან იოგის დაჭიმვის ვარჯიშების ჩატარებამდე ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი. დაჭიმვა, მაქსიმალურად ეფექტურია და მინიმალურად მტკივნეული, როცა ქსოვილი გამთბარია. ამიტომაც ფიზიოთერაპევტმა ჯერ სითბო უნდა გამოიყენოს. მოძრაობის დიაპაზონზე ზემოქმედებისთვის სამი ტიპის ვარჯიში გამოიყენება:

  • აქტიური ვარჯიში – იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შეუძლიათ კუნთების ან სახსრების გავარჯიშება დახმარების გარეშე; მათ კიდურები დამოუკიდებლად უნდა ამოძრაონ.

  • აქტიური ვარჯიში დახმარებით – იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მცირე დახმარება სჭირდებათ ან რომელთაც შეუძლიათ კიდურების ამოძრავება სახსრებში, მაგრამ აქვთ ტკივილი. პაციენტები კიდურებს დამოუკიდებლად ამოძრავებენ, ხოლო ფიზიოთერაპევტი ეხმარება ხელით ან სახვევით, ან სხვა დამხმარე საშუალებით.

  • პასიური ვარჯიში – იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ვარჯიშში აქტიურად მონაწილეობა. მათ არავითარი ძალისხმევა არ მოეთხოვებათ, ფიზიოთერაპევტი ამოძრავებს მათ კიდურებს.

აქტიური ვარჯიში დახმარებით და პასიური ვარჯიში მოძრაობის დიაპაზონის გაფართოებისთვის ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს, ტრავმის თავიდან ასაცილებლად, თუმცა გარკვეული დისკომფორტი ზოგჯერ გარდაუვალია.

მოძრაობის დიაპაზონის გასაფართოებლად ფიზიოთერაპევტი ამოძრავებს კიდურს დაზიანებულ სახსარში ტკივილის აღმოცენების მომენტამდე; მოძრაობამ არ უნდა გამოიწვიოს რეზიდუალური ტკივილი (ტკივილი, რომელიც რჩება ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ). ხანგრძლივი, ზომიერი ინტენსივობის დაჭიმვა უფრო ეფექტურია, ვიდრე მყისიერი და ძლიერი ინტენსივობისა. ხანგრძლივი დაჭიმვისთვის გამოიყენება სათანადო სიმძიმეები ბორბლებით, ყოველდღიურად დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

კუნთის გამაძლიერებელი ვარჯიშები: კუნთის ძალას ვარჯიშის მრავალი სახე ზრდის. იმავდროულად, ეს ვარჯიშები რეზისტენტობასაც ზრდის. როდესაც კუნთი ძალიან სუსტია, მხოლოდ მოძრაობა სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ არის საკმარისი. კუნთის ძალა იზრდება, რეზისტენტობა თანდათან მატულობს დამჭიმავი სახვევების ან სიმძიმეების გამოყენებისას. ამ გზით კუნთის მოცულობა (მასა) და ძალა იზრდება, ხოლო ამტანობა უმჯობესდება.

კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის ვარჯიშები: ეს ვარჯიშები აუმჯობესებენ კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის უნარს ინსულტის ან ტვინის დაზიანების შემდეგ. კოორდინაციის მოწესრიგებისთვის პაციენტი სპეციალისტის დახმარებით ასრულებს ხელით შესასრულებელ შრომით საქმიანობას. ვარჯიში გულისხმობს არსებითი ხშირი მოძრაობების გამეორებას ერთზე მეტი სახსრის და კუნთის ჩართვით; ასეთებია საგნის აღება ან სხეულის ნაწილებზე შეხება. წონასწორობის დაცვისთვის გამიზნული ვარჯიშები დასაწყისში ტარდება პარალელური სახელურების გამოყენებით. ფიზიოთერაპევტი დგას პაციენტის უკან, რომელსაც სიმძიმე გადააქვს მარჯვენა და მარცხენა ფეხებს შორის. მას შემდეგ, როცა ამ მოძრაობას პაციენტი რიგიანად შეასრულებს, წონა შეიძლება გადააადგილოს წინა-უკანა მიმართულებით. ამ ვარჯიშების შესრულებაში დაოსტატების შემდეგ პაციენტი იმავეს აკეთებს პარალელური სახელურების გარეშე.

გადაადგილების ვარჯიშები: სიარული (გადაადგილება), დამოუკიდებლად თუ სხვისი დახმარებით, შეიძლება რეაბილიტაციის ძირითადი მიზანი აღმოჩნდეს. ვარჯიშების დაწყებამდე ადამიანს უნდა ჰქონდეს ფეხზე დგომისას წონასწორობის დაცვის უნარი. ამ უკანასკნელის გასაუმჯობესებლად პაციენტები სარგებლობენ პარალელური სახელურებით და გადააქვთ სიმძიმე მარცხნიდან მარჯვნივ, წინ და უკან. უსაფრთხოებისთვის ფიზიოთერაპევტი პაციენტის წინ ან უკან დგას. ზოგჯერ საჭირო ხდება სახსრებში მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა ან კუნთის გაძლიერება, აგრეთვე, ორთოპედიული მოწყობილობის (როგორიცაა კორსეტი, ბანდაჟი, სამაგრი) გამოყენება.

გადაადგილების ვარჯიშებისთვის პირის მზაობისას, ვარჯიში იწყება პარალელური სახელურების გამოყენებით. წარმატების შემთხვევაში, შემდგომი ეტაპია მექანიკური დამხმარე საშუალებები (როგორიცაა ყავარჯნები ან ხელჯოხი). ზოგჯერ საჭირო ხდება დამხმარე ღვედი, რომელსაც ფიზიოთერაპევტი იყენებს დაცემის თავიდან ასაცილებლად.

მას შემდეგ, რაც პაციენტი შეძლებს სწორ ზედაპირზე უსაფრთხოდ სიარულს, შეიძლება დაიწყოს ტროტუარის კიდეზე გადაბიჯების და კიბეზე ასვლის სწავლება. პაციენტი დარიგებულია, რომ კიბეზე ასვლისას პირველად დაუზიანებელი ფეხი უნდა დააბიჯოს, კიბეზე ჩამოსვლისას – დაზიანებული ფეხი. დასამახსოვრებლად გამოიყენება ფრაზა: "კარგი ზემოთ, ცუდი – ქვემოთ". ოჯახის წევრებმა და სხვა მომვლელებმაც უნდა ისწავლონ სწორად დახმარება.

ვარჯიშები ზოგადი მდგომარეობისთვის: მოძრაობის დიაპაზონის გასაფართოებელი, კუნთების გასაძლიერებელი და გადაადგილების ვარჯიშების კომბინაცია გამოიყენება ხანგრძლივი წოლისა და იმობილიზაციის ეფექტის დასაძლევად. ვარჯიშები ზოგადი მდგომარეობისთვის სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის (გულის, ფილტვებისა და სისხლძარღვების უნარი ჟანგბადით მოამარაგონ კუნთები), ელასტიკურობისთვის, კუნთების გასაძლიერებლად.

გადაადგილების ვარჯიში: ხშირად (განსაკუთრებით, ბარძაყის მოტეხილობის, ამპუტაციის ან ინსულტის შემდეგ) გადაადგილების უნარის აღდგენა რეაბილიტაციის უპირველესი მიზანია. უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად გადაადგილება საწოლიდან სავარძელში, სავარძლიდან უნიტაზზე ან სავარძლიდან წამოდგომა არსებითია გადაწყვეტილების მისაღებად შინ დარჩენის ან გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ჩვეულებრივ, დახმარებას საჭიროებენ 24 საათის განმავლობაში. მზრუნველ პირებს შეუძლიათ გადაადგილებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა სპეციალური აღკაზმულობის გამოყენებით.

გადაადგილების ვარჯიშის ტექნიკა დამოკიდებულია ქვემოთ ჩამოთვლილზე:

  • შეუძლია თუ არა პირს საკუთარი სხეულის სიმძიმის ტარება ცალი ფეხით, თუ მხოლოდ ორივეთი;

  • აქვს თუ არა კარგი წონასწორობის დაცვის უნარი;

  • აქვს თუ არა პარალიზებული სხეულის რომელიმე მხარე.

ზოგჯერ გამოიყენება დამხმარე დანადგარები. მაგალითად, მათთვის, ვისაც წამოდგომა უჭირთ, კარგი დამხმარე საშუალებაა სავარძელი მოძრავი ან ზემოთ აწეული დასაჯდომით.

დახრილი მაგიდა: პაციენტებს, რომელთაც რამდენიმე კვირა გაატარეს საწოლში, მკაცრი წოლითი რეჟიმის გამო ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ, წამოდგომისას, შესაძლოა, თავბრუხვევა (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია) აღენიშნოთ. სწორედ მათ დასახმარებლად გამოიყენება დახრილი მაგიდა, რომელიც ხელს უწყობს სხეულის პოზიციის შეცვლის საპასუხოდ სისხლძარღვების შევიწროების (კონსტრიქცია) და გაფართოების (დილატაცია) უნარის აღდგენას. ადამიანს გულაღმა აწვენენ რბილი გადასაკრავით დაფარულ მაგიდაზე, რომელსაც აქვს ფეხების საყრდენი და უსაფრთხოების ქამარი. მაგიდა მოძრაობს ვერტიკალური პოზიციის მიმართულებით ძალიან ნელა, პაციენტის თვითგრძნობის შესაბამისად. პოზიციის ნელი ცვლილება საშუალებას აძლევს სისხლძარღვებს, აღიდგინოს კონსტრიქციის უნარი. რამდენ ხანს დაჰყოფს პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად აიტანს სხეულის პოზიციის ცვლილებას. ამავე დროს, დაყოვნების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთს. დახრილი მაგიდით პროცედურა ტარდება ერთხელ ან ორჯერ დღეში. მისი ეფექტურობა სხვადასხვანაირია, შესაძლებლობების შეზღუდვის ტიპისა და ხარისხის მიხედვით.