კონფიდენციალურობა, ჯანმრთელობის დაზღვევის მობილურობა და ანგარიშვალდებულება | მკურნალი.გე
  1. კონფიდენციალურობა, ჯანმრთელობის დაზღვევის მობილურობა და ანგარიშვალდებულება
  2. სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
კონფიდენციალურობა, ჯანმრთელობის დაზღვევის მობილურობა და ანგარიშვალდებულება

ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალურია. ასევე, კონფიდენციალური უნდა იყოს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. კეთილგანწყობილი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის დაშვებული ინფორმაციის მიწოდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პაციენტის თანხმობის გარეშე. ყველა პირს აქვს უფლება კონფიდენციალურობაზე, თუ თავად არ აქვს მიცემული ნება ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან თუ თავად აღარ შეუძლია ნების დართვა (მაგალითად, ცნობიერების დაკარგვა ან კომური მდგომარეობა). ფედერალურ კანონში "ჯანმრთელობის დაზღვევის მობილურობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ" წვრილად არის ჩამოყალიბებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის, ხელმისაწვდომობის და გამჟღავნების წესები. მაგალითად, მოხსენიებული კანონი დეტალურად განსაზღვრავს შემდეგს:

  • ყველას აქვს უფლება, გაეცნოს და მიიღოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების ასლები და მოითხოვოს შესწორება, თუ ნახავს შეცდომას;

  • ჯანდაცვის პროფესიონალებმა რეგულარულად უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია პერსონალური სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის საკუთარი პრაქტიკის შესახებ;

  • ჯანდაცვის პროფესიონალებმა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაუზიარონ მხოლოდ ერთმანეთს და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ეს საჭიროა პაციენტის სამედიცინო მომსახურებისთვის;

■პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნდეს მარკეტინგის მიზნებით;

■ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების სათანადო ზომები პაციენტთან მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად;

■მოქალაქეებს შეუძლიათ უჩივლონ სამედიცინო პერსონალს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის.

ამავე დროს, კანონის ნორმების დაცვა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ხელი შეუშალოს ნორმალურ ურთიერთობას პაციენტის ოჯახთან და მეგობრებთან. კანონი ნებას რთავს ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ, მათი ჩართულობის შესაბამისად, ინფორმაცია მეუღლეს, ოჯახის წევრს, მეგობარს ან სხვა ადამიანებს, რომლებზეც მიუთითებს პაციენტი. თუ პაციენტს აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ექიმს შეუძლია განსაჯოს ეს ინფორმაცია მის ოჯახთან ან სხვა პირებთან, თუ პაციენტი თანახმაა ან, სათანადო გარემოებების არსებობისას, არ არის წინააღმდეგი. პაციენტის იქ არყოფნის ან მისგან ნებართვის მიღების შეუძლებლობისას (მკურნალობის გადაუდებელი საჭიროება, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა) ექიმს შეუძლია გაუზიაროს ინფორმაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს, თუ ექიმი, პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, თვლის, რომ ამისი გაკეთება ესადაგება პაციენტის ინტერესებს.

ჯანდაცვის პროფესიონალებს ზოგჯერ კანონი სთხოვს, გაამჟღავნონ გარკვეული ინფორმაცია, ჩვეულებრივ, ისეთი მდგომარეობისას, რომელიც სხვა ადამიანებს უქმნის საშიშროებას. მაგალითად, გარკვეული ინფექციური დაავადებების, სახელდობრ, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, ათაშანგის, ტუბერკულოზის შესახებ უნდა შეატყობინონ სახელმწიფო ან ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტს უნდა ეცნობოს იმ პირთა შესახებ, რომელთაც აქვთ, მაგალითად, დემენცია ან გულყრები, რაც საშიშროების წყაროა ავტომობილის მართვისას.