სიფრთხილე ურეცეპტოდ გასაცემი წამლების გამოყენებისას | მკურნალი.გე
  1. სიფრთხილე ურეცეპტოდ გასაცემი წამლების გამოყენებისას
  2. ურეცეპტოდ გასაცემი წამლები
  3. წამლები
სიფრთხილე ურეცეპტოდ გასაცემი წამლების გამოყენებისას

პატარა ბავშვები, მოხუცები, მძიმე ავადმყოფები, ორსული და მეძუძური ქალები უფრო მოწყვლადნი არიან წამლების მავნე მოქმედებისადმი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულისაც. ამ შემთხვევაში მედიკამენტების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ზოგჯერ ექიმის მეთვალყურეობაც კი. წამალთა შორის სახიფათო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად რეცეპტით გაცემული საშუალებების მიღებისას ფარმაცევტის ან ექიმის კონსულტაციაა საჭირო, სანამ ურეცეპტო მედიკამენტის მიღებასაც დაიწყებდეს ადამიანი. ეს აუცილებელია ქრონიკული დაავადებების ქონის შემთხვევაშიც. ურეცეპტოდ გაცემული საშუალებები მძიმე პათოლოგიების სამკურნალოდ არ არის შექმნილი და შეიძლება გააუარესოს კიდეც ისინი. წამალზე მოულოდნელი რეაქციის, მაგ. გამონაყარის ან უძილობის გამოვლენისას, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება და რჩევა ჰკითხოთ ექიმს.

ბავშვები

ბავშვის ორგანიზმი ზრდასრულისგან განსხვავებულად გადაამუშავებს და რეაგირებს წამლებზე. რაიმე მედიკამენტს შეიძლება წლობით იყენებდეს ბევრი ადამიანი, სანამ აღმოჩნდება, რომ იგი მავნეა ბავშვებისთვის. სწორედ ასე მოხდა ასპირინის შემთხვევაში, როცა მრავალი წელი გავიდა იქამდე, სანამ მეცნიერები დაადასტურებდნენ, რომ ამ მედიკამენტის მიღება ბავშვების მიერ ჩუტყვავილას ან გრიპის დროს დაკავშირებული იყო რეიეს სინდრომის განვითარებასთან. ექიმები და მშობლები ხშირად გაკვირვებულები რჩებიან, როცა იგებენ, რომ ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების უმრავლესობა, ისინიც კი, რომლებსაც ბავშვთა დოზებიც აქვს, პატარებში სიღრმისეულად არ არის გამოკვლეული. გაცივებისა და ხველის საწინააღმდეგო მრავალი საშუალების ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, განსაკუთრებით ბავშვებში. შესაბამისად, ამ წამლების პატარებისთვის მიცემამ შეიძლება არასასურველი, მავნე ეფექტები გამოიწვიოს ან უბრალოდ ფულის ტყუილად დახარჯვის მიზეზი გახდეს.

ბავშვის დოზის სწორად განსაზღვრა ზოგჯერ არც ისე ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ პატარების დოზებს ხშირად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უთითებენ (მაგ. ბავშვებში 2-დან 6-მდე ან 6-დან 12 წლამდე), ასაკი წამლის რაოდენობის განსაზღვრის საუკეთესო კრიტერიუმი სულაც არ არის. ერთ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვები ტანის სიდიდით შესაძლოა საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ასე რომ, ექსპერტების რჩევით, ურეცეპტოდ გაცემული საშუალების დოზა ბავშვის წონის მიხედვით უნდა გამოვთვალოთ.

თუკი ინსტრუქციაში მითითებული არ არის, რა რაოდენობით უნდა მიიღოს ბავშვმა მედიკამენტი, მშობელმა ეს ალალბედზე არ უნდა გამოიცნოს. ეჭვის შემთხვევაში იგი ექიმს ან ფარმაცევტს უნდა დაეკითხოს. ამის მეშვეობით ბავშვს თავიდან ავაცილებთ სახიფათო წამლის ან ეფექტური საშუალების სახიფათო დოზის მიღებას.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ბევრი წამალი თხევადი ფორმით გამოდის. იმის მიუხედავად, რომ ინსტრუქციაზე ზოგჯერ საკმაოდ გარკვევით წერია, რა რაოდენობით უნდა მიიღონ პატარებმა ეს საშუალება, უფროსები მათ მაინც არასწორ დოზას აძლევენ ხოლმე, რადგან ჩვეულებრივ ჩაის კოვზებს იყენებენ ამისთვის. თხევადი წამლის რაოდენობის ზუსტად ასარწყავად მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური საზომი კოვზები გამოდგება. თუმცაღა, ცილინდრული საზომი კოვზი ბევრად უფრო უკეთესია ამისთვის, სპეციალური შპრიცები კი აუცილებელია წამლის უზუსტესი რაოდენობის ამოსაღებად და ჩვილისთვის პირში ჩასასხმელად. გამოყენებამდე შპრიცს ყოველთვის მოხსენით თავსახური. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სასულეში გადასცდეს ბავშვს წამლის პირში ჩასხმისას. ზოგჯერ წამალს თვითონ მოჰყვება სპეციალური საზომი, რითაც სითხის საჭირო რაოდენობას ამოიღებთ ბოთლიდან. ამ შემთხვევაში შესაბამისი წამლის დოზის განსაზღვრისთვის სწორედ ის უნდა გამოიყენოთ. ბავშვებისთვის განკუთვნილი მრავალი მედიკამენტი ერთზე მეტი ფორმით გამოდის. ზრდასრულებმა ინსტრუქცია დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხონ ყოველთვის, როცა პატარას ახალ წამალს აძლევენ.

მოხუცები

ნორმალური ასაკობრივი ცვლილებების შედეგად ორგანიზმში წამლის გადამუშავებაც სხვანაირად მიმდინარეობს და ასევე, მოხუცებს უფრო ხშირად აქვთ რამდენიმე დარღვევა ერთად, რის გამოც ერთზე მეტი წამლის მიღება უწევთ. სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ უფროს ასაკში გვერდითი მოვლენებისა და წამალთა შორის ურთიერთქმედების რისკი უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში. რეცეპტით გაცემული საშუალებებიდან უფრო და უფრო მეტს ურთავენ ინსტრუქციებს, სადაც მითითებულია, მოხუცებში განსხვავებული დოზაა თუ არა საჭირო. ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს კი ეს ინფორმაცია იშვიათად მოჰყვება.

მრავალი მათგანი საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს მოხუცებისთვის. ამის რისკი იზრდება მაშინ, როცა ადამიანი წამალს რეგულარულად და მაღალი დოზით იღებს, მაგალითად, ართრიტის გამო ტკივილგამაყუჩებლის ან ანთების საწინააღმდეგო საშუალების ხშირი გამოყენებისას. შედეგად შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები განვითარდეს, როგორიცაა სისხლდენა პეპტიკური წყლულიდან. ეს მოხუცი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა და შეიძლება უეცრად, გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე დაიწყოს.

ანტიჰისტამინების მიღებაც სარისკოა ხანშიშესულთათვის, მაგალითად დიფენჰიდრამინის. ამ საშუალებებს შეიცავს ღამის ტკივილგამაყუჩებლები, ხველებისა და გაცივების საწინააღმდეგო, ალერგიის და საძილე წამლები. ანტიჰისტამინებს შეუძლიათ, დაამძიმონ მოხუცებში გავრცელებული ზოგი დაავადების მიმდინარეობა, მაგ. დახურულკუთხიანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების. ისინი იწვევენ თავბრუსხვევასა და წონასწორობის დაკარგვასაც, რაც დაცემისა და მოტეხილობის რისკს ზრდის. ანტიჰისტამინებს, განსაკუთრებით კი მაღალი დოზით ან სხვა წამლებთან ერთად მიღებისას, შეუძლიათ მხედველობის დაბინდვა, გაბრუება, პირის სიმშრალე, მოშარდვის გაძნელება, შეკრულობა და ცნობიერების აბნევა გამოიწვიონ მოხუცებში.

ხანში შესულები უფრო მოწყვლადნი არიან ანტაციდების გვერდითი მოვლენების მიმართაც. ამ წამლებში შემავალი ალუმინი ხშირად შეკრულობას იწვევს, მაგნიუმი კი ფაღარათსა და გაუწყლოვნებას.

ექიმთან კონსულტაციისას მოხუცებმა მას ყველა ურეცეპტოდ გაცემული საშუალება უნდა ჩამოუთვალონ, რომელსაც იღებენ, მათ შორის ვიტამინები, მინერალები და სამკურნალო მცენარეები. ამ ინფორმაციის მეშვეობით ექიმი შეაფასებს მთელ სამკურნალო რეჟიმს და განსაზღვრავს, ურეცეპტო წამალი ხომ არ იწვევს ამა თუ იმ სიმპტომს.

ორსული და მეძუძური ქალები

წამლები ორსული ქალის ორგანიზმიდან ნაყოფშიც შეიძლება მოხვდეს (ძირითადად პლაცენტის გავლით) მეძუძური დედის რძით კი ბავშვს გადაეცეს. ზოგი მედიკამენტი ზემოქმედებს ან სულაც მავნეა ნაყოფსა და ბავშვზე, ასე რომ, რაიმე ურეცეპტოდ გაცემული საშუალების ან სამკურნალო მცენარის მიღებამდე ქალმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს. წამლების გამოყენებამდე მათი ინსტრუქციის წაკითხვაა საჭირო, რადგან ზოგ მათგანში მითითებულია, რომ ეს მედიკამენტი საშიშია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.

სამკურნალო საშუალებათა ზოგი ჯგუფი განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, მათ შორისაა ანტიჰისტამინები (ხშირად შედის ხველისა და გაცივების, ალერგიის, მოძრაობის დაავადებისა და ძილის წამლებში) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ამ უკანასკნელთა გამოყენება არ შეიძლება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, თუ ექიმმა არ დანიშნა ისინი, რადგან ზოგჯერ ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ ან მშობიარობისას იწვევენ გართულებებს.

ქრონიკული დაავადებები

ურეცეპტოდ გაცემული წამლების არასწორად მიღებისას ზოგი ქრონიკული დაავადება შეიძლება დამძიმდეს კიდეც. ეს მედიკამენტები ძირითადად განკუთვნილია პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების მიერ დროგამოშვებით გამოყენებისთვის. შესაბამისად, ქრონიკული ან მძიმე დაავადების მქონეებმა ურეცეპტო წამლების მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ჰკითხონ რჩევა. ასეთ შემთხვევებში ამ მედიკამენტის მიღება თვითმკურნალობის საზღვრებს მიღმაა და სპეციალისტის ცოდნას საჭიროებს.

წამალთა შორის ურთიერთქმედება

ბევრი ადამიანი არ თვლის საჭიროდ, ექიმს ან ფარმაცევტს შეატყობინოს, ურეცეპტოდ გაცემულ რომელ წამლებს იღებს. დროგამოშვებით გამოყენებულ მედიკამენტებს კი, მაგ. გაცივების, შეკრულობის ან ხანდახან თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ დალეულს, კიდევ უფრო იშვიათად ახსენებენ სპეციალისტთან. ექიმს ან ფარმაცევტს წამლის გამოწერისას ან მიწოდებისას შეიძლება დაავიწყდეს პაციენტისთვის იმის კითხვა, იღებს თუ არა იგი ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს ან სამკურნალო ბალახებს. ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მრავალ სხვა წამალთან ურთიერთქმედებენ არასასურველად.

ასეთი რეაქციები ზოგჯერ საკმაოდ მძიმეც შეიძლება იყოს, ხელი შეუშალოს პრეპარატის ეფექტურობას ან გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. მაგალითად, ასპირინის მიღება ანტიკოაგულანტ ვარფარინთან ერთად ზრდის პათოლოგიური სისხლდენის განვითარების რისკს. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდმა შესაძლოა, შეამციროს გულის დაავადების სამკურნალო წამლის, დიგოქსინის შეწოვა კუჭ-ნაწლავიდან. მრავალი ვიტამინისა და მინერალის მიღება უშლის ხელს ზოგიერთი რეცეპტით გაცემული მედიკამენტის მოქმედებას. მაგალითად, ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინი შესაძლოა არაეფექტური იყოს, თუ იგი ადამიანმა კალციუმის, მაგნიუმის ან რკინის შემცველ საშუალებასთან ერთად დალია.

ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს შორის ურთიერთქმედება სიღრმისეულად არ არის გამოკვლეული. მრავალი მძიმე გართულება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც გვერდითი მოვლენები ან სიკვდილიც კი დაფიქსირდა. მაშინაც კი, როცა ურთიერთქმედებაზე გაფრთხილება წამლის ინსტრუქციაშია მოხსენიებული, ტერმინოლოგია შესაძლოა გაუგებარი იყოს ადამიანთა უმრავლესობისთვის. ასე მაგალითად, გაცივების საწინააღმდეგო ზოგი საშუალების ინსტრუქციაში წერია, რომ ისინი ფსევდოეფედრინს შეიცავს და არ შეიძლება მათი გამოყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორთან (მაოი – ინიშნება დეპრესიის დროს) ერთად (ან მაოის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში). ბევრმა ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ის ანტიდეპრესანტი, რომელსაც იღებს, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ჯგუფს მიეკუთვნება (მაგ. ფენელზინი და ტრანილციპრომინი), შესაბამისად მათთვის ეს გაფრთხილება გაუგებარი და უსარგებლო იქნება.

წამალთა შორის ურთიერთქმედების რისკის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა ფარმაცევტისთვის თხოვნა, გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. ამასთანავე, ექიმმა უნდა იცოდეს, რა წამლებს იღებს პაციენტი, ორივეს, ურეცეპტოდ და რეცეპტით გაცემულსაც.

ურთიერთგადამფარავი წამლები

კიდევ ერთ პრობლემას ურთიერთგადამფარავი წამლები წარმოადგენს. სხვადასხვა დარღვევის სამკურნალოდ მოწოდებულ ურეცეპტოდ გასაცემ წამლებში შეიძლება ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება შედიოდეს. თითოეული მათგანის ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე მიღებისას, ადამიანმა შეიძლება უნებლიეთ რომელიმე აქტიური ინგრედიენტის ჭარბი დოზა მიიღოს. მაგალითად, ძილის წამლისა და გაცივების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას, თუკი ორივე მათგანი შეიცავს დიფენჰიდრამინს, ორგანიზმში ამ ნივთიერების უსაფრთხოზე ორჯერ მაღალი დოზა მოხვდება. აცეტამინოფენიც მრავალ მედიკამენტში შედის. მათგან ორი სხვადასხვა წამლის ერთად მიღებისას (მაგალითად, ერთი წამლის თავის ტკივილისთვის, მეორეს კი ალერგიის ან სინუსიტისთვის) ამ ნივთიერების დოზა რეკომენდირებულს გადააჭარბებს.