კანონში გაცხადებულია, რომ მოზრდილებს (შტატების უმრავლესობაში – 18 წელზე მეტი ასაკის პირები) უფლება აქვთ, თავად განკარგონ საკუთარი საქმეები, წარმართონ ბიზნესი, მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სამართლებრივად ქმედუნარიანებად მიიჩნევიან აგრეთვე დაქორწინებული ან შეიარაღებულ ძალებში მომსახურე არასრულწლოვნები და, გარდა ამისა, ისინიც, ვისაც სასამართლოს მიერ აქვს მინიჭებული ეს სტატუსი.
სამართლებრივი ქმედუუნარობა: სამართლებრივი ქმედუნარიანობა და ყველა მასთან დაკავშირებული უფლება მოქმედებს ადამიანის სიკვდილამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო დაადგენს, რომ პირს აღარ აქვს პირადული საკითხების საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართვისა და მოგვარების უნარი და სასამართლოს ჩარევა აუცილებელია მისი დაცვისთვის (სტატუსი, რომელიც იწოდება სამართლებრივ ქმედუუნარობად). ჯანდაცვის პროფესიონალებს, მაშინაც კი, როცა ისინი თვლიან, რომ პირს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, არ შეუძლიათ არ გაითვალისწინონ მისი სურვილები, თუ ეს პირი სასამართლოს მიერ არ არის მიჩნეული ქმედუუნაროდ. სადღეისოდ შტატების კანონმდებლობაში უფრო ხშირად გამოიყენება ტერმინი "ქმედუუნარობა", ვიდრე "არაკომპეტენტურობა". ამასთან, მოხსენიებულთაგან პირველი სპეციფიკური მიზნით და მნიშვნელობით იხმარება, სახელდობრ, იგულისხმება, რომ განსხვავებული ამოცანების გადასაწყვეტად განსხვავებული შესაძლებლობებია საჭირო. მაგალითად, პირი შეიძლება ცნობილი იყოს სამართლებრივად ქმედუუნაროდ ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, მაგრამ ლეგალურად ქმედუნარიანი იყოს სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ან საცხოვრებელი ადგილის არჩევისთვის. სამართლებრივი ქმედუუნარობა მოასწავებს პირისთვის გადაწყვეტილების მიღების უფლების ჩამორთმევას საერთოდ ან ზოგიერთი საკითხის მიმართ. ლეგალური ქმედუუნარობა, ჩვეულებრივ, საჭიროდ ხდის მზრუნველის ან მეურვის დანიშვნას, რომელიც უფლებამოსილია პირის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები.
კლინიკური ქმედუუნარობა: ჯანდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კლინიკური ქმედუუნარობა განისაზღვრება სათანადო კომპეტენციის ექიმის ან სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ ჩამოყალიბებულ დასკვნაში, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტს არ აქვს:
კომურ მდგომარეობაში მყოფ პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უნარი; მეტყველების მძიმე მოშლის მქონე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგრამ მოკლებულია გადაწყვეტილების სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას. ადამიანებს მსუბუქი დემენციით შეუძლიათ იაზროვნონ საკმარისად ნათლად და გაიგონ ექიმთან საუბრის აზრი, მიიღონ ესა თუ ის სამედიცინო გადაწყვეტილება. ამრიგად, კლინიკური ქმედუუნარობა უპირობოდ მუდმივი არ არის. ადამიანებს ინტოქსიკაციით, დელირიუმით, კომურ მდგომარეობაში, მძიმედ დეპრესიულთ ან მკვეთრად აგზნებულებს, ან რაიმე სხვა დარღვევის მქონეთ, შეიძლება აღენიშნოთ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უნარის დეფიციტი, მაგრამ მოგვიანებით აღუდგეთ ის. გადაწყვეტილების განხორციელების უნარის შეფასება აგრეთვე მნიშვნელოვანია ექიმისთვის. მაგალითად, ადამიანს მოტეხილი ფეხით შესწევს ძალა, მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეუძლია მისი განხორციელება. მკურნალობის მნიშვნელოვანი მიზანიც სწორედ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის საჭირო დახმარებით უზრუნველყოფაა.
დემენციის მქონე პირებს შეიძლება დასჭირდეთ შემეცნების, მეხსიერებისა და განსჯის უნარების შეფასება მკურნალობის დაწყებამდე. მსგავსად ამისა, ძირითადი სამართლებრივი თუ საქმიანი პროცესების წარმოების უნარის კლინიკური შეფასება მანამ უნდა ჩატარდეს, ვიდრე იურისტს ან ბუღალტერს დაეკისრება მოხსენიებული. თუ ექიმი თვლის, რომ ადამიანს არ აქვს სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების უნარი, ის მიმართავს პაციენტის მიერ დანიშნულ პირს ან ახლო ნათესავს, ან მეგობარს. გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციის ეს პროცესი იშვიათად თუ ხდება სასამართლოს განხილვის თემა. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს, როცა თავად პაციენტი ან სხვა მხარე ეწინააღმდეგება განსაკუთრებულ სამედიცინო გადაწყვეტილებას ან კლინიკური ქმედუუნარობის განსაზღვრას. ექიმს არ აქვს პაციენტის სურვილის წინააღმდეგ წასვლის უფლება, თუ მანამდე პაციენტი სასამართლომ არ ცნო სამართლებრივად ქმედუუნაროდ.