1. შეწოვა
  2. წამლის შეყვანა და კინეტიკა
  3. წამლები
შეწოვა

წამლის შეწოვა (აბსორბცია) გულისხმობს წამლის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრას.

აბსორბცია ზემოქმედებს წამლის ბიოშეღწევადობაზე – წამლის რა ნაწილი და რა სისწრაფით აღწევს მოქმედების სამიზნე ადგილს. შეწოვაზე (და შესაბამისად, ბიოშეღწევადობაზე) მოქმედი ფაქტორები მოიცავს წამლის დამზადების ტექნოლოგიას, მის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს და წამლის მიმღები ადამიანის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. მაგალითად, პირის ღრუდან მიღებული წამლის შეწოვაზე მოქმედი ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფაქტორებია რამდენად სწრაფად იცლება კუჭი, როგორია მისი შიგთავსის მჟავიანობა (pH) და რამდენად სწრაფად გადაადგილდება წამალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

მზა წამალი დოზირებული ფორმით არის ჩამოყალიბებული – ტაბლეტი, კაფსული, სანთელი, კანის პლასტირი ან ხსნარი. ის შეიცავს უშუალოდ წამალს (აქტიურ ნივთიერებას) და დანამატებს (არააქტიურ ინგრედიენტებს). მაგალითად, ტაბლეტი წარმოადგენს წამლის, გამხსნელის, სტაბილიზატორის, დამშლელისა და საპოხი საშუალების ნარევს. აღნიშნული ნარევი მზადდება გრანულების სახით და იპრესება ტაბლეტის ფორმით. წამლის დაშლასა და შეწოვაზე გავლენას ახდენს დანამატების ტიპი, მათი რაოდენობა და შემჭიდროვების (დაპრესვის) ხარისხი. წამლის მწარმოებლები შეწოვის ოპტიმიზაციის მისაღწევად ერთმანეთს უსადაგებენ ზემოხსენებულ მახასიათებლებს.

თუ წამალი სწრაფად გამოთავისუფლდება, მისი შემცველობა სისხლში შეიძლება ძალიან გაიზარდოს და ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია გამოიწვიოს. თუკი წამალი დროულად არ გამოთავისუფლდა, მისი ძირითადი ნაწილი შეიძლება შეწოვის გარეშე გამოიყოს ორგანიზმიდან განავალთან ერთად და სისხლში წამლის კონცენტრაცია ძალიან დაბალი იყოს. მწარმოებლები ისე ამზადებენ ტაბლეტს, რომ ის სასურველი სისწრაფით გამოთავისუფლდეს ორგანიზმში.

კაფსული შეიცავს წამალს და დანამატებს, რომლებიც ჟელატინის გარსშია მოთავსებული. დასველების შედეგად კაფსული გაჯირჯვდება, იწყებს მისი შიგთავსის გარეთ გამოშვებას და სწრაფად იშლება. წამლის ნაწილაკების ზომა და დანამატების მახასიათებლები გავლენას ახდენს წამლის გახსნასა და შეწოვაზე. სითხის შემცველ კაფსულებში არსებული წამალი უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე მყარ ნაწილაკებიან კაფსულში არსებული წამალი.

იმის გამო, რომ ერთი და იმავე აქტიური ნივთიერების შემცველი სხვადასხვა მზა წამალი შეიძლება განსხვავებულ არააქტიურ ინგრედიენტებს შეიცავდეს, მათი მიღებისას აქტიური ნივთიერების შეწოვა შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ, წამლის ერთი და იმავე დოზით შემცველობის შემთხვევაშიც კი სხვადასხვა მზა წამლების ეფექტი შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს. სხვადასხვა მზა წამლები, რომლებიც ერთსა და იმავე აქტიურ ნივთიერებას შეიცავენ და, ამასთან, დროის მოცემულ მომენტში სისხლში თანაბარ კონცენტრაციას აღწევენ, ბიოეკვივალენტურად ითვლებიან. ბიოეკვივალენტურობა თერაპიულ ეკვივალენტურობას უზრუნველყოფს (რაც თანაბარი სამკურნალო ეფექტის მიღწევას გულისხმობს) და ამიტომ ბიოეკვივალენტური წამლები ურთიერთშენაცვლებადია.

თუ ორალურად მისაღებმა წამალმა შეიძლება დააზიანოს კუჭის გარსი ან ის იშლება კუჭში არსებულ მჟავე გარემოში, ტაბლეტი ან კაფსული შესაძლოა დაიფაროს გარსით, რომელიც წამალს გახსნისაგან დაიცავს, სანამ ის წვრილ ნაწლავს მიაღწევს. ასეთ დამცავ გარსებს ენტერალურს უწოდებენ, რაც წვრილ ნაწლავზე მიანიშნებს. ასეთი გარსის დასაშლელად აუცილებელია მისი მოხვედრა წვრილი ნაწლავის ნაკლებად მჟავე გარემოში ან მისი შეხება იქ არსებულ მომნელებელ ფერმენტებთან. თუმცა, გარსი ყოველთვის ისე არ იშლება, როგორც სასურველი იქნებოდა და წამალი ან კაფსული შეიძლება შეუცვლელი სახით გამოიყოს ორგანიზმიდან განავალთან ერთად, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ზოგიერთი წამალი სპეციალურად ისე არის დამზადებული, რომ მასში არსებული აქტიური ნივთიერება ნელ-ნელა ან გარკვეული ინტერვალებით გამოთავისუფლდეს დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, 12 ან მეტი საათის მანძილზე. ასეთი წამლის ფორმებს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, რეგულირებადი გამოთავისუფლების, უწყვეტი გამოთავისუფლების ან ხანგრძლივად გამოთავისუფლების ფორმებს უწოდებენ.

წამლის შეწოვასა და ბიოშეღწევადობაზე გავლენას ახდენს საკვები, სხვა წამლები და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. მაგალითად, უჯრედისის ჭარბად შემცველი საკვები შეიძლება წამალს შეუერთდეს და ხელი შეუშალოს მის შეწოვას. წამლის შეწოვას შეიძლება ხელი შეუშალოს საფაღარათო საშუალებებმა და ფაღარათმა, ნაწლავებში მისი შიგთავსის სწრაფად გადაადგილების გამო. წამლის შეწოვაზე შეიძლება ასევე იმოქმედოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე ნაწილის ქირურგიულმა ამოკვეთამ (მაგალითად, კუჭის ან მსხვილი ნაწლავის ამოკვეთამ).

წამლის ბიოშეღწევადობაზე ზეგავლენა შეიძლება წამლის შენახვის ადგილმა და ხანგრძლივობამ მოახდინოს. ზოგიერთ წამალში, როცა მათ არასწორად ან ძალიან დიდხანს ინახავენ, აქტიური ნივთიერება შეიძლება დაზიანდეს და უეფექტო გახდეს. ზოგჯერ აუცილებელია წამლის მაცივარში ან გრილ, მშრალ და ბნელ ადგილზე შენახვა. წამლის შენახვის პირობების დაცვა და მათი ვარგისიანობის ვადის გათვალისწინება აუცილებელია.