1. შრომათერაპია
  2. რეაბილიტაცია (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
შრომათერაპია

შრომათერაპიის მიზანია თავის მოვლისთვის საჭირო პროცედურებისა და თავისუფალი დროის გამოყენებასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, სასარგებლო შრომისთვის წაქეზება, სხვადასხვა უნარის გამოყენების კოორდინაცია, რაც თუნდაც მარტივი აქტივობის განხორციელების აუცილებელი პირობაა. მოხსენიებული უნარების რიცხვს მიეკუთვნება:

  • შეგრძნებისა და მოძრაობის უნარი;

  • გეგმის ჩამოყალიბებისა და განხორციელების უნარი;

  • მიზნის მიღწევის სურვილი და ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევის დაუშურებლობა.

ეს უნარები ბევრი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს. შრომათერაპიის სპეციალისტმა უნდა გამოავლინოს დაზიანებები პაციენტზე დაკვირვებით, სპეციფიკური ტესტების ჩატარებით (როგორიცაა წონასწორობის დაცვის ტესტი), სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან, ოჯახის წევრებთან ან მომვლელებთან ერთობლივი განსჯით. სპეციალისტები განსაზღვრავენ საჭიროებებს პაციენტზე დაკვირვებით ჩვეულ გარემოში ამა თუ იმ ამოცანის შესრულებისას, ცდილობენ კონკრეტულ სოციალურ და ფიზიკურ გარემოში სავარაუდო პრობლემების ინდენტიფიცირებას. მაგალითად, ოჯახის წევრების დამოკიდებულებამ ან არაადეკვატურმა განათებამ შეიძლება დააბრკოლოს პაციენტის მიერ ამა თუ იმ ამოცანის შესრულება, ან იატაკზე მოთავსებულმა ელექტროსადენებმა გააადგილება სახიფათო გახადოს.

პაციენტისა და შრომათერაპიის სპეციალისტის ერთობლივი ძალისხმევით უნდა განისაზღვროს მიზნები და შეირჩეს პრიორიტეტები, აგრეთვე, მიზნის მიღწევისთვის საჭირო ტექნიკა და აქტივობები. მაგალითად, თუ ადამიანს უჭირს საკვების მიღებისას ჭურჭლით სარგებლობა, დახვეწილი მოტორული უნარების აღსადგენად გამოიყენება ისეთი აქტივობა, როგორიცაა ხის ლურსმნის ჩასმა ფიცარში. მეხსიერების თამაშებს შეუძლია გააუმჯობესოს ამოცნობის უნარი, გაააქტიუროს მეხსიერება. ადაპტაციის განვითარების ტექნიკა ეხმარება ადამიანს შენარჩუნებული უნარები და ძალა გამოიყენოს შეზღუდული ქმედუნარიანობის კომპენსაციისთვის; მაგალითად, ადამიანმა პარალიზებული ხელით შეიძლება შეითვისოს ჩაცმის, ფეხსაცმლის თასმებისა და ღილების შეკვრის ახალი წესი. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩნდება აქტივობების გაფართოების სურვილიც.

დამხმარე ხელსაწყოები: შრომათერაპიის სპეციალისტი შეურჩევს პაციენტს დამხმარე ხელსაწყოებს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის აღსადგენად. მაგალითად, ართრიტით დაავადებულმა შეიძლება მოირგოს არტაშანი სახსრების დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ან გამოიყენოს ხელსაწყო დაზიანებული სახსრების, იოგების, მყესების, კუნთებისა და ძვლების სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად (ორთოზები). შრომათერაპიის სპეციალისტს ზოგჯერ თავად შეუძლია პაციენტის საჭიროებებთან მისადაგებული ხელსაწყოს კონსტრუქციის შექმნა. გარდა ამისა, ზედა კიდურის ამპუტაციის შემთხვევაში შრომათერაპიის სპეციალისტი პაციენტს ურჩევს, გამოიყენოს ხელოვნური კიდური (პროთეზი), რომელსაც აქვს ჭურჭლის დასაკავებლად საჭირო მარწუხი, შეასწავლის პაციენტს პროთეზის ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებას ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადასაჭრელად; იმავე სპეციალისტმა ეტლით მოსარგებლეს შეიძლება შეურჩიოს ბორბლებიანი სავარძლის ესა თუ ის ტიპი.