წინასწარ გაცხადებული ნება | მკურნალი.გე
  1. წინასწარ გაცხადებული ნება
  2. სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
წინასწარ გაცხადებული ნება

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში წინასწარ გაცხადებული ნება გულისხმობს დოკუმენტებს, რომლებშიც ასახულია პაციენტის სურვილები. ეს უკანასკნელი ეხება სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ თავად მას არ ექნება მოხსენიების უნარი. არსებობს ნების წინასწარ გაცხადების ორი შესაძლებლობა: სიცოცხლეში გაცხადებული ნება და ჯანდაცვის ნდობით აღჭურვილი პირი.

  • ■სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში მითითებულია, სამედიცინო მომსახურების რომელ სახეს აძლევს უპირატესობას პაციენტი.
  • ■ჯანდაცვის სფეროში ნდობით აღჭურვილი პირი (იწოდება აგენტად ან ნდობით აღჭურვილ პირად) ინიშნება პაციენტის მიერ. ის უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ნაცვლად იმ შემთხვევებში, თუ თავად პაციენტს არ ექნება ამისი უნარი.

ჩვეულებრივ, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ სურვილებს ადამიანები ექიმის თანდასწრებით გამოთქვამენ. როცა პირს აღარ შეუძლია კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიმღების როლისთვის სხვისი შერჩევაა საჭირო. სწორედ ამ პროცედურას აადვილებს წინასწარ გაცხადებული ნება. მისი არარსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მიანდონ პაციენტისთვის არასასურველ პირს. ამიტომაც ბევრ შტატში დაკანონებულია ნაგულისხმები სუროგატული გადაწყვეტილების მიმღები; ჩვეულებრივ, ეს უახლოესი ნათესავია, მაგრამ მათი სამართლებრივი უფლებამოსილებანი ნაკლებად ნათელია. იშვიათ შემთხვევებში საქმეში ერევა სასამართლო, რომელიც პაციენტის უფლებების დამცველად, მის მეურვედ ოჯახის წევრს ასახელებს ხოლმე, თუმცაღა შეიძლება შეარჩიოს მეგობარი ან სულაც უცხო ადამიანი. ჯანდაცვისათვის ნდობით აღჭურვილი პირი (და ზოგჯერ სიცოცხლეში გაცხადებული ნებაც) ზედმეტად ხდის სასამართლოს ჩარევას და უზრუნველყოფს ჯანდაცვის პროცესში პაციენტის სურვილების გათვალისწინებას და პატივისცემას.

ქონების განკარგვა: პირებს, რომელთა ქმედუნარიანობა ავადმყოფობის გამო მკვეთრად არის გაუარესებული, უჭირთ არასამედიცინო საკითხების მოგვარება. ზოგიერთს ანგარიში აქვს გასანაღდებელი, სხვას ფინანსები აქვს განსაკარგი ან ბიზნესი – სამართავი, ზოგმაც საკუთრებაზე უნდა იზრუნოს. გადაწყვეტილების უფლების მინიჭება ნდობით აღჭურვილი პირისთვის მკვეთრად ამცირებს მუშაობის ჩაშლის და ზედმეტი ხარჯების ალბათობას. სამი ძირითადი მექანიზმი აძლევს შესაძლებლობას ადამიანს წინასწარ მოაგვაროს საკუთრების და ბიზნესის საკითხები სხვისი მეთვალყურეობის გზით: ნდობით აღჭურვილი პირი, დროებითი მინდობილობა და გაერთიანებული არენდა. ამ მექანიზმების საუკეთესოდ გამოყენება ადვოკატის დახმარებით არის შესაძლებელი.

სიცოცხლეში გაცხადებული ნება

სიცოცხლეში გაცხადებული ნება არის ადამიანის მიერ სიცოცხლეში გამოხატული მითითებები მისთვის სასურველი ან მიუღებელი სამედიცინო მომსახურების შესახებ. ზოგიერთ შტატში ამ დოკუმენტს უწოდებენ დირექტივას (ან დეკლარაციას). ექიმისთვის. სიცოცხლეში გაცხადებული ნება სავალდებულოა თუ: პირს დაკარგული აქვს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უნარი ან იმყოფება ტერმინალურ მდგომარეობაში, ან პერმანენტულად უგონო მდგომარეობაში. ზოგიერთ შტატში აღიარებულია დამატებითი გარემოებებიც, სახელდობრ, ამა თუ იმ დაავადების (მაგალითად, შორს წასული ალცჰაიმერის დაავადება) საბოლოო სტადია ან სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში დასახელებული რომელიმე სხვა მდგომარეობა.

ბევრია დარწმუნებული, რომ უმჯობესია სიკვდილი, თუ არ არსებობს ცხოვრების სათანადო ხარისხის გარანტია. სხვები თვლიან, რომ ნებისმიერი ჩარევა და ტექნიკური აღჭურვილობა უნდა იქნეს გამოყენებული სიცოცხლის მაქსიმალური ვადით გასახანგრძლივებლად, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება დარჩენილი ცხოვრების ხარისხი. სიცოცხლეში გაცხადებული ნება შესაძლებლობას აძლევს ადამიანს გამოხატოს თავისი შეხედულება ზემოთ აღწერილი ვარიანტების შესახებ ან მოისურვოს რაღაც საშუალო ამ ორ უკიდურესობას შორის.

სიცოცხლეში გაცხადებული ნება მხოლოდ მაშინ არის გასათვალისწინებელი, თუ ის შეესაბამება შტატის კანონმდებლობას. ბევრ შტატში გამოიყენება სპეციალური ფორმები, რომელთა შევსებაც აუცილებელია ადამიანის ნების მართლზომიერების დასადასტურებლად. ზოგიერთ შტატში სავალდებულოა სიცოცხლეში გაცხადებული ნების გაფორმება წერილობით, სტანდარტიზებული სახით; თუმცა, შტატების უმრავლესობაში მისაღებად არის მიჩნეული ნებისმიერი ფორმით გამოხატული სურვილები, თუ დოკუმენტი ხელმოწერილია და სათანადოდ დამოწმებული.

დოკუმენტის ენა – მაგალითები: ჩვეულებრივ, სიცოცხლეში გაცხადებული ნების ამსახველი დოკუმენტი ეხება სპეციფიკურ საკითხებს, სახელდობრ, კარდიოპულმონურ რეანიმაციას, მექანიკურ ვენტილაციას, ხელოვნურ კვებას და ჰიდრატაციას. ადამიანის ნება სხვადასხვა სახით შეიძლება იქნეს ასახული დოკუმენტში – ან ზოგადი მითითებების ფორმით, ან კონკრეტული მინიშნებებით, ან მოხსენიებულთა კომბინაციით. მაგალითად, იმის საჩვენებლად, რომ უპირატესობა ეძლევა აგრესიულ თერაპიას, დოკუმენტში შეიძლება ნათქვამი იყოს შემდეგი: "მე მინდა ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივება მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით, ჩემი მდგომარეობის, გამოჯანსაღების ალბათობის, მკურნალობის სიმძიმისა და ფასის მიუხედავად". ამავე დროს, ისიც აღსანიშნავია, რომ პირის არჩევანის რეალიზაცია, გარკვეულწილად, ლიმიტირებულია. მაგალითად, სამედიცინო პერსონალს არ მოეთხოვება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც, არაადეკვატურია და ერთმნიშვნელოვნად უსარგებლო.

სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის გამიზნული ძალისხმევის თავიდან ასაცილებლად დოკუმენტში შეიძლება მითითებული იყოს: "მე არ მინდა სიცოცხლის გახანგრძლივება, არ მსურს სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის (მათ შორის ხელოვნური კვების და ჰიდრატაციის) დაწყება ან მისი გაგრძელება, თუ მე ვეღარ ვიცნობ ჩემს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, ვეღარ შევძლებ ცხოვრების ჩემთვის ჩვეული წესით დამოუკიდებლად გაგრძელებას". პირს, აგრეთვე, შეუძლია მიუთითოს, რომ სამედიცინო ჩარევები ლიმიტირებული უნდა იქნეს, თუ დაავადება მკვეთრად დააქვეითებს ცხოვრების ხარისხს და მიაღწევს ტერმინალურ სტადიას. ამასთან, უხშირესად, სიცოცხლეში გაცხადებული ნების ამსახველ დოკუმენტში მოცემულია დათქმა სიმშვიდისა და თანადგომის უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

თუ უპირატესობა შუალედურ პოზიციას ენიჭება, დოკუმენტში შეიძლება გაცხადებული იქნეს: "მე მინდა სიცოცხლის გაგრძელება, მე მსურს სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობა, თუ მე არ ვარ კომურ ან მყარ ვეგეტატიურ მდგომარეობაში, რომელთა შებრუნებაც, ექიმების დასაბუთებული ვარაუდით, შეუძლებელია. როცა ჩემი ექიმები ჩათვლიან, რომ ჩემი მდგომარეობა შეუქცევადია, მე აღარ მსურს, რომ დაიწყოს ან გაგრძელდეს სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობა (მათ შორის ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია)".

შეზღუდვები: სიცოცხლეში გაცხადებული ნების მოქმედების სფერო შეზღუდულია, ის მხოლოდ სიცოცხლის დასასრულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეხება; ცხადია, წარმოუდგენელია მასში ყველა იმ სერიოზული სამედიცინო პრობლემის გათვალისწინება, რომლებმაც მომავალში შეიძლება იჩინოს თავი. ამის გამო, წერილობით დოკუმენტში ჩამოყალიბებული მითითებები შესაძლოა, ვერ მიესადაგოს ახალი გარემოებებით შექმნილ სიტუაციას და გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში შესაძლოა ასახული იქნეს ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები სამედიცინო პერსონალისთვის, აგრეთვე, იმ პირისთვის, რომელსაც პაციენტის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია.

მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ არის დოკუმენტი, რომლითაც ერთი პირი (მრწმუნებელი) ასახელებს მეორე პირს (წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან ნდობით აღჭურვილი პირი), რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები სამედიცინო ჩარევების შესახებ მრწმუნებლის სიცოცხლის დასასრულს. მინდობილობა მუდმივია, აქვს კანონიერი ძალა, იწყებს მოქმედებას, როდესაც მრწმუნებელს აღარ აქვს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სიცოცხლეში გაცხადებული ნების მსგავსად ეს დოკუმენტი სხვადასხვანაირად იწოდება სხვადასხვა შტატში.

მუდმივი მინდობილობა ჯანდაცვის შესახებ განსხვავდება სიცოცხლეში გაცხადებული ნებისგან იმითი, რომ ის ფოკუსირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და არა რაიმე განსაკუთრებულ გადაწყვეტილებაზე. სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში შეუძლებელია სიცოცხლის დასასრულის თანმხლები ყველა მოსალოდნელი გარემოების გათვალისწინება. ამიტომაც, მინდობილობა შეიძლება ეხებოდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფრო ფართო სპექტრს. მინდობილობის ძალაში შესვლის მომენტიდან რწმუნებულს შეუძლია გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს, შეასრულოს ადვოკატის როლი, განსაჯოს მკურნალობა და სხვა პრობლემები სამედიცინო პერსონალთან, გადაწყვიტოს, რას მოისურვებდა პაციენტი ან რა არის საჭირო პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში ასახულ პირობებსაც, სახელდობრ, მითითებას იმის თაობაზე, რას აძლევს პაციენტი უპირატესობას სამედიცინო მომსახურებისას. ამასთან, მოხსენიებული ჩამოყალიბებულია უფრო სახელმძღვანელო პრინციპების, ვიდრე იურიდიულად სავალდებულო არჩევანის სახით.

რწმუნებული გულდასმით უნდა შეირჩეს. პირმა, რომელსაც სურს, თავიდან აიცილოს აგრესიული მკურნალობა, არ უნდა დაასახელოს რწმუნებულად ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, არ შეასრულებს მის სურვილებს. მაგალითად, კეთილგონიერ შემსრულებლად ვერ ჩაითვლება პირი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესაძლებელი სამედიცინო ჩარევა უნდა იქნეს გამოყენებული სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ან მეუღლე, რომელსაც ემოციები გაურთულებს გადაწყვეტილების მიღებას მკურნალობის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ. პაციენტისთვის, რომელსაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული თავისი სურვილები, მაგრამ არ უნდა სიცოცხლეში გაცხადებულ ნებაში ასახული გარემოებების შეზღუდვა, საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს სანდო კოლეგა, მრჩეველი ან დიდი ხნის მეგობარი. იდეალურ რწმუნებულს აქვს უნარი, ეფექტურად ესაუბროს სამედიცინო პერსონალს და იმოქმედოს, როგორც ძლიერმა ქომაგმა, მაშინაც კი, თუ მოუწევს დაპირისპირება პაციენტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან სამედიცინო პერსონალთან. მრწმუნებელმა მომავალში შესაძლო სამედიცინო ჩარევების დეტალები უნდა განსაჯოს რწმუნებულთან ერთად, ვინაიდან ამ უკანასკნელმა მისი სურვილებით და მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს. მრწმუნებელს უნდა სჯეროდეს, რომ რწმუნებული პირნათლად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

თუ შესაძლებელია, მუდმივ მინდობილობაში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დასახელებული უნდა იქნეს ალტერნატიული ან უფლებამონაცვლე წარმომადგენლები, იმ შემთხვევისათვის, თუ პირველად დასახელებულ რწმუნებულს აღარ შეუძლია ან აღარ უნდა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შესაძლებელია ორი ან მეტი პირის დასახელება ერთობლივი საქმიანობისათვის ან ცალ-ცალკე. თუმცაღა ასეთმა ერთობამ შეიძლება განაპირობოს კონფლიქტის აღმოცენება, გამოიწვიოს გართულებები და ამიტომაც, შეძლებისდაგვარად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ან შეთანხმდეს ადვოკატთან.

ყველა შტატის კანონმდებლობაში არის განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუდმივი მინდობილობის მართლზომიერებისთვის. ეს მოთხოვნები გულდასმით უნდა შესრულდეს. შტატების უმრავლესობაში მოთხოვნილია 2 მოწმე, ალტერნატივად მიიჩნევა ნოტარიუსის მიერ დამოწმება. ქმედუნარიან, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მქონე პირს უფლება აქვს, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუდმივი მინდობილობა ნებისმიერ დროს გააუქმოს. შერჩეული რწმუნებული შეიძლება შეიცვალოს. თუ გარემოებები იცვლება, პირს შეუძლია და უნდა გააფორმოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუდმივი მინდობილობის ახალი ვერსია.

მუდმივი მინდობილობა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების, ისე მოხუცებისთვის, განსაკუთრებით კი იმათთვის, რომლებმაც გადაწყვეტილების მიღებისას მეთვალყურეობისთვის რწმუნებულად უნდა შეარჩიონ არა უახლოესი ნათესავი, არამედ სხვა პირი (მაგალითად, პარტნიორი, მეგობარი ან ვინმე სხვა, რომელიც სამართლებრივად არ არის მასთან დაკავშირებული). გარდა სასამართლოს მიერ დამტკიცებისა (რაც საკმარისად რთული პროცესია), ზემოხსენებულის განხორციელების ერთადერთი გზაა შერჩეული პირისთვის ლეგალური უფლებამოსილების მინიჭება ჯანდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და მისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისა და სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის უფლების უზრუნველყოფა.

იდეალურ შემთხვევაში, სიცოცხლეში გაცხადებული ნების ან ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუდმივი მინდობილობის ასლი უნდა გადაეცეს ყოველ ექიმს, რომელიც მონაწილეობს სამედიცინო დახმარებაში, აგრეთვე, საავადმყოფოს – სტაციონარში მოთავსებისთანავე. ასლი უნდა დაერთოს პირის სამედიცინო დოკუმენტაციას, გადაეცეს მის ადვოკატს და რწმუნებულს. მინდობილობა უნდა ინახებოდეს სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად.

წინასწარ გაცხადებული ნების რამდენიმე დოკუმენტის ან ერთის, მაგრამ ზედმიწევნით რთულად შედგენილის არსებობამ, შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. თუ შედგენილია სიცოცხლეში გაცხადებული ნებაც და ჯანდაცვის შესახებ მუდმივი მინდობილობაც, პირმა უნდა მიუთითოს, რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელონ, თუ ხსენებული დოკუმენტები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებებს. ზოგადად, დასახელებულთაგან მეორეს ეძლევა უპირატესობა, თუ პაციენტს შერჩეული ჰყავს რწმუნებული.