წვრილი ნაწლავი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. წვრილი ნაწლავი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
წვრილი ნაწლავი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)

კუჭიდან საკვები, პილორუსის სფინქტერის გავლით, გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, რომელიც წვრილი ნაწლავის პირველი მონაკვეთია. ამასთან, გადასულისაკვების რაოდენობა შეესაბამება თორმეტგოჯას მიერ საკვების მონელების შესაძლებლობას. როდესაც თორმეტგოჯა აივსება, ის კუჭს სიგნალს უგზავნის, რის შემდეგაც კუჭის დაცლა წყდება.

თორმეტგოჯა ნაწლავს პანკრეასის ფერმენტები მიეწოდება პანკრეასიდან, ნაღველი – ღვიძლიდან და ნაღვლის ბუშტიდან. ეს სითხეები თორმეტგოჯა ნაწლავში შედის ე.წ. ოდის სფინქტერის გავლით და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შეწოვას. ამ უკანასკნელს, მოხსენიებულის გარდა, პერისტალტიკაც ეხმარება საკვების დაქუცმაცებით და მისი ნაწლავების სეკრეტთან შერევით.

თორმეტგოჯა ნაწლავის ამომფენი ზედაპირი დასაწყისში რამდენიმე სანტიმეტრზე გლუვია, მომდევნო მონაკვეთებზე კი აღინიშნება მცირე ზომის შვერილები (ხაოები და მიკროხაოები). ეს უკანასკნელები ზრდის თორმეტგოჯა ნაწლავის ზედაპირის ფართობს, რაც შესაძლებელს ხდის საკვები ნივთიერებების უფრო მეტი რაოდენობით შეწოვას.

წვრილი ნაწლავის დანარჩენი ნაწილი, რომელიც თორმეტგოჯას ქვემოთ მდებარეობს, წარმოდგენილია მლივი და თეძოს ნაწლავებით. ესენი ძირითადად პასუხისმგებელია ცხიმის და სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვისთვის. შეწოვას ხელს უწყობს საკვების დაქუცმაცება, აგრეთვე, ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დიდი ფართობი, რომელსაც ქმნის ნაკეცები, ხაოები და მიკროხაოები. ნაწლავის კედელი უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, რომლებსაც შეწოვილი საკვები ნივთიერებები კარის ვენის გზით ღვიძლში გადააქვს. ნაწლავის კედელი გამოყოფს ლორწოს, რომელიც ნაწლავის შიგთავსს უფრო სრიალას ხდის და წყალს, რომელიც მონელებული ფრაგმენტების გახსნას უწყობს ხელს. გამოიყოფა მცირე რაოდენობით ფერმენტებიც, რომლებიც ინელებს ცილებს, შაქრებს და ცხიმებს.

წვრილ ნაწლავში გადასვლისას მონელებული საკვების კონსისტენცია იცვლება. თორმეტგოჯაში საკვები განზავდება პანკრეასის ფერმენტებით და ნაღვლით, რაც აქვეითებს მჟავიანობის დონეს. წვრილი ნაწლავის შიგთავსი მომდევნო ქვედა ნაწილებში უფრო თხევადი ხდება წყალთან, ლორწოსთან, ნაღვლისა და პანკრეასის ფერმენტებთან შერევის გამო. წვრილი ნაწლავიდან შეიწოვება საკვები ნივთიერებების უმეტესი ნაწილი და დაახლოებით ერთი ლიტრი სითხე მანამ, სანამ მისი შიგთავსი მსხვილ ნაწლავში ჩაიცლება.