კუჭი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. კუჭი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კუჭი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)

კუჭი ლობიოს ფორმის, ფართო, ღრუ და კუნთოვანი ორგანოა. ის სამი ნაწილისგან შედგება: კარდია, სხეული და პილორუსი. საკვები და სითხეები კუჭში საყლაპავიდან ჩადის, საყლაპავის ქვედა სფინქტერის გავლით.

კუჭის ზედა ნაწილში საკვები ინახება – კუჭის კარდია და სხეული დუნდება, რათა კუჭში მოთავსდეს ჩადენილი საკვები. შემდეგ ანტრალური ნაწილი (ქვედა კუჭი) რითმულად იკუმშება, საკვები მჟავას (კუჭის წვენი) და ფერმენტებს შეერევა და დაქუცმაცდება უფრო ადვილად მოსანელებელ პატარა ნაწილებად. კუჭის ამომფენი უჯრედები გამოყოფს: ლორწოს, მარილმჟავას და პეფსინის (ფერმენტი, რომელიც შლის ცილებს) წინამორბედ ნივთიერებას. ლორწო ფარავს კუჭის შიგნითა ზედაპირზე უჯრედებს და იცავს მჟავას და ფერმენტების დამაზიანებელი მოქმედებისგან. ამ ლორწოვან საფარზე,მაგალითად, ჰელიკობაქტერიის ან ასპირინის ზემოქმედება, იწვევს ისეთ დაზიანებას, რომლის შედეგადაც კუჭის წყლული ვითარდება.

მარილმჟავა უზრუნველყოფს მაღალი მჟავიანობის გარემოს, რაც საჭიროა პეფსინის მიერ ცილების დასაშლელად. გარდა ამისა, მაღალი მჟავიანობა ბარიერის როლს ასრულებს ინფექციის წინააღმდეგ – ანადგურებს ბაქტერიების უმეტესობას. მჟავას სეკრეციის სტიმულირება ხდება კუჭისკენ მიმავალი ნერვული იმპულსებით, გასტრინით (ჰორმონი, რომელსაც კუჭი გამოყოფს) და ჰისტამინით (ნივთიერება, რომელსაც კუჭი გამოყოფს). პეფსინი ერთადერთი ფერმენტია, რომელიც გადაამუშავებს კოლაგენს – ცილის და ხორცის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

კუჭიდან პირდაპირ სისხლში მხოლოდ რამდენიმე ნივთიერება შეიწოვება, სახელდობრ, ალკოჰოლი და ასპირინი, ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით.