გამოყოფა (ელიმინაცია) | მკურნალი.გე
  1. გამოყოფა (ელიმინაცია)
  2. წამლის შეყვანა და კინეტიკა
  3. წამლები
გამოყოფა (ელიმინაცია)

ელიმინაციას ორგანიზმიდან წამლის გამოყოფას უწოდებენ.

ყველა წამალი რაღაც დროის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან. ისინი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიყონ ქიმიურად გარდაქმნილი (მეტაბოლიტების) სახით, ან უცვლელი ფორმით. წამლების უმრავლესობა, განსაკუთრებით წყალში ხსნადი წამლები და მათი მეტაბოლიტები, ძირითადად, თირკმლებით გამოიყოფა შარდთან ერთად. ზოგიერთი წამლის ელიმინაცია ნაღველთან ერთად ხდება (მომწვანო-მოყვითალო სითხე, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება და ნაღვლის ბუშტში გროვდება).

გამოყოფა შარდში: თირკმლის მიერ წამლების ელიმინაციაზე რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის წამლის მახასიათებლები, მოქმედებს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყოს შარდში, წამალი ან მისი მეტაბოლიტები წყალში ხსნადი უნდა იყოს და სისხლის ცილებს მჭიდროდ არ უნდა უკავშირდებოდეს. თირკმლების მიერ წამლების გამოყოფაზე გავლენას ახდენს შარდის მჟავიანობა, რომელზეც, თავის მხრივ, ზემოქმედებს დიეტა, წამლები და თირკმლების დაავადებები. ზოგიერთი წამლით მოწამვლის მკურნალობისას წამლის გამოყოფის დასაჩქარებლად ცვლიან შარდის სიმჟავეს, პაციენტისათვის პეროლარულად ე.წ. ანტაციდების (მაგ., სოდის – ნატრიუმის ბიკარბონატის) ან მჟავიანი ნივთიერებების (როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი) მიცემის გზით.

თირკმლების მიერ წამლის გამოყოფის უნარზე ასევე გავლენას ახდენს წარმოქმნილი შარდის რაოდენობა, თირკმლებში სისხლის მიმოქცევის ინტენსიურობა და თირკმლების მდგომარეობა. თირკმლის ფუნქციას აზიანებს სხვადასხვა დაავადება (განსაკუთრებით, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი და თირკმლების განმეორებითი ინფექცია), ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების მოქმედება და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. დაბერებასთან ერთად თირკმლების ფუნქცია თანდათან ქვეითდება. მაგალითად, 85 წლის ადამიანის თირკმლების მიერ წამლების გამოყოფის მაჩვენებელი 50%-ია 35 წლის პირის თირკმლებთან შედარებით.

ადამიანებისთვის, რომელთა თირკმლების ფუნქცია დაქვეითებულია, უპირატესად თირკმლებით გამოყოფილი წამლის "ნორმალური" დოზა შეიძლება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდეს და გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. ამიტომ სამედიცინო პერსონალმა საჭიროებისას წამლის დოზა უნდა მიუსადაგონ ცალკეულ პაციენტს მათი თირკმლების ფუნქციის დაქვეითების შესაბამისად. ზოგჯერ მისადაგება ხდება მხოლოდ ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, თირკმლების ფუნქციის უფრო ზუსტი შეფასება შესაძლებელია ანალიზის პასუხების საფუძველზე, რომლებითაც განისაზღვრება კრეატინინის (ნარჩენი პროდუქტი) რაოდენობა სისხლში და ზოგჯერ შარდშიც. ამ მონაცემების საფუძველზე ანგარიშობენ, თუ რამდენად ეფექტურად გამოაძევებს ორგანიზმი კრეატინინს (ანუ, როგორია ე.წ. კრეატინინის კლირენსი), რაც თირკმლების ფუნქციას ასახავს.

გამოყოფა ნაღველში: ზოგიერთი წამალი ღვიძლს შეუცვლელად გაივლის და ნაღველში გამოიყოფა. შემდეგ ნაღველი ხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. აქედან წამალი განავალთან ერთად გამოიყოფა, ან განმეორებით შეიწოვება სისხლში და განმეორებით "გამოიყენება". სხვა წამლები ღვიძლში მეტაბოლიტებად გარდაიქმნება და ისე გამოიყოფა ნაღველში. ეს მეტაბოლიტები შეიძლება განავალთან ერთად გამოიყოს, ან კვლავ წამლად გარდაიქმნას, შეიწოვოს სისხლში და მოქმედება გააგრძელოს.

თუ ღვიძლი ნორმალურად არ მუშაობს, იმ წამლების დოზა, რომლებიც ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება, შეცვლას საჭიროებს. ამასთან, არ არსებობს ღვიძლის ფუნქციის შეფასების ისეთი ზუსტი მეთოდი, როგორიც თირკმლების ფუნქციის შეფასებისას გამოიყენება.

გამოყოფის სხვა ფორმები: ზოგიერთი წამალი გამოიყოფა ნერწყვში, ოფლში, რძეში და ამონასუნთქ ჰაერშიც კი. ამ გზებით გამოყოფილი წამლების რაოდენობა მცირეა. ამასთან, რძეში გამოყოფილი წამლის რაოდენობა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. ინჰალაციის გზით მიღებული საანესთეზიო საშუალებები ძირითადად ამონასუნთქ ჰაერთან ერთად გამოიყოფა.